საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 აგვისტო. 2024 წელი

„თეთრი სახლის“ მთავარი PR-ი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ვაშინგტონს „მჭიდრო კონტაქტი“ აქვს კიევთან რფ კურსკის რაიონში განხორციელებული შეტევის გამო.

კირბიმ დაადასტურა, რომ აშშ მიდგომაში არაფერი შეცვლილა: „უკრაინა თავად წყვეტს, რომელ სამხედრო ობიექტებს დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღითო“.

დიპლომატიური ენით იგულისხმება, რომ ამერიკა კვლავინდებურად წინააღმდეგია უკრაინამ შეტევები განახორციელოს „მშვიდობიანი“ ობიექტების წინააღმდეგ.

თუმცა ძალიან რთული გასამიჯნია, სად იწყება რუსეთის ტერიტორიაზე „მშვიდობიანი ობიექტები“ და სად - „სამხედრო ლეგიტიმური სამიზნეები“;

 აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამბობს, რომ წინასწარ არაფერი იცოდა უკრაინული შეტევის შესახებ კურსკის ოლქზე.

ეს განცხადებაც იმის გამოვლინებაა, რომ როგორც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, ყველა ამგვარი პრობლემის წარმოშობისას მოსკოვი „ცხელი ხაზით“ უკავშირდება ვაშინგტონს და სთხოვს; „უკრაინელები გააჩეროს“.

თუმცა ვაშინგტონი პასუხობს, რომ უკრაინა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ კი თქვა: „უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას. მათ შორის დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზეო“.

„დარტყმებში“  იგულისხმება არა უბრალოდ სარაკეტო ან დრონების მეშვეობით დარტყმები, არამედ შეტევებიც უკრაინის ტერიტორიაზე.

 ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ უკრაინა ჯერ არაფერს ადასტურებს.

ანუ კიევი არ აღიარებს, რომ სწორედ უკრაინის არმია უტევს რფ კურსკის ოლქს.

 

რუსეთის ელჩი ვაშინგტონში, გენერალი ანტონოვი მოუწოდებს აშშ ხელმძღვანელობას, „დაგმოს უკრაინის აგრესია სუვერენული რუსეთის წინააღმდეგ“.

რფ „საგარეოს“ სფოუქსპერსონი მარია ზახაროვა ანალოგიური განცხადებით გამოვიდა გუშინ, ოღონდ „მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“ მიმართ: დაგმეთ უკრაინის აგრესიაო.

ამაზეა ნათქვამი: „სატირალი იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოსო“.

 

უკრაინული არმიის შეტევა დაიწყო 6 აგვისტოს.

უკრაინელებს უკვე დაკავებული აქვთ 350 კვადრატული კილომეტრი.

უახლოვდებიან ქალაქ კურსკს და უკვე აკონტროლებენ სტრატეგიულ ჰაბს ბუნებრივი აირის მიწოდებისა ევროპაში.

თუმცა ამ გაზსადენის გადაკეტვა უკრაინის მიზანი საეჭვოა ყოფილიყო. ეს რომ სდომოდათ, ამის გაკეთება უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიაზეც შესაძლებელია ან თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დივერსიული ჯგუფების მეშვეობით.

ასევე კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი: წინათ, როცა ხორციელდებოდა შეტევები რფ მოსაზღვრე კურსკის ან ბელგოროდის ოლქებზე, უკრაინის ოფიციოზი აცხადებდა, რომ შეტევებს ახორციელებენ რუსული ლეგიონები და ისინი „თავისუფალი რუსეთისთვის“ იბრძვიან.

ახლა უკვე ამგვარი განცხადებები აღარ ისმის.

არ არის ცნობილი, რა ძალებით უტევს უკრაინა კურსკის ოლქს.

შესაძლოა ეს იყოს ათასობით ჯარისკაცი და ასეულობით ერთეული ჯავშანტექნიკა.

პუტინმა გუშინ საგანგებო თათბირი მოაწყო და არ დაფარა უკმაყოფილება რუსეთის სასაზღვრო ძალების მოქმედების გამო, რაკი უკრაინელებმა საზღვრის უპრობლემოდ გადალახვა და კურსკის ოლქში შეჭრა შეძლეს.

არადა ეს „სასაზღვრო ძალები“ ხომ  რუსეთის სპეცსამსახურთა (ФСБ) შემადგენლობაში შედიან?

ანუ პუტინის „მშობლიურ უწყებაში“.

 

რუსეთის სასაზღვრო ჯარები ალბათ უკრაინული არმიის ქვედანაყოფებს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ.

აქ განსაკუთრებით ნიშანდობლივია არა ტაქტიკა, არამედ სტრატეგია: ბევრი დასავლელი თუ უკრაინელი ექსპერტი დიდი ხანია სვამდა საკითხს: რატომ არ იყენებს უკრაინა იმ სამხედრო-სტრატეგიულ შესაძლებლობას, რომ როცა რუსეთს მთელი ძალები დონბასში აქვს კონცენტრირებული და შესაბამისად „მოაშიშვლა“ კურსკი, „მოაშიშვლა“ ბელგოროდი...... უკრაინა რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონაკვეთებიდან უკრაინული არმია რატომ არ უტევს რუსეთის ტერიტორიასო?!

თან იმ დროს, როცა რუსული ჯარი ნელა, დიდი დანაკარგებით, თუმცა მაინც მიიწევს წინ დონბასზე და უახლოვდება უკრაინული თავდაცვის სტრატეგიულ ხაზებს.

 

თუ უკრაინის არმიამ განავითარა შეტევა კურსკზე და ამ დიდი ქალაქიდან ათი ათასობით ლტოლვილი გაიქცა რუსეთის სიღრმეში, ეს იქნება უდიდესი დარტყმა პუტინის რეჟიმზე.

აბა წარმოვიდგინოთ, განმეორდა ის, რაც „პრიგოჟინის ამბოხისას“ მოხდა, როცა რუსული „ნაცგვარდია“ სანგრებს თხრიდა მოსკოვის მისადგომებთან, როგორც.....1941 წელს.

და მოსკოველების ნაწილიც გაჰყავდათ სანგრების სათხრელად.

ახლა კურსკის გარშემო თუ დაიწყეს სანგრების გათხრა.......

ისე, რას მოესწრო ეს ქალაქი, რომლის გარშემო 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის საკვანძო ბრძოლა გაიმართა?!.....

 

არ არის გამორიცხული, პუტინმა და მისმა გენერალიტეტმა სერიოზული ძალები გადაისროლონ კურსკისკენ, თუმცა ეს შეასუსტებს რუსულ შეტევას დონბასზე და დიდი PR დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის.

 

ზოგიერთი ცნობით, კურსკის ბრძოლებისას მძიმედ დაიჭრა პუტინის „საყვარელი“ სამხედრო კორესპონდენტი ევგენი (ჟენია) პადდუბნი, რომელიც 2008 წლის აგრესიიდან მოყოლებული და მერე ყირიმით თუ იმავე დონბასით გაგრძელებული ყველანაირად ეხმარებოდა „წარმატებული ომის“ იმიჯის შექმნაში.

მარგარიტა სიმონიანმა დაწერა გუშინ: „ვლოცულობთ ჟენია გადარჩესო“.

გვიანაა ლოცვა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის მოსაზღვრე ქვეყნებმა შეზღუდეს საერთაშორისო ფრენები მათ საჰაერო სივრცეში.

ეგვიპტემ...იორდანიამ....

თვით ირანმაც........

 ეს კიდევ ერთი სიმპტომია იმისა, რომ რეგიონში დიდი ომი მზადდება.

ისრაელი სულ უფრო „ღრმად“ ურტყამს ავიაციით ლიბანის ტერიტორიას.

პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლლა“ დრონებით უტევს ისრაელს.

თუმცა ამ დაჯგუფებას ათასობით (!) ირანული წარმოების რაკეტაც აქვს.

Politico იტყობინება, რომ ვაშინგტონი ამჟამად ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს ირანი, არ განახორციელოს შეტევა ისრაელზე ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციის გამო და საინტერესო არგუმენტი აქვს: „ამ დივერსიის შედეგად ხომ არც ერთი ირანის მოქალაქე არ დაღუპულაო“.

ნამდვილად არ დაღუპულა არც ერთი ირანის მოქალაქე: ორი ადამიანი დაიღუპა - თვით ისმაილ ჰანია („ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი) და მისი პირადი მცველი.

თუმცა ეს არგუმენტი გარკვეულწილად დაცინვას ჰგავს:

ყველაზე მთავარი, რაც ამ სპეცოპერაციამ აჩვენა ისაა, რომ ირანის ე.წ. „ისლამური რესპუბლიკა“ არის „ფუღურო სახელმწიფო“, რომელსაც ხრავს კორუფცია და იზოლაცია:

აბა სხვა რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს, როცა უზარმაზარი სახელმწიფოს დედაქალაქში, თანაც VIP პერსონებისთვის განკუთვნილ რეზიდენსში კლავენ სახელმწიფოს სტუმარს, ვინც პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა?

როგორ და რა ტექნოლოგიით განახორციელა ბრწყინვალე ოპერაცია (მორიგი ასეთი ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე) ზუსტად არავინ იცის.

ისრაელს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„წამყვანი ვერსია“ მაინც ისაა, რომ ისრაელის დივერსიული ჯგუფი მოქმედებდა თეირანში გადასატანი სარაკეტო კომპლექსით, ოღონდ „მიზანდასახულობას“ ახორციელებდნენ ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით.

 ირანის პოლიციამ გამოძიების ფარგლებში ათეულობით აგენტი და სხვა ძალოვანი ჩინოსანი დააპატიმრა.

კიდევ ერთხელ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ ისმაილ ჰანია, ვინც „ჰამასის“ მოქმედებებს ხელმძღვანელობს და 7 ოქტობრის ტერაქტის სულისჩამდგმელად ითვლება, კატარში ცხოვრობს დიდი ხანია. განა „მოსსადი“ იქ დააკლებდა ძალისხმევას მის ლიკვიდაციას? მაგრამ პატარა კატარში ვერ შეძლო ხოლო  უზარმაზარ ირანში შეძლო

კ ო რ უ ფ ც ი ა!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება კლოუნადა აფხაზეთის ელიტებში: ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი“ ვიტალი გაბნია აცხადებს, რომ როგორც კი პარლამენტი გამოვა არდადეგებიდან, მან უნდა მიიღოს საკანონმდებლო აქტი, რითაც აკრძალავს „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვას.

ანუ.......პარლამენტმა საკუთარ თავს უნდა აუკრძალოს კანონპროექტის განხილვაო!

კლოუნადაა აბა რა არის?

ზოგადად ამ ტექნოლოგიას აფხაზური ელიტები ხშირად მიმართავდნენ ადრეც.

იმ ეპოქაში, როცა არანაირ „აპარტამენტებზე“ არ ყოფილა საუბარი და ლაპარაკი იყო უმეტესწილად ქართველი ლტოლვილების დაბრუნებაზე;

 1995 წელს, როცა ედუარდ შევარდნაძე რუს ჩინოვნიკებს ნიშნავდა საქართველოში საკვანძო თანამდებობებზე, ბორის პასტუხოვმა (იმ დროს რფ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ) მოამზადა პროექტი გალის რაიონში ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებისა ქართველი მილიციელების ჩართულობით.

ვლადისლავ არძინბამ (სეპარატისტთა ლიდერმა) ხელი მოაწერა, თუმცა მერე მანვე მოაწყო „ხმაური“ ე.წ. „პარლამენტში“ და „მხრები აიჩეჩა“: „რა ვქნა, აფხაზეთის კონსტიტუციით, აფხაზეთის საერთაშორისო ხელშეკრულება წინასწარ (!) უნდა დაემტკიცებინა პარლამენტს და პარლამენტი ხომ დემოკრატიული ორგანოაო.....

რაღაც მსგავსი ტექნოლოგია ხორციელდება ამჯერადაც და კვლავ გვიწევს დადასტურება: არც ერთ (!) პრინციპულს საკითხში, რაც პუტინს აინტერესებს აფხაზეთში, სოხუმი არანაირ დათმობაზე არ წასულა. მხოლოდ სპექტაკლებს დგამენ ოპოზიციის ჩართულობით და მონაწილეობით.

დ ი დ ო ს ტ ა ტ უ რ ა დ  ახერხებენ ამას - უნდა ვაღიაროთ.