საერთაშორისო მიმოხილვა 19 დეკემბერი. 2024 წელი
20 დეკემბერს, რუსეთის ინიციატივით გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც მოსკოვი გაიტანს „უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდების“ საკითხს.
როგორც გატყობინებდით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს „ბოლომდე აითვისოს“ ის 61 მილიარდი დოლარი, რაც კონგრესს გამოჰგლიჯა უკრაინის დახმარებისთვის და მიაწოდოს იარაღი რათა გააძლიეროს კიევის პოზიციები მომავალ მოლაპარაკებებზე ტრამპის შუამავლობით.
იმავე მოლაპარაკებებისთვის „თავს იზღვევს“ მოსკოვიც და ზუსტად ამის შედეგია გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა.
ეს გადაწყვეტილება პუტინმა და მისმა „საგარეო“ ლავროვმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დონალდ ტრამპმა საოცარი განცხადება გააკეთა: „ძალიან არ მომწონს თეთრმა სახლმა რომ უკრაინას ნება დართო, რუსეთის სიღრმეში განეხორციელებინა დარტყმები. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი და ალბათ 20 იანვრის შემდეგ გავაუქმებო“.
მაშინვე გამოვიდა თეთრი სახლის ერთ-ერთი PR-ი კირბი და თქვა: „ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ბაიდენმა ტრამპი ჩააყენა საქმის ყურში ამ გადაწყვეტილების შესახებ და მოულოდნელი მისთვის არაფერი იყო, რაკი იმ შეხვედრაზე განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამსო“.
თუმცა ეს ყოველივე მაინც „წინასწარი თამაშებია“. „მოსინჯვაა“ ასე ვთქვათ.
ტრამპი რომ „უკრაინის თემას“ აქტიურად მოჰკიდებს ხელს, ეჭვს არ იწვევს და მისი ნებისმიერი ადრინდელი განცხადება მაშინვე დევალვირდება - მნიშვნელობას შეიძენენ მხოლოდ ახალი განცხადებები.
მოსკოვის „გადაზღვევა“ კი ისაა, რომ კრემლი ჯიუტად იმეორებს ერთსა და იმავეს: „უკრაინის კონფლიქტის გაყინვას“ არ დავეთანხმებითო.
ანუ „კორეულ ვარიანტს“ არ დაეთანხმებიან, რომ ფრონტის ხაზი გაიყინოს და ამ ხაზის მეორე მხარეს, ესე იგი უკრაინის „გადარჩენილ ტერიტორიაზე“ NATO-USA ჯარები შევიდნენ, „არასაფრენი ზონა“ გამოცხადდეს და ა.შ.
როგორც კორეაშია იქ დიდი ომის დასრულების შემდეგ 1950-იანი წლებიდან.
მოსკოვს მხოლოდ ისეთი ცეცხლის შეწყვეტა აწყობს, როდესაც უკრაინის „ჯერ კიდევ გადარჩენილ ტერიტორიას“ არანაირი გარანტია არ ექნება და როცა მოისურვებს, როცა ძალას მოიკრებს, მოსკოვი მაშინვე განაახლებს ომს, აიღებს დნეპრს, აიღებს კიევს და ა.შ.
მთავარი პრობლემა, ანალიტიკოსთა უდიდესი ნაწილის აზრით, მაინც ისაა, რომ დონალდ ტრამპი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.
რას და რაც მთავარია „როგორ“ გააკეთებს 20 იანვრის შემდეგ, არავინ იცის და ვარაუდებსაც კი ვერ ბედავენ.
„მოვესწარით“ იმას, რომ კანადაში, ჟასტინ ტრიუდოს მთავრობა შესაძლოა დაინგრეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა დააანონსა კანადის პროდუქციაზე 25%-იანი საბაჟო გადასახადის შემოღება.
კანადაზეა ლაპარაკი! ჩინეთზე კი არა კანადაზე!!!
კანადას ფინანსთა მინისტრმა ეთნიკურად უკრაინელმა (!) და უკრაინის ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერმა ხრისტია ფრილანდმა უმწვავესი საპასუხო განცხადებები გააკეთა მუქარით „შემხვედრი ზომების“ შესახებ.
ამის შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო, რაკი ტრამპის გუნდიდან ტრიუდოს შეუთვალეს: ეგ ქალი აღარ დაგვანახოთ თორემ......
თუმცა ტრიუდოს ძალიან უჭირს, რადგან მისსავე კაბინეტში და ელიტებში ტრამპის „ბულდოზერის“ სტილი ბევრს არ მოსწონს და ზოგიერთი თანამდებობის პირი იმასაც კი ამბობს, რომ თუ ტრამპი შეასრულებს მუქარას და 25%-იან საბაჟო მოსაკრებელს შემოიღებს კანადურ საქონელზე, მაშინ......კანადა შეუწყვეტს ამერიკას ელექტროენერგიის მიწოდებას.
ირკვევა, რომ ამერიკის რამდენიმე მოსაზღვრე შტატს, მათ შორის ნიუ იორკის შტატს სწორედ კანადა აწვდის ელექტროენერგიას.
ამერიკას არ ჰყავს ისეთი მახლობელი, ისეთი მნიშვნელოვანი, ისეთი „სისხლხორცეული“ მოკავშირე, როგორიც კანადაა. წვრილმანია თითქოს, თუმცა NBA - NHL ჩემპიონატებიც საერთო აქვთ. სინამდვილეში არ არის ეს წვრილმანი. ბევრი მოღვაწე ორი სახელმწიფოს გაერთიანებაზეც კი ლაპარაკობდა ერთ დროს. დიდი ბრიტანეთიც კი არ არის ამერიკისთვის ისე მნიშვნელოვანი, როგორც კანადა!
ბევრს მაინც იმედი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპი ესოდენ რადიკალურად არ იმოქმედებს კანადის მიმართ. ჯერ არ ეკისრება არაფეზრე პასუხისმგებლობა, თუმცა 20 იანვრის შემდეგ სწორედ მას დაეკისრება თუ უახლოეს მოკავშირესთან და „ძმასთან“ ამერიკის ურთიერთობა დაინგრა რაღაც მესამეხარისხოვანი თემების გამო.
Anti-Trump მედია ამერიკაში ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩეული პრეზიდენტის დავალებით, არჩეულმა Vice-მ ვენსმა უბრძანა „რესპუბლიკელებს“ კონგრესში, არ დაამტკიცონ სამთავრობო ხარჯები, რაც გამოიწვევს ფედერალური სამსახურების ანუ უხეშად თუ ვიტყვით ამერიკის სახელმწიფოს, ფედერალური მთავრობის და ადმინისტრაციის ფინანსირების შეწყვეტას ბიუჯეტიდან.
შაბათ-კვირამდე თუ არ მოილაპარაკეს, მთავრობის პარალიზება გარდაუვალი იქნება.
ტრამპი მოითხოვს ხარჯებიდან დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ამოღებას.
ნოემბერში აშშ სახელმწიფო ვალმა 36 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ დონალდ ტრამპმა საჯაროდ აღიარა თურქეთის როლი სირიის რეჟიმის დამხობაში.
მაგრამ ანკარა ამ როლს უარყოფს.
უარყოფს იმიტომ, რომ ერდოღანს ხელს არ აძლევს „შეიარაღებული ოპოზიციის“ მიერ რეჟიმის დამხობის პრეცედენტთან აფილირება.
მით უმეტეს როცა ამ „შეიარაღებული ოპოზიციის“ ბირთვია ისლამისტური დაჯგუფება (თუნდაც ზომიერად ისლამისტური - არა ISIL) ჰაიატ ტახრირ აშ შამი.
იმიტომაც არ აძლევს ხელს, რომ ერდოღანსაც ჰყავს პოტენციურად ამგვარი „შეიარაღებული ოპოზიცია“. მათ შორის არმიაშიც კი.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ეს პრეცედენტი ერდოღანისთვის სახიფათოა. თუმცა ის, რომ შეიარაღებულ ოპოზიციას ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ერდოღანი ყველანაირად ეხმარებოდა, აბსოლუტურად არავითარ ეჭვს არ იწვევს.
ეხმარებოდა იარაღით, ეხმარებოდა მებრძოლთა დატრენინგებით (სინამდვილეში ეს სამხედრო მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად) ეხმარებოდა დაზვერვის, მათ შორის კოსმოსური დაზვერვის მონაცემებით (თურქებს თავისი „წილები და გავლენები აქვთ ამერიკულ და ევროპულ სადაზვერვო თანამგზავრებზე) ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამერიკული სპეცსამსახურების ცნობით, იდლიბში გამაგრებული სირიული „შეიარაღებული ოპოზიცია“ მანამ არ გადავიდა გადამწყვეტ შეტევაზე ხომსისა და დამასკოს მიმართულებით, სანამ ერდოღანმა „მწვანე შუქი“ არ აუნთო.
შედეგად კი იმისა, რაც მოხდა, სირია......თურქეთის „კლიენტელური“ სახელმწიფო ხდება, ანუ ანკარას „გუდურა სახელმწიფო“, ესე იგი თურქეთი, პირველად ოსმალთა იმპერიის შემდეგ თავის პროტექტორატს ამყარებს სირიაში, რამაც არ შეიძლება ერდოღანის თურქეთის როლი და გავლენა არ გაზარდოს მთელს ხმელთაშუა ზღვაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ახლო აღმოსავლეთზე.
ზოგადად, სახელმძღვანელოებშია შესატანი როგორ დაგეგმა და ბრწყინვალედ განახორციელა ერდოღანმა ეს ოპერაცია წლების განმავლობაში.
უკვე ვწერდით: ჯერ აიძულა პუტინი შეეწყვიტა იდლიბის დაბომბვა,სადაც ჯერ კიდევ სუსტი შეიარაღებული ოპოზიცია იმყოფებოდა...... მერე გააძლიერა ეს ოპოზიცია, შეაიარაღა, გაწვრთნა...... იხელთა დრო უკრაინის ომისას, გადავიდა შეტევაზე და გაანადგურა პრორუსული რეჟიმი, დაამყარა თურქეთის პროტექტორატი რეგიონის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში. აქცია იგი თურქეთის „გუდურა“ სახელმწიფოდ და ყველაფერთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნავდით წინა მიმოხილვებში, მოიპოვა რესურსი, რათა კატარიდან განახორციელოს ბუნებრივი აირის იმპორტი ახალი გაზსადენით სირიის ტერიტორიის გავლით, რისი დაშვებაც პუტინს ძალიან არ უნდოდა და სწორედ ამიტომ უპირველეს ყოვლისა ჩაერია სირის სამოქალაქო ომში 2014 წლიდან.
ხოლო ეს გაზსადენი, თავისთავად, გაზრდის ერდოღანის თურქეთის გავლენებს ევროპაში მაშინ, როცა ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს ის 20%-იანი დამოკიდებულებაც კი გააუქმოს, რაც დარჩა პუტინის Газпром-თან.
ოღონდ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თურქეთის ასეთი გაძლიერება არ არის მხოლოდ ერდოღანის დამსახურება: სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს არის დასავლეთში განათლება მიღებული თურქული ელიტების დამსახურება ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან; ეპოქალური კულმინაცია იყო ეუთოს (OSCE) 1999 წლის „ათასწლეულის სამიტი“ სტამბულში.
დავაკვირდეთ; არა ანკარაში, არამედ ს ტ ა მ ბ უ ლ შ ი - ყოფილი იმპერიის დედაქალაქში.
დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ ახლა ერდოღანი შეეცდება „სარფიანად მიჰყიდოს“ დონალდ ტრამპს, ინაუგურაციის შემდეგ, თავისი გავლენები სირიაში. ტრამპის ინტერესი კი ის არის, რომ „წავიდეს სირიიდან“, როგორც სცადა წინა პრეზიდენტობისას, თუმცა ვერ შეძლო ბოლომდე - სირიაში კვლავ რჩება ამერიკული კონტინგენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
ოღონდ....ოღონდ......თურქეთის ამ გეოპოლიტიკურ და ისტორიულ გამარჯვებას დიდი რისკებიც ახლავს თან: სირიაზე პროტექტორატის დამყარებით, ანუ იქ „ეფექტიანი კონტროლის„ განხორციელებით, ერდოღანმა პასუხისმგებლობაც იკისრა და თუ ახლა სირიას ვერ დააწყნარებს, უნარიან და სტაბილურად მოქმედ ხელისუფლებას ვერ ჩამოაყალიბებს, თუ ომი გაგრძელდება, რყევები ისევ დაიწყება, ეს ძალიან სერიოზულად დაარტყამს თურქეთის რენომეს.