საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივნისი 2022 წელი
აფხაზეთში გრანდიოზული სკანდალია: `პრეზიდენტ ასლან ბჟანიას` ქართველი თანაშემწე აღმოაჩნდა: ვინმე ალექსანდრე მირრელი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.
აფხაზური ოპოზიცია სულ ცეცხლსა და მუგუზალს ყრის.
ბჟანიას ადმინისტრაცია თავს იმართლებს: მირრელი რუსეთის მოქალაქეა. კი, პასპორტში ეთნიკური წარმომავლობა ქართველი უწერია, მაგრამ ნუ შეყარეთ ახლა ცა და დედამიწა - ის პუტინმა დააჯილდოვა რუსეთის მსახურებისთვის და აბა ცუდ კაცს (ქართველიც რომ იყოს) პუტინი ხომ არ დააჯილდოვებდაო.
ანუ ერთადერთ ნაკლი აქვს ამ კაცს - ქართველი რომაა, მაგრამ შევუნდოთ, რაკი პუტინი პატივს სცემსო.
მე მგონი აფხაზები ამ შემთხვევაშიც რაღაცას ამახინჯებენ, რადგან ასეთი გვარი (მირრელი) მე საქართველოში არ გამიგია. თუმცა პასპორტში მართლაც ქართველი უწერია ეროვნებად..... ოღონდ ეგ ისეთი ქართველია, როგორც ჩვენ ვართ ინდონეზიელები.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ზოოლოგიურ ქართველოფობიას, რომელიც გამეფებულია აფხაზეთში.
. . . . . . . . . .
იემენი მზადაა სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
ეს არის არაბული ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსაველთში მდებარეობს.
უკვე მრავალი წელია იემენში მძვინვარებს სამოქალაქო ომი შიიტებსა და სუნიტებს შორის. ეს ისლამის ორი მიმდინარეობაა: არაბები ძირითადად სუნიტები არიან.
იემენელ სუნიტებს საუდის არაბეთი უჭერს მხარს, ხოლო შიიტებს - შიიტური ირანი.
საშინელი სამოქალაქო ომია - ათიათაოსბით დახოცილით და... მისმა მთავრობამ ახლა თურმე საქართველოსთვის მოიცალა.
აქ მნიშვნელოვანია სირიის ლობირება. სირია ლობირებს, რომ იემენის მთავრობამ (თუ საბოლოოდ დამკვიდრდა სუნიტური მთავრობა) სცნოს აფხაზეთის დამოუკდიებლობა. და რაკი სირიის დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი მოსკოვის ყურმოჭრილი ყმაა, რა თქმა უნდა სწორედ მოსკოვი გვიწყობს იქ მორიგ პროვოკაციას.
ამ ინფორმაციის პირველწყაროა ვინმე ბაგრატ ხუტაბა - ე.წ. აფხაზეთის ელჩი სირიაში.
კვლავ შეგახსენებთ, რომ სირიაში და ზოგიერთ სხვა არაბულ ქვეყანაში დიდი აფხაზური-ადიღური დიასპორა ცხოვრობს - XIX საუკუენში გადასახლებულ მაჰაჯირთა შთამომავლები
იემენის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას დღეს, სამოქალაქო ომის დროს, ისეთივე ფასი აქვს, როგორც ოკეანიის კუნძულოვანი ტუვალუს მიერ აღიარებას ჰქონდა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო ფაქტი იქნება თუ მოხდა: ტუვალუსგან განსხვავებით იემენი 40 მილიონიანი არაბული სახელმწიფოა.
ეს აღიარება (ვიმეორებ: თუკი მოხდა) იმას დაადასტურებს, რომ არაბულ სამყაროში რუსული გავლენები იზრდება.
. . . . . . . . . .
აფხაზეთის სახალხო დამცველი ასიდა ჩაკრილ მკაცრად გამოვიდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას წინააღმდეგ და მას `აფხაზეთის იზოლირების მცდელობა` დააბრალა, რაკი ინალ არძინბა აფხაზეთში მოქმედ დასავლურ (!) არასამთავრობო ორგანიზაციებს ებრძვის.
როგორც ცნობილია, არძინბამ ბევრი მათგანი დახურა და აფხაზეთიდან გააგდო, როგორც `დასავლური იმპერიალიზმისა და საქართველოს აგენტები`, რაკი ამ NGO-თა ცენტრალური ოფისები თბილისშია განლაგებული.
მაგრამ ასიდა შაკრილი ეუბნება: `მერე რა, იყოს თბილისში განლაგებული, - ჩვენ ხომ მათი მეშვეობით მხოლოდ რუსეთს კი არა, დასავლეთსაც ვუახლოვდებით, აბა მარტო რუსეთთან რატომ უნდა გვქონდეს კონტაქტიო`.
არავითარი მსგავსი დისკუსია არ შეიძლება მოხდეს ე.წ. `სამხრეთ ოსეთში`: ცხინვალი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთზეა ორიენტირებული და იქიდან დასავლური NGO-ები დიდი ხანია გააგდეს ისე, რომ ეს თემა არც ახსოვთ საერთოდ და არც აინტერესებთ.
ეს კიდევ ერთი მაგალითია გარკვეული (!) სხვაობისა სოხუმსა და ცხინვალს შორის
. . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია როგორც იქნა დაბრუნდა მოსკოვიდან, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
პირველივე საკითხი, რაც აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განიხილეს, იყო აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე საკურორტო სეზონის წინ შექმნილი მდგომარეობა: რუსმა მესაზღვრეებმა, ნაცვლად 15 წუთისა, 2 საათამდე გაზარდეს საზღვარზე ავტომანქანათა ჩხრეკის დრო.
2 საათი ამას არ სჭირდება რასკვირველია; უბრალოდ, ამ ხერხით მოსკოვი (როგორც ვწერდით) სჯის აფხაზეთს იმის გამო, რომ მიიღეს კანონი, რომლითაც აფხაზეთის პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც იცის აფხაზური ენა. ანუ ვერც ერთი რუსი და ვერც ერთი სომეხი აფხაზეთის პარალმენტის წევრი ვერ გახდება.
მოსკოვში ამ ინიციატივამ დიდი აღშფოთება გამოიწვია.
როგორც სჩანს, მოსკოვში ყოფნისას, `პრეზიდენტმა ბჟანიამ` გული ვერ მოულბო პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციაში იმ ხალხს, ვინც ამგვარ ზომებს მიმართავს სოხუმის დასასჯელად.
ოღონდ აქ საინტერესოა, რომ მთავრობის სხდომაზე ბჟანიამ ეს ყველაფერი პრემიერ-მინისტრ ანქვაბს დააბრალა, რომელიც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის პრეზიდენტი იყო.
ანქვაბმა ვერ მოითმინა და პრეზიდენტს შეეპასუხა: `მე რომ ვიყავი სახელმწიფოს მეთაური, რუსები მანქანებს 15 წუთში ატარებდნენ საზღვარზეო`.
კი, ეს ნამდვილად ასე იყო, ოღონდ აქ აუცილებალდ უნდა გავიხსენოთ, რა სიტუაცია შეიქმნა მაშინ (2010-2011 წწ) `სოხუმი-თბილისი-მოკოვის სამკუთხედში`: რუსეთმა მაშინაც სცადა სოხუმზე ზეწოლა და მაშინაც გაართულა საზღვარზე გადასვლა - მოითხოვდა რუსებზე ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის დაკანონებას.
და რა გააკეთა ამის პასუხად ანქვაბმა? - საკმაოდ ეშმაკურად მოიქცა და აფხაზეთ-საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე 5 (ხუთი) დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა სიმბოლურად: ამით ვითომ მოსკოვი დააშანტაჟა.
თუმცა ამ შანტაჟმა, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ნაწილობრივ გაჭრა: იმ დროს რუსეთის პრეზიდენტი პუტინის ადგილმონაცვლე მედვედევი იყო, რომელმაც რუსეთში სახელი გაითქვა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიით. მედვედევს არაფრით არ აძლევდა ხელს რუსულ მედიასივრცეში იმის დაფიქსირება, რომ `რუსეთი კარგავს აფხაზეთს, რომელიც ისევ საქართველოსკენ იყურება... რა უნიჭოა ეს პრეზიდენტი მედვედევიო....`
ამიტომ, მედვედევის ბრძანებით, რუსეთ-აფხაზეთის `საზღვარზე` ყველა შეზღუდვა სასწრაფოდ მოხსნეს.
ეს არ ნიშნავს, თითქოს აფხაზები მართლაც საქართველოსკენ იწყებდნენ ყურებას მაშინ (ეს ყოველივე 2011 წელს ხდებოდა), - სინამდვილეში მოსკოვის `ლბილად `დაშანტაჟება` უნდოდათ მაშინ და ამ ხრიკს ბევრად მოუტანია მათთვის შედეგი.
2006 წელს, როდესაც იმავე მიზეზებით პუტინმა აფხაზური მანდარინის რუსეთში გაყიდვა აუკრძალა, გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი `რეინტეგრაციის` დარგში გოგა ხაინდრავა და იქუხა: ძვირფასო აფხაზებო, რუსეთის ჯინაზე ჩვენ ვიყიდით თქვენს მანდარინსო
რუსეთმაც მეორე დღესვე მოხსნა შეზღუდვა
ეს მხოლოდ ფაქტებია - ინტერპრეტაციის გარეშე.
ალექსანდრე ანქვაბის გახსნილ ერთ-ერთ ასეთ` დამატებით საკონტროლო გამშვებ პუნქტზე` აფხაზმა ნაცისტებმა მოკლეს გიგა ოთხოზორია.
უშუალო მკვლელია XIX საუკუენში აფხაზეთიდან თურქეთში გადასახლებულ `მაჰაჯირთა` შთამომავალი, გვარად ყანჯი ოღლი.
. . . . . . . . . .
გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკში. უფრო ზუსტად, რაკი სევეროდონეცკს უკვე მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს იმისთვის რომ შენარჩუნდეს კავშირი ამ ქალაქსა და მის ტყუპისცალ ქალაქს, ლისიჩანკს შორის.
რუსები ცდილობენ ეს კავშირი გაწყვიტონ. სამწუხაროდ მათ შეძლეს სამიდან ორი ხიდის აფეთქება იმ მდინარეზე, რომელიც სევეროდონეცკს და ლისიჩანსკს აკავშირებს.
უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმა გუშინ განაცხადა, რომ 2450 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე (!) რუსეთის არმია ახლა კონცენტრირდა სწორედ ლუჰანსკის ჩრდილოეთით (იქაა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი) , რადგან მოსკოვში უარი არ უთქვამთ კიევის დაპყრობაზე საბოლოოდ... ხოლო სევერონონეცკიდან და ლისიჩანსკიდან ყველაზე ახლო მანძილია კიევის ალყაში მოსაქცევად, ოღონდ ბელორუსიიდან კვლავ შემოყვანილ ნაწილებთან ერთად.
რუსების საბოლოო მიზანი ამჯერად სევეროდონეცკის ალყა და მარიუპოლის განმეორებაა.
სევეროდონეცკისთვის ბრძოლებში, ბრიტანული არმიის ყოფილი (!) სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ამბავი გახმაურდა და ახლა უკრაინის დასახმარებლად შესაძლოა სხვა ყოფილი სამხედროებიც წავიდნენ ბრიტანეთიდან. თან არა ერთეულები, არამედ ასეულობით და ათასობით.
ზოგადად ეს ბრიტანელთა ერთ-ერთი ტრადიციაა: ამ ქვეყანაში განსაკუთრებით ბევრია ე.წ. `ველური ბატი`. (The Wild Geese) რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მზად არიან იომონ, თუმცა ბრიტანეთის მთავრობა ამას ფორმალურად და ოფიციალურად უკრძალავთ.
ხშირ შემთხვევაში Wild Geese ამოძრავებთ არა ფინანსური ანაზღაურება (თუმცა არც უამისობაა) არამედ იდეალიზმი, ვიზიონერობა და თავგადასავლების სიყვარული, რაც გენში და დიდებულ ტრადიციაში აქვთ ინგლისელებს.
. . . . . . . . . .
გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან - დღემდე რუსეთის არმიამ 2 606 ფრთოსანი რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს.
ესროლა შავი ზღვიდან, კასპიის ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდანაც კი.
ეს ძალიან დიდი რაოდენობაა: ზოგიერთი სახეობის ფრთოსანი რაკეტა რუსულ არმიას აშკარად უმთავრდება, თუმცა ამაში კარგი არაფერია- ნაკლებად ზუსტი, `თავისუფალი ვარდნის` ბომბების გამოყენებას დაიწყებს, რის შედეგადაც გაიზრდება მსხვერპლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში.