საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ივლისი 2022 წელი

ირკვევა, რომ მოსკოვი მხოლოდ ბიჭვინთის კომპლექსის გადაცემას კი არ მოითხოვს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისგან, არამედ აფხაზეთის მთელი ენერგეტიკის, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზებისა.

კიდევ უარესი: უკვე მზადდება კანონპროექტი, რომლითაც აფხაზეთის მთელი ენერგეტიკა გადაეცემა რუსეთის ენერგოკომპანიებს.

მათ შორის, ამ კანონით,  `მართვაში` გადაეცემა ენგურჰესიც

როგორც ცნობილია, ენგურჰესის სამართავი პულტი მდებარეობს გალის რაიონის სოფელ საბერიოში და მას 1993 წლიდან (სეპარატისტული ომის დასრულებიდან) აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ.

ქართული მხარე მთლიანად აკონტროლებს ენგურჰესის კაშხალს.

ამიტომ, ეს სტრატეგიოული ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ იმ პირობით, რომ ქართული მხარე ამუშავებს ენგურჰესის კაშხალს (თუმცა შეუძლია ენგურის წყალი ძველ კაშხალში გაუშვას, მაგრამ მაშინ ენგურჰესი მოკვდება) ხოლო აფხაზური მხარე ნებას რთავს ქართველ ენერგეტიკოსებს იმუშავონ საბერიოში, ოღონდ იმ პირობით, რომ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიიდან იმდენს გადასცემენ აფხაზეთს, რამდენსაც სოხუმი მოითხოვს.

 ეს არის სამართავი პულტის დანიშნიულება

ადრე აფხაზები 40%-ს ითხოვდნენ, 60% რჩებოდა საქართველოს მხარეს.

მაგრამ კრიპტოვალუტის, ბიტკოინის მაინინგის განვითარების კვალობაზე, 70%-ზე მეტი მიაქვთ აფხაზებს ენგურჰესიდან უკვე.

ენგურჰესის და აფხაზეთის ელექტროგადამცემი ხაზების რუსეთისათვის გადაცემა იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში ყოველ კილოვატსაათს გააკონტროლებს რუსეთი. შესაბამისად, მაინინგისთვის ამ ელექტროენერგიას აფხაზები ვეღარ გამოიყენებენ და რუსეთი ამ ელექტროენერგიას კრასნოდარის მხარეს, სოჭს მიაწვდის - დასაკუთრებული ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით.

გამორიცხულია ამას სოხუმის რეჟიმი ნებაყოფლობით დაეთანხმოს.

ისევე, როგორც არ დაეთანხმა ბიჭვინთის გადაცემას და პარლამენტი ისე წავიდა არდადეგებზე, ეს საკითხი (შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირება) არც კი განუხილავს. იგივე ბედი ეწევა უეჭველად ამ კანონსაც `ელექტროგადამცემ ხაზებზე` და ენგურჰესის მართვაში გადაცემაზე.

სოხუმში საინტერესო ტექნოლოგია მოიფიქრეს, როგორ და რა საბაბით უთხრან მოსკოვს უარი ბიჭვინთის გადაცემაზე: გუშინ თურქეთში აფხაზური დიასპორის ერთ-ერთმა თემმა (რამდენიმე სოფელია) გაავრცელა განცხადება, რომ ეს მიწები, ბიჭვინთაში, რასაც ახლა პუტინი მოითხოვს თავხედურად, იმ მათი წინაპრების საკუთრება იყო, რომლებიც  რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნიდან აყარა ამ მიწებიდან, გენოციდი მოუწყო და თურქეთში გააძევა.

ამიტომ ეს მიწები ახლა პუტინს კი არა, მათ უნდა დაუბრუნდეთ.

 

აქ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ის არის, რომ მოსკოვი ვერ ბედავს ჯერ-ჯერობით აფხაზური რეჟიმის დასჯას ამ სპექტაკლებისთვის (როცა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლება ვითომ მომხრეა შესრულდეს მოსკოვის მოთხოვნები, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება - წინააღმდეგია), ვერ ბედავს ცაკეტოს საზღვარი, ვერ ბედავს შეუწყვიტოს ფინასური დახმარება, რადგან აფხაზები ატეხავენ სკანდალს, მათ შორის მსოფლიო, ქართულ და რუსულ მედიაში, გამოიყენებენ მოსკოვში, რუსულ სახელმწიფო სათათბიროში ჩერქეზი/ადიღე  და სხვა ჩრდილო კავკასიელი ეროვნების დეპუტატებს და ა.შ და ა.შ.

ეს სკანდალი ახლა პუტინს არ აწყობს. ამიტომაც არ მიმართავს `დასჯის` მეთოდებს.

ირკვევა ასევე, რომ კიდევ ერთი მოთხოვნაა რუსეთისათვის ოჩამჩირის და სოხუმის პორტების გადაცემა `მართვაში`.\აფხაზები არც ამას თანხმდებიან და  ესეც უშედეგო იქნება.

 

რუსეთს უდიდესი ბერკეტებია აქვს სოხუმის `დასასჯელად`, მაგრამ (ვიმეორებ) ვერ ბედავს ამ ბერკეტების გამოყენებას დღეს, როცა უკრაინის ომში ჩაეფლო.

ხოლო აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის აღიარება` 2008 წელს, პუტინ-მედვედევის რეჟიმის ერთადერთი ვითომ `ვაი-მონაპოვარია`.

 

სხვათა შორის, აქვე დავაკვირდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ბოლო დროს აფხაზებმა, აფხაზურმა მედიამ, მათ შორის ოფიციოზმა (ანუ სეპარატისტულ მთავრობასთან დაახლოებულმა მედიამ) მოუხშირა ღარიბაშვილის განცხადებების ციტირებას - ჩვენ ავიცილეთ ომი....ჩვენ არ გვინდა ომი.....და ა.შ.

მერედა, როდის იყო აფხაზური მედია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს აციტირებდა?!

საერთოდ არ იყურებოდნენ აქეთ.

მაგრამ ახლა დასჭირდათ `რატომღაც` ღარიბაშვილის განცხადებები.

დასჭირდათ იმიტომ, რომ  მოსკოვი `ლბილად` დააშანტაჟონ: ხომ ხედავთ ქართველებიც კი ჩვენდამი სამტროდ არ არიან განწყობილნი და თქვენ `ხრუშჩოვის აგარაკის` გამო მოკავშირე აფხაზეთთან ურთიერთობას რატომ იფუჭებთო.

 

მე შეგახსენებთ აბსოლუტურად უტყუარ, 100%-იან აფქტს:

2008 წლის 10-11 აგვისტოს, როდესაც რუსმა აგრესორებმა, გენერალ შამანოვის მეთაურობით, ენგური გადმოლახეს და ზუგდიდში, მერე სენაკში შეიჭრენ, რუსებთან ერთად იქ შემოიჭრენ ე.წ. `აფხაზური არმიის` ქვედანაყოფები. სულ მცირე წინააღდმეგობის შემთხვევაშიც კი, ისინი მზად იყვნენ საბრალო სამეგრელო აეოხრებინათ და გაეუპატიურებინათ.

გალის რაიონის აფხაზი ნაცისტი `ადმინისტრაციის მეთაური` თემურ ნადარაია იმ აფხაზურ ჯარს შემოჰყვა ზუგდიდში და იქ თავისი ნათესავები (ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები) გაძარცვა: მათი სახლებიდან  გაზიდა ყველაფერი და მანქანები წაიყვანა.

ეს არის 100%-იანი ფაქტი.

პირველწყაროებიდან ვიცი.

თავს დავდებ მის ნამდვილობაზე.

მერე ეს აფხაზი-ნაცისტი ჩაფრები რუსის ჯარს გაყვნენ სენაკში და სენაკის სამხედრო ბაზის ძარცვაში მიიღეს მონაწილეობა.

სულ მცირე წინაღმდეგობაც კი რომ შეხვედროდათ სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, სამეგრელოში, რუსებთან ერთად ეს ნაცისტები და ქართველთმოძულენი გადაწვავდნენ და გადაბუგავდნენ სენაკსაც, ზუგდიდსაც და მთელს სამეგრელოსაც.

არავის დაინდობდნენ - არც ქალს და არც ბავშვს.

ახლა კი....ღარიბაშვილს ციტირებენ: აფხაზ ძმებთან ომი არ გვინდა და ამერიკა (!!!) გვაიძულებსო.

პარანოია.

. . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის არმიამ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა `ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია` დაიწყო მასშტაბური მანევრები ტაივანის საზღვაო წყლებთან მას შემდეგ, რაც რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველაფრის მიუხედავად, თითქოს, აშშ კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანზე გაფრინდა.

 ჩინეთის არმიის სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფოს, მენევრების განმავლობაში ეკრძალება ტაივანის საზღვაო სივრეცში ან/და საჰაერო სივრეცში შესვლა.

ეს ომია?!

აშშ წყნარი ოკეანის სარდლობა აცხადებს, რომ მზად არის გამოიყენოს ძალა ყველა მოქალაქის, მათ შორის ნენსი პელოსის უფლების დასაცავად, ჩაფრინდეს კანონიერად იქ, სადაც სურს.

ეს ჟურნალისტებს განუცხადა კონფიდენციურმა წყარომ პენტაგონში.

. . . . . . . . . . . . . .

პუტინი კვლავინდებურად ვერ ბედავს მობილიზაციის (თუნდაც ნაწილობრივი მობილიზაციის) გამოცხადებას რუსეთში და ეს გარემოება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რამაც შეიძლება მას ომი წაააგებინოს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ქალაქებს (მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, კრასნოდარი) დაევალათ ე.წ. `მოხალისეთა ბრიგადების` ჩამოყალიბება. ყოველ ასეთ მოხალისეს გადაუხდიან თვეში 300 000 რუბლს ეს არის დაახლოებით 5 ათასი დოლარი დღეს.

თუმცა სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ თუნდაც  სულ ოდესღაც სხვადასხვა  სამხედრო მოქმედებებში მონაწილე პირები შეკრიბოს ახლა პუტინმა ამ გზით და თვეში თუნდაც 10 000 დოლარი გადაუხადოს, მათი` მარგი ქმედება` არ სცილდება `საზარბაზნე ხორცის` მარგ ქმედებას ომში. იმიტომ, რომ სამხედრო პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა დიდი ხანია დაკარგული აქვთ.

განსხვავებით უკრაინელებისგან, რომლებიც სამშობლოს იცავენ და თან ახლა აქტიურად ამზადებენ მათ აშშ და ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები.

ამჯამად ბევრს ლაპარაკობენ დასაველთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ შესანიშნავ სამხედრო ტექტნიკაზე: HIMARS და სხვა....მაგრამ ნაკლებად ახსენებენ იმას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: მეომრების საბრძოლო მომზადება საუკეთესო ინსტრუქტორების მიერ და მათი საბრძოლო პროფესიონალიზმის ამაღლება.

სწორედ ესაა გადამწყვეტი ბრძოლის ველზე, ანუ On the ground

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება 100%-ით შეუწყვიტა ლატვიას.

ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო მეორე დღესვე (!) მას შემდეგ რაც ლატვიამ ევროკავშირს მიმართა მოწოდებით, შეწყვიტოს რუსეთის მოქალაქეებისათვის (არა მხოლოდ ოლიგარქებისთვის) შენგენის ვიზების გაცემა.

აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ლატვიის სხვადასხვა უწყების პოზიცია რუსეთის მიმართ არ გამოირჩეოდა თანმიმდევრულობით.

იმიტომ, რომ ერთი დღით ადრე,  `შენგენის` თაობაზე მიმართვამდე, ლატვიამ განაცხადა, რომ მზადაა შეიძინოს რუსული გაზი, რაზეც ადრე უარი თქვა.