საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივლისი. 2023 წელი

NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ, სადაც მოკავშირეებმა  არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ალიანსში მიწვევის (და არა წევრობის - ეს სხვადასხვა ოფციაა) შესახებ, მათ, სამაგიეროდ, გადაწყვიტეს უკრაინას დიდი სიშორის ბალისტიკური რაკეტები მიაწოდონ;

ამის პასუხად, პუტინი იძულებულია რაიმე მკვეთრი მოძრაობა გააკეთოს.

ახლა მთავარი კითხვაა: გაბედავს თუ არა კრემლი  დაბლოკოს უკრაინული ხორბლის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე? მაშინ როდესაც ამ ექსპორტს ლობირებს არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ თურქეთი და `მესამე მსოფლიოს` ბევრი გავლენიანი ქვეყანა?

გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ნებენზიამ განაცხადა, რომ შარშან მიღწეული `ხორბლის გარიგების` (Зерновая сделка) რუსული ნაწილი არ სრულდება; ანუ შარშან რუსეთმა მხოლოდ იმ პირობით მისცა(ო) დასავლეთსა და თურქეთს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის საშუალება, თუ რუსეთს ექნებოდა საკუთარი ხორბლის ექსპორტის უფლება და რუსულ РосСельхозБанк-ს მოეხსნებოდა სანქციები.

მაშასადამე, ახლა მთავარი კითხვაა: წავა თუ არა პუტინი ასეთ ესკალაციაზე უკვე არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ თურქეთის მიმართ, - გაბედავს თუ არა უკრაინული პორტების ხელახალ დაბლოკვას?

ფაქტია, ერდოღანმა პუტინი მორიგჯერ გააბითურა, ბოდიში ჟარგონისთვის `გადააგდო`, მაგრამ.....გაბედავს კი  პუტინი მკვეთრ მოძრაობას?!

თურქულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომელთა თანახმად, ერდოღანი მზადაა თურქეთის შავი ზღვის ფლოტი გააგზავნოს ხორბლით დატვირთული გემების დასაცავად, რათა რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ვეღარ გაბედოს ამ გემების შეჩერება.

ერთის მხრივ, თურქეთის შავი ზღვის ფლოტი არათუ უფრო სუსტია რუსეთის ფლოტზე, არამედ ზოგიერთი კომპონენტით აღემატება კიდეც ძალით, მაგრამ.....რუსეთი მაინც ბირთვული სახელმწიფოა.....

სხვათა შორის, აქ არ შეიძლება არ დავინახოთ ლინკი ვილნიუსში  ერდოღანის გადაწყვეტილებასთან - ასე არაფრის სანაცვლოდ რომ დათანხმდა ფაქტობრივად, შვედეთის ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში გაწევრებას: როგორც ჩანს, ერდოღანიც პროგნოზირებს რუსეთთან `კლინჩს` შავ ზღვაში, ასევე ყარაბაღში (სადაც აზერებმა საბოლოოდ ჩაკეტეს სომხეთთან დამაკავშირებელი ყველა გზა) და.......სჭირდება NATO-ს ქოლგა.

ალბათ ამიტომაც მიიჩნია, რომ არ ღირდა ალიანსის და მისი ლიდერების განაწყენება შვედეთის წევრობაზე ვეტო-ს დადებით (მიუხედავად ყურანის დაწვისა სტოკჰოლმში) იმ დროს, როცა სულ უფრო ახლოვდება რუსეთ-თურქეთის მწვავე დაპირისპირება.

ერდოღან-პუტინის `თაფლობის თვე` სრულდება და `ჭეშმარიტების მომენტი` ახლოვდება.

აქვე არ შემიძლია, როგორც ისტორიკოსმა არ ვთქვა, რომ თურქეთს, როგორც ისტორიულ სახელმწიფოს, ისეთი სისტემური მტერი, როგორიც რუსეთი იყო XVIII- XIX საუკუნეებში, საერთოდ არ ჰყოლია.

სწორედ რუსეთის იმპერიამ, ამ ორი საუკუნის განმავლობაში, დაანგრია თურქეთის ოსმალთა (ოსმანთა) იმპერია 10 დიდ ომში.

ეს თურქებმა ძალიან კარგად იციან; მით უმეტეს იცის ერდოღანმა, რომლის პოლიტიკური ნარატივი მთლიანად ნაციონალისტურ-იმპერიულ რესენტიმენტებზეა აგებული.

განა ამაზე არ მეტყველებს აია სოფიას (წმიდა უზენაესი სიბრძნის ტაძრის) მეჩეთად გადაკეთება?

და ვისთვის უფრო შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი - რომის პაპისთვის თუ რუსეთის პატრიარქისთვის? რომისთვის, დასავლეთისთვის თუ რუსეთისთვის?

აია სოფიას ტაძარი ხომ მართლმადიდებლური ტაძარი იყო და არა კათოლიკური?!

შესაბამისად, თურქეთ-რუსეთის სიტუაციური ალიანსი `ქვიშაზე დგას`. ხუხულასავით დაიშლება ალბათ უახლოეს მომავალში.

 

აქვე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ (უკრაინის ომის კონტექსტში), რომ რუსეთი, 1990-იან წლებში და (დაუჯერებელია თითქოს, თუმცა ფაქტია) ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველ წლებშიც კი, მოითხოვდა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის წევრობას. ოღონდ......ეს წევრობა მას იმისთვის სჭირდებოდა, რათა `დაევეტოვებინა` ჯერ აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ ბალტიის ქვეყნების გაწევრება NATO-ში!

მაგრამ ამერიკამ და NATO-ს სხვა ლიდერებმა უთხრეს: ნუუუუურას უკაცრავად! არ დაგავეტოვებინებთ - ფორმალურად რომც გქონდეთ ამის უფლებაო.

ანუ `ჯერ მივიღებთ ბალტიის ქვეყნებს, უკრაინას და შემდეგ თქვენც მიგიღებთ ალიანსშიო` - უპასუხეს კრემლს მაშინ.

აი ეს კი პუტინს აღარ აწყობდა.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ემანუელ მაკრონი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სულ უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთის საწინააღმდეგოდ.

ვილნიუსის სამიტზე, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მიაწვდის უკრაინას (ზოგიერთი ცნობით უკვე მიაწოდა კიდეც) შორი მანძილის რაკეტებს Scalp.

ეს არის ბრიტანულ-ფრანგული რაკეტა, რომელსაც ინგლისელები უწოდებენ Storm shadow.

ინგლისმა უკვე მიაწოდა ასეთი რაკეტები უკრაინას. საფრანგეთი თავს იკავებდა, თუმცა ვილნიუსის სამიტზე უკრაინულმა დიპლომატიამ ისე წარმატებით იმუშავა, რომ მართალია მოწვევა (Invitation) ვერ მიიღეს, სამაგიეროდ კომპენსაციის სახით (!) მიიღეს Scalp და ამერიკული კასეტური ბომბები, რაც სინამდვილეში ბევრად მეტად სჭირდებოდათ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის სპეცსამსახურებმა განახორციელეს რუსული წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაურის, სტანისლავ რჟიცკის ლიკვიდაცია კრასნოდარის მხარეში.

რჟიცკი დილით ვარჯიშობდა: დარბოდა ბილიკზე სპორტულ სამოსში, როცა მიახლოვდა ქილერი და მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლა.

რუსები ირწმუნებიან, თითქოს ქილერი დააკავეს.

წყალქვეშა ნავი, რომელსაც მეთაურობდა რჟიცკი, ბომბავდა უკრაინულ ქალაქებს, ანუ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნე იყო ეს ვაჟბატონი უკრაინული სპეცსამსახურებისთვის. მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე.

ამით უკრაინა ყველა იმ სამხედროს, ვინც უკრაინელი ხალხის გენოციდში მონაწილეობს, უგზავნის მესიჯს: ვიცით ვინც ხართ, ვიცით სადაც ხართ და ნუ გგონიათ, რომ მშვიდად იცხოვრებთო.

რჟიცკის მამამ განაცხადა: `ეს რა დამპალ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელსაც ვალმოხდილი ოფიცრების დაცვაც კი არ შეუძლიაო`.

ანუ მომხდარი პუტინის კიდევ ერთი მარცხია.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინა არ ყოფილა ერთადერთი თემა NATO-ს სამიტზე. გენმდივანმა სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი შეშფოთებულია ჩინეთის აგრესიული პოლიტიკით მეზობლების მიმართ; ასევე პეკინის მიერ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს `ბულინგით`.

ბუნებრივია, იგულისხმება ტაივანი.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ძალიან იშვიათად აკეთებდა ამგვარ განცხადებებს მისი გეოპოლიტიკური არეალის მიღმა მდებარე სივრცეებზე თუ უშუალოდ არ ეხებოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოს.

ავღანეთში  NATO-მ იმიტომ განახორციელა ოპერაცია, რომ ამერიკამ, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოითხოვა `ვაშინგტონის ხელშეკრულების` მეხუთე პუნქტის ამოქმედება - კოლექტიური თავდაცვის შესახებ.

ახლა NATO უკვე ჩინეთს აფრთხილებს მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არათუ ალიანსის რომელიმე წევრს არ დასხმია თავს, არამედ ტაივანის წინააღმდეგაც (ჯერ!) არ განუხორციელებია სამხედრო ოპერაცია.

თუმცა მუდმივად კი იმუქრება.

სტოლტენბერგის განცხადება ნიშნავს: NATO-ს აქვს პერსპექტივა (თანდათან უჩნდება სათანადო ამბიციაც) იქცეს გლობალურ ორგანიზაციად და `დაკავდეს` არა მხოლოდ ევროატლანტიკური სივრცის, არამედ მთელი პლანეტის უსაფრთხოებით. მათ შორის წყნარი ოკეანის აუზით.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით De-Facto გადაიდგა მაშინ, როცა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ინიციატივით შეიქმნა AUKUS  (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები) სამხედრო ალიანსი ატომური წყალქვეშა ნავების სტრატეგიული ხელშეკრულების საფუძველზე.

მეორე ნაბიჯი (და გადამწყვეტი, ისტორიული ნაბიჯი) იქნება იაპონიის მიღება NATO-ში!

საამისოდ აუცილებელია ამერიკამ საბოლოოდ მოუხსნას წყნარი ოკეანის აუზში თავის უახლოეს მოკავშირეს, - იაპონიას, - ის შეზღუდვები, რაც 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის ბოლო აკორდით ამერიკამვე დაუწესა.

ჩინეთი იმდენად სახიფათო კონკურენტი ხდება ყველა თვალსაზრისით, რომ აღარაფერია გამორიცხული.

ჩრდილო კორეის მარაზმატული რეჟიმი ამას გრძნობს. გუშინ ჩრდილო კორეის არმიამ `საცდელი ბალისტიკური რაკეტა` გაუშვა იაპონიის მიმართულებით. რაკეტა ჩინეთის ზღვაში ჩამოვარდა.

თუმცა, ჩრდილო კორეა ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტს ერთ ლუკმად არ ეყოფა: ფრთოსანი რაკეტებით და ტაქტიკური ბირთვული იარაღით პირწმინდად გაანადგურებენ `რამე რომ იყოს.`

მთავარი, თანაც მზარდი პრობლემა და გამოწვევა ჩინეთია!

საბედნიეროდ, სტოლტენბერგის განცხადება მეტყველებს, რომ ევროპელებს ეს ხიფათი ესმით. სხვაგვარად გენერალური მდივანი ამ განცხადებას არ გააკეთებდა - მისი ყოველი სიტყვა მუდამ კონსენსუსის გამომხატველია.

აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის სამიტს ესწრებოდნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ავსტრალიის პრემიერ მინისტრი და ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი.

ისიც სათვალავშია ჩასაგდები ამ დისკურსში, რომ ავსტრალია და ზელანდია დღესაც ბრიტანულ commonwealth - ში შედიან და მათი სახელმწიფოს მეთაური ბრიტანეთის მონარქია!

თითქოს ფორმალობაა, მაგრამ....თუ NATO-მ გადაწყვიტა, ეს გარემოება მნიშვნელოვან `პლატფორმად` იქცევა NATO-ს გლობალიზაციისთვის.