უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე

უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვარზე

        უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, «რეგიონების პარტიის» ლიდერმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ხმების 36 პროცენტი მიიღო, იულია ტიმოშენკომ, - 25, სერგეი ტიგიპკომ – 13, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ – 5 პროცენტზე ოდნავ მეტი.
        კაცმა რომ თქვას, იუშენკოზე ესეც ბევრია, რადგან სწოერდ მის სინდისზეა, რომ რევოლუციიდან 5 წლის შემდეგ ან ისევ ძველი «პარტიული ნომენკლატურის» კანდიდატი იმარჯვებს, ან ქვეყანა სამოქალაქო ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
        ასეთი ვითარება კი მაშინ დგება, როდესაც ქვეყანაში ორი ან მეტი დაახლოებით თანაბარი რესურსის მქონე ძალა ყალიბდება, რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული, უფრო მეტიც – შეუთავსებელი შინაარსი და ორიენტაცია აქვთ. ამგვარი სიტუაციისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ამას სჯობია ერთმა ძალამ მეორე ბოლომდე გაანადგუროს, რაკი მათი მორიგება შეუძლებელია.
        ზუსტად ასეთი (თუ არა უარესი) სიტუაცია შეიქმნებოდა საქართველოშიც, მიშა სააკაშვილი რომ, 2004 წლიდან დაწყებული, იუშენკოსავით «დედალმაშოდ» მოქცეულიყო და ძველი ნომენკლატურისთვის რესურსების (მათ შორის მედიარესურსების, ფინანსების, თანამდებობების, გავლენის და ა.შ) შენარჩუნების საშუალება მიეცა.
        სამწუხაროდ, ჩვენში ბევრს ვერ შეაგნებინებ, რომ უმტკივნეულო რეფორმები არ არსებობს, ხოლო თუ რეფორმებს იწყებ, მაშინ ბოლომდე უნდა გაატარო და ძველი ბოლომდე აღმოფხვრა, თორემ რევანში გარდაუვალია. სწორედ ასე ხდება დღეს უკრაინაში და, როგორც ჩანს, ამ ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ ახლა იწყება.
        ბევრმა მიაქცია ყურადღება იმ უცნაურობას, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ვლადიმერ პუტინი შეხვდა (და მხარდაჭერა გამოუცხადა) არა ვიქტორ იანუკოვიჩს, არამედ იულია ტიმოშენკოს. არადა, მისი მიზანიც სწორედ ეს იყო: გაეძლიერებინა იულია, რათა უკრაინაში ორი დაახლოებით თანაბარი ძალის ბანაკი ჩამოყალიბდეს და უკრაინელებმა ერთმანეთი ისევე დაჭამონ, როგორც ქართველები დავერიეთ ერთიმეორეს 1991-1993 წლებში.
        სწორედ ეს იქნებოდა მოსკოვისთვის იდეალური ვარიანტი და არა იმავე იანუკოვიჩის საბოლოო გამარჯვება, რადგან «პრორუსი» იანუკოვიჩი სინამდვილეში დაახლოებით ისევე მოიქცევა, როგორც ბელორუსიის «ბატკა» ლუკაშენკო – ვითომ რუსეთზე რომ არის გადამკვდარი და სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი ძალაუფლება აღელვებს.
        ისიც საინტერესოა, რომ მოქმედ პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მისი «რევოლუციონერი» თანამებროლი იულია ბევრად უწმაწურად ლანძღავდა, ვიდრე თუნდაც იგივე «პარტოკრატი» იანუკოვიჩი.

იუშენკოს ნაცოდვილარი

        ერთი სიტყვით, საცოდავი იუშენკო, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის, სინამდვილეში, სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია, - სიტყვის თავისუფლების გარანტიები შექმნა, ოლიგარქების ქონებას არ შეეხო (აქაოდა, კერძო საკუთრება ხელშეუხებელიაო), ძალოვანი სტრუქტურების რეალური დეპოლიტიზაცია უზრუნველყო, - სწორედ ამიტომ ამთავრებს პოლიტიკურ კარიერას ისე სამარცხვინოდ, როგორც ამთავრებს.
        უკრაინის ისტორიაშიც კი (რომელსაც ბევრი ბნელი ფურცელი გაუნათა) ის ნამდვილად ვერ შევა დადებითი გმირის, მით უმეტეს წარმატებული პრეზიდენტის სახით, რომელმაც ქვეყანა თუნდაც ევროპული განვითარების გზაზე დააყენა საკუთარი რეიტინგის და ავტორიტეტის ხარჯზე. იანუკოვიჩის წარმატება იმის ნიშანია, რომ იუშენკომ ესეც ვერ შეძლო და ისტორიულად დამარცხდა.
        მისი სახელი საერთოდ საწყევარი გახდება, თუ თებერვალ-მარტში უკრაინაში მართლაც გაჩაღდა სამოქალაქო დაპირიპირება. დავაკვირდეთ არჩევნების შედეგებს: უკრაინის მაშტაბით, იანუკოვიჩი ტიმოშენკოს 10 პროცენტით უსწრებს; ხოლო კიევში 10 პროცენტით ჩამორჩება.
        არადა, როგორც რევოლუციის, ასევე სამოქალაქო დაპირისპირების ბედი სწორედ დედაქალაქში წყდება. იანუკოვიჩის მომხრეები წინასწარ იჭერენ თადარიგს და უკრაინულ «ცსკ»-სთან კარვებს შლიან;
        იქვე კარვებს ტიმოშენკოს მომხრეებიც გაშლიან (ისინი კიევში მეტნიც არიან), ანუ «ნარინჯისფერი ისევ აირევა ცისფერში» და «ბოევიკები» ერთმანეთს დაერევიან ჯერ მუშტი-კრივით, შემდეგ კი იარაღით.
        ქვეყანაში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს პრეს-კონფერენციებზე აკრიტიკებს (როგორც ჩანს, ეს «დემოკრატიის მაჩვენებელია») არც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ «ძალოვანი სტრუქტურებიც» გაიყოფა და ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდება.
        ეს არის დეპოლიტიზაცია? სინამდვილეში ეს «დეპოლიტიზაცია» კი არ არის, «დეხელისუფლებიზაციაა!» და ამას ისევ ის «პოლიტიზაცია» ჯობს, როდესაც არავის მცირე ეჭვიც არ ეპარება, ვის მხარეს დგას პოლიცია, ვის მხარესაა შინაგან საქმეთა მინისტრი და ვის დავალებებს ასრულებს.
        ყოველივეს კი ზიზღნარევი გულგრილობით დააკვირდება დასავლეთი. მისი დევიზი იქნება: დავიღალეთ თქვენი პრობელმებით, დაგვანებეთ თავი, - მოგიაროთ რუსეთმა!
        ჰოდა ვითომ ვერ მოუვლის?

ვინ იყიდის ხმებს?

        ძალიან ძნელი სათქმელია, ვის მხარეს გადანაწილდება მეორე ტურში იმავე ტიგიპკოს და არსენი იაცენიუკის ხმები. ბიზნესმენმა ტიგიპკომ განაცხადა, რომ «უკრაინელი ამომრჩეველი საკმარისად ჭკვიანია, რათა გადაწყვეტილება ჩემი რჩევის გარეშე მიიღოს». დაახლოებით ასეთივე განცხადება გააკეთა იაცენიუკმაც.Aარადა, კიევში უკვე ვრცელდება ხმები, რომ იანუკოივიჩი - ტიგიპკოს პრემიერ-მინისტრობას თავაზობს, თუ იგი ღიად მოუწოდებს მომხრეებს, მხარი დაუჭირონ «რეგიონთა პარტიის»ლიდერს.
        სინამდვილეში ეს ყოველივე მარტივი ბლეფია, ანუ რეგიონალები ტიგიპკოს «გადაგდებას» ცდილობენ. მას ხომ პარლამენტში სერიოზული ფრაქცია არ ჰყავს? დიდი ფრაქცია ჰყავს ტიმოშენკოს. ანუ, ისევ და ისევ, დაპირისპირება ვიქტორსა და იულიას შორის გაგრძელდება, ოღონდ პარალმენტში.
        უკრაინის «დემოკრატიული კონსტიტუცია» და ხელისუფლებათა გაყოფის სისტემა აიძულებს პოლიტიკურ ძალებს, მუდივად ეძებონ კომპრომისი და (აქედან გამომდინარე) არ არის გამორიცხული, იულია ისევ პრემიერი გახდეს პრეზიდენტ იანუკოვიჩის წინადადებით.
        ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში კიდევ 5-10 წლის განმავლობაში გაგრძელდება ის გაურკვევლობა, «ერთმანეთის ჭმა», ქაოსი და მარაზმი, რამაც იუშენკოს «დემოკრატიული მმართველობის» ბოლო წლებში დაისადგურა ამ ქვეყანაში.
        თუმცა, უკრაინელ დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეორე ტურში ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო ხმების დაახლოებით თანაბარ ოდენობას დააგროვებენ – სულ რამდენიმე პროცენტი შეიძლება იყოს სხვაობა და აი მაშინ ატყდება თუ ატყდება! აქ ქალბატონი იულიას ქალურ ვნებებზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმის შესახებ, რომ ისიც და იანუკოვიჩიც უკრაინული ელიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს წარმოადგენენ. ერთის დამარცხება და მეორის გამარჯვება ნიშნავს ქიონების დაკარგვას, ამ ქონების ხელახალ გადანაწილებას, - მთლიანად, მდგომარეობის შეცვლას (აი, გასაგებად თუ ვიტყვით, ქურდულ ზონებში რომ «პალაჟენიას» ეძახდნენ) და ასე შემდეგ.
        ბუნებრივია, ორივე მხარე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს და მორიგება – გარიგების ერთადერთი შანსიღა დარჩებათ: რუსეთის შუამავლობით და რუსეთთან კომპრომისით, რაკი ევროპა მართლა დაღალა გაუთავებელმა უკრაინულმა მარაზმმა.
        ხოლო თუ ვერ მორიგდებიან, თუ გამარჯვებული – დამარცხებულს პრემიერობას არ შესთავაზებს, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდება: მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის პარტია პარლამენტში «დაბლოკავს» ტრიბუნას (რაც იქ არაერთგზის მომხდარა) და არ მისცემს პრეზიდენტს საშუალებას, დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, მიზეზად (საბაბად) «არჩევნების გაყალბებას» დაასახელებენ. პრეზიდენტიც იძულებული გახდება დროებითი მთავრობა შექმნას, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ ექნება, ვინაიდან იუშენკოს «დემოკრატია» ძლიერ პარლამენტს გულისხმობდა, რომელსაც პრეზიდენტი არათუ ვერ «გარეკავს», არამედ მის გარეშე ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგავს.
        დაიწყება უმწვავესი კრიზისი, შეჩერდება ხელფასების, პენსიების გაცემა, კიევში ატყდება ნაირფერი მიტინგების დაკა-დაკა, რომელიც სროლაში გადაიზრდება; ხოლო პირველი მსხვერპლისთანავე (არჩევნების პროცესშიც კი, როცა სროლა არ ისმოდა, 5 ადამიანი დაიღუპა საარჩევნო უბნებზე) აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები და ყირიმი «დამოუკიდებლობას» გამოაცხადებენ, გაიხლიჩება არმია, საქმეში ჩაერევა რუსეთი და ასე შემდეგ.
        იგივე შეიძლება მოხდეს პირიქითაც; ესე იგი დამოუკიდებლობა ტრადიციულად ანტირუსულმა დასავლეთ უკრაინამ გამოაცხადოს. Nნებიმიერ შემთხვევაში რუსეთი რჩება მოგებული, ხოლო უკრაინა და უკრაინის (როგორც სახელმწიფოს) იდეა – წაგებული!

ვის ეომებოდა მიშა უკრაინაში?

        ადგილობრივი «დემოკრატების» სიბრიყვით რუსეთს ასეთივე სცენარი სურდა განეხორციელებინა საქართველოშიც, მაგრამ არ გამოუვიდა. მიშა სააკაშვილი ნამდვილად არ არის ვიქტორ იუშენკო.
        ამით აიხსნება ათასობით ქართველი დამკვირვებლის მონაწილეობა უკრაინულ არჩევნებში. თანაც სწორედ აღმოსავლეთ ოლქებში, სადაც ყოფილი პარტიული ნომენკლატურის პოზიციები განსაკუთრებით ძლიერია.
        არავინ მალავს, რომ ქართველ დამკვირვებელთა დესანტს გივი თარგამაძე ხელმძღვანელობდა. შეუძლებელია აგრეთვე პრეზიდენტ სააკაშვილს არ ცოდნოდა, რომ მისი სატელეფონო საუბარი ტიმოშენკოსთან რუსულმა სპეცსამსახურმა ისევე შეიძლება ჩაიწეროს, როგორც აზერბაიჯანელ კოლეგასთან ვანო მერაბიშვილის საუბარი ჩაიწერა 2007 წლის ნოემბერში, შემდეგ კი ეს ჩანაწერი «დემოკარტიულ მედიას» გადასცა, რაკი მოსკოვს, როგორც ცნობილია, ძალიან აღელვებს ქართული და უკრაინული დემოკარტიის ბედი.
        მაგრამ სააკაშვილი ამაზეც შეგნებულად წავიდა. რატომ?
        იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამ აქტიურობით (რომელიც, შეიძლება არა მხოლოდ იანუკოვიჩისთვის, რამედ ტიმოშენკოსთვისაც, სინამდვილეში, შემაწუხებელი ყოფილიყო) საქართველო უკრაინელებს ახსენებს მათივე არჩევანის დაცვის აუცილებლობას.
        იგულისხმება არა მხოლოდ და არა იმდენად ურნაში ჩაგდებული საარჩევნო ბიულეტენი, არამედ ის დიდი არჩევანი, რომელიც ერმა 2004 წლის «მაიდანზე» გააკეთა.
        ვინც არ უნდა გაიმარჯვოს 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუნდაც სამოქალაქო ომიც რომ დაიწყოს უკრაინაში, - 2004 წლის იდეალთა შეხსენებით ეს იქნება ომი ახალსა და ძველ უკრაინას შორის.
        ხოლო ახლის საბოლოო დამარცხება ძველს მაინც არ შეუძლია – მცირე ხნით რევანშსაც რომ მიაღწიოს.
        მარტივად თუ ვიტყვით, საქართველოს მაგალითი ადასტურებს: «ახალი» იმიტომ კი არაა «ძველზე» ძლიერი, რომ «უკეთესია», არამედ უკვე იმიტომ, რომ ახალია და არ არის ძველი!
        ამ აზრით, უკრაინაში სააკაშვილი არა მხოლოდ იანუკოვიჩს ებრძოდა, არამედ იქვე ებრძოდა ქართველ რევანშისტებსაც, ვინც უეჭველად კიდევ მოინდომებს ისტორიულად წაგებული თამაშის შეტრიალებას.

2010