საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ოქტომბერი. 2022 წელი
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, `თვითმკვლელი დრონებით` და `მფრინავი ჭურვებით` დიდი წარმატებით დაბომბა სევასტოპილის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ყირიმში.
ამ სამხედრო ოპერაციის მნიშვნელობას რამდენიმე გარემოება განაპირობებს:
ა) უკრაინამ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელონ ისე, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დააზარალონ. მართლაც, არც ერთი ბომბი და რაკეტა უპილოტო თვითმფრინავებიდან (რა თქმა უნდა გამოყენებული იყო შესანიშნავი თურქული `ბაირაქტარი`, რომელიც სხვათა შორის, ერდოღანმა რუსებს არ მიჰყიდა), არც ერთი `თვითმკვლელი დრონი` და არც ერთი შვედური წარმოების `ესკალიბრიული` ანუ მართვადი მფრინავი ჭურვი თვით ქალაქ სევასტოპოლში არ ჩამოვარდნილა. ყველა მათგანი ჩამოვარდა უშუალოდ რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზაზე. რამდენიმე სამხედრო გემი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა დაზიანების ხარისხს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ თვით ამ ბაზაზე თავდასხმის ფაქტს!
ბ) სევასტოპოლი არის რუსული `დერჟავული სიამაყის` სიმბოლო. დაწყებული XIX საუკუნის `ყირიმის ომიდან` (1853-1856წწ), როცა იმპერატორ ნიკოლოზ პირველის რუსეთი სასტიკად დაამარცხეს ინგლისმა (დიდმა ბრიტანეთმა) და საფრანგეთმა.
რუსებს სკოლაში დღემდე ასწავლიან, რომ მართალია დერჟავა მაშინ დამარცხდა, სამაგიეროდ სევასტოპოლის ალყისას რუსებმა გმირულად იბრძოლეს და ა.შ და ა.შ.
ზუსტად ამიტომ, ყირიმის დაპყრობა ითვლება პუტინის უდიდეს მიღწევად მთელი მისი 22 წლიანი `მოღვაწების` განმავლობაში, ხოლო ნებისმიერი თუნდაც `მცირე` თუნდაც სიმბოლური შეხება მასზე, პუტინის არათუ დამარცხებად, არამედ რაღაც საკრალური სიწმინდის ლამის `შერყვნად`. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ხიდის ამასწინანდელმა აფეთქებამ ის ხიდი ვერ დაანგრია (როგორც მოგახსენებდით, ზოგადად ხიდის მთლიანად დანგრევა მხოლოდ მისი საყრდენების ტოტალური დანაღმვითაა შესაძლებელი), ასევე სევასტოპოლზე გუშინდელმა შეტევამაც ფლოტი ვერ გაანადგურა, თუმცა ეს მაინც იყო უსერიოზულესი დარტყმა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ ლეგიტიმურობაზე (!) ქვეყნის შიგნით. მათ შორის მასაში და რაც ყველაზე მთავარია (რუსული სპეციფიკის გათვალისწინებით) ე ლ ი ტ ე ბ შ ი.
ბევრი დამკვირვებელი ამბობს, რომ პუტინის რეჟიმის დამხობას ე.წ. `ხალხი` ვერ შეძლებს. მაგრამ ელიტებს ეს შეუძლიათ, თუ ამბოხდებიან. მათ შორის, რასაკვირველია სამხედრო ელიტებს(აც)
გ) ყირიმის ნახევარკუნძულს აქვს სტრატეგიული (და არა მხოლოდ სიმბოლურ-საკრალური) მნიშვნელობა, რადგან სევასტოპოლი აღწევს თითქმის(!) შავი ზღვის ცენტრალურ რაიონებამდე, ხოლო მისი საზღვაო და ეკონომიკური აკვატორია, ანუ რუსეთის წყლები და რუსეთის საზღვაო-ეკონომიკური ზონა ნამდვილად ცენტრალურ რაიონებამდე შავი ზღვისა. შესაბამისად, რუსეთს აქვს საშუალება აკონტროლოს მთელი შავი ზღვა და არ დაუშვას შავ ზღვაში ისეთი მილსადენების, ნავთობსადენების და კაბელების გაყვანა, რაც მის ინტერესებს არ შეესაბამება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამასწინანდელი შეთანხმებით ვიქტორ ორბანს, ილჰამ ალიევსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის, დაგეგმილი თითქმის 160 გიგავატი ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში. ეს კოლოსალური რაოდენობაა - 160 000 მეგავატი!!! თუ ამ ინფორმაციაში რაიმე შეცდომა არ არის, ასეთი რაოდენობა ნახევარ ევროპას ეყოფა.
მაგრამ თუკი სამი მხარე მოინდომებს შავი ზღვის ფსკერზე კაბელი ააშენოს და ამ გზით სცადოს ამ ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში (ტექნიკურად სრულებით შესაძლებელია), მაშინ ეკონომიკურად მომგებიანი ეს პროექტი იქნება უპირატესად იმ შემთხვევაში, თუ იგი უმოკლესი გზით წავა აღმოსავლეთ ევროპისკენ, - რუმინეთისა და უნგრეთისკენ. არადა ეს `უმოკლესი გზა` რუსეთის `ტერიტორიულ წყლებთან` და საზღვაო ეკონომიკურ ზონასთან` (უფრო დიდი ტერიტორიაა, ვიდრე `ტერიტორიული წყლები) მეტისმეტად ახლოს ჩაივლის. საქმეს ართულებს ისიც, რომ თურქეთის როლი ამ პროექტში საკმაოდ ბუნდოვანია.
სევასტოპოლის ბაზაზე უკრაინული არმიის წარმატებული შეტევის შემდეგ, რუსეთმა შეაჩერა ე.წ. `ხორბლის გარიგება` თურქეთთან და გაეროსთან, რომლითაც უკრაინული პორტებიდან ხორბლის ექსპორტი ხდებოდა მსოფლიო ბაზრებზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რათა აფრიკის ქვეყნები შიმშილმა არ მოიცვას.
დავაკვირდეთ რა დემაგოგიური საბაბი მოიტანა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ: ეს გემები, რაც სევასტოპოლის ბაზაზე იმყოფებიან (და არა ზღვაში) ხორბლით დატვირთულ გემებს იცავდნენო. არადა, ვინ ესხმოდა თავს ხორბლით დატვირთულ გემებს? ვინ უშლიდა მათ გადაადგილებას ზღვაში და ვინ ბლოკავდა მთელი ამ თვეების განმავლობაში ოდესის და სხვა უკრაინულ პორტებში? მხოლოდ თვით რუსეთი და სხვა არავინ!
ოღონდ რუსეთის მიერ `ხორბლის გარიგების` შეჩერება უკვე არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის პრესტიჟსაც ურტყავს. იმიტომ, რომ ის იყო შუამავალი და გარანტორი.
გავითვალისწინოთ, რომ 2023 წელს ერდოღანს თურქეთში ელის აბსოლუტურად საბედისწერო, სამკვდრო-სასიცოცხლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მისი და თურქეთის ბედი ათათურქის მიერ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავის ფონზე (1923 წ).
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინი რომ მართლა სრულ არაადექვატურობას უახლოვდება, ეს ე.წ. ვალდაის` ფორუმზე დადასტურდა.
პანელის წამყვანმა ჰკითხა პუტინს, გაიმეორებდა თუ არა ახლა ცნობილ ფრაზას, რაც 4 წლის წინ გააჟღერა იმავე ფორუმზე`: `თუ ატომური ომი დაიწყება, ჩვენ (მართლმადიდებლებს გულისხმობდა-დ) სამოთხეში მოვხვდებით, ისინი კი (დასავლეთში მცხოვრები არამართლმადიდებელნი ესე იგი მწვალებელნი-დ) უბრალოდ ჩაძაღლდებიანო`.
თითქმის სიტყვა-სიტყვით ასე თქვა: «Мы попадём в рай а они просто сдохнут!»
ახლა, უკრაინის ომის ფონზე, როდესაც არაერთხელ გაიჟღერა პუტინის მუქარამ ბირთვული იარაღის გამოუენების შესახებ, ბუნებრივია წამყვანს უნდა ეკითხა: `მაშინ რომ თქვით, ის ხომ არ მართლდება ახლაო (შინაარსობრივად სწორედ ეს ჰკითხა)
პუტინი მცირე ხნით ჩაფიქრდა.....მაშინ წამყვანმა დაამატა კითხვა: ვაიმე, ვაიმე, რატომ ჩაფიქრდით, მართლა ხომ არ აპირებთო....პუტინმა უპასუხა: `სპეციალურად ჩავფიქრდი რათა ისინი შეშენდნენ და ჩაფირდქნენო` ანუ დასავლეთი.
ამ ადამიანის ხელშია დღეს 5 000 დიდი და პატარა ბირთვული ჭურვი.
. . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ 2022 წლის ივლისში, როცა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მისი სმარტფონი რუსულმა სპეცსამსახურებმა გატეხეს, შიგ `ტროას` ფაილი ჩატვირთეს და ამით მიიღეს წვდომა საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მიმოწერაზე.
ანუ ამ თვეების განმავლობაში ყველაფერი იცოდა პუტინმა დიდი ბრიტანეთი რას აკეთებდა და რას აპირებდა ან სამომავლოდ რას გეგმავდა.
ამ მხრივ სმარტფონები ნამდვილი უბედურება გახდა დასავლელი ლიდერებისათვის!
შესაბამისად, დაცვის სამსახურები ურჩევენ დასაცავ პირებს, 20 წლის წინანდელი მარტივი ტელეფონები ჰქონდეთ. პირობითად თუ ვიტყვით` ფანრიანი ნოკიები`, რომელსაც არც ინტერნეტი აქვს და არც სხვა ამგვარი დახვეწილი ფუნქცია. თუმცა გამოსავალი არც ესაა. რადგან რუსეთის კოსმოსურ ძალებს `შპიონი სპუტნიკებიდან` მობილურ ქსელშიც შეუძლიათ შეძრომა.
გამოსავალი არის ის, რომ მობილური ტელეფონით, მით უმეტეს სმარტფონით, არანაირი მნიშვნელოვანი თემა ლიდერმა უბრალოდ არ უნდა განიხილოს! თუმცა ეს პირობა თანამედროვე გლობალიზებულ და კომუნიცირებულ მსოფლიოში ძალიან ძნელი დასაცავია. `უოთსაპი მაინც ხომ უსაფრთხოაო` - ამაზე სპეციალისტებს ეცინებათ.
. . . . . . . . . . . . . . .
როგორც მრავალგზის მოგახსენეთ, საარჩევნო ციკლი, რომელიც ფაქტობრივად უკვე დაიწყო ამერიკაში, იქნება მძვინვარე და დაუნდობელი.
გუშინ მანიაკალურ მდგომარეობაში მყოფი ვინმე დევიდ დეპეიპი (სავარაუდიდ ტრამპის მომხრე ფანატიკოსი) თავს დაესხა ქალბატონ ნენსი პელოსის (აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, დემოკრატი) ქმარს მათ სან-ფანცისკოს სახლში.
თვით ნენსიმ ვაშინგტონში ყველა საქმე მიატოვა და სან-ფრანცისკოში გაფრინდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ნენსი პელოსის ქმარი თავდაცვის მიზნით შეიარაღებული იყო ჩაქუჩით; თავდასხმელმა ეს ჩაქუჩი წაართვა და რამდენჯერმე ჩაარტყა. მეორე ვერსიით, თვით თავდამსხმელი იყო შეიარაღებული ჩაქუჩით და არა ცეცხლსასროლი იარაღით. თავდამსხმელი ღიად ამბობდა, რომ მისი მიზანია `დაელოდოს ნენსი პელოსის და პასუხი აგებინოს` მას.
როგორც ჩანს, გულისხმობდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების `მოპარვას` იმ ნარატივის შესაბამისად, რასაც ტრამპი და რესპუბლიკელები ავითარებენ.
ამ ინციდენტმა უდიდესი რეაქცია გამოიწვია მთელს ამერიკაში და აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას `გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე` უკვე 8 ნოემბრის საშუალედო არჩევნების დროს.
. . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის პროკურატურა იძიებს ქალების სექსუალური შევიწროვების ფაქტებს ბრიტანულ წყალქვეშა ნევებზე. უკვე ათეულობით საქმეა აღძრული.
წყალქვეშა ნავებზე ქალები არ მსახურობდნენ 2011 წლამდე, როცა ეს შესაძლებელი გახდა ბრიტანელ ფემინისტთა მოთხოვნების შესაბამისად.
არადა ფსიქოლოგები მათ აფრთხილებდნენ, რომ წყალქვეშა ნავი (დახურული სივრცე), სადაც მეზღვაურები ზოგჯერ 4-5-6 თვის განმავლობაში იმყოფებიან, თავისთავად ქმნის სტრესულ გარემოს რაც ზრდის ამგვარი დანაშაულებრივი `harassment` -ის ანუ სექსუალური შევიწროვების ალბათობას.
ტრადიციულად კი, ქალები გემებზე არ მსახურობდნენ XIX საუკუნის ბოლომდე და XX საუკუნემდე, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა ფემინისტური მოძრაობების შედეგად.
ახლა ქალები არათუ მსახურობენ მაგალითად ამერიკის ფლოტზე, არამედ წარმატებული მეთაურებიც არიან რამდენიმე ფრეგატისა ფრთოსანი რაკეტებით.