აფხაზეთი: არჩევანი უარესსა და უარესს შორის    

 აფხაზეთი: არჩევანი უარესსა და უარესს შორის    

  ოკუპირებულ აფხაზეთში «საპრეზიდენტო კანდიდატთა» წამოყენება გრძელდება. ჯერ-ჯერობით ოფიციალურ კანდიდატებად რაულ ხაჯიმბა და ალექსანდრე ანქვაბი არიან დარეგისტრირებულნი. თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრი შამბა სულ მალე განაცხადებს სურვილს, გახდეს აფხაზეთის პრეზიდენტი.
    ყველაზე სერიოზულ პრეტენდენტადაც სწორედ ის იქცევა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ სეპარატისტთა მამამთავრის – არძინბას თანამებრძოლია ჯერ კიდევ 1978 წლის ანტიქართული გამოსვლების დროიდან, ხოლო აფხაზებს მიაჩნიათ, რომ საუკუნოვანი ოცნება ქართველების ეთნოწმენდის თაობაზე სწორედ არძინბამ და მისმა გუნდა აუსრულათ.
    შამბა უშუალოდ იბრძოდა მაშინ, როდესაც ანქვაბი მოსკოვში იმალებოდა.
    გარდა ამისა, აფხაზეთში გვაროვნულ-ტომობრივ თემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. შამბა ძალიან ძლიერი და გავლენიანი კლანის წარმომადგენელია. თანაც იგი ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე დასავლეთის მონაწილეობით - აფხაზებს, სინამდვილეში, არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობა და დასავლეთის მხრიდან აღიარება სურთ. სხვა საქმეა, რამდენად გამოუვათ.
    სწორედ ბოლო ორი გარემოების გამო, მოსკოვი ფარულად ანქვაბს დაუჭერს მხარს. შამბა რუსებისთვის უფრო ნაკლებ სანდოა, ვიდრე «ალექსანდრე ზოლოტინსკევიჩი» - მეტისმეტად ხშირად დაიარებოდა ევროპა-ამერიკაში და ბევრჯერ უთქვამს, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს. Gგარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს შამბამ მოსკოვი პირდაპირ გადააგდო: სანამ მედევდევი აღიარებდა, ხშირად გამოდიოდა ინიციატივით რუსეთსა და აფხაზეთს შორის «ასოცირებული ურთიერთობების» შესახებ, მაგრამ როგორც კი სცნო მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს დაპირებები დაივიწყა.
    ისტორიკოსმა სერგეი შამბამ ჩაუშალა რუსეთის საპატრიარქოს ახალი ათონის მონასტრის დასაკუთრების გეგმები იმ მოტივით, რომ აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს ყველასგან, მათ შორის რუსული ეკლესიისგან. თუ დღევანდელ «კგბ»-შნიკურ კრემლზე ძველ «გბ»-შნიკ კირილის გავლენას გავითვალისწინებთ, ამ მომენტს მედვედევ-პუტინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
    თუმცა ღიად ამას რა თქმა უნდა არ იტყვიან. ე.წ. «დსთ ინსტიტუტის» დირექტორმა და ჩვენმა «დაუძინებელმა მეგობარმა» ზატულინმა მედიდურად განაცხადა კიდეც: რუსეთის გავლენა აფხაზეთში იმდენად დიდია, რომ შეუძლია საერთოდ არ ჩაერიოს აფხაზურ არჩევნებშიო.
    ის გულისხმობდა, რომ თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი («ან ტიმოშენკო ან იანუკოვიჩი») რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის, შამბა გახდება «პრეზიდენტი» თუ ანქვაბი: სულ ერთია, იმ ვითარებაში, როცა აფხაზეთის საზღვრებს და მთელ ტერიტორიას რუსული ჯარი აკონტროლებს, ვინც არ უნდა აირჩიონ «პრეზიდენტად», მაინც ყურმოჭრილი ყმა იქნება.
    ყოველ შემთხვევაში, ზატულინი ასე ფიქრობს და რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს კიდეც, აღარ გაიმეორონ შეცდომა, როდესაც მოსკოვი ხაჯიმბას უჭერდა მხარს ბაღაფშის წინააღმდეგ. აწ გარდაცვლილი სერგეი ბაღაფში მაშინ «პროქართველად» მოიაზრებოდა (ალბათ ქართველი ცოლის გამო), მაგრამ მოსკოვმა მისი ყიდვაც იოლად მოახერხა.
    რაც შეეხება ქართულ მხარეს, ჩვენ აქ არჩევანი საერთოდ არა გვაქვს: ვინც არ უნდა გახდეს აფხაზეთის «პრეზიდენტი», სერიოზულ საკითხებზე მასთან მოლაპარაკება მაინც უაზრო და უპერსპექტივო იქნება. იგივე შამბამ, როცა ირაკლი ალასანიამ თბილისში მისი ოფიციალური ვიზიტის ორგანიზება მოახერხა (ამას დღემდე დიდ დამსახურებად უთვლის საკუთარ თავს) თბილისშივე განუცხადა მასპინძლებს: «გალელი ქართველები, სინამდვილეში, გაქართველებული აფხაზები არიან და მათთვის ქართულად სწავლის უფლებაზე ლაპარაკი ზედმეტიაო». გოგა ხაინდრავაც კი (იმ დროს სახელმწიფო მინისტრი) გაკვირვებით იჩეჩდა მხრებს: «ამაზე თუ ვერ მოვილაპარაკეთ, საერთოდ რაზე უნდა მოვილაპარაკოთო».
    არადა, როგორ შეიძლება ნაცისტებს «ამაზე» მოელაპარაკო? სწორედ «ამაზე» ვერ მოელაპარაკები!
    დღეს მამუკა არეშიძე მოგვიწოდებს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვცნოთ, ოღონდ ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდო. საოცარია პირდაპირ.  შამბებმა და არძინბებმა ის ომი, თავის დროზე, სწორედ იმ მიზნით დაიწყეს, აფხაზეთი ქართველებისგან გაეწმინდათ და არანაირი «დამოუკიდებლობის აღიარების ფასად» ლტოლვილთა დაბრუნებას არ დაეთანხმებიან: გაეროს წევრობას რა თავში იხლიან, თუ აფხაზეთში ისევ ქართული უმრავლესობა დაბრუნდა?
    სინამდვილეში, საქართველოს დღეს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა: არ ჩაერიოს არჩევნებში «უარესსა და უარესს შორის» და დაელოდოს ვითარებას, როდესაც აფხაზურ-რუსული წინააღდმეგობები (ეს გარდაუვალია) სეპარატისტებს ადრე თუ გვიან ქართულ მხარესთან და ევროკავშირთან ნამდვილი კომპრომისების ჭკუაზე მოიყვანს.

2011