აფხაზებთან კომპრომისი «მწიფდება?»

აფხაზებთან კომპრომისი «მწიფდება?»

        მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში გია არსენიშვილის ხელმოწერილ ოქმს «გარესაპარლამენტო» პარტიებისა და ავტონომიის მმართველ სტრუქტურათა მძვინვარე რეაქცია მოჰყვა, ხელისუფლებას არ გამოეპარებოდა ის გარემო, თუ რა «მეტყველად» იყო (და არის ამ ხნის განმავლობაში) გატრუნული საპარლამენტო ოპოზიცია.
        უდავო ფაქტია, რომ «საპარლამენტო ოპოზიციის» არც ერთ წარმომადგენელს «სოხუმის ოქმის» საწინააღმდეგოდ კრინტი არ დაუძრავს. რატომ? - იმიტომ, რომ ოპოზიციონერები (განსხვავებით «გარესაპარლამენტო ოპოზიციისგან», მას პოლიტიკური პერსპექტივა არ დაუკარგავს) შესანიშნავად გრძნობენ, როგორია ხალხის (მათ შორის, ლტოლვილთა უზარმაზარი მასის) განწყობა: «ოღონდ ომი არ იყოს, ოღონდ სახლში დავბრუნდეთ და ნებისმიერ კომპრომისზე თანახმა ვართ». ამ განწყობას ხედავენ აფსუა სეპარატისტთა ლიდერებიც. აქედან გამომდინარე, ისინი სულ უფრო მეტი დაჟინებით სთავაზობენ «სტრატეგიულ კომპრომისს» ედუარდ შევარდნაძესა და საქართველოს ხელისუფლებას.
        როგორც ცნობილია, შევარდნაძემ და არძინბამ რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით. საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა, თუ არძინბას «მარჯვენა ხელის», ასტამურ ტანიას (დიდი გაიძვერა ვინმეა – ზ.გ.) გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, ოფიციალური სოხუმი კვლავინდებურად სთავაზობს თბილისს ე.წ. «ჰორიზონტული კავშირების» დამყარებას. შესაძლოა, ამ მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მისი არცთუ «წარუმატებლობის» გამოხატულება იყოს სამეგრელოს გუბერნატორის, ბონდო ჯიქიას სენსაციური განცხადება აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.
        აფხაზური მხარე, ზოგიერთი ცნობით, «სტრატეგიული კომპრომისის» ასეთ ვარიანტს გვთავაზობს: საქართველო და აფხაზეთი ქმნიან «სამოკავშირეო სახელმწიფოს» (ე.წ. დაგავორნოე გასუდარსტვო) , რომელიც შედგება ორი თანასწროუფლებიანი სუბიექტისაგან, ანუ აფხაზეთს ექნება საკუთარი იურისდიქცია, ხოლო საქართველოსთან მის ურთიერთობას განსაზღვრავს «დიდი ხელშეკრულება» (როგორც 1931 წლამდე).
        აფხაზები აცხადებენ (თანახმანი არიან), რომ «ორსუბიექტიანი ფედერაციის» არც ერთ წევრს არ ჰქონდეს უფლება, ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება.
        აქ, რასაკვირველია, იგულისხმება, რომ აფხაზეთს არ ექნება (იურიდიულად) უფლება, გაწყვიტოს ხელშეკრულება საქართველოსთან და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.
        რაც ყველაზე საოცარია, არძინბა, როგორც ჩანს, თანახმაა, რომ «სახელშეკრულებო სახელმწიფოს» ერქვას «საქართველო – საქართველოს კონფედერაცია». ისევე, როგორც რუსეთის სახელმწიფოს ჰქვია «რუსეთიც» და «რუსეთის ფედერაციაც».
        რაც შეეხება «კონფედერაციას» - შვეიცარიასაც კონფედერაცია ქვია, მაგრამ რეალურად ისეთი ერთიანი სახელმწიფოა, მისი სიმტყიცე ყველას შეგვშურდება.
        სანაცვლოდ (თუკი ქართული მხარე «თანასწორსუბიექტობაზე» დათანხმდება), აფხაზური მხარე არა მხოლოდ სეცესიის (ცალმხრივი გამოყოფისა და «სამოკავშირეო ხელშეკრულების» ცალმხრივად დარღვევის) აკრძალვაზეა თანახმა, არამედ იმაზეც კი რომ «სამოკავშირეო სახელმწიფო», სახელად «საქართველო» და «საქართველოს კონფედერაცია», ერთიანად იყოს წარმოდგენილი გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ანუ ამ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი საერთაშორისო სამართალსუბიექტობა.
        მაშასადამე, აფხაზეთი «საქართველოსთან თანასწორუფლებიანი სუბიექტი» კი იქნება («სამოკავშირეო სახელმწიფოს» შიგნით), მაგრამ, იმავდროულად, არ მოითხოვს და ვერც გახდება «საერთაშორისო სამართალსუბიექტი».
        რასაკვირველია, აფსუები ამაზე «კარგი ცხოვრებით» არ გვთანხმდებიან. უბრალოდ, მათ იციან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და საერთაშორისო სამართალსუბიექტობას არავინ და ვერავინ აღიარებს (რუსეთის ჩათვლით).
        გარდა ამისა, არძინბას თანაშემწეები სხვა საკითხებსაც აკონკრეტებენ. მათ არაერთგზის უთქვამთ, რომ აფხაზეთს უნდა ჰქონდეს ცალკე მოქაპლაქეობა, ხოლო საქართველოს – ცალკე. Aანუ, თუ აფხაზეთში (გალს მიღმა) დაბრუნდებიან ქართველები, მათ აფხაზეთში დაახლოებით ისეთივე უფლებები ექნებათ, როგორც აქვს ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებს მეორე, მეზობელ სახელმწიფოში, ესე იგი ვერც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ვერც მიწას იყიდიან და ა.შ.
        სამაგიეროდ, მიეცემათ უფლება, იცხოვრონ და აღადგინონ თავიანთ ნასახლარზე გადამწვარი სახლები. სეპარატისტები ცალკე განიხილავენ გალის რაიონის (სამურზაყანოს) პრობლემას – ამ რაიონის საქართველოსათვის გადმოცემაზე ისინი კატეგორიულ უარს აცხადებენ, მაგრამ თანახმანი არიან, სამურზაყანოს ერთგვარი «ავტონომია» ჰქონდეს აფხაზეთის შემადგენლობაში, ანუ ადმინისტრაციის მეთაური მოსახლეობამ აირჩიოს და არა სოხუმიდან დაინიშნოს.
        რაც შეეხება ეკონომიკას და საფინანსო ურთიერთობებს – ის, რასაც სოხუმი გვთავაზობს, სიახლეს სულაც არ შეიცავს: ამგვარი მოდელი აჭარასთან დიდი ხანია მოქმედებს: «ორ საემისიო ცენტრზე» ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ თუ აფხაზეთი შემოვა ლარის ზონაში (ლარზე აფხაზური სიმბოლიკისა და წარწერის პირობით), მაშინ საბიუჯეტო შემოსავლების 100 პროცენტი დარჩება ადგილობრივ ბიუჯეტში (ისევე, როგორც, ფაქტობრივად, რჩება აჭარის ბიუჯეტში) და მას აფხაზეთის ხელისუფლება განკარგავს.
        ერთი სიყტვით, მძიმე პირობებია და ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება.

მერიდიანი, 7 აგვისტო, 2000 წელი