კვირის მიმოხილვა: ვლადისლავ არძინბას მეორედ მოსვლა

კვირის მიმოხილვა: ვლადისლავ არძინბას მეორედ მოსვლა

 

    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, უდავოდ, თბილისში ვლადისლავ არძინბას «სტუმრობა» იყო. არ არის გამორიცხული, ეს ვიზიტი წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენადაც იქცეს, თუ ზოგიერთი პროგნოზი (რომელთა შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი) - გამართლდა.
    ვლადისლავ არძინბა პირველად არ არის თბილისში. ოთხმოციანი წლების ბოლოს მან ჩვენს დედაქალაქში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მცირე ხნით ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მეცნიერის ბინაშიც ცხოვრობდა; მეორედ ზვიად გამსახურდიას ეწვია 1990 წლის ნოემბერში.
    მაშინ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ძალზე მნიშვნელოვან კომპრომისს მიაღწიეს. 1992 წლის აგვისტოში ედუარდ შევარდნაძე გულმოდგინედ ეპატიჟებოდა არძინბას თბილისში, კერძოდ, რუსეთის ჯარების შტაბში - მოლაპარაკების გასამართავად, მაგრამ სეპარატისტთა ლიდერი მაშინ ამაზე არ დათანხმდა, ვინაიდან თბილისში ჩამოსვლა მიმდინარე ომის დროს «დამამცირებლად მიაჩნდა».
    ხუთშაბათს დილით, ედუარდ შევარდნაძისა და მისი გარემომცველი «ვიწრო წრის» გარდა, არავინ იცოდა, რომ სოჭიდან ევგენი პრიმაკოვი არძინბასთან ერთად ჩამოფრინდებოდა. როგორც ჩანს, ამის თაობაზე შევარდნაძემ, პრიმაკოვმა და არძინბამ ჯერ კიდევ ოთხშაბათს მოილაპარაკეს - მას შემდეგ, რაც შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებდა ბორის ელცინის მითითებათა შესაბამისად.
    ბედის ირონიაა, მაგრამ პრიმაკოვს მჭიდრო კავშირი ჰქონდა მთელი ცხოვრება როგორც ედუარდ შევარდნაძესთან, ასევე ვლადისლავ არძინბასთან. პრიმაკოვი «თბილისელი ბიჭია», - იგი ჩვენ ქალაქში გაიზარდა და აქ დაიწყო თავისი ბრწყინვალე კარიერა. ედუარდ შევარდნაძემ იგი ადრევე შეამჩნია, გამოარჩია და ყოველმხრივ ხელი შეუწყო.
    როდესაც საქართველოს «ცკ»-ს პირველი მდივანი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, მან პრიმაკოვი არ დაივიწყა და უზარმაზარი იმპერიის ელიტაში შეიყვანა. რაც შეეხება არძინბას, ის პრიმაკოვის დირექტორობისას მუშაობდა საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. 1978 წელს, პრიმაკოვსა და არძინბას შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა, ვინაიდან პრიმაკოვმა არ აპატია არძინბას აფხაზეთში ანტიქართულ გამოსვლებში აქტიური მონაწილეობა. სწორედ მისი ფარული მითითებით «ჩაუგდეს» სეპარატისტთა მომავალ პრეზიდენტს სადოქტორო დისერტაცია «ხეთთა სამეფოს ისტორიიდან»; სამაგიეროდ, ეს დისერტაცია ზარ-ზეიმით დაუმტკიცეს თბილისში, - კიდევ ერთი დასტური ქართველთა ინტერნაციონალიზმისა.
    თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას, ვლადისლავ არძინბა აშკარად შეცბუნებული ჩანდა. მიუხედავად მისი მძვინვარე ფანატიზმისა, იგი მაინც აცნობიერებს, რომ ასიათასობით ადამიანი გაამწარა და მოსისხლე მტრად გადაიკიდა. მაგრამ თანდათანობით არძინბა «გათამამდა» და შევარდნაძის რეზიდენციაში თავი გამომწვევადაც კი ეჭირა. იგი უშნოდ აიმრიზა, როდესაც შევარდნაძე გადაეხვია, ხოლო მოლაპარაკებისას ტონი კიდევ უფრო გაამკაცრა. ევგენი პრიმაკოვმა «საქართველოს და აფხაზეთის ლიდერები» მარტო დატოვა (შევარდნაძე ჟურნალისტებს ეხუმრებოდა - «იქნებ თქვენც დარჩეთო») და გარეთ გამოსვლისთანავე განმარტა, რომ «ერთი-ერთზე უფრო მოილაპარაკებენო».
    პირისპირ საუბარმა დაახლოებით ორ საათს გასტანა. შემდეგ შევარდნაძე და პრიმაკოვი საუბრობდნენ პირისპირ ერთ საათს. ყველაზე ხანგრძლივი კი (ორსაათნახევარი) პრიმაკოვ-არძინბას დიალოგი გამოდგა. ზოგიერთი ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი «სიმკაცრეს» იჩენდა, თუმცა არძინბას პოზიცია იოტისოდენადაც არ შერბილებულა. მოლაპარაკება საღამოს განახლდა უკვე «გაფართოებული» შემადგენლობით - მასში მონაწილეობდნენ ზურაბ ჟვანია, ირაკლი მენაღარიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, ლევან ალექსიძე. ხოლო აფხაზთა მხრიდან - ანრი ჯერგენია (აფხაზეთის ვიცე-პრემიერი და გენერალური პროკურორი), აგრეთვე, სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრი და «აიდგილარას» ყოფილი თავმჯდომარე სერგეი შამბა, რომელიც (მცოდნე ადამიანთა მტკიცებით) ვლადისლავ არძინბაზე უფრო რადიკალური ანტიქართველია და ფანატიკოსი.
    დელეგაციის შემადგენლობაში, აგრეთვე, შედიოდნენ აფხაზი ჟურნალისტებიც - მათ შორის, რუსლან ხაშიგი, რომელმაც ომის დროს ინფორმაციული თვალსაზრისით დაამარცხა საქართველო.

«ერთობლივი განცხადება» - ფუჭი დეკლარაცია რეალური კომპრომისის გარეშე

    მოლაპარაკების მეორე დღეს ხელი მოეწერა «განცხადებას», რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის შეხვედრამ «დადებითი იმპულსი» უნდა მიანიჭოს სამშვიდობო დიალოგს. განსაკუთრებით ხაზგასმულია რუსეთის როლი (ამასთანავე, საერთოდ არ არიან ნახსენები «საქართველოს მეგობარი ქვეყნები»), ხოლო მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, ყველა საკითხი გადაჭრან მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით - ძალის გამოუყენებლად. ბუნებრივია, ბოლო პუნქტი საქართველოს ეხება და არა აფხაზეთს, ვინაიდან ამ უკანასკნელს საომარი არაფერი აქვს - მან ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა.
    განცხადებაში, აგრეთვე ნათქვამია, რომ «ბევრ საკითხში მხარეებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას». ამრიგად, მოლაპარაკების შედეგად ხელმოწერილია სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემი დოკუმენტი, რომლის ერთადერთი შედეგია ის, რომ საქართველომ პოლიტიკური ვალდებულება აიღო «არავითარ შემთხვევაში ძალა არ გამოიყენოს» აფხაზეთის წინააღმდეგ - ანუ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზეთი არანაირ დათმობაზე არ წავა ლტოლვილთა დაბრუნების ან სტატუსის საკითხში.
    თვით ამ «განცხადების» ხელმოწერა საქართველოს ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეხვედრა საერთოდ უშედეგოდ ჩაივლიდა და იმთავითვე ნათელი გახდებოდა მისი დეკორატიულობა. ეგრეთ წოდებული «ქართულ-აფხაზური დარეგულირების» ოქმის ხელმოწერა კი (ამის თაობაზეც იყო საუბარი) ვერ მოხერხდა, ვინაიდან არძინბამ და მისმა «დელეგაციამ» იოტისოდენიც არ დათმო.
    ვერც პრიმაკოვმა და ვერც შევარდნაძემ ვერ დაარწმუნეს იგი, რომ აუცილებელია ოქმში ჩაიწეროს ფორმულირება «ერთიანი სახელმწიფო» (რაც ფედერაციას ნიშნავს), ნაცვლად სიტყვებისა «საერთოთ სახელმწიფო» - რაც შინაარსობრივად ნიშნავს კონფედერაციას, ანუ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს კავშირს.
    ვერ მოილაპარაკეს ვერც ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მოგვარდება ურთიერთობა ჩვენს სახელმწიფოთა(!) და ხალხთა შორის, ჩვენ განვიხილავთ ომის მსხვერპლთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს». მივაქციოთ ყურადღება - არძინბამ თქვა არა «ლტოლვილთა», არამედ «ომის მსხვერპლთა». ამ კონტექსტში «ლტოლვილი» (ბეჟენცი) და «ომის მსხვერპლი» (ჟერტვა ვოინი) ერთი და იგივე არ არის: ლტოლვილი შეიძლება იყოს ის ადამიანიც, რომელმაც აფხაზეთში ომის დროს იომა მშობლიური კუთხის, სამშობლოს ერთიანობისა და საკუთარი სახლ-კარის დასაცავად სისხლისმსმელ ნაძირალათა ხროვისგან. ხოლო «ომის მსხვერპლში» არძინბა უეჭველად მხოლოდ იმათ გულისხმობს, ვინც საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობდა - აფხაზური მხარე მხოლოდ მათ დაბრუნებაზე აცხადებს თანხმობას. ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც «მოგვარდება ურთიერთობა ქართულ და აფხაზურ სახელმწიფოთა» შორის, ანუ (ფაქტობრივად) საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
    რაც შეეხება ზემოთხსენებულ ოქმს - მასზე ხელის მოწერა ნიშნავს ქართულ-აფხაზური უნიის შექმნას, რის შემდეგაც აფხაზურ მხარეს იურიდიული უფლება ექნება, სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. თუმცა, აქ არის პოლიტიკური ნიუანსი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება.

რუსეთმა თავისი პრიორიტეტი დაადასტურა

    შეიძლება თამამად ითქვას, რომ თბილისში ორგანიზებული პოლიტიკური სპექტაკლი პრიმაკოვის, არძინბასა და შევარდნაძის მონაწილეობით, არის რუსული დიპლომატიის უდიდესი გამარჯვება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში!
    დაახლოებით 1997 წლის გაზაფხულიდან, მოსკოვში მზარდი შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოში. პარლამენტმა მიიღო ცნობილი «კონცეფცია», რომელიც შეფასდა, როგორც «ანტირუსული» დოკუმენტი. შემდეგ საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დადგენილებაც მიიღო კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანის შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდებოდა დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 28 მარტის დადგენილება ანუ არ დაიწყებოდა ლტოლვილთა რეალური დაბრუნება (შესაბამისი გარანტიებით) აფხაზეთის გალის რაიონში.
    პარალელურად, პრეზიდენტი აკეთებდა სულ უფრო მკვეთრ განცხადებებს რუსეთის საწინააღმდეგოდ და უარყოფითად აფასებდა მისი «შუამავლობის» შედეგებს. გადაიდგა პირველი ნაბიჯებიც სამშვიდობო მოლაპარაკების ფორმატის შესაცვლელად - პროცესში ჩაერთვნენ დასავლეთის ქვეყნები, რომელთა ინტერესი კავკასიის მიმართ სულ უფრო იზრდება.
    მართალია, ჟენევაში აფხაზური მხარის «პადხალიმური» დემარშის გამო «საქართველოს მეგობარი ქვეყნები» მხოლოდ დამკვირვებლები იყვნენ და არა მოლაპარაკების აქტიური მონაწილენი, მაგრამ რუსეთი მაინც ძლიერ შეაშფოთა საქართველოს ხელისუფლების აშკარად გამოხატულმა სურვილმა, საეჭვო გაეხადა მისი «შეუვალი პრიორიტეტი» კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისას.
    აფხაზების «მხარდაჭერა» კრემლისთვის საკმარისი არ იყო, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტია, გაეროს წევრია და, მთლიანობაში, გაცილებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე აფხაზეთი.
    ამდენად, რუსეთს სჭირდებოდა ეფექტური დემარში, მძლავრი პოლიტიკური და დიპლომატიური სვლა, რათა დაედასტურებინა, რომ სწორედ ის არის მდგომარეობის ბატონ-პატრონი კავკასიაში და არა დასავლეთი. ევგენი პრიმაკოვმა (არძინბას თბილისში ჩამოყვანით) - ეს ნამდვილად შეძლო. ამ შეხვედრის ორგანიზებით მან წერტილი დაუსვა ოფიციალური თბილისის ძალისხმევას კონფლიქტის გადაწყვეტაში დასავლეთის ჩართვის მიზნით და იმ ქვეყნებსაც ქარაგმულად მიანიშნა: არაფერი შეგეშალოთ, აქ არ ჩაერიოთ - ეს ჩემი გავლენის სფეროაო.
    მით უმეტეს, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ: ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი «საქართველოს მეგობრებზე», სამაგიეროდ, განსაკუთრებული ხოტბა-დიდებითაა მოხსენიებული რუსეთის დიპლომატიური აქტიურობა. არადა, რუსეთის შუამავლობამ ჯერჯერობით საქართველოს რეალური ვერაფერ შესძინა, თუ არ ჩავთვლით ამგვარ ცერემონიალურ-სიმბოლურ ვიზიტებს და ფუჭ, არაფრისმომცემ დეკლარაციებს.
    თავს ნუ მოვიტყუებთ: პოლიტიკური თვალსაზრისით, თვით არძინბას ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში ბევრს არაფერს ნიშნავს - პირიქით, იგი მხოლოდ ადასტურებს მხარეთა «თანასწორსუბიექტურობას», ვინაიდან განიხილება (არძინბამ ეს პირდაპირ თქვა), როგორც «ვიზიტი მეზობელ ქვეყანაში». სამაგიეროდ, საქართველომ იკისრა ვალდებულება, არ გამოიყენოს ძალა აფხაზეთის წინააღმდეგ. თუმცა, პრეზიდენტისთვის, როგორც ჩანს, უფრო მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების შემზადება იმისთვის, რათა რუსეთის სამშვიდობო ძალებს კიდევ ერთხელ გაუგრძელდეთ მანდატის ვადა. საქართველო ახალი, ფართომასშტაბიანი ომისთვის მზად არ არის არც ერთი თვალსაზრისით - არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად და არც ფსიქოლოგიურად.
    ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომელიც ვალდებულია, გააცნობიეროს რეალობა და შეურიგდეს მას.
    ყველაზე საინტერესო კითხვა კი ის გახლავთ, თუ როგორ მოახერხა პრიმაკოვმა არძინბას თბილისში ჩამოყვანა. ეს უკანასკნელი ასე უბრალოდ, მხოლოდ მუქარით ან თხოვნით თბილისში არ ჩამოვიდოდა. როგორც ჩანს, პრიმაკოვი მას რაღაცას დაჰპირდა. რას? - აი, სწორედ ეს არის ამჟამად გასარკვევი.
    შესაძლოა, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს თბილისში სპექტაკლის დადგმის სანაცვლოდ დაჰპირდნენ აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების სრულ ან ნაწილობრივ მოხსნას. შესაძლოა, რაიმე ერთჯერადი აქციის განხორციელებას. ვთქვათ, ერთბაშად საწვავის დიდი პარტიის ან იარაღის მიწოდებას და ასე შემდეგ. ეს ვარიანტი გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან არძინბა მნიშვნელოვანი მოგების გარეშე 14 აგვისტოს (!) თბილისში არ ჩამოფრინდებოდა.

კავკასიაში რუსეთის ინტერესი და კონსტანტინე ზატულინის გეგმა

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ჩვენს «დაუძინებელ მეგობარ» კონსტანტინე ზატულინს ეკუთვნის საყურადღებო ანტიქართული კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში რუსეთის ინტერესების «გარანტირებას». ამ კონცეფციის თანახმად, «არ არის საკმარისი საქართველოში რუსეთის ბაზების დაკანონება» ან საქართველოს შესვლა ერთიან «საბაჟო სისტემაში», ვინაიდან (ზატულინის აზრით), «როდესაც მსოფლიოში მხოლოდ ერთი ზესახელმწიფოა, ამგვარი დათმობები საქართველოს მხრიდან არ იძლევა რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფის გარანტიას». მაშ, რით შეიძლება შეიქმნას ამგვარი გარანტია? - მისივე აზრით, მხოლოდ საქართველოს მუდმივი შანტაჟირებით - საქართველოს ყოველთვის უნდა ეშინოდეს, რომ დაკარგავს აფხაზეთს (და სამხრეთ ოსეთს), თუ არ იქნება ლოიალური რუსეთის მიმართ. მაშასადამე, კონსტანტინე ზატულინს ნამდვილად სურს აფხაზეთში შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილებს აფხაზეთს, ნაწილობრივ - საქართველოს, ხოლო მთლიანად - რუსეთს.
    ახლა კი ყურადღებით დავაკვირდეთ, რას სთავაზობენ რუსეთი და აფხაზეთი საქართველოს ხელმოსაწერად ეგრეთ წოდებული «ოქმის» სახით: ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთი დებს საქართველოსთან განსაკუთრებულ ხელშეკრულებას, რომლითაც იქმნება «საქართველო-აფხაზეთის» უნია, მაგრამ აფხაზეთს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს ეს ხელშეკრულება და (ვთქვათ) რუსეთს შეუერთდეს ან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.
    თუ მოსკოვი საქართველოს პოლიტიკით კმაყოფილი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანა «მორჩილად» მიჰყვება რუსული პოლიტიკის ფარვატერს, - მაშინ კრემლმა შეიძლება მოიღოს მოწყალება და აფხაზებსაც დართოს ნება «ისარგებლონ იურიდიული შესაძლებლობით და დამოუკიდებლობა გამოაცხადონ».
    ხოლო თუ საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატარა, ან ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე «ახალი კავშირის» აღდგენაზე განაცხადა უარი, მაშინ კრემლის რისხვა არ აგვცდება და აფხაზებიც «დასტურს» მიიღებენ. აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული - ამიტომ არ თანხმდებიან რუსეთი და აფხაზეთი საქართველოს წინადადებას «ფედერაციული საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის» თაობაზე, ვინაიდან, აფხაზებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ უარი თქვან დამოუკიდებლობაზე (ფედერაციის ამგვარი მოდელი გამორიცხავს სეცესიის, ანუ გამოყოფის უფლებას), ხოლო რუსეთი ამ შემთხვევაში ვეღარ მიიღებს ბერკეტს ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟირებისთვის.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმე გვაქვს სეპარატულ შეთანხმებასთან რუსეთსა და აფხაზეთს შორის - საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას კი არც საშუალება აქვს, არც ილაჯი, ამ ალიანსს წინააღმდეგობა გაუწიოს. ამდენად, საქართველოში დესტაბილიზაციის შიშით, მოსკოვში მომზადებულ ოქმს, როგორც ჩანს, მაინც მოეწერება ხელი. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, პრეზიდენტმა გულმოკლული ტონით თქვა: «კონფედერაცია კი ჰქვია, მაგრამ, ნეტავ საქართველო იყოს ისეთი ერთიანი, როგორიც შვეიცარიაა».

დილის გაზეთი, 18 აგვისტო, 1997 წ.