საერთაშორისო მიმოხილვა. 15 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 სექტემბერი 2022 წელი

გრძელდება `პინგ-პონგი` აფხაზეთის ე.წ. `პრეზიდენტსა` და `პარლამენტს` შორის ბიჭვინთის აგარაკის პუტინისთვის გადაცემის შესახებ.

გუშინ შედგა მორიგი შეხვედრა დეპუტატებსა და `პრეზიდენტ` ასლან ბჟანიას შორის.

ამ შეხვედრაზე გამოვიდა დეპუტატი ადგურ არძინბა და ასეთი რამ ჰკითხა `პრეზიდენტ ბჟანიას: `რატომ დაგყავთ აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რატომ უყვებით ხალხს, რომ თუ `პიცუნდას` არ გადავცემთ რუსებს, მაშინ.....საქართველოს ისეთი მაგარი არმია ჰყავს, მთელს აფხაზეთს აიღებენო?`

ამით გამოაშკარავდა, რა არგუმენტებს მიმართავს უკვე სეპარატისტთა ლიდერი, ოღონდ კი შეასრულოს პუტინის ბრძანება.

ადგურ არძინბამ კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა. პირდაპირ პირში მიახალა ასლან ბჟანიას: `ახლა აფხაზეთში უკვე ის თაობა ცხოვრობს, რომელსაც აღარც კი ახსოვს, აღარც კი იცის, რომ აფხაზეთი ოდესღაც იყო ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლოაბში და ეს თაობა თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, არ მოგცემთ უფლებას, აფხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად აქციოთ უკვე რუსეთის შემადგენლობაშიო`.

შეხვედრას ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი, აფხაზეთში ანტიქართული მოძრაობის `პატრიარქი`, სერგეი შამბა: მან არძინბას ჰკითხა: `ამ ხელისუფლებამ რა მიყიდა რუსეთს? არც არაფერი. მით უმეტეს, რომ ყველაფერი უკვე გაყიდული დახვდა ამ ხელისუფლებას ძველი ხელისუფლებების მიერო`.

ამაზე არძინბამ მიუგო: `კი მაგრამ, დალოცვილო, იმ ძველ ხელისუფლებებში პრემიერ-მინისტრი იყავი და ესე იგი შენ გაგიყიდია ყველაფერიო`.

შამბამ იხტიბარი არ გაიტეხა: `არა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ რაც რუსეთს მივყიდეთ არ უნდა გაყიდულიყო....მაგრამ ამ ხელისუფლებას არაფერი ჯერ არ გაუყიდია - უბრალოდ რუსეთისთვის მისაყიდი არც რამე დახვდაო`.

შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. აფხაზეთის `პარლამენტი` ბიჭვინთის გადაცემაზე ხელშეკრულების რატიფიცირებას არ აპირებს.

რას მოიმოქმედებს პუტინი?

აფხაზებს იმედი აქვთ, რომ არც არაფერს, რადგან, მათი აზრით,  პუტინს ახლა აფხაზეთისთვის არ სცალია.

. . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრეზიდენტმა კინაღამ მორიგი რევოლუცია მოუწყო საკუთარ თავს.

აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებათა განახლების ფონზე გამოვიდა პარლამენტში და თქვა, რომ მზად არის `ხელი მოაწეროს ისეთ დოკუმენტს აზერბაიჯანთან, რომლის გამოც მას შესაძლოა მოღალატე უწოდონ, შესაძლოა კიდეც დაამხონ, თუმცა მზად არის ამისთვის, რათა უზრუნველჰყოს სამარადისო მშვიდობა 29 800 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე`

ბუნებრივია, ყველა მიხვდა, რომ სომხეთის 29 800 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ჰქონდა მხედველობაში, რაშიც არ შედის მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. სხვა შემთხვევაში, ასე ზუსტად კვდარატულ კილომეტრაჟს ფაშინიანი არ დაასახელებდა.

სომხებმა მისი განცხადება ისე გაიგეს (აბა სხვა როგორ უნდა გაეგოთ?-დ), რომ ფაშინიანი მზადაა ხელი მოუწეროს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს მის მთავარ მოთხოვნაზე: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხებისთვის ვიწრო კულტურული ავტონომიით.

ათი ათასობით ადამიანი უმალვე გამოვარდა ერევანის ქუჩებში, გადაკეტეს ცენტრალური გამზირები, პარლამენტისა და მთავრობის შენობებში შეჭრაც სცადეს, ფაშინიანის იმპიჩმენტი მოითხოვეს. და ეს პროცესი დასრულებული არ არის. არც ვინმემ იცის, როგორ დასრულდება: 18 ხმა აკლია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის იმპიჩმენტს.

თვითონ ფაშინიანი ღამე სადღაც გაიქცა, დაიმალა და იქედან (სამალავიდან) გააკეთა განცხადება: რას ამბობთ, სულაც არ მიგულისხმია აზერბაიჯანთან რაიმე კაპიტულაცია ან რამე დოკუმენტზე ხელის მოწერაო.

აბა თუ ეს არ უგულისხმია, რაღა საჭირო იყო 29 800 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიის ხსენება (რაშიც ყარაბაღი არ შედის)? რაღა საჭირო იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მზადაა მიიღოს ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რის გამოც შეიძლება დაამხონ?

სომხებისთვის არ არსებობს სხვა არანაირი იმდენად არაპოპულარული გადაწყვეტილება (რისი მიზეზითაც ხელოისუფლებას დაამხობენ) ახლა, როგორიცაა ყარაბაღის ჩაბარება აზერბაიჯანისთვის.

 

ზოგადად, გასაგები და იოლად ასახსნელია, რომ ფაშინიანი ცდილობს სომხეთის ისტორიაში შეასრულოს დიდი  როლი: გაათავისუფლოს საკუთარი ერი ისტორიული წნეხისგან, მოიშორის ყარაბაღის `ლოდი` რაიმენაირად, რაკი ეს `ლოდი` ხელს უშლის სომეხ ერს განვითარებაში - მუდმივ ომში ამყოფებს სომხებს მეზობლებთან და ა.შ

ეს გასაგებია.

მაგრამ ფორმა, რაც ახლა გამოიყენა ფაშინიანმა, როცა ჯერ თქვა სათქმელი, მერე გაიქცა, დაიმალა და უარყო ნათქვამი - აშკარად კონტრპროდუქტიულია.

 

აზერბაიჯანი სომხეთის ამ სისუსტეს გრძნობს და ცდილობს ბოლომდე `მიაწვეს` სომხეთს, რათა აიძულოს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რითაც მთიანი ყარაბაღი ერთხელ და სამუდამოდ იქნება აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიად.

თუმცა ფაშინიანის გამოსვლა ალიევს მხოლოდ იმაში დაარწმუნებს, რომ სომხეთი `ტორტმანობს` და აუცილებელია წნეხი გაზარდოს.

მით უმეტეს, როცა რუსეთს საკუთარი `გაჭირვებისთვის` ვერ მოუვლია უკრაინაში და სომხეთისთვის ახლა არ სცალია.

დავაკვირდეთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბოლო შეტაკებების დროს, როცა აზერბაიჯანი უკვე საკუთრივ სომხეთის ტერიტორიას ბომბავდა, `ორივე მხარეს მოუწოდა შეწყვიტონ ცეცხლი`.

არადა, სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა რეგიონში, - სომხეთში რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული (მისი შემოგარენი აზერებმა დაბომბეს ამ გამწვავების დროს), სომხეთი `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის` წევრია, სომხეთსა და რუსეთს დიდი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული - მოსკოვის ვალდებულებით, აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება მოკავშირეს.

აზერბაიჯანთან კი რუსეთს არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია, აზერბაიჯანში რუსული კი არა თურქული არმიის, ავიაციის ქვედანაყოფები იმყოფებიან და ა.შ.

 

ასეთი შანსი რუსეთის სისუსტის გამოყენებისა  მთიანი ყარაბაღის საუკუნოვანი პრობლემის გადასაჭრელად, აზერბაიჯანს შესაძლოა აღარც ჰქონდეს.

ამიტომ ალიევი და ერდოღანი ახლა აშკარად ცდილობენ მოვლენათა ფორსირებას, სანამ უკრაინაში რაიმე გაირკვევა და რუსეთი კავკასიისთვის `მოიცლის`

ნიკოლ ფაშინიანის შეცდომები კი მათ საბოლოოდ არწმუნებს, რომ სწორ გზაზე დგანან

. . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში რუსეთის ელჩმა, გენერალმა (!) ანტონოვმა სპეციალური განცხადებით გააფრთხილა აშშ ხელმძღვანელობა, არავითარ შემთხვევაში არ მიაწოდოს უკრაინას ATACMS ბალისტიკური რაკეტები. `ეს რაკეტები თუ ექნებათ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიას დაბომბავს და პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრებაო`.

ATACMS ბალისტიკური რაკეტების სროლა შესაძლებელია HIMARS ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან, რომლებიც უკრაინელებს უკვე აქვთ. მაგრამ დღემდე ამერიკამ უკრაინულ არმიას ამ დანადგარებისთვის მიაწოდა მხოლოდ ჩვეულებრივი რაკეტები, რომლებიც მაქსიმუმ 80 კილომეტრზე მიფრინავენ. თუ ATACMS-ს მიაწვდის, ომი ნამდვილად გადავა ახალ ფაზაში.

თუკი HIMARS ჩვეულებრივი რაკეტებითაც კი, უკრაინამ უდიდესი უპირატესობა მოიპოვა საარტილერიო დუელში და ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ხერსონსაც გაათავისუფლებს და მარიუპოლსაც დაიბრუნებს.

რუსებს სწორედ ეს `ეწვით`, თორემ საეჭვოა უკრაინამ ომის ამ ეტაპზე რუსეთის ქალაქები დაბომბოს. ეს არც არაფერში სჭირდება. ამერიკელებიც შორსმსროლელ იარაღს იმ პირობით აწვდიან, რომ მოსკოვს და პეტერბურგს, ან თუნდაც ბელგოროდისა და კურსკის საცხოვრებელ უბნებს არ დაარტყამენ: `თქვენ ხომ რუსები არა ხართ, მშვიდობიანი მოსახლეობა  გაანადგუროთო` - ეუბნებიან ამერიკელები და უკრაინა ამ პირობას ასრულებს.

თუმცა ATACMS შესანიშნავი `ინსტრუმენტია` რუსეთის ან/და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე საომარი ინფრასტრუქტურის, სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო კვანძების გასანადგურებლად.

. . . . . . . . . . . . . .

სულ ტყუილად უხაროდათ რუსებს და სულ ტყუილად უგებდნენ ნიშნს ევროპას: `ფინეთმა არ გაიზიარა ევროკავშირის რეკომენდაცია და რუსეთთან საზღვარი არ დახურაო`.

ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა ქონება დაყადაღდა. ამ ქონების (პირველ რიგში ეს ბინებია) საერთო ღირებულება 190 მილიონ ევროს აღწევს.

თანაც მოსკოვისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნებოდა ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინის განცხადება, რომ `ჩვეულებრივმა რუსებმაც უნდა იგრძნონ ომის სიმძიმე და ამიტომ ვუყადაღებთ ქონებასო`.

ეს არის სისტემური განცხადება - პასუხი იმ რუსებს ვინც ახლა `მხრებს იჩეჩს`: `აბა ჩვენ რა შუაში ვართ, თუკი პუტინმა ომი დაიწყოო`.

არადა რუსების 80% უჭერს მხარს ამ ომს და 99% ამბობს, რომ `ყირიმი რუსეთია`.

აბა პუტინი მეტს კი არაფერს ამბობს?!

. . . . . . . . . . . . . .

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, როგორც იქნა დააკომენტარა მისი სატელეფონო საუბარი პუტინთან: `90 წუთი ველაპარაკე და ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ტყუილად მილაპარაკია - ამ ომს შეცდომად მაინც არ თვლისო` - განაცხადა შოლცმა.

გაუკვირდა ეტყობა.

თვითონ ვერ აცნობიერებს და არ აღიარებს მთავარს, რომ საქმე შეურაცხად მანიაკთან აქვს.