ჯაბა იოსელიანი მყარად ზის

ჯაბა იოსელიანი მყარად ზის

    «მხედრიონის» ყოფილი ლიდერი, პროფესორი ჯაბა იოსელიანი, რომელიც გასული წლის 15 ნოემბერს დააპატიმრეს, ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ იზოლატორში იმყოფება, რომელიც ორთაჭალის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე - მოედნის ქვეშ არის განლაგებული.
    თავდაპირველად, «დოქტორ ჯაბას» ბრალად ედებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების და იარაღის უკანონოდ შენახვა. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ «სიტყვის მასალა» იყო. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ უახლოეს მომავალში მას შეიძლება წაუყენოს ახალი ბრალდებები. კერძოდ, გია გულუას, გია ჭანტურიას და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით.
    ამრიგად, ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური და «ქურდული» კარიერა დამთავრებულია და ამიერიდან იგი მხოლოდ «ისტორიულ ფასეულობას» წარმოადგენს, - როგორც საქართველოს ბოლო წლების ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

    «ოპერაცია ჯაბა», ედუარდ შევარდნაძის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებულ სახელისუფლებო ოპერაციათა შორის ერთ-ერთი უბრწყინვალესი აღმოჩნდა. სახელმწიფოს მეთაურმა მასში მთელი თავისი ხელოვნება ჩააქსოვა: ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება და «მხედრიონის» განადგურება მას ჯერ კიდევ 1992 წლის 7 მარტს ჰქონდა გადაწყვეტილი, - იმ დღეს, როდესაც სწორედ ჯაბა იოსელიანის მოწვევითა და «მხედრიონელთა» დაცვით, 7 წლის განშორების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა.
    ყოვლად წარმოუდგენელია ედუარდ შევარდნაძეს «მხედრიონის» მაგვარი რაზმი მოეთმინა იმ ქვეყანაში, სადაც «პირველკაცობას» აპირებდა; მაგრამ მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ პოლიტიკა არის პროცესი, რომელიც დროსა და სივრცეში თანდათანობით ვითარდება.
    1992 წელს, ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება არ შეეძლო, ვინაიდან «მხედრიონს» პოლიცია მაშინ უბრალოდ ფიზიკურადაც კი ვერ დაჯაბნიდა. 1994 წელს შევარდნაძეს უკვე შეეძლო (ფიზიკური თვალსაზრისით) «მხედრიონს» გამკლავებოდა და იოსელიანი დაეპატიმრებინა, მაგრამ იმ დროს ეს პოლიტიკურად არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან «ელიტარული ინტელიგენცია» (რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს) ჯაბას დაპატიმრებას მხარს არ დაუჭერდა.
    «მხედრიონის» ლიდერის იზოლაცია მხოლოდ 1995 წლის 1 ნოემბერს გახდა შესაძლებელი - ღამის 3 საათზე, როდესაც იოსელიანის ქუჩაზე, ჯაბას სახლთან, პოლიციის რაზმი მივიდა შოთა კვირაიას ხელმძღვანელობით.
    არც რამდენიმე დღით ადრე, არც რამდენიმე დღით გვიან, - ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს უკვე აღარ გამოიწვევდა რაიმე პოლიტიკურ გართულებას.
    რაც შეეხება მთავარი ბრალდების წაყენებას, ესეც გარკვეულ დროს და განსაზღვრულ მომენტში მოხდება, - არც ადრე და არც გვიან. თუმცა, რასაკვირველია, იმათ, ვინც ჯაბა იოსელიანის დაპატიმრების სანქცია გასცა, ძალიან კარგად უწყოდნენ, რომ «მხედრიონის» ლიდერის მთავარი დანაშაული ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვა არ იყო.

«მიმომხილველი», 1 მარტი, 1996 წელი.