რუსული ენა - აფხაზ სეპარატისტთა უძლიერესი იარაღი

რუსული ენა - აფხაზ სეპარატისტთა  უძლიერესი იარაღი

დათო ბერძენიშვილმა გაიხსენა, რომ როდესაც ქართველი წარმომადგენლები, 1980-იანი წლების ბოლოდან ხვდებოდნენ აფხაზ წარმომადგენლებს, ისინი ჩვენებს მუდამ სჯაბნიდნენ ინტელექტით და სჯაბნიდნენ საზრისულ პაექრობაში.

და ეს ყოველთვის ასე იყო სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ეპოქაში (მეც შევსწრებივარ), თანაბარი დონის და რეპრეზენტატიულობის წარმომადგენელთა შეხვედრებზე და პაექრობისას.

რატომ?

ამაზე ბევრი მიფიქრია.

ჩემი აზრით აქ საკვანძო მომენტია ე ნ ა.

რუსული ენა, რომელიც აფხაზებისთვის „პოლიტიკური ენაა“.

ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება.

ენა, ამასთანავე, გარკვეული საზრისების, საზრისული „კონსტრუქტების“, „მზა პასუხების“, „მზა არგუმენტების“ შემცველია, რომლითაც იგი ისტორიამ და პრაქტიკამ გაამდიდრა.

რუსული ენა რუსეთის საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და რეფლექსიის შედეგად გამომუშავებული, შეთვისებული, „შესისხლხორცებული“ საზრისული პროდუქტების მატარებელია.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სემანტიკურად რუსული უფრო მდიდარია, ვიდრე ქართული.

არამც და არამც.

აქ საუბარია პოლიტიკურ საზრისებზე და შესაბამის „მზა“ კონსტრუქტებზე.

ბუნებრივია, წამოიშობა საკითხი განათლებაზე და რომ აფხაზებს რუსული სკოლები ჰქონდათ დამთავრებული

თუმცა, ჩემი აზრით ეს არ არის არსებითი.

მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ არსებითი არ არის - არსებითია ენის „ფუნქციონალი“, მისი „პოლიტიკური“ უნარი და პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი საზრისებით დატვირთულობა

ენა (ვიმეორებ) საზრისების და „მზა საზრისული კონსტრუქტების“ მატარებელია. ქართული ამ მხრივ ნამდვილად ჩამორჩება რუსულს იმიტომ, რომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სახელმწიფოებრივი ფუნქციისგან დაცლილი იყო.

აფხაზები კი არა მხოლოდ ლ ა პ ა რ ა კ ო ბ ე ნ რუსულად მასაში და მით უმეტეს ელიტაში, არამედ ფ ი ქ რ ო ბ ე ნ და ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ე ნ რუსულ ენაზე - რუსული საზრისული (Смыслы - смысловые) ინსტრუმენტების გამოყენებით.

ანუ აქ იმაზე არ არის ლაპარაკი (როგორც ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს არასწორად) რომ აფხაზებმა უკეთ იცოდნენ რუსული ენა, ხოლო ქართველებმა - მათზე უარესად.

უხეში შედარების სახით ვიტყვი: ორი კომპიუტერი რომ შეაჯიბროთ ერთმანეთს, რომელთაგან ერთ-ერთს უფრო ძლიერი საოპერაციო სისტემა აქვს, ვიდრე მეორეს.

ასე აქციეს აფხაზებმა რუსული ენა (რომელიც დერჟავული ლოიალობის ნიშნად მიიღეს XX საუკუნიდან ისევე როგორც XVI საუკუნიდან ისლამი - ასეთივე ლოიალობის ნიშნად ოღონდ სხვა იმპერიის მიმართ) საქართველოს და ქართული სამყაროს წინააღმდეგ პერმანენტული ომის უძლიერეს იარაღად.

და რა უნდა გვექნა?

როგორ უნდა მოვქცეულიყავით?

ქართულად ფიქრზე და აზროვნებაზე უარი გვეთქვა, ჩვენც „რუსულენოვანები“ ვყოფილიყავით, ჩვენც რუსულ ენაზე გვეფიქრა და გვეაზროვნა, რათა ჩვენს მტრებს ეს უპირატესობა არ ჰქონოდათ?

ხომ სიგიჟეა არა?

ამიტომ ხსენებული უპირატესობა იყო გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი და „აუცილებელი“.

აქვე..... უფრო თუ გავართულებთ, ისიც შეიძლება ითქვას(„ფრთხილად“ და „ფაქიზად“), რომ ენა სოციალური მ ე ნ ტ ა ლ ო ბ ი ს მატარებელიცაა, რომელსაც ერი ისტორიული განვითარების პროცესში ითვისებს.

რუსული ამ მხრივ იმპერიული, „გამარჯვებულთა მეომარი მენტალობის“ მატარებელია.

ქართულისგან განსხვავებით, რომელსაც უამრავი ისტორიული დამარცხების და საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი დაკნინების ტვიფარიც ადევს.

უტრირებულად თუ ვიტყვით, ქართული უფრორე „პოეტური ენაა“, ხოლო რუსული - პოლიტიკური.

ჩვენ რომ ინგლისურენოვანები ვიყოთ იმდენად, რომ ინგლისურად ვფიქრობდეთ და ვაზროვნებდეთ ხოლო აფხაზები ინგლისურად გვეკომუნიცირებოდნენ, მაშინ ეს უპირატესობა ჩვენ გვექნებოდა.

დათო