საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ივლისი. 2024 წელი

ჯო ბაიდენმა დატოვა საპრეზიდენტო რბოლა.

ძალიან მაღალი ალბათობით, „დემოკრატების“ კანდიდატი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი იქნება;

თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ „დემოკრატიული პარტიის“ ისტებლიშმენტმა, შემდეგ კი კონვენტმა (დელეგატთა ყრილობამ) უნდა დაამტკიცოს აგვისტოში.

ბაიდენის გადაწყვეტილებაში ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ისაა, თუ რა ძალა აქვს ამერიკაში საზოგადოებრივ აზრს!!!

ვიღაცას შეიძლება მოჩვენებოდა, რომ The New York Times ედითორიალი არაფერს ნიშნავს, The Washington post-ის ედითორიალი არაფერს ნიშნავს, კულტურული ელიტის წარმომადგენელთა (მაგალითად კორჯ კლუნის) მოწოდებები არაფერს ნიშნავს, ტელე-მედიის „მეინსტრიმი“ არაფერს ნიშნავს და ა.შ და ა.შ.

ნურას უკაცრავად! ამერიკაში ეს გადამწყვეტია: ამერიკელ პოლიტიკოსებს თუ რაიმესი ეშინიათ, პირველ რიგში მათი სოციალური და პოლიტიკური წრის დაიგნორებისა.

ჯორჯ კლუნი ბაიდენის დიდი და აქტიური მომხრე იყო. ასევე NYT და WP უფრო მისი მომხრეები იყვნენ ვიდრე ტრამპისა;

უერთგულესი სენატორები, კონგრესმენები და სხვა საზოგადოებრივი „სტატუსური პერსონები“ მოუწოდებდნენ ბაიდენს მიეღო გადაწყვეტილება.

ამიტომაც „გავიდა რბოლიდან“, როცა ამ ტალღამ კულმინაციას მიაღწია - რაც უფრო ნაკლები დრო რჩებოდა „დემების“ აგვისტოს კონვენტამდე.

 თუმცა დამკვირვებელთა დიდ უმრავლესობას იოტისოდენად არ ეპარება ეჭვი, რომ სინამდვილეში ჯო ბაიდენი არც აპირებდა სრული მეორე ვადით პრეზიდენტობას: 5 ნოემბერს გამარჯვების შემდეგ ის რა თქმა უნდა სულ რამდენიმე თვეში გადადგებოდა და „ოვალურ კაბინეტს“ დაუთმობდა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.

ჯერ-ჯერობით ბაიდენს სატელევიზიო გამოსვლა არ ჰქონია. მან მხოლოდ განცხადება გამოაქვეყნა და აქვე ერთი ძააააალიან საინტერესო დეტალიც: „თეთრი სახლის“ მედიკოსთა ჯგუფის კოორდინატორმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაიდენის ამ გადაწყვეტილებას („ჩახსნილიყო რბოლიდან“) „არავითარი კავშირი არა აქვს მის ჯანმრთელობასთან“.

ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ მიუღიაო ეს გადაწყვეტილება.

კოვიდი კი დაუდგინდა, თუმცაღა არც თუ მძიმე ფორმით.

ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „დემოკრატიული პარტიის“ მთავარი სპონსორების მხრიდან დაფინანსებაზე უარს.

„ფონდრაიზინგის“ დავრდომის  პროცესი ჯერ კიდევ კატასტროფულად წარუმატებელი ტელე-დებატების შემდეგ დაიწყო. 90 მილიონი დოლარის თანხა იყო გაყინული და „დემოკრატიული პარტიის“ ისტებლიშმენტს ამის იგნორირება არ შეეძლო.

მოგვწონს თუ არა, თვით ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც, თვით ყველაზე აქტიური სამოქალაქო საზოგადოების და ასიათასობით „მოხალისე აქტივისტის“ პირობებშიც კი...... საარჩევნო კამპანია „ძვირი სიამოვნებაა“.

მით უმეტეს ამერიკაში, სადაც ყველაფერი კერძოა: „დარბაზებიდან“ - ტელევიზიებამდე.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა  „გელაპის“ ბოლო გამოკითხვა (ეს სოციოლოგიური კვლევის ცენტრი აბსოლუტური ავტორიტეტია ამერიკაში), რომლის თანახმად მოქმედი პრეზიდენტის  „მოწონების“ რეიტინგი 38,5%-მდე დაეცა.

ეს კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია ამერიკისთვის.

ამაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ მხოლოდ პრეზიდენტ ჯიმი კარტერს, რაკი მან დაუშვა ირანის დედაქალაქ თეირანში ამერიკელი დიპლომატების ტყვედ აყვანა და 2008 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს - ერაყის საშინლად არაპოპულარული ომის შედეგად!

 

 ბაიდენის განცხადებაში არის ასეთი ფრაზა: „ვამაყობ იმით, რომ მქონდა საშუალება, მემსახურა თქვენთვის როგორც პრეზიდენტს“ (To serve you as president). სინამდვილეში ეს ფრაზა ეკუთვნის დიდ რონალდ რეიგანს: მას შედეგ რაც ალცჰაიმერის უკურნებელი სენი დაუდგინდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან რამდენიმე წლის შედეგ, სწორედ ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: „მადლობელი ვარ ამერიკელებო, რომ მომანიჭეთ ეს უდიდესი პატივი - მემსახურა თქვენთვის როგორც პრეზიდენტს“.

საეჭვოა ბაიდენის სფიჩრაიტერებს არ სცოდნოდათ, ვინ არის ამ ფრაზის ნამდვილი ავტორი; ოღონდ ის განცხადება იმდენად Iconic არის ამერიკაში (როგორც მაგალითად კენედის „ჩვენ დღეს ყველანი ბერლინელები ვართ“), რომ პლაგიატად არ ჩაითვლება - უფრო ამერიკული დემოკრატიის საუკეთესო ტრადიციათა მიმდევრობად იქნება განხილული.

ასევე, ბაიდენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო „ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“ და ჩამოთვლილია მიღწევები ეკონომიკაში, რაც აბსოლუტურად უეჭველია: ძააააალიან დიდი ხანია ამერიკის ეკონომიკა ასეთი ჯანსაღი არ ყოფილა, უმუშევრობა ასე არ შემცირებულა და ა.შ.

თუმცა ბაიდენის მთავარი მეგა-წარუმატებლობანი ამან მაინც ვერ გადაფარა: პირველ რიგში უკანონო მიგრაცია, საშინლად სამარცხვინო ფორმით (!) წასვლა ავღანეთიდან და უკრაინაში რუსეთის შეჭრა.

 

ბაიდენს კამალა ჰარისი არ დაუსახელებია ამ პირველ განცხადებაში, როგორც „დემების“ ნომინანტი.

ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში „სტილს“ და „ტონს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ცუდი ტონია“ ეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ, პირველივე განცხადებაში დაასახელოს „მემკვიდრე“.

 თუმცა, ზუსტად ერთი საათის შემდეგ პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან, ბაიდენმა გაავრცელა მეორე განცხადება, სადაც უკვე პირდაპირ განუცხადა მხარდაჭერას კამალა ჰარისს, როგორც „დემების“ საპრეზიდენტო კანდიდატს.

რატომ? იმიტომ, რომ პირველ განცხადებაში კამალა ჰარისის დაუსახელებლობა აძლიერებდა ტურბულენტობას „დემების“ ისტებლიშმენტში.

 ამ ისტებლიშმენტის დამოკიდებულება ქალბატონი კამალას მიმართ არ არის ერთმნიშვნელოვანი. მაგალითად, ცოლ-ქმარმა ბარაკ და მიშელ ობამებმა არც დამალეს, რომ ეს კანდიდატურა არ მოსწონთ და კლინტონებიც თავს იკავებენ.

ოღონდ  მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ ბარაკს მისი ცოლი უნდოდა ეხილა კანდიდატად (ამაზე იყო ლაპარაკი) ან ბილს - ჰილარი, არამედ „არჩევადობის პრობლემა“.

აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, კამალა ჰარისი ჯერ-ჯერობით (!!!) აგებს ტრამპთან.

ანუ სოციოლოგიაში მიღებული ტერმინოლოგიით „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს......“

თუმცა  მიშელ ობამას და ჰილარი კლინტონის შანსები კიდევ უფრო დაბალია!

„დემებს“ იმედი აქვთ, კამალა ჰარისის ძლიერი პრომოუშენი, მისი პირადი ნებისყოფა და ძალა (უდავოა), არც თუ ცუდი ორატორული ნიჭი, ბექგრაუნდი როგორც ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მრისხანე პროკურორისა (კალიფორნიის გენერალური პრტოკურორი იყო) გაუზრდის შანსებს.

 

ნებისმიერ შემთხვევაში კამალას ეყოლება კონკურენტები „დემოკრატიულ პარტიაში“. გამორიცხულია სხვაგვარად: უკვე დაასახელეს „დემოკრატი“ გუბერნატორები, სენატორები, კონგრესმენები, ვინც ნომინირებისთვის იბრძოლებს, თუმცა მცირე დროა დარჩენილი: ამერიკაში არსებული წესით და პრაქტიკით, „დემოკრატიული პარტიის“ ხმოსნებმა (დელეგატებმა), ჯერ კიდევ ჩიკაგოში დაგეგმილ კონვენტამდე უნდა აირჩიონ დე-ფაქტოდ კანდიდატი, ხოლო 19-22 აგვისტოს ყრილობაზე შემდეგ ამ გადაწყვეტილების „გაფორმება“ ხდება ლამაზი და შთამბეჭდავი სანახაობით.

 

ბაიდენმა ისიც თქვა, რომ საკუთარ საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, ანუ არ გადადგება სანამ არ ამოიწურება ეს ვადა. მაშასადამე, სანამ 5 ნოემბერს ამერიკელები ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ და სანამ ეს ახალი პრეზიდენტი ფიცს არ დადებს 2025 წლის იანვარში.

მნიშვნელოვანი განაცხადია.

ყოველ შემთხვევაში, თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, ეს უფროა „ამერიკული სტილი“, ვიდრე ის, რაც ახასიათებს ავტოკრატიულ რეჟიმებს.

მაგალითად რუსეთის პრეზიდენტი ელცინი რომ გადადგა 1999 წლის საახალწლო ღამეს, პრემიერ-მინისტრი პუტინი „დატოვა“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად და იმანაც რასაკვირველია გაიმარჯვა ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებზე“.

ბაიდენი (ვიმეორებ, თუკი რაიმე წარმოუდგენელი მოულოდნელობა არ მოხდა) ასე ვერ მოიქცევა და ტრამპს არ ათქმევინებს, რასაც რუსეთში და ვენესუელაში ამბობენ ოპოზიციონერები, რომ მან „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების“ შანსი მისცა“ მის „მემკვიდრეს“.

ოღონდ.....აქ ნიშანდობლივია საკითხზე „რესპების“ რეაქცია.

მათი ლიდერები ხშირად სვამენ უკვე საკითხს ასე: „თუკი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის უძლურია ჯო, მაშინ პრეზიდენტობას როგორღა შეძლებსო 2025 წლის იანვრამდე“?

თანაც ამას ამბობენ არა „პროტრამპისტული“ FoxNews კომენტატორები ან MAGA -ს მოძრაობის რიგითი ლიდერები, არამედ, მაგალითად......კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გააჟღერა ამგვარი  აზრი და ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვენსმაც იგივე თქვა.

ოღონდ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ბაიდენის მოწინააღმდეგეებისთვის (უფრო ზუსტად, უკვე „მტრებისთვის“) წაუგებელი თამაშია“: აკრიტიკებენ და „სათქმელი“ მართლა ძლიერია, რაკი ბაიდენი არ ამჟღავნებს იმის უნარსაც კი, 2025 წლამდე მართოს გლობალური ზესახელმწიფო უპრობლემოდ, ხოლო თუ გადადგება, მაშინ მეორე „ნარატივი“ ამუშავდება, რომ ის ცდილობს ადმინისტრაციული რესურსი ჩააყენოს კამალა ჰარისის სამსახურში.

 

დონალდ ტრამპმა ძალიან მწვავე განცხადება გააკეთა ბაიდენის გადაწყვეტილების გამო. მას „უწესო, უპატიოსნო ადამიანი“ უწოდა, რომელმაც „ფეიკ ნიუსებით და გაყალბებით“ მოიგოო არჩევნები 2020 წელს, ხოლო ახლა „დემოკარტებმა“ „მოისროლეს ბორტს მიღმა“

ისევ და ისევ ტრამპის განცხადებაში მთავარი აქცენტი უკანონო მიგრაციაა, რომლის ფარგლებშიც ამერიკას მილიონობით შემოესივნენო „ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები“ და „კრიმინალები“.

 

დღეს დილით აშშ ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შევიდა ოფიციალური განაცხადი, რომ „დემოკრატიული პარტია“ ერთ-ერთ ნომინანტად პრეზიდენტობაზე ასახელებს კამალა ჰარისს, ხოლო თეთრი სახლის ეგიდით შექმნილ  კომისიას „ბაიდენი-პრეზიდენტად“ ამიერიდან ეწოდება „ჰარისი-პრეზიდენტად“.