საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივლისი 2022 წელი

ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნის  პუტინის მზაკვრული, იქედნური გადაწყვეტილება, შეამციროს ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება `ჩრდილო ნაკადით` 20%-მდე. 

ეს არის უდიდესი დარტყმა პირველ რიგში გერმანიაზე, თუმცაღა არა მხოლოდ გერმანიაზე არამედ მთელს ევროპაზე.

კვლავ ვიმეორებ, რომ მთავარი პრობლემა არა ახლა, ივლისში ან აგვისტოში ბუნებრივი აირის დანაკლისია, არამედ ის, რომ ვერ ხერხდება ზამთრის მარაგის შექმნა, ანუ გაზსაცავთა შევსება ნოემბრისთვის, როცა (განსაკუთრებით ევროპის ჩრდილოეთში) მსუსხავი სიცივეები დაიწყება.

პუტინის მუქარა და მისი ქმედებები ევროპაში განეხთქილებას იწვევს. თანაც უკვე ძალიან ცუდად დაფარულ განხეთქილებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს EU ენერგეტიკის მესვეურთა საგანგებო თათბირზე გადაწყდა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება, ევროკავშირში არიან ქვეყნები (პირველ რიგში უნგრეთი), რომლებიც არა მხოლოდ ჩუმად წუწუნებენ, რომ არ სურთ უკრაინის თავისუფლებისთვის მათმა მოსახლეობამ რაიმე ფასი გადაიხადოს, არამედ უკვე ღიად მოითხოვენ კიდეც სანქციების `შემსუბუქებას` რაც ამ სანქციების გაუქმების წინაპირობა გახდება.

მეორე მიზეზი პუტინის გადაწყვეტილებისა, შეამციროს მინიმუმამდე გაზის მიწოდება როგორც მოგახსენეთ, გახდა პუტინის შიში, რომ უკრაინა (როგორც ზელენსკიმ განაცხადა ღიად) იწყებს შეტევას ხერსონის მიმართულებით, რათა გაათავისუფლოს ხერსონის ოლქი და `გადაჭრას` რუსეთ-ყირიმის სახმელეთო გზა

 

პარალელური  მეთოდი პუტინის მზაკვრული სტრატეგიისა სტამბულში გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირდება, - ხორბლის ექსპორტის შესახებ.

ბევრს გაუკვირდა, რატომ დაბომბა პუტინმა ოდესა ზუსტად მეორე დღეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან.

აი ამიტომ დაბომბა: გააფრთხილა მსოფლიო, რომ თუ უკრაინა დაიწყებს შეტევას ხერსონის მიმართულებით და თუ დასავლეთი ზელენსკის ამ გეგმას არ გადაათქმევინებს, , მაშინ პუტინი ისევ დაბომბავს პორტ ოდესას, პორტ ილიჩოვსკს, ჩაშლის სტამბულის შეთანხმებას, დააბრალებს უკრაინას, დააბრალებს დასავლეთს  და ხორბლის გატანა ვერ მოხერხდება. შედეგად მარტო აფრიკაში 17 მილიონი ადამიანი დაიხოცება შიმშილით 3 თვეში.

 

სწორედ ამ სახიფათო მდგომარეობის და ევროპაში უკვე ცუდად დაფარული უთანხმოების გამო, გუშინ ჯო ბაიდენმა ევროპაში გააგზავნა აშშ პრეზიდენტის კოორდინატორი გლობალური ენერგეტიკის საკითხებში (თანამდებობის დეფინიციას დავაკვირდეთ) Amos Hochstein. (ემეს ჰოქსთაინი)

ის ჩავა პარიზსა და ბრიუსელში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბაიდენს მხოლოდ ევროპის ბედი კი არ აღელვებს. პირველ რიგში ამერიკის ბედი აღელვებს: ბუნებრივი აირის კატასტროფული გაძვირება აუცილებლად გამოიწვევს ევროპაში ელექტროენერგიის გაძვირებას და ასევე უეჭველად გამოიწვევს ბენზინის, ელექტროენერგიის, იმავე ბუნებრივი აირის გაძვირებას თვით ამერიკაშიც: ევროატლანტიკური ენერგეტიკული სივრცე გლობალური ენერგეტიკის შესისხლხორცებული, განუყოფელი ნაწილია.

ემეს ჰოქსთაინის მთავარი მისიაა, როგორმე დაარწმუნოს გერმანიის მთავრობა, არ დახუროს ის 3 ატომური ელეტქროსადგური მაინც, რომლის დახურვა გერმანიამ წლის ბოლომდე გადაწყვიტა.

ეს არ იქნება იოლი მისია. იმიტომ, რომ ფანატიკოსმა (და ზოგმა პუტინის `სასარგებლო იდიოტმა`) `მწვანეებმა` ისეთი კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუციური ჩანაწერები შექმნეს ბოლო 25-30-35 წლის განმავლობაში, რომ ასე იოლად გადაწყვეტილებებს ვერავინ შეცლის მინიმუმ სამთავრობო კრიზისის, ხოლო უარეს შემთხვევავში კონსტიტუციური კრიზისის გარეშე.

თანაც წლის ბოლომდე შენარჩუნებაც, ამ ატომური სადგურების მუშაობისა, ვერ წყვეტს პრობლემას ვერანაირად.

იმიტომ, რომ მიზერია.

 

საბედნიეროდ, არც ბაიდენს არც გერმანიას აზრად არ მოსდით დააშანტაჟონ ზელენსკი და აიძულონ იგი,  არ დაიწყოს შეტევა ხერსონზე.

ყოველ შემთხვევაში..... დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეა:  ემეს ჰოქსთაინი ჯერ ჯერობით კიევში ვიზიტს არ გეგმავს.....

ანუ, ამჟამინდელ სახიფათო ვითარებას სამი defining points (რეპერული წერტილი) აქვს: გაზი, ხორბალი, ხერსონი.

აქ ყველაზე ნიშანდობლი ისაა, რომ აგრესორ პუტინს უკანდასახევი გზაც არა აქვს და სხვა ასეთი მომენტიც (შანსიც), უკრაინული სახელმწიფოს განადგურებისა, მას ისტორიულად არ ექნება: პუტინმა ხომ შესანიშნავად იცის:   დასავლეთი უახლოეს 2-3 წელიწადში ყველაფერს გააკეთებს, რათა ნულზე დაიყვანოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება. ამიტომაც ეს 2-3 წელია ახლა აგრესორ პუტინის `შესაძლებლობათა ისტორიული ფანჯარა`.

. . . . . . . . . . . . . .

აშშ კონგრესის შეიარაღების საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე, ადამ სმიტი ავრცელებს სენსაციურ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი აგვისტოს განმავლობაში გეგმავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, პირველ რიგში ხერსონის გათავისუფლებას.

ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება ადამ სმიტმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც ზელენსკის შეხვდა.

ორგზის უფრო ნიშანდობლივია, რომ ადამ სმიტი ამას ღიად ამბობს - ვაშინგტონში დაბრუნდა თუ არა, ღიად თქვა და მოყვა ზელენსკისთან შეხვედრიოს შინაარსი.

კი მაგრამ.....წინასწარ ვინ აანონსებს შეტევას? ნუთუ ზელენსკიმ ადამ სმიტს სთხოვა, როგორც კი ვაშინგტონში დაბრუნდები, გამოდი და თქვი: აგვისტოში ხერსონის გათავისუფლებას ვაპირებო?!!!

ეს ბადებს ეჭვებს: ხომ არ არის ადამ სმიტი კაპიტოლიუმზე იმ ძალთა წარმომადგენელი, რომლებიც მსოფლიო ბირთვული ომის შიშით წინააღმდეგნი არიან ახლა ზელენსკიმ კონტრშეტევა წამოიწყოს ხერსონის, მით უმეტეს დონბასის და ყირიმის დასაბრუნებლად, რაკი ეშინიათ, რომ პუტინი კიდევ უფრო მეტ საფრთხეებს შეუქმნის დასავლეთს?!

აბა სხვა რა ახსნა აქვს ამ უცნაურობას: კიევში შეხვდა ზელენსკის, უკრაინული გენერალური შტაბის ხელმზღავნელობას, ბრუნდება ვაშინგტონში და საქვეყნოდ აცხადებს კონტრშეტევით გეგმებს.  

თუმცა მეორეს მხრივ, ყველა გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ სწორედ ამ კომიტეტის, პირადად ადამ სმიტის გავლით ხორციელდება, ოღონდ ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცემა უპირველესად იმ მიზნით, რათა რუსები უფრო ღრმად არ წავიდნენ.

მაგრამ (მრისხანე კითხვაა): არის დღეს დასავლეთი მზად, რუსეთზე უკრაინის გამარჯვება და იმ გიჟი დათვის კიდევ უფრო გაცოფება დაუშვას? აკი ამბობს მაკრონი `პუტინი კი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ისე, რომ არ დავამციროთ, თორემ მსოფლიოს გადაბუგავსო`.

აბა როგორ წარმოუდგენიათ პუტინის `ისე დამარცხება, რომ არ დამცირდეს?`

საკმარისია უკრაინამ არა მთელი დონბასი, არა ყირიმი არამედ თუნდაც მარტო ხერსონი გაათავისუფლოს ახლა და პუტინმა თავი უნდა ჩამოიხრჩოს კრემლის ქონგურზე - რუსები ხომ ამას არასდროს აპატიებენ?!

. . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, მომავალი 2022-2024 წლების საპრეზიდენტო კამპანია ამერიკაში (თავისთავად რომ მძვინვარე იქნება) აუცილებლად შეეხება Covid-19 თემას. რესპუბლიკელები, განსაკუთრებით კი დონალდ ტრამპის მომხრეები იმუქრებიან, რომ როგორც კი კონგრესში და სენატში უმრავლესობა ექნებათ, აუცილებლად დაიწყებენ გამოძიებას ვირუსოლოგ დოქტორ ენტონი ფაუჩის წინააღდმეგ.

`დოქტორ ფაუჩის` ისინი კატასტროფულ ბრალდებებს უყენებენ, რომ თურმე მისმა ექსპერიმენტებმა ვირუსებზე გამოიწვია პანდემია და `სასტიკ ცდებს ატარებდა ცხოველებზეო`. მაგალითად ვირთხებზე

ბუნებრივია, ეს ბრალდებები თვით ტრამპისგან მოდის. ტრამპს მიაჩნია (და ამაში ნამდვილად არ ცდება), რომ დოქტორ ფაუჩის მოთხოვნამ ეკონომიკის დახურვის შესახებ პანდემიის და ამერიკაში ეპიდემიის შესაჩერებლად, დიდწილად იმოქმედა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე, რაკი გამოიწვია ეკონომიკური სტაგნაცია, რეცესია და სამუშაო ადგილების დაკარგვა - მილიონობით ამერიკელის უმუშევრად დატოვება. 

უამრავი სპეციალისტი ადასტურებს: რომ არა ეკონომიკის დახურვა დოქტორ ფაუჩის და სხვა უამრავი ეპიდემიოლოგის კატეგორიული მოთხოვნით, რასაც ვერც ერთი მთავრობა ვერ შეეწინააღდმეგებოდა რასაკვირველია, დონალდ ტრამპი უეჭველად მოიგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს 2020 წელს.

ტრამპი და რესპუბლიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ `დემოკრატების აგენტმა` ფაუჩიმ, მისმა კარანტინებმა და შეზღუდვებმა  წააგებინათ მათ საპრეზიდენტო არჩევნებიც და კონგრესის არჩევნებიც.

. . . . . . . . . . . . . .

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის არმიამ კომუნისტური ხელისუფლებისაგან მიიღო ბრძანება მოამზადოს (!) არასაფრენი ზონა კუნძულ ტაივანის გარშემო, რათა აშშ კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ  (რაზეც გუშინ მოგახსენებდით) ვერ შეძლოს ტაივანში ჩაფრენა.

`უბრძანა მოამზადოს`.....ეშმაკური ფორმულირებაა. ანუ `მოამზადოს` ერთია და `განახორციელოს`, ესე იგი ტაივანზე ცა ჩაკეტოს - სულ სხვა.

ამგვარი ბრძანება ჯერ არ გაცემულა.

გაბედავს ამას ჩინეთი?

თუ გაბედავს ეს 100% ომია! - პირველ რიგში ტაივანის არმია და მისი სამხედრო-საჰაერო ძალები `გულხელდაკრეფილნი` არ იქნებიან და წინააღდმეგობას გაუწევენ!  ამერიკული ავიამზიდებიც იქვეა.

 

დათო