საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მაისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 8 მაისი 2022 წელი

აფხაზეთის `პრეზიდენტმა` თანამდებობაზე დააბრუნა ოჩამჩირის რაიონის ყოფილი თავკაცი  ბესლან ბიგვავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფორმალურად დროებით გადააყენა მას შემდეგ, რაც ბიგვავამ სოხუმის ცენტრში სროლა ატეხა და რამდენიმე ადამიანი დაჭრა.

`პრეზიდენტ ბჟანიას` ადმინისტრაციამ ბიგვავას თანამდებობაზე დაბრუნება  იმით ახსნა, რომ.... `გვარები შერიგდნენ`,  თურმე `ყველაფერი გაარკვიეს`, ერთმანეთთან გასარჩევი აღარაფერი აქვთ, ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, თხა დაკლეს,  და აბა `აფხაზურ სახელმწიფოს` ამ სროლის საქმეში რაღა ესაქმებაო.

ასეთია აფხაზური ` სახელმწიფოებრივი ლოგიკა`: `გვარებმა გაარჩიეს საქმე, შერიგდნენ და......

ფაქტობრივად, აფხაზური საზოგადოება არა ცივილიზებული, არამედ პირველყოფილი თემური წყობილების, გვარ-ტომობის, ზოგჯერ კი სამხედრო დემოკრატიის ეპოქაში ცხოვრობს...

აფხაზებისთვის სახელმძღვანელოა არა კონსტიტუცია, კანონი ან ფორმალურად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი არამედ.....ე.წ. `აფსუარა` ანუ გვარ-ტომობრივი ეთიკური კოდექსი. დაუწერელი კანონი ფაქტობრივად: `გვარები შერიგდნენ, ყველაფერი გაარკვიეს და აბა შინაგან საქმეთა სამინისტრო რა შუაშია?`

ქართველებს, ვინც ასე თუ ისე გამოვდივართ შუა საუკუნეების `უღრანიდან`, გვიჭირს იმის გაგება/გააზრება, რომ ის ხალხი სხვა განზომილებაში, სხვა ეპოქაში ცხოვრობს.

ანუ სხვა ისტორიულ დრო/ჟამშია გაქვავებული.

 

აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა სამინისტრომ` დიდი განცხადება გააკეთა საქართველოს კანონზე `ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ` და ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოს აფხაზეთი არ არის ოკუპირებული, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც `უბრალოდ, ხელშეკრულებები აქვს  რუსეთთან` რუსეთის ჯარის რესპუბლიკაში ყოფნის და აფხაზეთის საზღვრების რუსი მესაზღვრეების მიერ დაცვის შესახებ.

ახლა რამ გაახსენათ საქართველოს კანონი, რომელიც დიდი ხნის წინ - რუსეთის აგრესიის შემდეგაა მიღებული?

მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტეს მასზე განცხადების გაკეთება?

იმიტომ, რომ რუსეთის წარუმატებლობამ უკრაინაში, - ფაქტიურად დამარცხებამ, რაც მოსკოვმა განიცადა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით, აფხაზური ელიტები დააფიქრა: ხომ არ ვეძებოთ სხვა რაიმე გარანტიები და ეგება დასაველთთანაც ვცადოთ დიალოგიო? საამისოდ  კი საქართველოსკენ გარკვეული `შემობრუნებაა` აუცილებელი, რადგან კარგად იციან: არავინ საქართველოს გარეშე მათ არ დაელაპარაკებათ!

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებენ ამ განცხადებით: `მოდით, ჯერ ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმეთ და მერე რაღაცეებზე ვილაპარაკოთ, - ეგება კომპრომისსაც მივაღწიოთო.

თუმცა ჯერ ერთი, `ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ` კანონის გაუქმება საქართველოს მხრიდან სეპარატიზმის ხელშეწყობა იქნება და აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარებადაც კი გამოჩნდება მსოფლიოს თვალში და მეორეც: ამგვარი `მინიშნება` აფხაზეთიდან ადრეც ყოფილა... თუმცა, ნებისმიერი საგნობრივი მოლაპარაკება კონკრეტულ საკითხებზე უშედეგოდ მთავრდებოდა: აფხაზური მხარე, სხვას რომც ყველაფერს თავი დავანებოთ, არ თანხმდებოდა და არ თანხმდება ელემენტარულს: რომ ქართველ ბავშვებს გალის რაიონში ქართულად სწავლის უფლება ჰქონდეთ. ვგულისხმობ საგნების სწავლას ქართულ ენაზე. ამჟამად გალის სკოლებში ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა. სხვა ყველა საგანი კი - რუსულად.

როცა აფხაზებს სხვადასხვა ქართული ხელისუფლება ამაზე ელაპარაკებოდა, ასეთ პასუხს იღებდა და იღებს: `გალში ვინც ცხოვრობს სინამდვილეში აფხაზები არიან ყველანი, უბრალოდ ლავრენტი ბერიამ გააქართველა და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავის აფხაზურ  ძირებს დავუბრუნოთ ეს ბავშვები. ქართულად თუ ისწავლეს საგნები, მაშინ ხომ ისევ ქართველებად დარჩებიან და აფხაზები ვეღარ გახდებიანო`....

აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის ეთნიკური იდენტობის შეცვლა ამგვარი ხერხებით არის გენოციდის ერთ ერთი ფორმა!

საერთაშორისო სამართლით, გენოციდი მხოლოდ ხოცვა-ჟლეტა როდია. გენოციდია, როცა ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს, ეთნოსს, აიძულებ ეთნიკური იდენტობა შეიცვალოს.

ფაქტობრივად, გალის რაიონში აფხაზეთის ხელისუფლება გენოციდს ახორციელებს: თუ ქართველი იტყვის, რომ ისიც და მისი შვილიც აფხაზია და არა ქართველი, მას აძლევენ აფხაზურ პასპორტს. ესე იგი აქვს უფლება ჰქონდეს საკუთრება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ გაჯიუტდება და იდენტობას არ შეიცვლის, აძლევენ მხოლოდ ცხოვრების უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სახლიც კი არ არის მისი, სადაც ცხოვრობს.

ანუ სახლი, რაც მისმა პაპის პაპამ ააშენა აფხაზეთში, მემკვიდრეობითაც კი არ გადავა მის შვილზე. ანუ ის რომ მოკვდება, სახლი აფხაზეთის სახელმწიფოს საკუთრება გახდება.

ასეთ ფაშისტურ პოლიტიკას რომ ატარებს, იმ ხელისუფლებასთან `მოლაპარაკებას` რამდენად აქვს აზრი, უკომენტაროდ......

 

აფხაზეთში წელს განსაკუთრებით აღნიშანეს მუსულმანური დღესასწაული ურაზა ბაირამი.

მეჩეთები არა აქვთ. მეჩეთებად ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები გადააკეთეს.

ადრე აფხაზეთის ხელისუფლება ასე მასშტაბურად არ აღნიშნავდა ხოლმე ისლამურ დღესასწაულებს, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ იმ აზრის კულტივირებას, რომ თურმე ნუ იტყვით, ისინი არიან ყველაზე ძველი ქრისტიანები მთელს კავკასიაში, თორემ ქართველები სად  იყვნენ საერთოდ?

სინამდვილეში, თურქეთის ოტომანთა იმპერიამ XV-XVI-XVII საუკუნეებში აფხაზეთის გამაჰმადიანება მასობრივად შეძლო, აფხაზებმა მასობრივად მიიღეს ისლამი, ხოლო მაგალითად სამეგრელომ ან გურიამ ან იმერეთმა  - არა.

შესაბამისად, თურქეთის იმპერია ქრისტიანებს სასტიკად სჯიდა, ყოველნაირ შეზღუდვებს უწესებდა, ხოლო აფხაზებს პირიქით - პრივილეგიებს ანიჭებდა, საგადასახადო შეღავათებს აძლევდა, მიწაზე საკუთრების უფლებასთან ერთად;

 ქართველ ქრისტიანებს ამ დროს მიწაზე უდიდეს გადასახადს ავალებდა, რათა შეექმნა მათთვის მოტივაცია მასობრივად განეგდოთ ქრისტე და მიეღოთ ისლამი.

თუმცა საქართველოს მხარეთა უმრავლესობამ მასობრივად ისლამი მაინც არ მიიღო და მასობრივად ქრისტიანობაზე უარი არ უთქვამს. განსხვავებით აფხაზებისგან.

ახლა კი `ჩვენზე დიდი ქრისტიანები არიან`.

რაც შეეხება წელს აფხაზეთში ურაზა ბაირამის განსაკუთრებით აღნიშვნას, ისევ და ისევ იმითაა განპირობებული, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში და აფხაზური ელიტები ცდილობენ უფრო თურქეთზე `გადაორიენტირდნენ`.

აქვე უნდა ითქვას, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორა 1992-1993 წწ ომის დროსაც, ომის შემდეგაც და ახლაც ძალიან დიდ დახმარებას უწევთ. ამაში თანამედროვე თურქეთის მმართველ წრეთა გარკვეული ნაწილიც ეხმარება სეპარატისტებს.

სინამდვილეში, აფხაზთა მხოლოდ მცირე ნაწილია ქრისტიანი. უმეტესობა კი ფარული მაჰმადიანია. ახლა ეს `ფარული ნაწილი` უფრო აქტიურად გამოდის ასპარეზზე

 

9 მაისს `გამარჯვების აღლუმი` არა მხოლოდ მოსკოვში, წითელ მოედანზე, არამედ სოხუმში, `მაჰაჯირთა სანაპიროზეც` გაიმართება.

`მაჰაჯირები` ეწოდებათ იმ აფხაზებს, რომლებიც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ გაყარა სამშობლოდან - თურქეთში და არაბულ ქვეყნებში.

`მაჰაჯირთა სანაპიროზე` სამხედრო აღლუმში ძირითადად მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული საოკუპაციო ჯარები. და ასევე აფხაზური შენაერთებიც.

აქვე უნდა ითქვას, რომ რუსული კონტინგენტის დიდი ნაწილი უკრაინაშია გადასროლილი. ამიტომ მათ შეავსებენ რუსული ФСБ-ს თანამშრომლებით. ჩააცმევენ სამხედრო ფორმას და სპეცსამსახურთა თანამშრომლებს გამოიყვანენ მაჰაჯირთა სანაპიროზე, როგორც მეომრებს.

 

საქართველო-რუსეთის საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე (რასაც სეპარატისტები რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს უწოდებენ) დიდი საცობებია. რუსები კვლავინდებურად მოდიან ძირითადად ერთდღიანი ტურისტული მარშრუტებით რიცას ტბაზე, ასევე ახალი ათონის მონასტერში.

მაგრამ აფხაზები ჩივიან, რომ რუსები არ რჩებიან აფხაზეთში დიდი ხნით: როგორც  მაგალითად თბილისში ან  ბათუმში.

რატომ? ხომ თითქოს ქართველ ლტოლვილთა  სახლები სულ იოლად შეუძლიათ იქირავონ  აფხაზეთში? თან ძალიან იაფად? მთელი სახლები, ეზოიანად, წყაროიანად და ა.შ.

ბათუმში 700-800-900 დოლარს იხდიან რუსები 1-2 ოთახიან ბინაში, აფხაზეთში ბევრად იაფად შეუძლიათ იქირავონ იმავე ვადით; თუმცაღა  ბათუმში, თბილისში მოდიან, აფხაზეთში კი არა.  რატომ?

იმიტომ, რომ აფხაზეთი არის ბანდიტური ანკლავი... აფხაზეთი არის `კავკასიური ჰარლემი`... სადაც ქურდობა, გატაცება, მკვლელობა, გამოძალვა, თავდასხმა, სროლა, დაჭრა ყოველდღიურობაა.

ამიტომ რუსებისთვის ბევრად კომფორტულია თბილისში და ბათუმში იქირავონ ბინები 6 თვით, ვიდრე აფხაზეთში.

 

ისტორიული მეგალომანია აფხაზებსაც შეეყარათ: საზეიმოდ აღნიშნეს სოხუმის 2 505 წლისთავი.

საბჭოთა პერიოდში თბილისის იუბილე იმართებოდა  ხოლმე ვახტანგ გორგასლის ეპოქის მოვლენათა გათვალისწინებით - `თბილისი 1 500 წლისაა`.

ამაზე სომხებმა პასუხი გაგვცეს: `ერევანი 2 800 წლისაა`. - -  ურარტუს მეფეს, არგიშდის დაუკავშირეს ერევნის დაარსება ჩვენს `ჯინაზე`.

როგორც სჩანს აფხაზებსაც ანალოგიური ამბიციები აქვთ სოხუმის მიმართ. თუმცა არგუმენტები გაუგებარია: რა 2 505, რის 2 505?.....რატომ არა 2 508 ან 2 517? კოლხეთის სამეფოს და არგონავტებს რომ ითვისებენ გასაგებია, ამას მიჩვეულნი ვართ,  მაგრამ... 2 505 არავითარ ქრონოლოგიაში არ თავსდება.

თუ ბერძნული დიოსკურია აქვთ მხედველობაში, ან რომაული სებასტოპოლისი, რომელიც ბევრად გვიან იყო... ამათთან  აფხაზეთი  რა შუაშია?