საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივნისი 2022 წელი
როგორც წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომარტ ტოკაევმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა (პუტინს თან `მჟავე სახეში` უყურებდა) , რომ ყაზახეთი არ აპირებს აფხაზეთის, `სამხრეთ ოსეთის`, დონეცკისა და ლუგანსკის `რესპუბლიკათა` აღიარებას, რაკი ისინი `კვაზი-სახელმწიფოებად` მიაჩნია.
ამ განცხადებას განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყოლია არც ცხინვალში, არც დონეცკში, არც ლუგანსკში, რაკი მათ ძალიან კარგად იციან, რომ `დამოუკიდებლობა` მათთვის თამაშია - ისინი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აპირებენ შესვლას. აი აფხაზეთში კი, რომელსაც დამოუკიდებლობა და გაეროს წევრობა (და არა რუსეთში შესვლა) უნდა, პრეზიდენტ ტოკაევის განცხადებას მძვინვარე, ცოფიანი რეაქცია მოჰყვა!
ძალიან საინტერესო არგუმენტი ისმის მათგან: აფხაზეთს ათასწლოვანი ისტორია აქვს და ყაზახეთი სად იყო? როდის იყო? როდის შეიქმნა საერთოდ? მხოლოდ ლენინმა და სტალინმა შექმნეს - მანამდე ყაზახეთის სახსენებელი არ იყო მსოფლიოშიო.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მართალია: არანაირი `ყაზახეთის სახელმწიფო` არ არსებობდა 1917 წლამდე. `ყაზახეთის რესპუბლიკა` რუსმა და ქართველმა კომუნისტებმა შექმნეს 1917-1922 წლებში. მათ შორის სტალინმა, რომელიც საბჭოთა მთავრობაში `ეროვნულ საკითხს` კურირებდა.
აფხაზეთი რა თქმა უნდა არსებობდა საუკუნეების განმავლობაში VIII საუკუნიდან, როგორც სამეფო, მერე სამთავრო, მაგრამ ეს ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო შინაარსობრივად.
. . . . . . . . . .
მოსკოვი მოითხოვს, `ჟენევის დისკუსიები`, რომლებიც 2008 წლიდან იმართება, სხვა ქალაქში გადავიდეს, თორემ მონაწილეობას არ მივიღებთო.
ეს არის სენსაციური ამბავი!
`ჟენევის დისკუსიები` 2008 წლიდან იმართება ამერიკის და რუსეთის მონაწილეობით, როგორც დამკვირვებლებისა; გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის მოდერატორობით და ქართველების, აფხაზების, ოსების ურთიერთობით ჟენევაში.
თუ რუსეთი აღარ ჩავა ჟენევაში და ამ დისკუსიების გამართვას სადმე სხვაგან, არადასავლურ ქალაქში მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე.
თუმცა ძალიან საეჭვოა ამერიკა და ევროკავშირი რუსეთის მოთხოვნას დაეთანხმონ.
და რაკი ასეა, ეს რას ნიშნავს? რუსეთი ცდილობს `დახუროს` ეს ფორმატი, რომელიც ერთადერთია, სადაც საქართველო დასავლეთის მონაწილეობით ელაპარაკება მოსკოვს? შემდეგ კი საქართველოს შესთავაზოს ახალი ფორმატი - დასავლეთის მონაწილეობის გარეშე?
. . . . . . . . . .
კვლავ დადასტურდა, რომ მოსკოვმა, სინამდვილეში, მხოლოდ გადადო რეფერენდუმი ე.წ. `სამხრეთ ოსეთში`. ცხინვალის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა ცხინვალის ხელისუფლება მუშაობს `ფორმულირებაზე`, რადგან თურმე რეფერენდუმზე გატანილი კითხვის ფორმულირება იყო არასწორი: `ეთანხმებით თუ არა `სამხრეთ ოსეთისა` და რუსეთის გაერთიანებასო...` თითქოს ორი სახელმწიფოს გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი.
ახალი კითხვა ალბათ იქნება უფრო მარტივი: `ეთანხმებით თუ არა `სამხრეთ ოსეთის` შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშიო`.
მოსკოვი, სინამდვილეში, ხელსაყრელ მომენტუმს ელის ამ რეფერენდუმისთვის.
ახლა მიაჩნია, რომ ჯერ არ არის ასეთი მომენტუმი.
. . . . . . . . . .
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს შემაშფოთებელ განცხადებას: ტალინის მტკიცებით, ევროკავშირში არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ აიძულონ უკრაინა, მისთვის (კიევისთვის) არასასურველ კომპრომისზე წავიდეს მოსკოვთან.
ეს განცხადება გააკეთა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და არა რომელიმე დეპუტატმა ან ექსპერტმა. შესაბამისად, ეს ესტონეთის სახელმწიფოს განცხადებაა, რადგან სახელმწიფოს სახელით განცხადების უფლება მხოლოდ სამ სუბიექტს აქვს: სახელმწიფოს მეთაურს, პრმიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს ან სამინისტროს, როგორც უწყებას.
ესტონეთის `საგარეო` ბრწყინვალე პროფესიონალებისგან შედგება. ანუ იციან რასაც ამბობენ და აქ შეცდომა გამორიცხულია! - მაშასადამე, ევროკავშირში არიან გავლენიანი ძალები, რომლებმაც ვერა და ვერ მოიშალეს `დაშოშმინება/შეკავების` პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
. . . . . . . . . .
ცუდი ამბავია, რომ გუშინ შვეიცარიამ 3 ტონა ოქრო იყიდა რუსეთისგან - მიუხედავად დასავლური სანქციებისა, ანუ ფაქტობრივად გამოვიდა სანქციებიდან. შეგახსენებთ, რომ სწორედ შვეიცარიაში (შვეიცარულ ბანკებში) ინახება რუს ოლიგარქთა ქონების უდიდესი ნაწილი.
. . . . . . . . . .
დღეს დილით რუბლის კურსი 1 დოლარი 55 (1-55) რუბლამდე გამყარდა.
თებერვლის ბოლოს, როდესაც დასავლეთმა სანქციები შემოიღო, 1 დოლარი - 120 რუბლი იყო.
ასეთი მყარი რუბლი არ ყოფილა 2015 წლის შემდეგ.
ანუ ნაცვლად იმისა, რუბლი დაენგრიათ, ძალაუნებურად გაამყარეს.
ამას ორი სისტემური მიზეზი აქვს:
ა) დასავლეთმა, ანუ ევროპამ და ამერიკამ ფინანსური სანქციები თითქოს შემოიღეს რუსული ბანკების წინააღდმეგ, მაგრამ დაასანქცირეს მხოლოდ 20 ბანკი ასი რუსული ბანკიდან!
კი, ეს დასანქცირებული ბანკები ყველაზე ძლიერი ბანკები იყვნენ. მაგალითად VTB. ეს ბანკი საქართველოდან გაძევებულია, მაგრამ სხვა არც ერთი ქვეყნიდან (პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს ვგულისხმობ უკრაინის გარდა რასაკვირველია და ბალტიის გარდა -დ) იგი არ გაუძევებიათ, თუმცა დასავლეთი ამაში პრობლემას რატომღაც ვერ ხედავს.
შესაბამისად, ის პატარა ბანკებიც, რომლებიც არ დაუსანქცირებიათ, იქცნენ `ფულის რეცხვის` ადგილად და დოლარით, ასევე ევროთი ტრანზაქციების არხად ვერიფიკაციის სისტემა SWIFT-ის გამოყენებით
ბ) დასავლეთმა აკრძალა საქონლისა და სერვისების ექსპორტი რუსეთში მის დასასჯელად. მაგრამ ამან ის შედეგი გამოიღო, რომ შეწყდა ვალუტის გადინება რუსეთიდან. აი კლასიკური მაგალითი: McDonalds წავიდა რუსეთიდან. ასე უნდოდათ რუსეთის დასჯა. რუსეთის ხელისუფლებამ საწარმოო სიმძლავრეები უბრალოდ წაართვა McDonalds-ს და მის ბაზაზე გახსნა Вкусно и точка. ასე დაარქვეს საბოლოოდ რესტორნების ამ ქსელს.
შესაბამისად, ვალუტაც რუსეთში რჩება
ანალოგიური სიტუაციაა უამრავ სხვა პოზიციასთან და ნომენკლატურასთან დაკავშირებით
ამდენად სანქციები, რომლებიც არ არის თანმიმდევრული და ამომწურავი, უკუშედეგს დებს და ამ ისტორიამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ახლა რუსი მინისტრები გამოდიან და ნაცვლად იმისა, იტირონ რუბლის დაცემა-განადგურების გამო (როგორც ნაწილობრივი და არათანმიმდებვრული საფინანსო სანქციების ავტორებს ჰქონდათ დაგეგმილი დასაველთში) იმაზე სწუხან, რომ მეტისმეტად გამყარდა რუბლი, ეს ვნებს რუსეთის ეკონომიკას (იმპორტი ძვირდება) და ეგება ვიმუშავოთ იმაზე, რუბლი დავასუსტოთო
. . . . . . . . . .
ჩვენ უკვე ვწერდით, რომ მოსკოვში ცოფებს ყრიან ლიტვის გადაწყვეტილების გამო, აკრძალოს ლიტვის ტერიტორიის გავლით იმ საქონლის ტრანზიტი, რაც შედის ევროკავშირის სასანქციო სიაში. ეს სრული ტრანზიტის 50-60%-ია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის გადაწყვეტილებას `მტრული` უწოდა.
დიპლომატიურ ენაზე, როდესაც საგარეო უწყება იყენებს ტერმინს `მტრული`, ეს ომისწინა ნარატივია.
კალინინგრადის ობლასტის გუბერნატორმა (ამ ოლქის ისტორია წინა მიმოხილავში შემოგთავაზეთ) ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი (ციტატა) ნებისმიერი ხერხით გადაჭრის პრობლემას` ანუ...იგულისხმება ძალის გამოყენება.
საქმე ისაა, რომ თუ ტრანზიტი არ აღდგა, კალინინგრადი თანდათან დაცარიელდება რუსებისგან. ისინი კალინინგრადში მხოლოდ იმიტომ ცხოვრობდნენ რომ მეტი კომფორტის იმედი ჰქონდათ. თუ ბლოკადაში აღმოჩნდებიან, `ობლასტს` დატოვებენ და....სტალინმა ჰიტოლერს მოუგო ომი, გერმანიას წაართვა ეს მიწა-წყალი, სადაც კანტია დასაფლავებული...ახლა თუ რუსებმა კალინინგრადის 9ყოფილი კიონიგსბერგის) დატოვება დაიწყეს, ეს პუტინის კრახი იქნება.
ამიტომ ვითარება მართლაც სერიოზულია. პუტინს როგორც სჩანს, ეშინია რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა `წკიპზეა` სიტუაცია.
აკრძალულ საქონელს შორისაა ნავთობი, ნავთობპროდუქტები (ანუ ბენზინი) სამშენებლო მასალები და ა.შ.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების აკრძალვა იმდენად მომაკვდინებელი დარტყმაა, რომ ლიტვამ ევროკავშირთან შეთანხმებით გადაწყვიტა, ბლოკადა 10 აგვისტომდე გადაავადოს.
ფაქტობრივად რუსეთს საფეთქელზე მიადეს რევოლვერი და ეუბნებიან, რომ დროზე შეწყვიტოს ომი უკრაიანში.
გუშინ პუტინმა კალინინგრადში უშიშროების საბჭოს მდივანი, პატრუშევი გააგზავნა! მას ძალისმიერ სტრუქტურათა კოორდინაცია ევალება
. . . . . . . . . .
საინტერესოა, რომ რუსმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, Новая газета-ს რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა ნიუ იორკის აუქციონზე გაყიდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მედალი.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას, რომელიც დაახლოებით მილიონამდე დოლარია (1,1 მილიონი) მოჰყვება კიდევ მედალი.
მურატოვი ერთადერთი ნობელიანტია, რომელმაც ნობელის მედალი გაყიდა, ოღონდ მიღებული თანხა (103 მილი 500 ათასი დოლარი!!!-$1,3მლნ) უკრაინელ ბავშვებს გადაურიცხა.
ამ კოლოსალურ თანხად ნობელის მედალი ვიღაც უცნობმა მილიარდერმა იყიდა.
ნიუ იორკის აუqციონის წესებით, მყიდველი საიდუმლოა და შესაძლოა სამუდამოდ დარჩეს უცნობად თუ თვითონ არ იტყვის.
დათო