1992 წელს ქართველებს სისხლიანი შობა გაუთენდათ

1992 წელს ქართველებს სისხლიანი შობა გაუთენდათ


   

    ექვსი წლის წინ, - 1992 წლის 6 იანვარს, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს შენობა დატოვა და საქართველოდან გაიქცა.
    ამით დამთავრდა რუსთაველის გამზირზე ორკვირიანი სისხლიანი ეპოპეა, რომლის შედეგადაც ათეულობით შენობა დაინგრა და ორმოცდაათამდე კაცი დაიღუპა. დანგრეული სახლების პატრონები მაშინაც და ახლაც მომხდარში ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებდნენ. არადა, ფაქტია, შენობათა უმრავლესობა იმ ზარბაზანმა დაანგრია, რომელიც საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლოდ იქცა და შემდეგ სადღაც აფხაზეთში დაეკარგა «ძლევამოსილ ქართულ გვარდიას», როცა აფხაზეთიდან გამორბოდა.
    სწორედ 6 იანვარს დამთავრდა ყველაზე სამარცხვინო ომი საქართველოს ისტორიაში. «სამარცხვინო» არა იმ გაგებით, რომ იგი პირველი იყო (ამგვარი «ძმათაკვლა» ჩვენს ისტორიაში ადრეც არაერთგზის მომხდარა), არამედ მისი აშკარა უაზრობისა და პათოლოგიურობის გამო.
    კაცობრიობის ისტორიაშიც კი იშვიათია მაგალითი, რომ ხელისუფლება ასე აშკარად დაემხოთ მხოლოდ და მხოლოდ პირადი მისწრაფების, სიძულვილისა თუ ინტერესების გამო. რაც შეეხება «დემოკრატიას», გადატრიალების შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ 1992 წლის 2 თებერვალს თამარ მეფის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრაცია ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ დახვრიტა. ეს საზარელი შემთხვევა დღემდე არაა გამოძიებული, ხოლო დამნაშავენი - დასჯილნი.
    გადატრიალების შემდეგ საოცარი რამ მოხდა - ყველა, ვინც აქტიურად მონაწილეობდა იმ მოვლენებში, განგების ძალით გაუბედურდა და სასტიკად დაისაჯა. ბედნიერება და სიხარული იმ ომს არავისთვის მოუტანია. აღარაფერს ვამბობ ქვეყანაზე, რომელსაც სამხედრო გადატრიალების პრეცედენტმა უდიდესი ზიანი მიაყენა და იგი კიდევ არაერთხელ იჩენს თავს.
    რასაკვირველია, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაც, რომელმაც დაუშვა, რომ კანონგარეშე შეიარაღებულმა ფორმირებებმა გადატრიალების განხორციელება შეძლეს.
    ყველაფერი შედეგით იზომება - შედეგი კი სწორედ ხელისუფლებას მოეკითხება. სხვა კრიტერიუმები კაცობრიობას არ გამოუმუშავებია. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას გადატრიალებამდე საქმის მიყვანა; არ უნდა დაუშვას სახელმწიფოში ისეთი ძალის შექმნა, რომელსაც გადატრიალების განხორციელება შეეძლება!
    არ არის გამორიცხული, გარკვეულ ძალებს დღესაც სურდეთ გადატრიალების ორგანიზება და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა, მაგრამ დღეს ისინი ამას ვერ გაბედავენ, ვინაიდან რისკი მეტისმეტად დიდი იქნება - უეჭველად დამარცხდებიან და სასტიკი სასჯელი არ ასცდებათ.
    დიდია, რა თქმა უნდა, თვით მოსახლეობის პასუხისმგებლობაც. მან არ უნდა აირჩიოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ადვილად დაამხობინებს ვინმეს თავს.
    ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ექვსი წლის წინ იგი გაურკვევლობის ბურუსით იყო მოცული. სავსებით ნათელი მხოლოდ ისაა, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ მხოლოდ რუსეთმა მოიგო. რუსი ტელეკომენტატორები და პოლიტიკოსები სიამოვნებითა და სიხარულით აღწერდნენ «თბილისის ამბებს». რა თქმა უნდა, მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია - ვისღა ახსოვდა 9 აპრილი?! ცხადია, გარეშე დამკვირვებელი იფიქრებდა, რომ ქართველები მაშინაც ისევე მოაწყობდნენ პროვოკაციას, როგორც ერთმანეთს უწყობდნენ 1991 წლის შემოდგომიდან.
    რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუდასტურა: საქართველო არის ველური, არაცივილიზებული ქვეყანა, იგი «მკაცრ მეურვეს» საჭიროებს და ეყოლება კიდეც რუსეთის სახით. ამიერიდან დასავლეთი ცნობს კრემლის უფლებას, მკაცრად აკონტროლოს პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან ქართველებს ეს თავად არ ძალუძთ და «საკუთარ ნებაზე» მათი მიშვება არ შეიძლება.
    სხვათა შორის ამ თვალსაზრისით 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა თვისობრივად - განწყობა იგივეა და სწორედ ეს განწყობა ვლინდება, როცა ამერიკის პრეზიდენტი ურჩევს საქართველოსას, «გაარკვიოს ურთიერთობა რუსეთთან და არ გაიყვანოს რუსეთის ჯარი კონფლიქტის ზონიდან».
    ზემოხსენებული საშინელი პრეცედენტი ძალიან დიდხანს გაჰყვება სისხლიან ნაკვალევად საქართველოს ისტორიას, თუმცა იგი ერთგვარი გაკვეთილიცაა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
   
     მერიდიანი, 9 იანვარი, 1998 წ.