საოცარია, მაგრამ ჯაბა იოსელიანი მაინც გვეცოდება

საოცარია, მაგრამ ჯაბა იოსელიანი მაინც გვეცოდება

რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურორის სანქციის საფუძველზე დააპატიმრეს ე.წ. «მხედრიონის» ყოფილი ლიდერი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ჯაბა იოსელიანი.
    ამით, როგორც ჩანს, საბოლოოდ დასრულდა «ბებერი მოჯაჰედდინის» რთული და საინტერესო კარიერა. იოსელიანი ციხიდან ალბათ  დიდხანს ვეღარ გამოვა - თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ბრალი ედება გია გულუას, გია ჭანტურიასა და სხვა ცნობილ მოღვაწეთა მკვლელობის ორგანიზებაში.
    თითოეული ამ დანაშაულისათვის კი, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელს თორმეტიდან-თხუთმეტ წლამდე. გარდა ამისა, პოლიცია უეჭველად მიაგნებს «მხედრიონის» ფინანსური ძალმოსილების პირველწყაროს, ვინაიდან ამ «ორგანიზაციის» ორივე ლიდერი (გიგა გელაშვილი და ჯაბა იოსელიანი) ამჟამად უკვე მის ხელთაა.

    ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებას ქართული «პოლიტოკრატიის» ისტერიული რეაქცია მოჰყვა. «ცენტრალური საარჩევნო კომისიის» წევრებმა საშინელი გნიასი და წივილ-კივილი ატეხეს «დეპუტატობის კანდიდატის» დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნით. რუსეთის ტელევიზიამ ამ ისტერიკას ლამის უფრო მეტი დრო დაუთმო, ვიდრე საკუთარი პრეზიდენტის მორიგ ავადმყოფობას.
    რა თქმა უნდა, ფორმალურად პროკურატურამ ოდნავ გაუსწრო მოვლენებს. მაგრამ ფაქტობრივად, ჯაბა იოსელიანი უკვე აღარც იყო დეპუტატობის კანდიდატი, რადგან ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნდა არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელთა მიხედვით, მან სასტიკი დამარცხება იგემა ნაძალადევის რაიონში.
    ძნელი წარმოსადგენია, ედუარდ შევარდნაძეს არ ჰქონოდა გათვალისწინებული ქართული პოლიტოკრატიის შესაძლო რეაქცია. მაგრამ მან, როგორც ჩანს, ეს შეგნებულად გააკეთა, რათა ხალხის თვალში პოლიტიკური ელიტის საბოლოო დისკრედიტაცია მომხდარიყო.
  თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის დამოკიდებულებას ჯაბა იოსელიანის მიმართ, «ქართველ დემოკრატთა» ისტერიული რეაქცია მის დაპატიმრებაზე, მოსახლეობის თვალში მათ ისედაც «შელანძღულ» რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა სცემს.
    შეიძლება ვინმემ თქვას: პარტიები, ამ შემთხვევაში, «პრინციპებს» იცავდნენ და არა ჯაბა იოსელიანსო, მაგრამ ეს აშკარა ტყუილია - ჯაბას დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ დააკავა ბლოკ «XXI საუკუნის» ერთ-ერთი ლიდერი, ელიზბარ ჯაველიძე, რომელიც აგრეთვე დეპუტატობის კანდიდატი იყო.
    მიუხედავად ამ აქტის აშკარა უკანონობისა (ამ დროს პირველი ტურის შედეგები ჯერ კიდევ გამოქვეყნებული არ იყო) ქართულ «პოლიტელიტას» რატომღაც არ აუტეხავს ისტერიკა და არ დაუგლეჯია თმები - დეპუტატობის კანდიდატი ახლავე გაათავისუფლეთ, თორემ არჩევნებს არ დაგიმტიკიცებთო (როგორც ამჟამად იმუქრებიან). მიზეზი გასაგებია: ჯაბა იოსელიანი (ჯაველიძისაგან განსხვავებით) მაინც «თავისიანად» მიაჩნდათ და მისი დაცვით საკუთარ თავს იცავდნენ. თუმცა კი ამაოდ.

    ჯაბა იოსელიანის, როგორც პოლიტიკური ფიგურის განადგურება მის პიროვნულ აღსასრულსაც ნიშნავს. საოცარია, მაგრამ ამ პიროვნებას ერთგვარი თავისებურება და თავისთავადობა მართლაც გააჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად ჯაბას «იმიჯისა», საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოდნავი სიბრალულის გრძნობა არ გაუჩნდა მის მიმართ. არ შეიძლება საქართველოში სამოცდათორმეტი წლის კაცი ციხეში მიდიოდეს და მის მიმართ ოდნავი სიბრალულის გრძნობა არ გაუჩნდეს ქართველ კაცს.
    მიუხედავად ამისა, ჯაბა მაინც საკუთარი ყოყოჩობისა და ქედმაღლობის მსხვერპლი გახდა. მას დასაშვებად მიაჩნდა ერის შეხედულების, მისი აზრის იგნორირება. არადა, ერის შეურაცხყოფა არ შეიძლება, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნება მისი აზრი გაითვალისწინოს - თუ სურს, შეინარჩუნოს არსებობა.
    ედუარდ შევარდნაძემ (რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) უბრალოდ აღასრულა განაჩენი, რომელიც ჯაბა იოსელიანს ჯერ კიდევ 1991 წელს გამოუტანეს და რომლის სამართლიანობას ერი სავსებით დაეთანხმა.

    ეს ყოველივე სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია. ოღონდ საინტერესოა, ჩვენი «შესანიშნავი ინტელიგენცია» თუ გრძნობს, რა სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა?
    კი მაგრამ, ბატონებო, თუ ეს კაცი, რომელსაც ახლახანს ციხეში უკრეს თავი, იმდენად კეთილშობილი და ზნეობრივი იყო, რომ თქვენს წრეში იღებდით, მასთან მეგობრობით ამაყობდით, მის «ნათელ-მირონობას ფიცავდით» და ა.შ. ახლა რამ დაგამუნჯათ და ერთი სიტყვა მაინც როგორ არ შეაწიეთ კაცს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ «ზნეობრივ გმირად» მიგაჩნდათ?
    არადა, ჯაბა იოსელიანი ხომ გუშინდელს შემდეგ იოტისოდენადაც არ შეცვლილა? ამ კაცს ყველაფერი შეიძლება დააბრალო იმის გარდა, რომ «კანს ხშირად იცვლიდა» და ხან «წითელი» იყო და ხან «თეთრი». ჯაბა იოსელიანი ყოველთვის «შავი» იყო და თავისი პრინციპებისათვის არასდროს უღალატია!
    სხვა საკითხია, ეს პრინციპები რამდენად უნდა ყოფილიყო მისაღები და ახლობელი საზოგადოებრივი ელიტისათვის.

    ჯაბა იოსელიანი 1924 წელს დაიბადა. 16 წლისა ის უკვე «კანონიერი ქურდი» იყო. სულ მალე კი «ვსესაიუზნი გიმელი» გახდა, ანუ «კანონიერი ქურდების» საკავშირო ელიტაში შევიდა. ათეულობით წელი ციხესა და «ლაგერებში» გაატარა. საბოლოოდ გათავისუფლდა, როდესაც უკვე ორმოცს მიუკაკუნა და საშუალო სკოლაც მაშინ დაამთავრა. უმაღლესი განათლებაც მიიღო. დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაციები, მოიპოვა «ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის» სამეცნიერო წოდება, ლექციებს კითხულობდა «თეატრალურ ინსტიტუტში», იყო მონოგრაფიებისა და პიესების ავტორი.
    ყოფილი ქურდის ამგვარი «წარმატება» კომუნისტურ საზოგადოებაში ერთობ განსაცვიფრებელი და დამაფიქრებელია. სრულიადაც არ ვაპირებ იმის თქმას, თითქოს ჯაბა იოსელიანი უნიჭო კაცი იყო. რა თქმა უნდა არა! ნიჭიერების ნაპერწკალი მასში უდავოდ ღვიოდა. თუმცა, ცოტა მოულოდნელად დავსვათ კითხვა: მაგალითად მერაბ კოსტავა ჯაბა იოსელიანზე ნაკლებ ნიჭიერი იყო და მასზე ნაკლებად ესმოდა, რა არის ხელოვნება? რა თქმა უნდა არა!
    არადა, კოსტავას მაშინ დისერტაციის დაცვა რომც მოენდომებინა, ვერაფრის დიდებით ვერ მიაღწევდა საკანდიდატოს - სადოქტოროზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
    ეს ძალზე საინტერესო საკითხია, რომლის კვლევას ბევრ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ. კერძოდ, აქედან უეჭველად ჩანს, რომ იმ საზოგადოებას, რომელშიც ეს ორი პიროვნება (ჯაბა იოსელიანი და მერაბ კოსტავა) ცხოვრობდნენ, პირველის უფრო ნაკლებად ერიდებოდა, ვიდრე მეორესი.
    თუ ჯაბა იოსელიანი ე.წ. «ქართული ინტელიგენციის» წრეში სავსებით მიღებული პიროვნება იყო, იგივე წრე მერაბ კოსტავას ახლოსაც არ იკარებდა. მერედა, რატომ? რომელი თვისებით ჩამოუვარდებოდა (თუ არ აღემატებოდა) მერაბ კოსტავა - ჯაბა იოსელიანს?
    მიზეზი კვლავ ადვილად გასაგებია: კომუნისტური საზოგადოების ელიტა თითქმის ინტუიტიურად, ქვეცნობიერად, განსაკუთრებით გამახვილებული «ყნოსვით» გრძნობდა, რომ ხელისუფლება მერაბ კოსტავასთან სიახლოვესა და მეგობრობას არ აპატიებდა, ჯაბა იოსელიანთან კავშირს კი დიდ ცოდვად არ ჩაუთვლიდა!
    ანუ, ჯაბა იოსელიანი და მის მიერ განსახიერებული «კრიმინალური სამყარო» მაინც იმ საზოგადოების ნაწილი იყო, - «კანონიერი ქურდები» სისხლ-ხორცეულად შეეზარდნენ იმ საზოგადოებას და ისეთივე განუყოფელნი გახდნენ მისგან, როგორც იგივე «ელიტარული ინტელიგენცია».
    მერაბ კოსტავა კი იმთავითვე «ასოციალური» ფენომენი იყო. ის და ზვიად გამსახურდია ვერაფრით «შეიზარდა» ქართულმა საზოგადოებამ, რადგან ისინი მას სამკვდრო-სასიცოცხლოდ, თვისებრივად უპირისპირდებოდნენ.
    ჯაბა იოსელიანი ქართული კომუნისტური საზოგადოების პროდუქტია! ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ზოგადად კომუნისტური სისტემისა, არამედ, უფრო კონკრეტულად, ქართული კომუნისტური საზოგადოების პროდუქტი! ამგვარი ფენომენი, რა თქმა უნდა, ვერ იარსებებდა, ვთქვათ საფრანგეთში ან დანიაში. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ იგი ვერ იარსებებდა ვერც ლიტვაში და ვერც უკრაინაში. მიზეზთა-მიზეზი კი, ისევ და ისევ იმაში უნდა ვეძებოთ, რომ საქართველოს არ აღმოაჩნდა ელიტა, რომელიც ერს ზნეობრივ მაგალითს მისცემდა და თავად შექმნიდა თანამედროვე ცივილიზაციის შესაბამის ფასეულობათა სისტემას.
    საზოგადოება, რომლის «ელიტარული წარმომადგენლები» - ე.წ. «კანონიერ ქურდთან» მეგობრობას არ თაკილობდნენ, იმდენად დამპალი და გახრწნილი საზოგადოებაა, რომ მასთან ყოველგვარი კომპრომისი უკვე იმთავითვე არის უზნეობის გამოვლინება.
    ჯაბა იოსელიანი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უფრო ზნეობრივი და პრინციპული ჩანს, ვიდრე ის ხალხი, რომელიც მას წლების განმავლობაში ხელისგულს ულოკავდა - ახლა კი უსიტყვოდ მიატოვა.

«მსგეფსი», 22 ნოემბერი, 1995 წელი.