საერთაშორისო მიმოხილვა. 22 აპრილი. 2024 წელი
დღეს საფრანგეთში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო ხმების 27,84% ხოლო ნაციონალისტმა მარინ ლე პენმა 23,15%.
მეორე ტურის წინ, ყველა გამოკითხვით, მაკრონი უსწრებს ლე პენს რამდენიმე პროცენტით. უკრაინის ომის გამო უკვე აღარაფერია გამორიცხული. შესაძლოა დიდი მოულოდნელობაც მოხდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები წვრთნას გადიან ბრიტანეთის და პოლონეთის ტერიტორიაზე. კონკრეტულად, ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროები სწავლობენ იმ იარაღის გამოყენებას, რაც ბრიტანეთმა მიაწოდა უკრაინას. ესაა საზენიტო და ანტისატანკო სისტემები.
სამხედრო საერთაშორისო ტრადიციით და სამართლით, ეს უკვე ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის `სამხედრო დახმარება` კი არ არის, არამედ უშუალოდ კონფლიქტში მონაწილეობაა უკრაინის მხარეს - რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული პროპაგანდა ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ამერიკული, ინგლისური და უკრაინული სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციას, რათა დააბრალონ მოსკოვს ქიმიური და ატომური იარაღის (?!) გამოყენება.
რუსი პროპაგანდისტები და პროპაგანდისტული არხები იტყუებიან, თითქოს ამ მიზნით უკრაინელები, ამერიკელები და ინგლისელები უახლოეს დღეებში ააფეთქებენ ხარკოვში და დნეპრში ქიმიურ ქარხნებს.
იტყუებიან იმიტომ, რომ სინამდვილეში, როგორც სჩანს, რუსული არმია გეგმავს მათ დაბომბვას და ცდილობენ ამგვარი პროპაგანდის მეშვეობით შემდეგ ეს გადააბრალონ უკრაინელებს.
ასევე ბილოგიური ლაბორატორიების დაბომბვას და იმ საცავების დაბომბვას, სადაც ინახება ატომურ ელექტროსადგურებში გამოსაყენებლი ბირთვული ნივთიერებები. რუსეთი მათ დაბომბავს პანიკის, ქაოსის შესაქმნელად და მერე დააბრალებს უკრაინას.
პუტინი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის უკვე: თუ უკრაინაში დამარცხდა, დაამხობენ და კრემლის ქონგურზე ჩამოჰკიდებენ. თვით არმია დაამხობს. ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საშინელებას სჩადიან უკრაინელი ბავშვების მიმართ საოკუპაციო რუსული ჯარები: ახლადშობილ ჩვილ ბავშვებს და სხვა პატარა ბავშვებს იტაცებენ და რუსეთში აშვილებენ. ასეთი ბრძანებაც კი აქვთ მოსკოვიდან; ეს ჩვეული სიჩლუნგით აღიარა ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორმა` რამზან კადიროვმა იმავე ბუჩაში ყოფნისას: უკრაინელმა ნაცისტებმა ბავშვების გაყვანა მოასწრესო.
აბა რა უნდა ექნათ?
. . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთმა დაკეტა საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიაში მიფრინავდნენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან საფრთხეს უქმნის რუსეთის სამხედრო დაჯგუფებას, რომელიც სირიაშია დისლოცირებული.
მიზეზი, როგორც სჩანს, უკრაინაში ომი კი არ გახდა, არამედ პრეზიდენტ ერდოღანის უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთი ფარულად ეხმარება ქურთებს თურქეთის ახლახანს დაწყებული შეტევის მოგერიებაში.
ფრენების შეწყვეტა სირიის მიმართულებით შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს პუტინისთვის, რაკი ურგენტული (სასწრაფო) მომარაგების გარეშე სირიელმა მეომბოხეებმა შეიძლება განაახლონ შეტევა რუსეთის მარიონეტის, ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი, პუტინის თხოვნით, უკრაინაში გადაისროლა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ მედიაში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, შესამჩნევად გაძლიერდა ალექსეი ნავალნის პრომოუშენი. აქტიურად ვრცელდება მისი წერილები ციხიდან. ერთ-ერთ ბოლო წერილში ნავალნი, რომელსაც პუტინმა მრავალი წლით ციხე მიუსაჯა და არც არავინ იცის, ოდესმე გამოუშვებს თუ არა, რუს ერს მოუწოდებს გაუწიონ წინააღმდეგობა პუტინის რეჟიმს.
გასაგებია, რომ დასავლეთი ახლა ცდილობს ნებისმიერი რესურსი გამოიყენოს, ნებისმიერი ანტიპუტინური ძალა გააქტიუროს და შიდა რუსულ ანტიფაშისტურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი. თუმცა საკითხავია, რამდენად ეყოფა საამისოდ რესურსი თვით ნავალნის? არის თუ არა იგი საკმარისად პოპულარული თვით რუსეთში?
მას მხარს უჭერს დემოკრატიულად და ანტიკორუფციულად განწყობილი უმცირესობა რუსი ერისა.
ეს მცირე რესურსია. უმრავლესობა კი მხარს უჭერს პუტინს, როგორც მეფეს და რუსული მიწების `შემომკრებს`.
არსებობს ამგვარი ისტორიული ნარატივი რუსეთში: `რუსული მიწების შემომკრები`. (Собиратель русских земель). წარმატებულად ის რუსი მეფე ითვლებოდა, ვინც ახერხებდა `მიწების შემოკრებას` და მეზობლების დაპყრობას.
ოღონდ ნავალნის (ჯერ-ჯერობით) მცირე რეიტინგი რუსეთში აიხსნება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ პუტინი ჯერ არ დამარცხებულა. აი თუ პყტინი საბოლოოდ დამარცხდა უკრაინაში, ნავალნი უეჭველად იქცევა ანტიპუტინური მოძრაობის `დროშად`.
იმიტომ, რომ მასზე დიდი და მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურა დღევანდელ რუსეთში არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი (მინისტრი) ლლოიდ ოსტინი კიევში მიემგზავრებიან.
ამერიკის კონსტიტუციის და სახელმწიფოებრივი რანგირების მიხედვით, ამერიკაში მხოლოდ 2 ფიგურას აქვს ამერიკის სახელმწიფოს სახელით ლაპარაკი უფლება:
1 პრეზიდენტს
2 სახელმწიფო მდივანს.
ხოლო ვიცე-პრეზიდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაავალებს.
მაგრამ როდესაც ლაპარაკია კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მით უმეტეს საომარი მოქმედებების დროს, ამ რიგს ემატება თავდაცვის მინისტრი
შესაბამისად, ბლინკენის და ოსტინის ჩასვლა კიწვში, შესაძლოა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა წინაპირობა გახდეს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ან/და უკრაინისთვის არსებითი იარაღის მიწოდების შესახებ.
დასავლეთმა უკრაინას უახლესი იარაღის დიდი ნომენკლატურა უკვე მიაწოდა, დარჩა მხოლოდ რამდენიმე სახეობა, რაც არ მიუწოდებია. ესაა, მათ შორის რაკეტები!
რაკეტების მიწოდებას დასავლეთი უფრთხის, რადგან ეშინია, რომ უკრაინა რუსეთის ქალაქებს დაბომბავს ან ყირიმის ხიდს გაანადგურებს, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, რასაც შესაძლოა მოკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვეს, ანუ ბირთვული ომის დაწყება ფაქტობრივად.
მაგრამ მეორეს მხრივ, თუ რუსეთმა უკრაინაში მიზანს მიაღწია, ეს დასავლეთის იმდენად დიდი მარცხი იქნება მთელი მსოფლიოს თვალწინ, რომ მას გაუჭირდება საკუთარი რენომეს აღდგენა და ძველი ავტორიტეტის დაბრუნება, როგორც კაცობრიობის ლიდერისა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა: უკრაინულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსული ჯარის ქვედანაყოფს, რომელიც საზღვარზე გადაადგილდებოდა.
აღსანიშნავი აქ ისაა, რომ ინციდენტი არა დონბასზე, არამედ სწორედ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მოხდა. უკრაინულ ჯარებს თავისუფლად შეუძლიათ შეიჭრან რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრის იმ მონაკვეთებიდან, რომლებიც რუსეთს სუსტად აქვს დაცული, რაკი მთელი ჯარი დონბასზე გადაისროლა. უკრაინა ამას ვერ აკეთებს იმიტომ, რომ საპასუხოდ შესაძლოა მოსკოვმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა დაბომბა ქალაქი ოდესა, უკრაინის შავიზღვისპირეთში.
აღსანიშნავია, რომ რაკეტები `კალიბრი` რუსეთის არმიამ ოდესისკენ გაუშვა კასპიის ზღვიდან. შემდეგ ამ რაკეტებმა გადაუფრინეს აზერბაიჯანს, საქართველოს, შავ ზღვას, ოდესაში დაანგრიეს რამდენიმე სახლი და მოკლეს ხუთი ადამიანი.
არანაირი სამხედრო მნიშვნელობა ამ ბარბარ(უ)სულ აქტს არ ჰქონია: აზერბაიჯანის და საქართველოს დაშინების გარდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ნავთობკომპანიებმა (დასავლურმა მათ შორის!) იპოვეს ეშმაკური ხერხი, რათა გვერდი აუარონ სანქციებს. ტანკერი რუსეთში იტვირთება ნავთობით, საერთაშორისო რეესტრში იგზავნება ინფორმაცია, რომ `დანიშნულების ადგილი უცნობია`. შემდეგ ზღვაში ან ოკეანეში ამ ნავთობტანკერიდან ნავთობი მილებით გადაიტვირთება მეორე, უფრო დიდ ნავთობტანკერში.
სამწუხაროდ, ბევრისთვის დასავლეთშიც `ფული ჯოჯოხეთს ანათებს`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ომის ფონზე მკვეთრად გაუარესდა ამერიკის ურთიერთობა საუდის არაბეთთან: ამერიკა არაბეთს სთხოვდა გაეზარდა ნავთობის წარმოება, რათა რუსეთს არ ჰქონოდა საშუალება მიეღო დიდი შემოსავლები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების გაზრდით და ვერ გადაერჩინა რუბლი.
სამწუხაროდ, საუდის არაბეთის სამეფოს კრონ-პრინცმა, ტახტის მემკვიდრე მუჰამმედ ბენ სალმანმა უარი უთხრა, ხოლო მას შემდეგ რაც აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა, საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა; ამის მერე კრონ-პრინცმა ამერიკის პრეზიდენტის სატელეფონო ზარს არ უპასუხა! აშშ თავდაცვის მინისტრ ლლოიდ ოსტიონის ვიზიტი კი ერ რიადმა საერთოდ გააუქმა.
არაბეთი ამერიკისგან მოითხოვდა სტრატეგიულ პასუხს კითხვაზე: ``ჩვენ რას მივიღებთ გრძელვადიანად თუ რუსეთის განადგურებაში დაგეხმარებით?``
გარდა ამისა, არაბებს ნავთობის გაიაფება სულაც არ ეპიტნავებათ. შემოსვალებს კარგავენ.
ყველაზე მნივნელოვანი ისაა, რომ ამერიკაზე გაბრაზებული საუდის არაბეთი ჩინეთისკენ ტრიალდება: უკვე მოელაპარაკა პეკინს, ივაჭრებენ არა დოლარში არამედ იუანში. ხოლო ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციებს საუდის არაბეთი ყიდის.