საერთაშორისო მიმოხილვა. 9 მარტი. 2023 წელი
აფხაზეთში გრძელდება ე.წ. `კრიპტოვალუტის აპარატებზე` ნადირობა.
თუ რამდენად მასშტაბურია კრიპტოვალუტის უკანონოდ მოპოვება, თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მხოლოდ გასულ კვირას სამასამდე აპარატია ამოღებული.
ბლოგერების აზრით, ის რასაც ახლა აფხაზეთის ხელისუფლება აკეთებს კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით, რათა თუნდაც შეამციროს ელექტროენერგიის მოპარვა, არის `საცრით წყლის დაჭერის` მაგალითი. ვერაფერს შეძლებს, რადგან აფხაზეთში ყველა - ყველას ნათესავია და ეს კორუფციაც აღარ არის - ბევრად უარესია.
თუმცა აფხაზეთის `ხელისუფლება` იძულებულია თუნდაც სცადოს, რადგან კრიპტოვალუტის მაინინგმა განადგურების პირას მიიყვანა აფხაზეთის ელექტროგადამცემი ხაზები.
ელექტროენერგია აფხაზებს ფაქტიურად უფასოდ აქვთ (ენგურჰესიდან), მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზები ნადგურდება. მათ გარეშე კი გინდა გქონია ელექტროენერგია და გინდა არა.
`პრეზიდენტმა ბჟანიამ` ახლა მოიფიქრა, რომ რუსეთს სთხოვოს მილიარდნახევარი რუბლის კრედიტი, რათა შეაკეთოს ელექტროგადამცემი ხაზები. თუმცა მოსკოვმა საეჭვოა ეს კრედიტი გამოუყოს, რადგან აფხაზები არ აძლევენ პუტინს ბიჭვინთის აგარაკს და სხვა გადაწყვეტილებებსაც დღემდე არ იღებენ. მაგალითად რუსებისთვის ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
თითქოს გამოსავალია ელექტროგადამცემი ხაზების რუსეთის საკუთრებაში გადაცემა, მაგრამ აფხაზები ამის წინააღმდგიც არიან და `პრეზიდენტ ბჟანიას` სამშობლოს გაყიდვაში ადანაშაულებენ.
ელექტროენერგიასთან დაკავშირებით აფხაზეთი ისეთ პოლიტიკურ კრიზისში შედის, რომ იქედან გამოსვლა ბჟანიას გაუჭირდება და არ არის გამორიცხული გადადგეს.
. . . . . . . . . . . . . . .
სერიოზული ამერიკული წყაროები იტყობინებიან, რომ ამერიკული CIA ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში აფრთხილებდა წინასწარ ევროპას, რომ ჩრდილო ნაკადის გაზსადენებზე მოსალოდნელია დივერსია. CIA დირექტორი უილიამ ბერნსი და აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი დახურული არხებით ატყობინებდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ გაზსადენებს პროუკრაინული ძალები ააფეთქებდნენ.
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა წინასწარ შეიტყვეს, რომ სამი უკრაინელი მოქალაქე ცდილობდა ევროპულ ქვეყნებში, უპირველესად გერმანიაში იახტის დაქირავებას და ბალტიის ზღვაში გასვლას.
გამოძიება, რაც დასაველთში ახლა წარმოებს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა დაიქირავეს იახტა ჰამბურგში, ამ იახტათი გავიდნენ ზღვაში, დაამაგრეს ასაფეთქებლები გაზსადენებზე და ააფეთქეს.
ჯერ ჯერობით ოფიციალური ბერლინი კიევს პირდაპირ არ ადანაშაულებს დივერსიის მოწყობაში. თუმცა ამ ისტორიამ დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ურთიერთობას დასავლეთთან და შეიძლება იმოქმედოს იარაღის მიწოდებაზეც.
თუმცა პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ჩრდილო ნაკადის გაზსადენთა აფეთქება `ევროპისთვის სასარგებლო იქნება, რაკი ევროპა აღარ აღმოჩნდება რუსეთთან დამოკიდებულებაში`.
აქ ნიშანდობლივია, თუ რამდენად ყურადღებით ადევნებენ თვალს ამერიკული სპეცსამსახურები პროცესებს, რომ სამი უკრაინელი მოქალაქის მცდელობა შენიშნეს, დაექირავებინათ იახტა ჰამბურგში და გერმანიის სხვა ქალაქებში.
ამერიკელები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ იცოდა დივერსიის შესახებ და ამ ჯგუფის უკან დგას დაუსახელებელი უკრაინელი მილიარდერი.
არ არის გამორიცხული ასეც იყოს: თუკი რუსებს ჰყავთ ევგენი პრიგოჟინი, რატომაა გამორიცხული, უკრაინელებს ჰყავდეთ ვინმე მილიარდერი, რომელიც თავად ჩაიფიქრებდა და განახორციელებდა ამგვარ აქციას?
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში რუსეთის ელჩმა, გენერალმა (!) ანტონოვმა განაცხადა, რომ ამერიკას სურს რუსეთი და მთელი მსოფლიო `საკუთარ ჯუნგლებად` გადააქციოსო.
როდესაც ელჩი (!!!) ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ნულოვან დონეზე დავიდა.
. . . . . . . . . . . . . . .
საოცარი აღმოჩენა გააკეთეს ჩინეთის მკვლევარებმა: ჩინეთის პროვინციათა ვალი 7 ტრილიონ დოლარს (!) აჭარბებს.
რეგიონები ახორციელებდნენ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ვალების აღებით და ახლა ამ ვალების გადახდის დრო დგება, რაც ჩინეთის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება; შეასძლოა სახელმწიფო-პოლიტიკური კრიზისიც გამოიწვიოს: ჩინური ქალაქები აივსო დაუმთავრებელი ცათამბჯენებით: დგას ჩონჩხი, რომელსაც აღარ აშენებენ, რაკი მშენებლობა სესხებით დაიწყეს.
ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ადასტურებს, რომ` ჩინური სასწაული` დასასრულს უახლოვდება.
სხვათა შორის, ჩინეთი რომ რეალურად ვერ გახდებოდა გლობალური ზესახელმწიფო და ვერ გაუწევდა დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკას, სერიოზულ კონკურენციას 21-ე საუკუნეში, ეს ჯერ კიდევ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ იწინასწარმეტყველა წიგნში `დიადი საჭადრაკო დაფა`
ჩინეთი მართლაც `გადაიძაბა` ამ 40 წლიანი მუდმივი ეკონომიკური ზრდით და სტრატეგიული შეცდომები მოსდის: რეგიონულ ხელისუფლებათა ვალებისადმი მიდრეკილება, რაც კომპარტიამაც კი ვერ გააკონტროლა, ამის ნიშანია და შესაძლოა ძალიან ცუდად დამთავრდეს.
ჩინეთის სავალუტო რეზერვი სულ 2 ტრილიონი დოლარია
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლლოიდ ოსტინმა დაბლოკა ამერიკული დაზვერვის მიერ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში იმ მასალების გადაცემა, რაც ადასტურებს რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულთა ჩადენას.
ამერიკის თავდაცვის სამინისტრო ამას ხსნის იმით, რომ არ სურს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიქმნას პ რ ე ც ე დ ე ნ ტ ი, რაც შემდგომში შესაძლოა ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
ამიტომაც, პენტაგონმა დაარწმუნა პრეზიდენტი ბაიდენი, ებრძანა ამერიკული სპეცსამსახურებისათვის, არ გადაეცათ ეს მონაცემები ჰააგაში.
. . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა თურქმენეთში გახსნა საელჩო.
თითქოს დიდი ვერაფერი მნიშვნელოვანი ახალია მბავია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: თურქმენეთი ირანს საკუთარ `გავლენის სფეროდ` მიაჩნია. ამიტომ ირანის ხელისუფლებამ `ზურგში დანის ჩარტყმად` მიიჩნია აშხაბადის გადაწყვეტილება ისრაელის საელჩოს გახსნის შესახებ.
აშხაბადსა და თეირანს შორის ამ დაპირისპირებამ შესაძლოა ის შედეგი გამოიღოს, რომ თურქმენეთმა საბოლოოდ უარი თქვას ირანის ტერიტორიაზე საკუთარ გაზსადენთა გაყვანის პროექტთა განხორციელებაზე.
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მთელი დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოსათვის, რაკი დარჩება ერთადერთი მარშრუტი - კასპიის ზღვის ფსკერზე, აზერბაიჯანსა და საქართველოს გავლით.
თურქმენეთმა, ისრაელის საელჩოს გახსნით, დასავლეთს გაუგზავნა Message, რომ მზადაა მისი ინტერესები უფრო გაითვალისწინოს, ვიდრე მეზობელი ირანისა.
ისრაელი დასავლური სამყაროს ნაწილია. მისი მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აღიქმება, როგორც პროდასავლური.
. . . . . . . . . . . . . . .
ე.წ. `პარალელური იმპორტი` რუსეთში იმდენად მასშტაბური გახდა (პირველ რიგში ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით), რომ რუსეთის ხელისუფლება დაუბრუნდა `კონტრაბანდის` თემას, როდესაც მაგალითად სმარტფონები რუსეთში შეაქვთ გადასახადების გარეშე. ამიტომ ტელეფონების მთელს პარტიებს რუსული საბაჟო აკავებს და ქვეყანაში არ უშვებს.
`პარალელური იმპორტის ჩანჩქერი` რომ არ იყოს ახლა, ბუნებრივია რუსეთის ხელისუფლება `კონტრაბანდულ სმარტფონებს` ბრძოლას არ დაუწყებდა და ამაზე თვალს დახუჭავდა.
ეს ისტორია ადასტურებს, რომ დასავლური სანქციები რუსეთის წინააღდმეგ არ მუშაობს პირველ რიგში სწორედაც `პარალელური იმპორტის` გამო. ეს არ არის იგივე რაც კონტრაბანდა: `პარალელური იმპორტიორები` გადასახადებს იხდიან.
. . . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანი ყველა ფრონტზე უტევს სომხეთს: აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წამოსწია ე.წ. `დასავლეთ აზერბაიჯანის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და გადარჩენის` თემა.
`დასავლეთ აზერბაიჯანში` გულისხმობენ თანამედროვე სომხეთის ტერიტორიას.
საქმე ის გახლავთ, რომ 1988 წლიდან, როცა დაიწყო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, სომხებმა, თუკი რაიმე კვალი არსებობდა აზერბაიჯანელთა იქ ცხოვრებისა, ყველაფერი მოსპეს. დაანგრიეს, კვალიც წაშალეს. არადა ისტორიულად, თანამედროვე აზერბაიჯანელები რა თქმა უნდა ცხოვრობდნენ სომხეთში, თუმცა 1988 წლიდან ყველანი გამოყარეს.
ახლა აზერბაიჯანი, ძალიან ჭკვიანურად, საერთაშორისო ორგანიზაციებში სვამს ამ საკითხს, რომ ეს მემკვიდრეობა უნდა აღდგეს სომხეთის ეტრიტორიაზე და საერთაშორისო საზოგადოებამ შესაბამისი იურიდიული და დიპლომატიური მექანიზმებით უნდა დაიცვას.
ეს არის აზერების პასუხი იმ სომხურ ნარატივზე, რომ აზერბაიჯანი სპობს სომხეთის კვალს შუშაში და სხვა სომხურ ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
აზერებს ეს დიპლომატიური ომი არანაკლებ ოსტატურად გამოსდით, ვიდრე გამოუვიდათ სამხედრო მოქმედებები 2020 წელს.
და აქაც, რასაკვირველია, თურქეთი ძალიან ეხმარებათ.