საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2025 წელი
Time - ძალიან გავლენიანი და რესპექტაბელური ამერიკული ჟურნალი - ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ასეულს.
2024 წლის ასეულში არ არის არც ერთი რუსი!
ასეთი რამ ბოლო 40 წელია არც ერთხელ არ მომხდარა.
Time-ის გარეკანზე პუტინიც ყოფილა ოდესღაც, როგორც „ყველაზე გავლენიანი“ ადამიანი ანუ პირველი ნომერი იმ სიაში.
წელს სიის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: დემი მური, ასევე Snoop Dogg-ის ერთ-ერთი რეპერი, ტენისისტი ქალი სერენა უილიამსი, მომღერალი ედი შირანი, და AI (Artificial intelligence) თანადამფუძნებელი დემის ხასსაბისი.
უფრო „ქვემოთ“ არიან დონალდ ტრამპი, მისი Vice ვენსი და ილონ მასკი.
ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიც მერცი, სირიის ხელისუფალი აჰმედ აშ შარაა.
შარშან ამ სიაში იყო ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია. თვითონ ნავალნიც რამდენიმე წლის წინ.
პუტინი ბევრჯერ იყო სიაში. მათ შორის 2022 წელს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესია დაიწყო.
იმიტომ, რომ Time-ის აზრით „გავლენა“ დადებით კონოტაციას და პოლიტიკის მოწონებას არ ნიშნავს.
თუმცა....წელს, როგორც ჩანს ამ „რანკინგის“ ავტორები მიხვდნენ, რომ არ არის ამგვარი მიდგომა სწორი.
ეგრე ჰიტლერიც „გავლენიანი“ იყო და ყველაზე პრესტიჟული დასავლური ყოველკვირეულის ყდაზე მისი „წამოჭიმვა“ სწორი იქნებოდა?
ალბათ მხოლოდ ამიტომ არ შეიყვანეს პუტინი ასეულშიც კი, თორემ აბა ვინ დაიჯერებს, რომ 2022 წლის შემდეგ კრემლის ბინადრის გავლენა გლობალურ პროცესებზე შემცირდა?
თუმცა გაიმარჯვა ჯანსაღმა მიდგომამ, რომ აგრესორის, ბანდიტის, კრიმინალის ICC-ის ძებნილის და უკრაინელი ხალხის გენოციდის მომწყობის პოპულარიზაცია არც ერთი ფორმით არ შეიძლება, რაკი მისი ე.წ. „გაპრავება“ გამოდის ობიექტურად.
„გავლენიანია და რა ვქნათ“ - არაჯანსაღი მიდგომაა.
ვიმეორებ: მასე ჰიტლერიც გავლენიანი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდული მიზეზებით თუ საბაბით დახურა, გააუქმა R/FIMI ანუ უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, რაკი ეს ცენტრი, თურმე „ამერიკელებს უშლიდა აზრის თავისუფალ გამოხატვას“ და ამაში „ხარჯავდა ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა 50 მილიონ დოლარს“.
თუ ვინმეს გაახარებს ეს უცნაური გადაწყვეტილება, პირველ რიგში რუსეთს და ჩინეთს, რომლებსაც სპეციალური უწყებები ჰყავთ (რუსეთს, მაგალითად 2006 წელს პრეზიდენტ პუტინის საიდუმლო ბრძანებულებით შექმნილი „საინფორმაციო ჯარები“), რომლებიც ამერიკაში საინფორმაციო დივერსიებს ახორციელებენ.
გამორიცხულია გადაწყვეტილების მიზეზი ხსენებული 50 მილიონი დოლარი ყოფილიყო ანუ მიზერი.
როგორც სჩანს „აღმძრავი“ გახდა დონალდ ტრამპის და მისი MAGA-ს ომი ე.წ. „ვოუქიზმის“ ანუ ზოგადად დემოკრატიული პარტიის და ამერიკული სოციუმის „ლიბერალური“ ნაწილის ნარატივთა წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
Bloomberg News იტყობინება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეალობას და ფაქტებს მიუახლოვდა უკრაინისთვის აშშ დახმარების შეფასებისას: ვაშინგტონში სხვადასხვა დონეზე გამართული კონსულტაციების შედეგად ვაშინგტონმა აღიარა, რომ 2022 წლიდან ამერიკამ უკრაინას არა $300 მლრდ. არამედ $100 მლრდ. დახმარება აღმოუჩინა.
აქედან 61 მილიარდი, როგორც ყველას გვახსოვს, ბაიდენის პრეზიდენტობის ბოლო წელს.
დონალდ ტრამპი პოპულისტური მიზნებით აჟღერებდა ხშირად ამ ციფრს: $300 მლრდ. მაგრამ უკრაინელებმა საკმაოდ ჭკვიანურ ტექნოლოგიას მიმართეს ამგვარი დამაზიანებელი პოპულიზმის წინააღმდეგ: გააგზავნეს დელეგაცია ვაშინგტონში, შეხვდნენ კოლეგებს (ანუ აშშ ფინანსთა სამინისტრო, Treasury department სპეციალისტებს) და უთხრეს: „თურმე 300 მილიარდი გვქონია გადასახდელი. კი ბატონო, აბა ავიღოთ ქაღალდი, საწერ-კალამი, მოვიმარჯვოთ კალკულატორები, დავთვალოთ....არ გამოდის ხომ $300 მლრდ?!“
ვერ უარყოფდნენ და ვერც იმას უარყოფენ, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 70-80%) ან ამერიკაში დარჩა სამხედრო ინდუსტრიათა ამოსაქოქად, ან ლოჯისტიკაზე დაიხარჯა.
არადა ზელენსკის მანამდეც ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ უკრაინული თვითმფრინავებით ლოჯისტიკა ბევრად იაფი დაჯდებოდა.
ეს ერთი.
მეორეც ეს კრედიტი არ ყოფილა. გრანტი იყო, რასაც ამერიკა იხდიდა NATO-ს უსაფრთხოებაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს „კალკულაცია“ არის ნაწილი იმ მოლაპარაკებისა, რაც გრძელდება ვაშინგტონსა და კიევს შორის „წიაღისეული შეთანხმების“ თაობაზე.
უკრაინამ Mineral deal კაბალურ პირობებზე უარი თქვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა მორიგი ვირეშმაკული ხრიკი მოიფიქრა, თუ როგორ მიაღწიოს 2022 წლიდან ამერიკულ ბანკებში გაყინული რუსული აქტივების „გალღობას“ და მათ დაბრუნებას;
ტრამპს შესთავაზა: ამ გაყინულა აქტივებს ამერიკული Boeing სამგზავრო თვითმფრინავების საყიდლად გამოვიყენებო.
მაშასადამე, დღეს, როცა Boeing-ში სისტემური კრიზისის აშკარა ნიშნებია და ეს კრიზისი აუცილებლად გამწვავდება ჩინეთთან დაპირისპირების გამო უახლოეს მომავალში, პუტინი გაიძვერულად ეუბნება ტრამპს: პრობლემას გადაგიწყვეტ და მე კი „ბოინგები“ დამრჩებაო.
ძალიან ცუდია, რომ ევროკომისიამ ნაწილობრივ გააუქმა ემბარგო რუსული თხევადი გაზის შესყიდვაზე.
და მივაქციოთ ყურადღება: ბრიუსელმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როცა მწვავდება „სავაჭრო ომი“ ტრამპის ამერიკასთან, ხოლო აშშ პრეზიდენტი, ევროკავშირთან „ნულოვანი ტარიფების“ დაწესების სანაცვლოდ მოითხოვს ამერიკული თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას, რათა ამ გზით შეამციროს სავაჭრო დეფიციტი.
ევროკავშირს კი ამ „სავაჭრო ომისას“ რუსული „ალტერნატიული თხევადი გაზის“ რესურსი და არგუმენტი დასჭირდა.
რა თქმა უნდა, ამ თამაშის ბენიფიციარი პუტინი იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის „ფედრეზერვის“ ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ მისი ანალიზით, ამერიკის ეკონომიკაში, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გამო „მწიფდება ისეთი ტენდენციები რაც 1929 წლის შემდეგ არ ყოფილა“.
ანუ დიდი დეპრესიის შემდეგ.
ანალიტიკოსი თვლიან, რომ პაუელის განცხადება ერთგვარი „თავის დაზღვევაა“ თუ კატასტროფა მართლა დადგა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Росфинмониторинг - მა, ანუ ორგანიზაციამ, რომელიც პუტინის დავალებით ტერორისტების (!) და მათი ფინანსური მხარდამჭერების რეესტრს ადგენს, ამ რეესტრში შეიყვანა მათემატიკოსი მიხეილ ვოლკოვი.
მისი ერთადერთი „ტერორისტული დანაშაული“ ისაა, რომ ცნობილი რუსი ოპოზიციონერის, ლეონიდ ვოლკოვის მამაა.
მალე დაიჭერენ ალბათ: შენი შვილი რატომ გვებრძვისო.
ლეონიდ ვოლკოვი არის ცხონებული ნავალნის Фонд борьбы с коррупцией ერთი ლიდერი და უამრავი ჟურნალისტური გამოძიება აქვს „დადებული“ პუტინისა და მისი ბანდის კორუფციის შესახებ.
ალექსეი ნავალნის „მარჯვენა ხელი“ იყო.
ახლა გაქცეულია რასაკვირველია,
თორემ ნავალნიზე უარესი დღე ელოდა.
ვოლკოვი - უფროსი დაკითხეს უკვე. მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. გამომძიებლებს ეჭვი აქვთ, რომ მიხეილ ვოლკოვი მისი შვილის ფონდს ფინანსურად ეხმარებოდა. მცირედი თანხა გადაურიცხა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი, საეტაპო განცხადება გააკეთა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა. მისი თქმით, ისრაელის არმია აღარ დატოვებს ღაზას ჩრდილოეთს, სირიის დაკავებულ ტერიტორიებს და ლიბანის დაკავებულ ტერიტორიებს.
„ცახალი“ იქ დარჩება უვადოდ, რათა შექმნას „ბუფერული ზონა“.
ღაზა გასაგებია: ღაზაში ოპერაციის დაწყებისთანავე ცხადი იყო, რომ ისრაელის არმია იქ აუცილებლად შექმნიდა „ბუფერს“ ჩრდილო ნაწილში, რათა გამოერიცხა 7 ოქტომბრის ტერაქტის მსგავსი თავდასხმა.
მაგრამ რაც შეეხება ლიბანს და სირიას, ეს სრულიად ახალი მიდგომაა: ლიბანში მაგალითად, ისრაელმა ორჯერ აწარმოვა დიდი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია ბოლო 40 წლის მანძილზე, მაგრამ შემდეგ მუდამ გამოჰყავდა ხოლმე არმია.
ახლა იქაც აპირებს „ბუფერული ზონის“ შექმნას ესე იგი სირიისა და ლიბანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაციას. თუმცა....სირიის „გოლანის სიმაღლეები“ ისრაელს 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული და ამ ტერიტორიებსაც საერთაშორისო სამართალი, გაერო და ა.შ „სირიის განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს.