საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ნოემბერი. 2023 წელი
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ, სენსაციური განცხადებით, გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსეთი შეეცდება (არადა კრემლი ამისთვის ნამდვილად ემზადება) გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები, საწარმოები, თბო და ელექტროსადგურები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რათა დატანჯოს უკრაინელები და განაწყოს ისინი სამართლიანი ომის წინააღმდეგ, უკრაინა საპასუხოდ `დაარტყამს` რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
ეს არ არის `ცარიელი მუქარა`: მას შემდეგ რაც დასავლეთისგან შორსმწვდომი რაკეტები მიიღო, უკრაინას ამის საშუალება უკვე ნამდვილად აქვს.
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გალუშჩენკომ არა მხოლოდ სარაკეტო დარტყმები ახსენა, არამედ რუსული კიბერ-შეტევებიც. მან მიანიშნა,
რომ დასავლეთის დახმარებით უკრაინას უკვე აქვს საშაუალება ასევე საპასუხო კიბერ-შეტევები განახორციელოს რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
როდესაც Politico-ს ჟურნალისტმა ჰკითხა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს, გულისხმობს თუ არა უშუალოდ დარტყმას ნავთობ ან გაზ-სარეწებზე, ასევე სარაკეტო მილსადენებზე, მინისტრმა უპასუხა პირდაპირ, მობოდიშებისა და დიპლომატიურობის გარეშე: დიახ, ეს სამართლიანიც იქნებაო`.
ევროპა კვლავინდებურად დიდად არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები. რუსეთი მათ ბუნებრივ აირს აწვდის თურქეთის გავლით და სულაც არ არის გამორიცხული, უკრაინული მხარე იმ ობიექტების განადგურებასაც გულისხმობს, რაც რუსეთიდან თურქეთისკენ მიდის შავი ზღვის გავლით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინის წყლის უპილოტო საბრძოლო აპარატებმა სევასტოპოლში შეუტიეს და ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ორი გემი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რითაც ეს ფაქტი 100% დასტურდება.
ამიტომაც ცდილობს ახლა რუსეთი `გააპაროს` მისი `სახელგანთქმული` სამხედრო ხომალდები სევასტოპოლის ბაზიდან. ძირითადად ნოვოროსიისკში, თუმცა რაკი იქ არ ეტევა ყველა, ოჩამჩირეს პორტსაც ამზადებს ამ მიზნით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა ლიბანი, რომ თუ ლიბანის სამხრეთში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება `ჰესბოლლა` დაიწყებს ომს ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელის არმია დაარტყამს არა მხოლოდ და არა იმდენად ჰესბოლლას პოზიციებს სამხრეთ ლიბანში, არამედ პირდაპირ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს.
`ჩვენ ბეირუთს დავამსგავსებთ ქალაქ ღაზას` - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გალანტმა.
სრულიად ლოგიკურია, რადგან ისრაელი რა თქმა უნდა არ დაელოდება, სანამ `ჰესბოლლა` უკაცრიელი ტერიტორიებიდან გაუშვებს მის ხელთ არსებულ 150 000 რაკეტას ისრაელის მიმართულებით, ამიტომ დაბომბავს პირდაპირ ბეირუთს.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ლიბანი არის ხელოვნური სახელმწიფო, რომელიც დე-იურე ერთიანია, თუმცა დე-ფაქტო გაყოფილია არაბ ქრისტიანებად და არაბ მაჰმადიანებად. თავის მხრივ მაჰმადიანებიც გაყოფილნი არიან სუნიტებად და შიიტებად.
`ჰესბოლლა` პროირანული შიიტური ორგანიზაციაა და მისი შეიარაღებული ფორმირების სრული რაოდენობა აღემატება ლიბანის ოფიციალური არმიის ოდენობას.
ისრაელი ორჯერ ეომა ლიბანს სწორედ `ჰესბოლლას` გამო: 1982 და 2006 წელს. ბეირუთსაც ბომბავდა, თუმცა ისრაელის არმიას ბეირუთი არ აუღია და ამის საჭიროება არც იყო.
ძირითადად სწორედ `ჰესბოლლას` წინააღმდეგ და მის ზურგს უკან მდგომი ირანის წინააღმდეგაა მიმართული ამერიკული საავიამზიდო ჯგუფები. ოღონდ სხვაობა ისაა, რომ როგორც სამხედრო წყაროები თუ სპეციალისტები აღნიშნავენ, ამერიკა არავითარ შემთხვევაში არ დაბომბავს ბეირუთს. არამედ დაბომბავს `ჰესბოლლას` პოზიციებს უშუალოდ სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ `ჰესბოლლას` ლიდერმა შეიჰ ჰასან ნასრალლამ განაცხადა, რომ მისმა არმიამ (რეალურად ეს მისი არმიაა და არა ლიბანისა) ისრაელის წინააღმდეგ გამოცადა/გამოიყენა ახალი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც 500 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების ტარება შეუძლია.
ნასრალლას თქმით, მართალია `ჰესბოლლა` სრულმასშტაბურად ჯერ არ ჩართულა ომში ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა `ისრაელი იძულებულია ლიბანის საზღვრებთან დააკავოს სამი დივიზია`, რითაც სუსტდება ისრაელის შემტევი პოტენციალი ღაზაში.
ისრაელის სამი დივიზია დაახლოებით 50 000 სამხედრო მოსამსახურეა. ბოლო მობილიზაციით კი ისრაელმა 300 000 რეზერვისტი გაიწვია.
ჰესბოლლას` ლიდერის განცხადებებიდან აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მან პირდაპირ აიღო პასუხისმგებლობა ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებისათვის სირიაში.
ანუ აღარც მალავენ, რომ ირანი (!) მის მიერ კონტროლირებადი `ჰესბოლლას` ხელით აწარმოებს Proxy (არაპირდაპირ) ომს ამერიკის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სახიფათო სიახლეა, რომ საუდის არაბეთის დე-ფაქტო ლიდერის, მუჰამედ სალმანის ინიციატივით, საუდის არაბეთში ჩატარდება არაბულ და ისლამურ სახელმწიფოთა სამიტი, რომელზეც 57 სახელმწიფოს ხელმძღვანელი იმსჯელებს საერთო პოლიტიკაზე ან საერთო ულტიმატუმზე ისრაელის მიმართ.
ყოველ შემთხვევაში, მუჰამედ სალმანს ასეთი სურვილი და ინიციატივა აქვს.
რა გამოვა აქედან, ჯერ ძნელი სათქმელია.
საეჭვოა ყველამ დაუჭიროს მხარი ულტიმატუმს. მაგალითად ეგვიპტე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამიტში, სამშვიდობო ინიციატივებსაც მხარს დაუჭერს, მაგრამ რაც შეეხება ულტიმატუმს......ეგვიპტეს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წელს გაფორმდა აშშ (პრეზიდენტ ჯიმი კარტერის) შუამავლობით; კაიროს ეს სამშვიდობო ხელშეკრულება (რომლის ძალითაც 1967-1973 წლების ომთა შედეგად დაკარგული სინაის ნახევარკუნძული დაიბრუნა) არც ერთხელ არ დაურღვევია მას შემდეგ.
ისიც საეჭვოა, რომ ულტიმატუმს მხარი დაუჭირონ მდიდარმა არაბულმა სახელმწიფოებმა: ქუვეითმა, კატარმა, ბახრეინმა და ა.შ. ისინი ხომ ამერიკის მოკავშირეებად ითვლებიან და მათ ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული.
არც ბირთვული პაკისტანის პოზიციაა გარკვეული, რაკი ინდოეთთან ჯერ არ გააჩნია სამშვიდობო ხელშეკრულება და ამერიკამ შესაძლოა ინდოეთი კიდევ უფრო გააძლიეროს მის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
CNN იტყობინება, რომ ამერიკის ერთდროულად რამდენიმე ელჩმა და საელჩოთა წარმომადგენლებმა არაბულ ქვეყნებში, წერილით მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციას და გააფრთხილეს, რომ ისრაელის მხარდაჭერის გამო `არაბული საზოგადოების მთელი თაობების მხარდაჭერას ვკარგავთო`.
ეს სერიოზული პრობლემაა. თანაც არა მხოლოდ არაბულ და ისლამურ სამყაროში: გუშინ ლონდონში გაიმართა 300 000 იანი დემონსტრაცია ისრაელის წინააღმდეგ. და მასში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მაჰმადიანები ან არაბები, არამედ ეთნიკური ბრიტანელებიც.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის არჩეული მერი, სადიკ ხანი - მაჰმადიანია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენად რთული თამაში მიმდინარეობს ერთდროულად უკრაინის და ისრაელის `საჭადრაკო დაფებზე` იმით დასტურდება, რომ ამერიკულმა დაზვერვამ `გაჟონა` პრესაში მისი მონაცემები საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ პუტინსა და ეგვიპტის პრეზიდენტ გენერალ ასისის შორის.
პუტინს იმდენად გაუჭირდა უკრაინაში, რომ მზად არის ეგვიპტეს აპატიოს (ჩამოაწეროს) ჯერ კიდევ სსრკ დროს აღებული ვალები, სანაცვლოდ კი მიიღოს 40 000 `ცა-ზედაპირი` რაკეტა რაც აქვს ეგვიპტურ არმიას; გარდა ამისა, მოსკოვს სურს იმ ვერტმფრენების და მათი სათადარიგო ნაწილების დაბრუნება, რაც ეგვიპტემ წლების განმავლობაში მიიღო რუსეთისგან.
გარიგება თითქმის მიღწეული იყო, თუმცა ამერიკის ადმინისტრაცია ჩაერია და ჩაშალა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას `ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ`.
იგი გულისხმობდა რუსული და ჩინური ავიაციის მანევრებს იაპონიის ზღვაში - იაპონური საჰაერო სივრცის მახლობლად.
რუსეთი და ჩინეთი ხშირად აწყობენ ამგვარ პროვოკაციულ ფრენებს იაპონიის სანაპიროსთან.
ეს განცხადება იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა იაპონური `თავდაცვის ძალების ბაზაზე, ტოკიოს მახლობლად.
ნიშანდობლივია, რომ იაპონიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკრძალება არმიის შექმნა. ანუ ამ თავდაცვის ძალებს ოფიციალურად არ ეწოდება `არმია`, - ფორმალურად `შინაგანი ჯარის` სტატუსი აქვს
იმავე განცხადებაში იაპონელმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ამერიკასთან და იტალიასთან ერთად იწყებს მუშაობას საზენიტო რაკეტებზე, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ რუსულ და ჩინურ ავიაციას.
ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია: იაპონიის გენიალური ინდუსტრია NATO-ს სამხედრო წარმოებაში ერთვება. რაც კიდევ ერთი დადასტურებაა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის გაფართოებისა წყნარი ოკეანის აუზზე. NATO-ს და ამერიკას იქ ორი უძლიერესი დასაყრდენი აქვს: იაპონია და ავსტრალია.
იაპონიის უდიდესი ინდუსტრიული და სამხედრო პოტენციალი საკმარისია ჩინეთის მზარდად აგრესიული საგარეო, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსიის `შესაკავებლად`.
იაპონია, რომელიც 80 წლის წინ ამერიკის მოსისხლე, ეგზისტენციალური მტერი იყო, დღეს მისი უერთგულესი მოკავშირეა.