საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მაისი. 2024 წელი

გრძელდება გააფთრებული ბრძოლები ხარკოვის მიდამოებში.

სამწუხაროდ, რუსის ჯარი კვლავინდებურად წინ მიიწევს და ახალ ტერიტორიებს იპყრობს. ანუ უახლოვდება ხარკოვს.

უკრაინა იძულებულია რეზერვები გადაისროლოს დონბასიდან ხარკოვისკენ, თუმცაღა ეს ასუსტებს წინააღმდეგობას და თავდაცვით ზღუდეს  დონბასის ფრონტზე უკვე ქალაქ დნეპრის მიმართულებით.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილ ბუდანოვმა შექმნილ სიტუაციას გუშინ „კრიტიკული“ უწოდა.

მან აღიარა, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის რეზერვები მართლა ეწურება.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართალია შეიარაღებას და ტექნიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს....ძალიან მნიშვნელოვანია საზენიტო სისტემები....... ძალიან მნიშვნელოვანია არტილერია...... დრონები და ა.შ (რასაც უკრაინა უკვე იღებს ამერიკული„ პაკეტით), მაგრამ.....მაგრამ........ეგვიპტის ფარაონებიდან - დღემდე ვერაფერი გადაწონის ისეთ საომარ ფაქტორს, როგორიცაა ცოცხალი ძალა.

 

გუშინ ხარკოვი კვლავ უმძიმესად დაიბომბა ავიაციით. 20 ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ხარკოვს ბომბავს ავიაციით და არა არტილერიით (ჯერ-ჯერობით), მაგრამ....ეს დიდი შეღავათი არ არის: თუ რუსულმა არმიამ ხარკოვში დაიწყო იმავე „მოფარფატე/პლანირებადი“ 2 ტონიანი ბომბების გამოყენება, რასაც დონბასზე იყენებდა, ქალაქ ხარკოვისგან ან იმავე ქალაქ დნეპრისგან ნანგრევები დარჩება მხოლოდ. მოსახლეობა კი ტოტალურად იქცევა ლტოლვილებად.

არადა ეს რამდენიმე მილიონი ადამიანია.

ზელენსკიმ ამ დღეებში გააუქმა ყველა საერთაშორისო აქტივობა ხარკოვის ოლქში შექმნილი ვითარების გამო.

ჯერ ჯერობით უცნობია, ამ სიტუაციის მიზეზითვე  ხომ არ გააუქმებს იგი მონაწილეობას შვეიცარიის სამშვიდობო კონფერენციაში.

რუსეთის ერთ-ერთი მიზანი რომ ესაა, უკვე აბსოლუტურად ცხადია ყველა დამკვირვებლისთვის.

არ არის გამორიცხული, ხარკოვზე შეტევის პარალელურად, როდესაც დონბასის ფრონტი საკმარისად „მოუშიშვლდება“ უკრაინულ არმიას, იქაც დაიწყოს ძლიერი შეტევა რუსის ჯარმა.

 

ისევ და ისევ.....ამერიკული დახმარების დაგვიანებამ რუსის ჯარს სტრატეგიული ინიციატივა შესძინა რაც ზოგადად რთულად „შესატრიალებელია“.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ვოლჩანსკში შევიდნენ, რაც უკრაინული სტრატეგიული თავდაცვითი ზღუდეს გარღვევას ნიშნავს.

ამ ინფორმაციას უკრაინული არმია არ ადასტურებს იმდენად, რამდენადაც არმია (ნებისმიერი ქვეყნის არმია) ზოგადად ძნელად ადასტურებს მარცხს, მაგრამ რამდენიმე საათის წინ BBC-მ დაადასტურა.

 

და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ან ცდილობენ არ მიაქციონ ყურადღება: ომში უდიდესი ფაქტორია სოციო-ფსიქოლოგია“!

დამარცხებები უკრაინულ სოციუმს თრგუნავს!

რუსეთისგან განსხვავებით, სადაც უკრაინული არმიის შარშანდელი გამარჯვებები   იჩქმალებოდა ჩრდილო კორეასავით, უკრაინაში ომის დროსაც კი არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი მედია, მათ შორის საერთონაციონალური ტელევიზიები.

შესაბამისად, დამარცხებები ვერც იჩქმალება და არც იჩქმალება

2023 წელს, როდესაც უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში წარმატებით შეუტია, პუტინის რეჟიმმა რამდენიმე რუსი ბლოგერი დააპატიმრა და ციხეში ჩააგდო, რაკი მათ ამის შესახებ დაწერეს.

უკრაინაში ამგვარი რამ გამორიცხულია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სახიფათო ვითარება უკრაინის ფრონტზე მით უფრო „რელიეფულად“ ჩანს იმ ფონზე, როდესაც პუტინი ააქტიურებს მოქმედებას გლობალური პოლიტიკის სცენაზე.

ვაგრძელებთ თვალყურის დევნებას ჩინეთში მისი ვიზიტისთვის.

ირკვევა, რომ რანგით ეს სახელმწიფო ვიზიტია. ანუ სი ძინპინმა „სახელმწიფო ვიზიტი“ მოუწყო.

როგორც მოგეხსენებათ, დიპლომატიაში არსებობს სამი რანგის ვიზიტები: „სამუშაო ვიზიტი“, „ოფიციალური ვიზიტი“ და „სახელმწიფო ვიზიტი“

„სახელმწიფო ვიზიტი“ ექსკლუზიური რამაა - ათ წელიწადში ერთხელ ეწყობა ან უფრო იშვიათადაც.  

ამით სი ძინპინი დასავლეთს ეუბნება, რომ თავისი პოლიტიკის არანაირ კორექტირებას არ აპირებს რუსეთის მიმართულებით: კვლავაც დაეხმარება უკრაინის ტერიტორიათა დაპყრობაში.

აქ დამკვირვებლები იმ კითხვასაც სვამენ, თუ სად გადის პეკინისთვის „საკმარისობის ზღვარი“, ანუ რას დაეთანხმება და რას არ დაეთანხმება პუტინის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ?!

მაგალითად, ცხადია, რომ პეკინი რუსეთს ეთანხმება, დაიპყროს სახმელეთო გასასვლელი ყირიმისკენ, მანამდე დაეხმარა „ყირიმის ხიდის“ აშენებაში (იმ ხიდს რუსეთი ვერ ააშენებდა ჩინეთის დახმარების გარეშე, - გამორიცხულია!), მაგრამ.....დაეთანხმება თუ არა მთელი უკრაინის დაპყრობაში? დაეთანხმება თუ არა უკრაინის სახელმწიფოებრიობის სრულ მოსპობაში? დაეთანხმება თუ არა ოდესის აღებასა და უკრაინის შავი ზღვიდან მოწყვეტაში?

ეს სულაც არ არის ისე ცხადი, როგორც ერთი შეხედვით შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს: ნამდვილად  არაა გამორიცხული, პეკინმა ფარულად რუსეთს მოსთხოვოს „დაკმაყოფილდეს“ იმით, რაც დაიპყრო (უკვე) ან მაქსიმუმ ყოფილი „დონეცკის“ რაიონი და „ლუგანსკის რაიონი“ პლუს მარიუპოლი, პლუს სახმელეთო გასასვლელი, პლუს ყირიმი.....და პირობად დაუყენოს, რომ უფრო შორს არ წავა.

სხვათა შორის შესაძლოა აქ იმალებოდეს პასუხი კითხვაზე, რას და რატომ  „ელოლიავება“ დასავლეთი სი ძინპინს?

იმიტომ(აც) ხომ არ „ელოლიავება“ ამდენ ხანს, რომ პეკინს დასავლეთიც განიხილავს გარკვეულ „დამაბალანსებელ/შემაკავებელ“ პოტენციურ ძალად პუტინისთვის......... თუ გარდაუვალი გახდა „სტატუს-კვოს“ გაყინვა დღევანდელ ხაზზე?!

არსებობს ამგვარი თეორია. ყოველ შემთხვევაში ანგარიშიდან ამოსაგდები ნამდვილად არ არის.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე On the Ground ანუ.......უკრაინელი ჯარისკაცის თავდადებაზე და ვაჟკაცობაზეა ახლა ყველაფერი........ თუ ვინ სად „გაივლებს“ „წითელ ხაზებს“.

იქნება ეს პეკინი, ვაშინგტონი, პარიზი, ბერლინი თუ იგივე მოსკოვი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . 

აფხაზეთში ახალი გაიძვერული ნარატივი გაჩნდა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით: როდესაც მოსკოვიდან ეკითხებიან: „რატომ არ იღებთ ამ კანონსო“, აფხაზები პასუხობენ: „ნუთუ ჩვენგან მოითხოვთ ისეთი კანონები მიიღონ, რასაც ქართველები იღებენ? ქართველებმა რომ მიიღონ კანონი „დედამიწა ბრტყელია“ ჩვენც ხომ არ უნდა მივიღოთო“.

მოკლედ, ამგვარი თაღლითური არგუმენტები არ ელევათ, რაკი არაფრის დიდებით არ აწყობთ (ფინანსური მომენტების გამო, რასაც დასავლეკთი იქ ხარჯავს) ამგვარი კანონის მიღება.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ამერიკის ხაზინამ (ფინანსთა სამინისტრომ) უკვე მერამდენედ........ ალბათ უკვე მეათედ გააფრთხილა ავსტრიული Raiffeisen Bank International, შეწყვიტოს ოპერაციები რუსეთში, გააუქმოს იქ თავისი ფილიალი და ნუღარ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

გაუგებარია, რაღა საჭიროა ამდენი „უკანასკნელი გაფრთხილება“, როდესაც აბსოლუტურად ცხადია, რომ Raiffeisen იქცა იმ „შავ ხვრელად“, რითაც პუტინის რეჟიმი გვერდს უვლის დასავლურ სანქციებს?!

ცოტა არ იყოს უცნაური სიტუაცია იქმნება: დასავლეთის „სანქციათა კურატორები“ (იგივე ჯიმ  ო ბრაიანი თუნდაც) ყველა „მესამე“ ქვეყანას აიძულებენ დახურონ რუსულ ბანკთა ფილიალები (მაგალითად ასე დაიხურა VTB ფილიალი საქართველოში) და ამ დროს თვით რუსეთში მუშაობას და მავნებლობას განაგრძობს ერთ-ერთი უდიდესი ევროპული ბანკი!!!

ბოლო დროს ეს ბანკი არა მხოლოდ და არა უბრალოდ ტრანზაქციებს ატარებს უკვე, არამედ ეხმარება პუტინის ოლიგარქებს ფულის „გათეთრებაში“. მაგალითად ოლეგ დერიპასკას ეხმარება, ევროპიდან „გამოიტანოს“ გაყინულია აქტივები.

ზოგადად, არავითარ ფინანსურ სანქციებს რუსული ბანკების მიმართ არა  აქვს აზრი, სანამ არსებობს ასეთი „შავი ხვრელები“ ამ ავსტრიული ბანკის სახით.

ავსტრიული რომაა, იმიტომაც ვერ ახერხებენ ვერც ევროკავშირი, ვერც აშშ ხაზინა სანქცირების შემოღებას, რადგან ამ ბანკს, ჯერ ერთი, დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ევროატლანტიკაში და მეორეც, ავსტრია ბევრად „წონადი“ სახელმწიფოა ვიდრე ორბანის უნგრეთი ან ფისოს სლოვაკეთი. ამიტომ ორბანმა და ფისომ ვერ გაბედეს ის, რაც გაბედა ავსტრიამ.

ავსტრია გერმანისი „უმცროსი ძმაა“. ეს არც ერთი წუთით არ დაგვავიწყდეს

აიშედეგიც:მხოლოდამ ავსტრიულმა ბანკმა რუსეთის ბიუჯეტში, მარტო გადასახადების სახით თითქმის 500 მილიონი ევრო გადაიხადა!

გადაიხდიდა აბა რა: ათეულობით მილიარდი დოლარისა და ევროს ტრანზაქციებს ატარებს „რუსეთიდან და რუსეთში“..... მესამე წელია!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, 59 წლის პრორუსი რობერტ ფიცო მძიმე მდგომარეობაშია და შესაძლოა ვეღარც გადარჩეს მას შემდეგ, რაც 71 წლის ვინმე სლოვაკმა იურაი ცინტულამ  5 ტყვია ესროლა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მსროლელი იქვე დააკავეს.

მან თავდასხმა ახსნა იმით, რომ ფიცოს პოლიტიკას „არ ეთანხმება“, ოღონდ რას არ ეთანხმება კონკრეტულად, აღარ დაუზუსტებია.

არ არის გამორიცხული, სოციოპათიის გამოვლინებასთან გვქონდეს საქმე.

მსროლელი „პოეტობდა“ და ლიტერატურული კლუბი „ცისარტყელა“ დააარსა.

კრემლმა განაცხადა, რომ პირადმა დაცვამ, თურმე, ფიცო „განგებ არ დაიცვაო“, რაც რასაკვირველია ტყუილია, თუმცა კრემლი ასე იტყოდა: ფიცო ხომ მისი იშვიათი  მოკავშირეა ევროკავშირში.