ჩეჩნეთში საზარელი სასაკლაო გრძელდება
გასულ კვირას რუსეთის ავიაციამ (სხვა მონაცემებით, კასპიის ფლოტის გემებმა) რაკეტები დაუშინეს გროზნოს ცენტრალურ ბაზრობას. დარტყმის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით – დაიჭრა, დაღუპულთა შორის 22 ჩვილია იქვე მდებარე სამშობიარო სახლიდან, რომელიც მთლიანად დაინგრა.
თავდაპირველად, კრემლი ამ დანაშაულს უარყოფდა და ჩვეული ცრუპენტელობით, ურცხვი ტყუილით აცხადებდა – ჩეჩნებმა ერთმანეთი თვითონ დახოცესო. შემდგომ მაინც აღიარეს, რომ ოპერაცია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს, ოღონდ დაბომბვის ფაქტს უარყოფენ – აქაოდა, ოპერაცია «სპეცჯგუფმა» განახორციელა «იარაღით მოვაჭრეთა» გასანადგურებლადო.
ძნელი სათქმელია, მართლა ვაჭრობდნენ თუ არა გროზნოს ბაზარზე იარაღით - გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ იარაღი ბაზრის 2-3 პროცენტი თუ იქნებოდა. ტყუილია, თითქოს გროზნოს ბაზარი სპეციალიზებული «იარაღის ბაზარია». ასე, იარაღი მოსკოვის ბაზრებზეც იყიდება - რაც კარგად აღწერა კინორეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა უკანასკნელ ფილმში «ვოროშილოვსკი სტრელოკ». ასე რომ, «იარაღის ბაზარი» აქ არაფერ შუაშია - სინამდვილეში ეს იყო პირწმინდად დამსჯელი აქცია (კარატელნაია აქცია), მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად.
რაც მთავარია, სამხედრო სპეციალისტთა მტკიცებით, რაკეტები აფეთქდა ჯერ კიდევ ჰაერში – მიწის ზედაპირიდან 20-30 მეტრში, რათა მსხვერპლი მაქსიმალური ყოფილიყო. ასეთ ტაქტიკას «გამომწვარი მიწის მეთოდი» ეწოდება. მკითხველს შევახსენებ, ეგერთ წოდებული, «რუსი ინტელიგენციის» (მწერლების, პოეტების, კინორეჟისორების) ღია წერილებს ქართველი კოლეგებისადმი 1990 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს: «მცირერიცხოვანი ხალხის უბედურებით გულდათუთქულ ჰუმანისტთა» მთავარი ბრალდება სწორედ «გამომწვარი მიწის მეთოდი» იყო, რომელსაც ვითომდა საქართველო ატარებდა «სამხრეთ ოსეთის» მიმართ.
მათი «ღია წერილები» ქვეყნდებოდა არა მხოლოდ რუსულ, არამედ დასავლურ პრესაშიც. საინტერესოა, სად არიან ახლა ის რუსი ინტელიგენტები? ან მათი ქართველი კოლეგები რატომ არ წერენ საპასუხო «ღია წერილებს «იმ აშკარა გენოციდისა და ფაშისტური პოლიტიკის დაგმობით, რასაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს «მცირერიცხოვანი ჩეჩენი ხალხის მიმართ?»
თუ ამ სასაკლაოს ისინი ამართლებენ მოსკოვში ტერორისტული აქტებით, ჯერ ერთი, ვინ დაამტკიცა, რომ ტერორისტული აქტები სწორედ ჩეჩნებმა ჩაიდინეს ან სწორედ ჩეჩნეთიდან ხდებოდა მათი ორგანიზება? გარდა ამისა, სახელმწიფო, რომელიც ტერორისტულ აქტების საპასუხოდ მთელი ერის (ქალების, ბავშვების, მოხუცების) გენოციდს ახორციელებს, - თავადაც «ტერორისტული სახელმწიფოა».
სხვათა შორის, ეს ტერმინი იმავე «კრემლში» მოიგონეს 70-იან წლებში, როდესაც არაბი ტერორისტების დაგმობაზე უარს აცხადებდნენ - ისინი ხომ ისრაელის «სახელმწიფო ტერორიზმს ებრძვიანო მათთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით;
რაც ყველაზე უცნაურია, რუსულ საზოგადოებას არ სურს გაიგოს, რომ დაღესტნელ ტერორისტთა გაუგონარი სისასტიკე (მოსკოვში სახლების აფეთქება) იყო პასუხი რუსული არმიის ასეთივე გაუგონარ სისასტიკეზე დაღესტნის სოფელ ყარამახიში, სადაც უმოწყალოდ ჩახოცეს ქალები, ბავშვები და მოხუცები.
არადა, ისლამისტები იხვეწებოდნენ – ესენი გაატარეთ, ჩვენ ვიომოთ და ჩაგვხოცეთო. თანაც ყარამახი და ჩობანმაჰი «ისლამისტებს» არ დაუპყრიათ; ისინი ჩეჩნეთიდან არ მოსულან - უბრალოდ, ადგილობრივმა მოსახლეობამ (თვით ყარამახელებმა და ჩობანმახელებმა) გამოაცხადა «ისლამური წესრიგი» და საკუთარ სოფლებში ცხოვრობდნენ ისე, როგორც სურდა.
ჩეჩენი ხალხის უეჭველ გენოციდთან დაკავშირებით, ჩეჩნებმა გადაწყვიტეს, მოაწყონ «მშვიდობის მარში» საქართველოს ტერიტორიის გავლით – ევროპისაკენ.
რა თქმა უნდა, ეს იქნება «მშვიდობიანი მსვლელობა» და რუსეთი, რამდენსაც უნდა ეცადოს, მაინც ვერ წარმოადგენს საქმეს ისე, თითქოს საქართველომ თავისი ტერიტორია დაუთმო ჩეჩენ ტერორისტებს. ნამდვილად სწორი იქნება, თუ ამ მარშს შეუერთდებიან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები.
ხოლო თუ მოსკოვი პრეტენზიას გამოთქვამს, ჩვენც შეგვეძლება ვთქვათ, რომ «ოპოზიციას ხელისუფლება ვერ აკონტროლებს», ისევე, როგორც მოსკოვიდან გვპასუხობენ, რომ «კრემლი ვერ აკონტროლებს ოპოზიციურ «გოსდუმას», ამდენად, არ არის პასუხისმგებელი, თუ რუსი დეპუტატები ჩავიდნენ აფხაზეთში და მონაწილეობა მიიღეს რეფერენდუმსა და არჩევნებში».
რასაკვირველია, ბუნებრივი აირის მოწოდება საქართველოს შეუწყვიტეს სწორედ იმისათვის, რათა დავესაჯეთ «ნეიტრალური პოზიციისთვის» ჩეჩნეთის საკითხში – ანუ კრემლში უკვე იმისთვის განგვირისხდნენ, რომ ადრინდელივით მხარი არ დავუჭირეთ (თუმცა, «პირველი ომის» დროს მხარდაჭერის სანაცვლოდ მაინც ვერაფერი მივიღეთ, აფხაზეთში 1998 წლის მაისის მოვლენათა გარდა) და სიმპატიებსაც კი ვამჟღავნებთ ჩეჩენი ხალხისადმი ამ უბედურების ჟამს – მიუხედავად იმისა, რაც ჩეჩენმა საველე მეთაურებმა (ბასაევმა, ისრაპილოვმა და სხვებმა) დაგვმართეს აფხაზეთში.
ოღონდ, აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აფხაზეთის ომის დროს ჩეჩნები ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა მხოლოდ 5-10 პროცენტს შეადგენდნენ. უმრავლესობა კი, ვინც მაშინ საქართველოს ებძროდა, იყვნენ ადიღელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები, ანუ იმ «აფსუა-ადიღური» ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას; დღეს კი, როცა «მოძმე ჩეჩენი ხალხი» (ვითომ რითაა «მოძმე აფსუა ხალხზე» ნაკლები?) ლამის მთლიანად გაწყვიტოს და ისევ გაასახლოს რუსეთმა – სოროებში შეძვრნენ ვირთხებივით.
რაც მთავარია, ასლან მასხადოვი, როგორც იქნა მიხვდა, რომ ერთადერთი, ვინც შეიძლება დაიცვას ჩეჩენი ხალხი, არის დასავლეთი, დასავლური ცივილიზაცია, დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფოები;
ალბათ გახსოვთ იჩქერიის პრეზიდენტის საკმაოდ საეჭვო განცხადებები: «ამერიკა რუსეთზე ბევრად საშიშია, დასავლური, ეგრეთ წოდებული, დემოკრატიაც რუსეთზე საშიშია, რუსეთისა და დამოუკიდებელი ჩეჩნეთის სტრატეგიული ინტერესები თანხვედრია კავკასიაში» და ასე შემდეგ. მერედა, ვინ დაიცვა რეალურად ჩეჩენი ხალხი გაჭირვების ჟამს? მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებულ «კავკასიელ მთიელებს» ან, ეგრეთ წოდებულ «ისლამურ სახელმწიფოებს» (ირანიდან იორდანიამდე და ინდონეზიიდან - საუდის არაბეთამდე) საპროტესტოდ კრინტი არ დაუძრავთ;
სწორედ იმ «წყეულმა დასავლურმა დემოკრატიამ» შეიბრალა და დაიცვა მრავალტანჯული ჩეჩენი ხალხი, სწორედ დასავლეთის დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დაიბარეს გენოციდის მთავარი ორგანიზატორი, პრემიერ-მინისტრი პუტინი ჰელსინკში და გვარიანად გამოლანძღეს, სწორედ დასავლურმა საზოგადოებებმა მოსთხოვეს თავიანთ მთავრობებს, შეეწყვიტათ რუსეთისთვის დახმარება, რაც უკვე განხორციელდა – ტყუილად ეხვეწება მოსკოვი კრედიტის მორიგ ტრანშს საერთაშორისო სავალუტო ფონდს; სწორედ ევროკავშირმა მიიღო პირუთვნელი, განსაცვიფრებლად უკომპრომისო განცხადება კატეგორიული მოთხოვნით რუსეთისადმი – შეწყვიტოს ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
სხვა რა ექნათ – მართლაც და რუსეთს ომს ხომ არ დაუწყებდნენ? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არა დემოკრატიული დასავლეთის პროტესტი, რუს გენერლებს სინდისი და ჭკუა არ დაუშლიდათ, ყოველდღე ისევე დაებომბათ ჩეჩნეთი, როგორც გასულ ხუთშაბათს; რომ არა დემოკრატიული დასავლეთის პროტესტი, ჩეჩნები აქამდე ამოწყვეტილი ეყოლებოდათ. თუნდაც «ნოხისებრი დაბომბვებით» ან ყველას დედაწულიანად გაასახლებდნენ რუსეთის შიდა რაიონებში.
აქედან გამომდინარე, ჩეჩენმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს უნდა ირწმუნოს, რომ მისი ერთადერთი ნამდვილი თანამგრძნობი და მშველელი სწორედ ის «დასავლური დემოკრატიაა», რომლის კავკასიაში «შემოსვლის» საწინააღმდეგოდ ასლან მასხადოვი ადრე განცხადებებს აკეთებდა და რუსეთს ამ საქმეში «დამოუკიდებელი ჩეჩნეთის» მხარდაჭერასაც კი სთავაზობდა.
ჩეჩენ ხალხს თანაგრძნობა არ გამოეპარება და არც დაავიწყდება, ამიტომ სავსებით გამართლებულია, საქართველომაც გამოხატოს თანადგომა და თანაგრძნობა თუნდაც სიმბოლური აქციებით, თუნდაც მცირე ოდენობის ლტოლვილთა მიღებით – ნურავის მოეჩვენება შეუთავსებლად დემოკრატია და «კავკასიელობა»; პირიქით, მთელი კავკასიის თავისუფლება მხოლოდ ამ ცნებათა შესისხლხორცებითაა შესაძლებელი.
რუსეთი კომუნიკაციებს ვერ გადაგვიჭრის
გასულ კვირას კიდევ ერთხელ გახდა საცნაური, რომ «ევრაზიის დერეფნისა» და «დიდი აბრეშუმის გზის» იდეა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტიათა შექმნას.
რასაკვირველია, ბუნებრივი არის მოწოდება რუსეთისთვის პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტია – დავალიანება მხოლოდ ფორმალურ მიზეზი გახდა. სხვა საკითხია, რომ ფორმალური მიზეზიც არ უნდა მისცე, მაგრამ რეალურად ასე არ ხდება – დსთ-ის უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს «გაზპრომის» უზარმაზარი დავალიანება, მაგრამ მათ მოსკოვი გაზს არ უკეტავს.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ბუნებრივი აირის შეწყვეტა განპირობებული იყო რუსეთის უკმაყოფილებით იმის გამო, რომ «ჩეჩნეთის საკითხში» საქართველომ მას მხარი არ დაუჭირა. მაშასადამე, ამ გზით (წინასაარჩევნოდ) მოინდომეს ქვეყნის ხელისუფლების დასჯა და მოსახლეობის უკმაყოფილების პროვოცირებით ოპოზიციის (განსაკუთრებით «მემარცხენე» და «პრორუსული» ოპოზიციის) გაძლიერება.
რუსეთის ამ აქციას ქართული მასმედიის შესაბამისი კომენტარიც მოჰყვა: ხელისუფლება, რომელიც ხალხს არჩევნების შემდეგ მთელი ქვეყნის გაზიფიკაციას დაჰპირდა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხალხი გაზის გარეშე დატოვაო.
იგულისხმება: რუსეთისადმი უკომპრომისო პოლიტიკამ გააღიზიანა მოსკოვი და მანაც, საქართველო ამ ხერხით დასაჯა».
რა ღირს დამოუკიდებლობა?
«დამოუკიდებლობა» კონკრეტული ცნებაა, დღეს შექმნილ ვითარებაში «დამოუკიდებლობა» სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლად განსაზღვროს პოზიცია ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით – საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ეს ინტერესები კი არათუ ემთხვევა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას, ვინაიდან რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ნამდვილად შეესაბამება საქართველომ მხარი დაუჭიროს მის «დამსჯელ აქციას» ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ.
სამაგიეროდ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეს სულაც არ შეესაბამება, ანუ სულაც არ გვაძლევს ხელს, ჩეჩენი ხალხის ეროვნულ მეხსიერებაში საქართველო კვლავ ასოცირდეობდეს მათ გენოციდთან და ხოცვა-ჟლეტასთან (როგორც XIX საუკუნეში, ან თუნდაც, სტალინის ეპოქაში).
მაშასადამე, სწორედ მოიქცა ოფიციალური თბილისი, როდესაც მხარი არ დაუჭირა რუსეთის აქციას და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა? – საქართველოში ვერავის ათქმევინებ, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე უარი უნდა ეთქვა და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ემოქმედაო; თუ ასეა, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი ბუნებრივ აირის მიწოდებასაც შეგვიწყვეტს და, საერთოდ, ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა გვაიძულოს, ვიმოქმედოთ მისი ინტერესების და არა საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
ამისთვის საზოგადოება ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს და არ უნდა იქმნებოდეს აბსურდული ვითარება, როდესაც, ერთი მხრივ «დამოუკიდებლობა» თითქოს ყველას უნდა, მაგრამ ამ «დამოუკიდებლობისთვის» არავის სურს მოიკლოს კომფორტი, რომელსაც ბუნებრივი აირი ქმნის თითოეული ჩვენგანის ოჯახში გაზქურის გათბობის ან თბილსრესში გამომუშავებული ელექტროენერგიის სახით.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოწოდების აღდგენას, რუსეთმა უბრალოდ, სომხეთი ვერ გაწირა (მისი სტრატეგიული მოკავშირე), რომელიც საქართველოს გავლით იღებს ბუნებრივ აირს.
მით უმეტეს, რომ გვქონდა ალტერნატივა «ევრაზიული ხიდის» მეორე საყრდენის – აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის სახით.
დილის გაზეთი, 31 ოქტომბერი, 1999 წელი