საერთაშორისო მიმოხილვა. 19 მაისი. 2022 წელი
სოხუმში შეშფოთებულნი არიან, რომ კრემლის სატრაპი აფხაზეთში, ინალ არძინბა, რომელიც პუტინმა მიავლინა საგარეო საქმეთა მინისტრად, აპირებს აფხაზეთის ხელისუფლებას მიაღებინოს ისეთივე კანონი `უცხოელი აგენტების` შესახებ, როგორიც მოქმედებს რუსეთში და საერთოდ აკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციები - ყველანი საქართველოს და ამერიკის აგენტები არიანო
ასეთია, როგორც სჩანს, მოსკოვი მოთხოვნა.
არ არის გამორიცხული, ამის საწინააღმდეგოდ აფხაზებმა მიტინგებიც დაიწყონ, რადგან საკმაოდ დიდ ფულზეა ლაპარაკი.
ამგვარი განზრახვა ყველასთვის ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც ინალ არძინბას ბრძანებით აფხაზეთში გაძარცვეს და აკრძალეს NGO `მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ`, რის თაობაზეც რამდენიმე დღის წინ ვწერდი.
. . . . . . . . . . .
აფხაზეთი რომ `კავკასიური ჰარლემია` შემდეგი ფაქტითაც დასტურდება: ვიღაც რუსმა (კარაჩაევიდან ჩამოსულმა) გაძარცვა სოხუმის მაიმუნთსაშენი, სადაც დაახლოებით 600 სხვადასხვა ჯიშის მაიმუნია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან.
აფხაზეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავობაა.
1992 წელს, ფანატიკოსი ქართველთმოძულეები ჭორებს ავრცელებდნენ: `მაიმუნებს იქ შიდსი (იმუნოდეფიციტი, რომელიც სქესობრივი გზით გადადის) აღმოაჩნდათ, რაკი ქართულმა `გვარდიამ` და `მხედრიონმა` გადასდესო.
ბოროტი ხუმრობა არ გეგონოთ: სერიოზულად ამტკიცებდნენ აფხაზები რუსულ არხებზე. და ისინიც `სიამოვნებით` უთმობდნენ ეთერს.
ახლა ვიღაც რუსმა მაიმუნები (მაკაკას ჯიშის) მოიპარა და აფხაზეთიდან რუსეთში ისე გადაიტანა რამდენიმე მათგანი, ვერავინ ვერაფერი გაიგო.
ზარალი აფხაზურმა `პოლიციამ` და `პროკურატურამ` 5 000 დოლარად შეაფასეს.
ძებნაში გამოაცხადეს და მთელს რუსეთში ეძებენ დაკარგულ მაკაკებს, ისევე როგორც `ბოროტმოქმედს`.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნომერ მეორე გალია გაუტეხავს `ტექნიკური საშაულებების გამოყენებით.`
მაგრამ სახელმწიფო საზღვარზე როგორ გადაიყვანა.... `არ ვიცით - რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ეტყობა ჭაჭას სვამდნენო`.
. . . . . . . . . . .
საუკეთესო და გავლენიანი, ანუ კრემლთან და მის ოფიციოზთან დაახლოებული რუსი სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ, თანაც აღიარებენ ღიად, რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე, სადაც იწვევენ (აბა ვინ უნდა მიიწვიონ?), რომ რუსეთი აგებს ომს უკრაინაში.
ერთი ასეთი ექსპერტი, ყოფილი პოლკოვნიკი ხოდარენოკი ამბობდა გუშინ რუსულ პროპაგანდისტულ არხზე: უკრაინას მილიონიანი არმიის მობილიზება შეუძლია; ჩვენ კი მობილიზაციის გამოცხადებას ვერ ვბედავთო. მისი თქმით, ეს მილიონიანი არმია თუ შედგა მალე, მისი დამარცხება კი არა რუსულ არმიას მისი მოგერიებაც გაუჭირდება რადგან ა) ამერიკული ლენდ-ლიზით აურაცხელ უახლეს იარაღს შეიძენსო და ბ) უკრაინელები სამშობლოსათვის იბრძვიან და....(იგულისხმება) ჩვენ კი რისთვის ვიბრძვითო?!
აქვე დავაკვირდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს, რომ ხოდარენკოვს (ისევე სხვათა შორის, რომ ყოფილ რუს პროპაგანდისტ მაქსიმ შევჩენკოს) უკრაინული ეთნო-ფესვები აქვთ! და რაც მეტად გაჭიანურდება ეს მარაზმატული, სისხლიანი ომი, რაც მეტ მშვიდობიან უკრაინელს დახოცავენ რუსები უკრაინაში, ეს მომენტი სულ უფრო გაძლიერდება, რადგან სისხლიდან იდენტობას ვერ ამოიგლეჯ.
სხვათა შორის, რუსული ტელევვიზიის პირველ არხზე რომ ჟურნალისტი ქალი შეიჭრა ანტისაომარი პლაკატით (ერთ ერთი რედაქტორი) - წარმოშობით ისიც უკრაინელია.
. . . . . . . . . . .
პენტაგონი ყოყმანობს, მიაწოდოს თუ არა უკრაინას შორსმსროლელი ზალპური ცეცხლის დანადგარი (ზცდ) M270 და მისი მოდიფიკაცია, რადგან ამერიკელები შიშობენ: მოსკოვსაც კი მისწვდება უკრაინის ტერიტორიიდან, ვაითუ მოსკოვი დაბომბონ და ამის გამო პუტინმა ბირთვული ომი დაიწყოსო.
ამიტომ უკრაინელებს აწვდიან შედარებით `მოკრძალებულ` არტილერიას, მაგალითად M777.
ესეც შორს ისვრის, მაგრამ მოსკოვს ვერ მისწვდება. სამაგიეროდ უკრაინული ხარკოვიდან - მეზობელ ბელგოროდის რუსულ ოლქში სწვდება უკვე ბევრ სამხედრო ობიექტს.
უკრაინელებმა, რუსებისაგან განსხვავებით, ელემენტარულად ისინდისეს და მიუხედავად იმისა, რუსეთის არმიამ ბევრჯერ ბარბაროსულად დაბომბა იგივე ხარკოვი ზალპური ცეცხლის დანადგარებით (თანაც საზარელი, კლასტერული, ანუ კასეტურო საბრძოლო ჭურვებით), თვითონ უკრაინელები არ ბომბავენ არც ბელგოროდს და არც კურსკს.
არადა სულ ადვილად მისწვდებიან: ამისთვის ამერიკული M270 არ არის საჭირო: ის ზცდ-ებიც საკმარისია, რაც უკრაინელებს არანაკლები აქვთ, ვიდრე რუსებს: Град, Ураган და ა.შ.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლება ამ შემთხვევაში იქცევა ევროპული კულტურის შესაბამისად: ``ის რომ მხეცია და მშვიდობიან მოსახლეობას გიბომბავს, შენ ნუ იქცევი მხეცად და იმ მხეცისათვის სამაგიეროს გადასახდელად შენც ნუ დაბომბავ მშვიდობიან მოსახლეობას``.
. . . . . . . . . . .
ილონ მასკმა აშშ `დემოკრატიულ პარტიას` - `სიძულვილის პარტია` უწოდა.
ეს ვიზიონერი მილიარდერი და გენიალური ფანატიკოსი იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რომ მისი ყოველი განცხადება დიდი პოლიტიკური მოვლენაა.
ამერიკელ `დემოკრატებს` მასკმა `სიძულვილის პარტია` უწოდა მას შემდეგ, რაც მთელი თავისი ქონებით გარისკა და სოციალური ქსელი Twitter იყიდა 44 მილიარდ დოლარად. ამერიკაში Twitter ბევრად გავლენიანია, ვიდრე Facebook.
ხოლო ამ განცხადებით მასკმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა დონალდ ტრამპი გახდეს 2024 წელს ამერიკის პრეზიდენტი ანუ დაბრუნდეს თეთრ სახლში.
ალბათ როგორც კი სრულყოფილად გადმოიბარებს მენეჯმენტს, მასკი - ტრამპს მოუხსნის წინა მენეჯმენტის დადებულ ბანს და დააბრუნებს Twitter-ზე, საიდანაც იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი (!) გააგდეს იმის გამო, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მისმა განცხადებებმა მოგვიანებით კონგრესის შტურმი და `ამერიკული დემოკრატიის ტაძრის გაუპატიურება` (როგორც ამერიკელები აფასებენ) გამოიწვია.
რესპუბლიკელები აღფრთოვანებით შეხვდნენ მასკის განცხადებას. წინა არჩევნებზე ის `დემოკრატებს` უჭერდა მხარს.
მასკის გადასვლა `რესპუბლიკელთა` ბანაკში იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე რესპუბლიკელებმა შესაძლოა მოიგონ კონგრესის საშუალედო არჩევბნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით პრეზიდენტი ბაიდენი საყრდენის გარეშე დარჩება და, რაც მთავარია, 2024 წელს კაცობრიობას ამერიკაში ისეთი მძვინვარე საპრეზიდენტო არჩევნები ელის....აი ქართული გამოთქმა რომ არის `დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო`.
ოღონდ....აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკული პოლიტიკური თუ სოციალური კულტურა და სოციო-მენტალობა, - ესე იგი ამერიკელთა პოლიტიკური `კოდი`, რასაც ეფუძნება ეს ქვეყანა, - ზოგადად დიდხანს არ ურიგდება ეგეთ `ტიპებს` როგორიც ილონ მასკია: იდუმალი მილიარდერი... ვიზიონერი....გავლენა.....ყველაფრის კულუარულად მართვა....და ა.შ. ამერიკული კინემატოგრაფი სავსეა ამგვარ სოციალურ და პოლიტიკურ ტიპაჟთა უკუგდებით, რადგან ლატენტურად იწვევენ თავიოსუფლებისმოყვარე ამერიკელებში დიქტატურისა და უკანონო ძალაუფლების ქვეცნობიერ შიშს.
ამიტომ 2024 წლის არჩევნები მასკი/ტრამპის ტანდემისთვის პირველი და უკანასკნელი შანსი იქნება.
თან ტრამპის ხასიათსა და იმავე მასკის ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ისინი `ერთად დიდხანს ვერ მოსძოვენ` - უთანხმოებისა და ჩხუბის გარეშე.
მენტალობა და ხასიათი აქვთ მეთქი ორივეს ამგვარი: ორივე არაჩვეულებრივად ნიჭიერი და თავისთავადი პიროვნებაა. ასეთები კი ტანდემში ვერ მუშაობენ ვერასდროს. დიდხანს, ყოველ შემთხვევაში.
. . . . . . . . . . .
ერდოღანის შემდეგ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას ახალი მოწინააღმდგე გამოუჩნდა ხორვატეთის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის სახით.
ის აცხადებს, რომ ხორვატეთი მანამდე არ მისცემს ხმას შვედეთის და ფინეთის მიღებას ალიანსში, სანამ ბოსნია-ჰერცოგოვინაში მცხოვრებ ხორვატთა უფლებები არ იქნება დაცული.
შეგახსენებთ, რომ ყოფილ იუგოსლავიას ქმნიდა სამი ერი: ხორვატები, სერბები და ბოსნიელები. მათ ერთი ენა აქვთ (სერბულ-ხორვატული) და ენობრივად მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. მაგრამ ხორვატები არიან კათოლიკეები, სერბები არიან მართლმადიდებლები, ხოლო ბოსნიელები არიან მაჰმადიანები.
ეს გახლავთ ისტორიული შედეგი ამ ტერიტორიაზე `ძალის სამი ცენტრის` გავლენისა სხვადასხვა ეპოქებში: რომის (ანუ დასავლეთ რომის და მისი კათოლიკური ეკლესიის); ბიზანტიის და მისი მართლმადიდებლობის და თურქეთის ოსმალთა იმპერიის - მისი მაჰმადიანური სახელმწიფო რელიგიით
1990 წელს დაწყებული სისხლიანი ომი ამ სამ ერს შორის დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1995 წელს NATO-მ აიძულა სერბეთი, შეეწყვიტა აგრესია ორი სხვა ერის წინააღმდეგ.
ბოსნია იყო ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა, სადაც სამივე ერი გვერდი-გვერდ სახლობდა და სამივე ერთმანეთს ეომებოდა.
მაგრამ NATO-მ (1995 წლის დეიტონის შეთანხმებით) ბოსნიაში ჯარი შეიყვანა და მას შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინა იქცა ერთთგვარ კონფედერაციად, სადაც ძალაუფლება ნაწილდება სერბებს, ხორვატებსა და მუსლიმებს შორის.
თუმცა ხორვატებს მიაჩნიათ, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინაში მათ ნაკლები პრივილეგიები აქვთ ვიდრე დანარჩენ ორ ერს.
ოღონდ ეს ავიწყდებათ: რომ არა ამერიკის, გერმანიის და ზოგადად NATO-ს მხარდაჭერა, არც დამოუკდიებელი, ტერიტორიულად მთლიანი ხორვატეთი იარსებებდა და ბოსნიაშიც სერბები ამოწყვეტდნენ ხორვატებსაც და მუსლიმებსაც.
საეჭვოა ამერიკელებმა და ინგლისელებმა, ასევე გერმანელებმა (ხორვატთა მთავარმა მოკავშირემ) და ფრანგებმა ვერ მოძებნონ `არგუმენტები`, რათა `დაარწმუნონ` მილანოვიჩი, შეწყვიტოს საბოტაჟი ისტორიულად გადამწყვეტ მომენტუმში.
აუცილებლად იპოვიან ამგვარ არგუმენტებს...... `მათრახის და თაფლაკვერას` ტექნოლოგიით.
იმავე ტექნოლოგიით `დაარწმუნებენ` ერდოღანსაც.
დათო