საერთაშორისო მიმოხილვა 17 ოქტომბერი 2021 წელი.
თურქეთის სპეცსამსახურებმა სტამბულში რუსეთის ხელისუფლების შეკვეთილი მორიგი პოლიტიკური მკვლელობა აღკვეთეს. მათ სტამბულში დააპატიმრეს 6 მკვლელი, რომლებიც პუტინის ჩეჩენი კრიტიკოსების, ბლოგერების ჰასან ხალიტოვის და რუსტამ აჟიევის მოკვლას გეგმავდნენ.
ეს ბლოგერები ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეის პროპმოუტერები არიან.
მკვლელობა იგეგმებოდა პუტინის ერთგული ყმის, ჩეჩნეთის დიქტატორ რამზან კადიროვისა და მისი მსტოვრების ხელით.
მათ ადრეც მოუკლავთ თურქეთში და სხვა ქვეყნებში ჩეჩნური წინააღმდეგობის ლიდერები. მაგრამ ახლა ნიშანდობლივი ისაა, რომ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა (და ერდოღანის გარეშე ეს გამორიცხულია!) ამბავი ჟურნალისტებისთვის მოეყოლა; ანუ კი აღარ დაემალა, არამედ გამოექვეყნებინა.
პუტინის წინააღმდეგ პირდაპირი ბრალდებების გარეშე რასაკვირველია. ოღონდ ეს ჯერ-ჯერობით.
კადიროვს უკვე ღიად ადანაშაულებენ და კადიროვი რომ პუტინის ყმაა ვის ეპარება ეჭვი?
ეს ამბავი უდავოდ მეტყველებს, რომ ერდოღანსა და პუტინს შორის ურთიერთობა იძაბება სირიისა და ყარაბაღის მოვლენათა ფონზე.
ზოგადად, მტკნარი სისულელეა ლაპარაკი რაიმე გრძელვადიან მყარ ალიანსზე ანკარასა და მოსკოვს შორის, რაკი ამ ორი ქვეყნის ინტერესები როგორც პოსტსაბჭოურ სივრცეზე, სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ვოლგისპირეთში, ასევე სხვა რეგიონებშიც (ახლო აღმოსავლეთში) კარდინალურად, ისტორიულად, სისტემურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო სისტემური მომენტი: პუტინისთვის `უხერხულია` თურქეთთან დაპირისპირება მათ შორის შიდა-პოლიტიკური PR მომენტების გამო: რუსების უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთის `ტოლი და სწორი` მხოლოდ დასავლეთია, მხოლოდ ამერიკაა, მხოლოდ NATO ხოლო თურქეთი.....თურქეთს არ თვლიან თავის მოწინააღმდგედ მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღში სწორედ თურქეთმა დაამარცხა ისინი გეოპოლიტიკურად. ამიტომ პუტინი ერიდება ერდოღანთან ღია დაპირისპირებას, რათა თავისი დერჟავული ერის დერჟავული სიამაყე არ შეურაცხყოს.
მარტივად, რუსები ასე აზროვნებენ: `თურქეთი ვინ აგდია ჩვენთან. დიდ რუსეთთან? ჩვენი მოწინააღმდეგე მხოლოდ ამერიკაა და NATO. თურქეთთან დაპირისპირება ჩვენთვის სამარცხვინოც კია - XVIII საუკუნიდან ათჯერ დავამარცხეთ დიდ ომებში......
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტოტალური კატასტროფაა რუსეთში Covid-19-თან დაკავშირებით. 1 000 სიკვდილი ერთ დღეში - შაბათს.
მიზეზი ისევ და ისევ ანტივაქსერობაა. არადა, რუსეთში მოსახლეობის 45%-ია აცრილი. ჩვენ რა გველის, როდესაც საქართველოში მხოლოდ 30%-ია აცრილი?
ანალოგიური კატასტროფა მზადდება ახლა სომხეთში და სხვა ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში (ბალტიის გარდა).
შეიძლება ვინმემ თქვას: ეს იმიტომ, რომ ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები NATO – EU წევრები არიან. სინამდვილეში პირიქითაა: ისინი NATO – EU წევრები სწორედ იმიტომ არიან, რომ განსხვავებული მენტალობა და სხვა საქმოქლაქო შეგნება აღმოაჩნდათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთმა აგვისტოში (!) გამოსცადა ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტა. ანუ რაკეტა, რომელიც ბგერის სიჩქარეზე (335 მეტრი წამში) ბევრად მეტ სიჩქარეს ავითარებს და რომლის ჩამოგდება ფაქტიურად შეუძლებელია.
არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა გადასცა `მეგობარ სი`-ს შესაბამისი ტექნოლოგიები იმის სანაცვლოდ, რომ დასავლური სანქციების პირობებში ჩინეთი დაეხმარა ყირიმის ხიდის აშენებაში და `ჩრდილო ნაკადის` მილსადენის გაყვანაში. ამგვარი `ჩეინჯი და `გეშეფთი`ხშირად ხდება პეკინსა და მოსკოვს შორის.
ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტა, რაც მნიშვნელოვანია, იმაზეა გათვლილი, რომ სამხრეთ პოლუსის(!) ანუ ანტარქტიდის გავლით მიაღწიოს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, ვაშინგტონს, ნიუ იორკს და ა.შ. ესე იგი არა წყნარი ოკეანის, არამედ სამხრეთ პოლუსის გავლით.
ეს ამერიკისთვის საშიშია იმიტომ, რომ მთელი ამერიკული თავდაცვითი სისტემა გათვლილი იყო სსრკ დროიდან მოყოლებული იმ საფრთხეებზე, რასაც რუსული/საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები უქმნიდნენ ამერიკას და დასავლეთს ატლანტის ოკეანის, იმავე წყნარი ოკეანის და ჩრდილო პოლუსის(!) გავლით. თუმცა პუტინმაც თქვა ამას წინათ, ისეთი ჰიპერბგერითი რაკეტები გვაქვს, თანაც ბირთვული ძრავით, რომ შეუძლიათ რამდენჯერმე შემოუფრინონ დედამიწას და მერე დააცხრენ მტერსო.
სამწუხაროდ, როგორც სჩანს, ამჯერად არ ტყუის.
ჩინური ოფიციოზი, ანუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პრესა, მაგალითად `ჰუანციუ შიბაო` უკვე ღიად წერს, რომ `1992 წლის კონსენსუსი` ამერიკასა და ჩინეთს შორის ტაივანის საკითხზე დარღვეულია და ჩინეთი ემზადება ომისათვის ტაივანის `დასაბრუნებლად. ჩინური მედია ამ თემას ისე აშუქებს, რომ ტაივანი `ოკუპირებული აქვთ ამერიკელებს მათი მარიონეტული `გომინდანის` რეჟიმის ხელით. შეგახსენებთ, რომ სინამდვილეში ტაივანის დე-ფაქტო გამოყოფა ჩინეთისგან 1940-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგი იყო. ტაივანელები ეთნიკურად ჩვეულებრივი ჩინელები არიან. ისინი თავის ქვეყანას `ჩინეთის რესპუბლიკას` უწოდებენ ანუ თვლიან, რომ სწორედ იგია `ნამდვილი, კომუნისტებისგან თავისუფალი ჩინეთი`.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული ლიბერალური, ანტიპუტინური გამოცემა «Новая газета» -ს რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო! ამან პუტინი ისე გააბრაზა, რომ ბოლო გამოსვლისას განაცხადა: ჭკვიანად იყოს, თორემ ნობელის პრემია არ უშველის, `უცხოელი აგენტის` იარლიყს მივაწებებთო და აქედან მერე დაჭერამდე ერთი ნაბიჯიღაა.
პუტინი გაცოფებულია: როგორ შეიძლება არსებობდეს რუსეთში ისეთი რადიოსადგური, როგორცაა Эхо Москвы, რომელიც დილიდან საღამომდე ხელისუფლების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს და მას სახელმწიფო (Газпром) აფინანსებსო.
ეშმაკობს პუტინი! მე, როგორც რადიო `თავისუფლების` კორესპონდენტმა 1995 წლიდან, ძალიან კარგად ვიცი, რატომ დაუშვა ელცინმა თავის დროზე Эхо Москвы-ს არსებობა: იმისთვის, რომ გადაეფარა რუსულენოვანი რადიო `თავისუფლების` გავლენა რუსეთის ტერიტორიაზე, რაკი ჩვენი რადიო ამერიკული რადიოა.
გარდა ამისა, პუტინი ტყუის, როცა ამბობს, რომ არ არსებობს მსოფლიოში ისეთი მედია, რომელიც 100%-ით სახელმწიფოსგან ფინანსირდება და მთავრობას აკრიტიკებსო: გერმანული Deutsche Welle, იტალიური RAI, ფრანგული France2 100%-ით სახელმწიფოსაგან ფინანსირდება და მაინც კრიტიკულები არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში შესამჩნევად იზრდება მოთხოვნა ოქროზე. ბოლო ვაჭრობის შედეგად საერთაშორისო ბირჟებზე უნცია (28,34 გრამი) ოქრო 1 800 დოლარად ივაჭრებოდა. ანუ, 1 გრამი ოქრო უკვე 63,51 დოლარი ღირს.
ეს იმას აჩვენებს, რომ მსოფლიოში არასტაბილურობაა, ინვესტორები ელიან დიდ რყევებს. უპირველესად რუსეთსა და ამერიკას, ამერიკასა და ჩინეთს შორის და ცდილობენ მოიშორონ `ქაღალდის` ფული, თუნდაც დოლარი, თუნდაც ევრო, რომელიც ოქროთი უზრუნველყოფილი არ არის მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში აშშ პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამერიკა დოლარის ოქროთი უზრუნველჰყოფას წყვეტს და/ანუ `ოქროს სტანდარტს`აუქმებს.
ზოგჯერ ისტორიაში აი ასეთი `ირიბი` ნიშნები უფრო ზუსტად აჩვენებენ კატასტროფის მოახლოებას, ვიდრე იარაღის უშუალოდ ჟღარუნი. თუმცა არც უამისობაა ამერიკასა და ჩიენთს შორის ტაივანის გარშემო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპი არ აპირებს პენსიაზე გასვლას და კვლავაც მზადაა იბრძოლოს პრეზიდენტობისათვის: ამის შესახებ მან ღიად განაცხადა აიოვას შტატში გამართულ დიდ მიტინგზე. მან გააფრთხილა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, არც კი ეცადოს `რესპუბლიკური პარტიის` ნომინაციის მოპოვებას 2024 წლის არჩევნებისათვის.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ მიუხედავად `რესპუბლიკურ პარტიაში` მისი ოპოზიციის არსებობისა გავლენიანი სენატორების და კონგრესმენების სახით, დონალდ ტრამპი არც კი ცდილობს `მესამე პარტიის` ანუ რაღაც თავისი პარტიის შექმნას. იმიტომ, რომ იცის: ორპარტიულობა ამერიკის იმდენად ღრმა ტრადიციაა, რომელსაც ისიც კი ვერ დაანგრევს მიუხედავად მისი ქარიზმისა.
აიმარტივი ილუსტრაცია, თუ რამდენად ძნელია ამგვარი ტრადიციების დანგრევა ზოგადად: მას შემდეგ რაც Twitter-მა დაბლოკა, სადაც ტრამპს 100 მილიონი (!) გამომწერი ჰყავდა, დონალდმა საკუთარი პლატფორმა შექმნა, მაგრამ...არაფერი გამოუვიდა: სულ რამდენიმე მილიონმა გამოიწერა. ეს იმიტომ, რომ ტრადიციული `პლატფორმა`ძალიან მნიშვნელოვანია: ასეთივე პლატფორმაა ტრამპისათვის `რესპუბლიკური პარტია`. ბოლო შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ იგი შეინარჩუნოს, რადგან `მესამე ძალით` ანუ ახალი პოლიტიკური პლატფორმით შანსი არ ექნება: ამერიკელები მიჩვეულნი არიან უკვე ისტორიულად `ორპარტიულობას`.
ტრამპის აქტიურობას აძლიერებს ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგი სწრაფად ეცემა: ამერიკელთა 52% არ იწონებს ბაიდენის საქმიანობას. ეს არ არის პრეზიდენტისათვის კრიტიკული ციფრი, მაგრამ ჯერ ერთი, მოსალოდნელი იყო `ავღანეთის კატასტროფის` შემდეგ და ტენდენციაც შემაშფოთებელია როგორც მისთვის, ასევე `დემოკრატებისათვის`. მათ ფლანგზე ჯერ რეალური კანდიდატი არ სჩანს.
2022 წელს ამერიკაში კონგრესის საშუალედო არჩევნებია. ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ.
ბაიდენი ამომრჩევლის კეთილგანწყობის დაბრუნებას ცდილობს 3,5 ტრილიონი (!)დოლარის სოციალური პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს უფასო საბავშვო ბაღებს, უფასო საავადმყოფოებს, დახმარებებს და ა.შ. მაგრამ საიდან აიღებს ამ ფულს? რა თქმა უნდა დოლარის დაბეჭდვით და ისედაც უზარმაზარი სახელმწიფო შიდა ვალის გაზრდით. ამ ვალის თანაფარდობა ბიუჯეტთან უკვე 127%-ია!
ინფლაციაც გარდაუვალია და ინფლაცია კი ამერიკელ პრეზიდენტთა მთავარი მტერია ტრადიციულად.