საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მარტი. 2023 წელი
გუშინ რუსულმა მრავალფუნქციურმა სამხედრო თვითმფრინავმა СУ-27, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს ჩამოაგდო ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი MQ-9 Reaper.
ეს არის რუსული და ამერიკული სამხედრო ძალების პირველი პირდაპირი `კონტაქტი`/შეჯახება უკრაინის ომის განმავლობაში.
ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ჩამოაგდო. რაკეტა კი არ ესროლა, არამედ დაეჯახა, ანუ ტარანით ჩამოაგდო.
ალბათ იმიტომ, რომ `თუ რამეა` მოსკოვს ჰქონოდა გასამართლებელი: ჰაერში დაჯახება მოხდა და არა ჩამოგდებაო.
თუმცა რუსებს შავი ზღვა, მით უმეტეს ყირიმის მიმდებარე წყლები და საჰაერო სივრცე, საკუთარ `ტბად` მიაჩნიათ და ღიზიანდებიან, როცა იქ ამერიკელები დაფრინავენ.
არადა ამერიკული დრონი საჰაერო წყლების თავზე დაფრინავდა და აბსოლუტურად არც ერთ საერთაშორისო კონვენციას არ არღვევდა.
ბუნებრივია, MQ-9 Reaper დაზვერვას ახორციელებდა.
რუსეთის ელჩი, გენერალი (!) ანტონოვი გამოიძახეს სახელმწიფო დეპარტამენტში პროტესტის განსაცხადებლად და ანტონოვმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, თქვა `დაჯახება მოხდა და ჩვენ კონფრონტაცია სულაც არ გვინდაო`
თუმცა, აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს იყო დემონსტრაციული აქცია. `აბა ამერიკა როგორ მოიქცეოდა, რუსული დრონი რომ მიახლოვებოიდა სან ფრანცისკოს ან ნიუ იორკსო` - განაცხადა ელჩმა/გენერალმა ანტონოვმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პენტაგონმა რუსული არმიის ამ ქმედებას `არაპროფესიონალური` უწოდა.
რუსებს ძალიან არ მოსწონთ, რომ ამერიკული დრონებით ხორციელდება ინფორმაციის შეგროვება, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შემდეგ ამ ინფორმაციას ამერიკელები უკრაინელებს უზიარებენ. ეს არის აქ მთავარი.
MQ-9 Reaper უძვირფასესი აპარატია - 57 მილიონი დოლარი ღირს.
ამერიკული წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ეს დრონი ამ შემთხვევაში, შეიარაღებული არ ყოფილა ანუ რაკეტები არ ჰქონდა, თუმცა.....რასაკვირველია შეუძლია რაკეტების ტარებაც და გამოყენებაც.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი `კერძო არმია`, რომელიც ახლა იბრძვის ბახმუტთან, როგორც კი ბახმუტს აიღებს, გადაერთვება `სამართლიანობისათვის საბრძოლველად` რუსეთის შიგნით.
ეს არის პირდაპირი მუქარა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღავნელობისადმი, რაც მოსალოდნელი იყო ამ ოლიგარქის პირადი ამბიციების გამო.
აბა თუ `გამარჯვების შემთხვევაში` იმუქრება, ხომ იოლი წარმოსადგენია, ბახმუტთა დამარცხების შემთხვევაში რას მოიმოქმედებს? ახლაც (უკვე) რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას და გენერალიტეტს აბრალებს, თითქოს იარაღს და საბრძოლო მასალებს არ აწვდიან.
რუსეთში სავსებით შესაძლებელია განმეორდეს ის, რაც მოხდა აზერბაიჯანში 1993 წელს, როცა სამხედრო-საველე მეთაურმა, პოლკოვნიკმა სურეთ ჰუსეინოვმა თავისი ქვედანაყოფი შეატრიალა ბაქოსკენ და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ელჩიბეი იძულებული გახდა გაქცეულიყო.
თუ რუსეთი ბახმუტთან დამარცხდა, ეს სცენარი უკვე სრულიად რეალურია.
. . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინის არმიამ რუსეთის ბელგოროდის ოლქი დაბომბა დრონებით და მცირე სიშორის რაკეტებით. რუსულმა ჰაერსწაინააღდმეგო თავდაცვამ იმუშავა, მაგრამ რაკეტების ნატეხი მაინც ჩამოვარდა რუსულ ქალაქში.
ეს საპასუხო დარტყმაა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შედეგად.
. . . . . . . . . . . . . . .
პირველი აპრილიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს 400 000 ახალ სამხედრო მოსამსახურესთან კონტრაქტების გაფორმებას, ანუ ცდილობს პროფესიული არმიის გაზრდას. პუტინმა გაითვალისწინა, რამდენად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა შარშანდელ გაწვევას/რეკრუტირებას, ამიტომ მობილიზებას ვეღარ ბედავს. ამჯობინებს საკონტრაქტო არმიის გაზრდას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში, ისევე როგორც საქართველოში, მოქმედებს არმიის კომპლექტაციის შერეული სისტემა, როდესაც ერთის მხრივ არსებობს საკონტრაქტო არმია და მეორეს მხრივ რჩება გაწვევაც.
პუტინის გადაწყვეტილება უდავოდ ნიშნავს, რომ ცუდად აქვს საქმე, რაკი პროფესიული არმიის გაზრდა და ახალი ძვირი კონტრაქტების გაფორმება უდიდეს რესურსებს მოითხოვს, რუსეთს კი ამდენი არა აქვს.
. . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთი მზადაა უკრაინას გადასცეს МИГ-29 სამხედრო თვითმფრინავები. ეს არის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც პოლონეთის არმიას (`ვოისკო პოლსკოგო`) შეიარაღებაზე აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან.
მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავებია.
აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ უკრაინა დიდი ხანია მოითხოვს საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას დასავლური სახელმწიფოებისგან, თუმცა არ აწვდიან.
მაგრამ.....ასევე უარს ეუბნებოდნენ ტანკების მიწოდებაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინ. თუმცა მერე ჯერ საბჭოთა წარმოების ტანკები მიაწოდეს, ახლა უკვე გერმანულ `ლეოპარდებს` აწვდიან და უახლეს `პანტერებს`.
ალბათ იგივე ალგორითმი განვითარდება სამხედრო თვითმფრინავების შემთხვევაშიც: ჯერ СУ და МИГ -ს მიაწვდიან, შემდეგ მოვლენათა ლოგიკა ყველაზე ფრთხილებსაც აიძულებთ მიაწოდონ `მირაჟები` და `ფანტომები`
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა `სისულელე` უწოდა ვერსიას, რომ `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენები შარშან კერძო უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. ` ამის გაკეთება მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო და ეს სახელმწიფო ამერიკაა` - განაცხადა პუტინმა.
სწორედ ეს არის სისულელე. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ამერიკა რუსეთს მოერიდებოდა, არამედ ამერიკა გერმანიას არ გაუკეთებდა ამას: NATO და ჩრდილოატლანტიკური მოკავშირეობა ასე არ მუშაობს.
იმავე მიზეზით გამორიცხულია, ასეთი ბრძანება გაეცა ზელენსკის. ის არ დააყენებდა ეჭვქვეშ დასავლეთთან, მათ შორის გერმანიასთან მრავალწახნაგოვან თანამშრომლობას იმის მიუხედავადაც კი, რომ ძალიან უკმაყოფილო იყო ამ გაზსადენების არსებობით და ფუნქციონირებით.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის სოციალურ ქსელებში და მედიაში აქტიურად განიხილავენ ვითომ არსებულ `საფრთხეს საქართველოს მხრიდან` და ერთი საინტერესო ნიუანსი გამოიკვეთა: `ჩრდილო კავკასიელები აქტიურად დაგვიდგებიან მხარში, როგორც 30 წლის წინო`.
გულისხმობენ 1992-1993 წლების ომს და რუსული სპეცსამსახურების შემქნილ ე.წ. `მთიელ ხალხთა კონფედერაციას`.
ესე იგი რუსების იმედი აღარ აქვთ, რაკი პუტინს არ შეუსრულეს ნატვრა და ბიჭვინთის აგარაკი არ გადასცეს.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში სულ უფრო ხშირად უწყდება მოსახლეობას წყლის მიწოდება.
იმიტომ, რომ აფხაზეთის ელექტროქსელები გადატვირთულია და მწყობრიდან გამოდის, რაკი ვერ უძლებს კრიპტოვალუტის მაინინგის გამო გაზრდილ დატვირთვას.
როდესაც ელექტროგადამცემი ხაზები გამოდის მწყობრიდან, წყალსაქაჩ სადგურებსაც აღარ მიეწოდება ელექტროენერგია.
ამ სფეროს აფხაზეთში არც რაიმე ეშველება მას შემდეგაც კი, რაც ენგურჰესის კაშხალი წყლით აივსება.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში გრძელდება პოლიტტექნოლოგიური `კლოუნადა` პუტინისთვის გადასაცემი `ბიჭვინთის აგარაკის` გარშემო.
არ უნდათ აფხაზებს ამ უძვირფასესი და ულამაზესი მიწის გადაცემა პუტინისთვის.
მაგრამ პირდაპირ რაკი უარს ვერ ეტყვიან რუს ავტოკრატს, ახლა აფხაზეთის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, ბესლან კუბრავა ამოიჩემეს და მის გადადგომას მოითხოვენ, თითქოს კუბრავას ბრალია მთელი ეს ისტორია.
რომ გადააყენებენ, მერე `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია მხრებს აიჩეჩს: `რა ვქნა, არასწორად გაზომა კოორდინატები და...... ახალი უფროსი უნდა შევარჩიოო სახელმწიფო ქონების სააგენტისთვის და ეს `შერჩევის პროცესიც` გაიწელება.
გამორიცხულია რომელიმე აფხაზმა ლიდერმა ბიჭვინთის პუტინისათვის გადაცემა გაბედოს.
. . . . . . . . . . . . . . .
კუბამ დაიწყო რუსული პლასტიკური სადებეტო ბარათის МИР გამოყენება, რომელიც რუსეთმა მას შემდეგ გამოუშვა, რაც VISA და Mastercard დაუბლოკეს.
კუბას ხელისუფლება `ამაყად` აცხადებს, რომ თურმე ამერიკა მას და რუსეთს ვერაფერს დააკლებს.
ეს ორი სახელმწიფო რომ `ერთ რიგში`ა, დიდი ხანია ცნობილია.
აღსანიშნავია, რომ კუბაზე 60 წელია მეფობს კორუმპირებული, სისხლიანი რეჟიმი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა მიიყვანა სრულ სიღატაკემდე. კუბელები საზარელ გაჭირევბაში ცხოვრობენ, ყველაფერი აკლიათ, სამაგიეროდ კუბას ხელისუფლება ამაყობს, რომ `ამერიკული იმპერიალიზმის მთავარი მტერია დასავლეთ ნახევარსფეროში` და ა.შ.
პუტინი, თუ ასე გააგრძელა, იმავე ბედს უმზადებს საკუთარ ხალხს: `უზარმაზარი კუბა` - მშიერი მოსახლეობით და უპერსპექტივობით.
სინამდვილეში კუბელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკულ ფლორიდაზე გაქცევას ნატრობს.
. . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის ხელისუფლებამ რუს პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს აუკრძალა სომხეთში ჩასვლა იმის გამო, რომ მან პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს`ნაბიჭვარი` უწოდა და სომეხი ერის ინტერესების გაყიდვაში დასდო ბრალი `პროდასავლური კურსის` გამო.
სიმონიანი საპასუხოდ აცხადებს, რომ არც აპირებდა სომხეთში ჩასვლას, სადაც სულ ორჯერ არის ნამყოფი. თანაც დიდი ხნის წინ.