რუსეთის ჯარების შტაბი თბილისიდან ერევანში გადააქვთ

რუსეთის ჯარების შტაბი თბილისიდან ერევანში გადააქვთ

 

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევ როხლინის ვიზიტი საქართველოში სავსებით კონკრეტული შედეგით დასრულდა. მხარეებმა სერიოზულად დაიწყეს პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის საკვანძო საკითხის განხილვა - გადავა თუ არა კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების შტაბი საქართველოს დედაქალაქიდან სომხეთის დედაქალაქში?
    მართლაც, თუ საქართველოს არ სურს რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება საქართველოში და აპირებს უახლოეს მომავალში კატეგორიულად მოითხოვოს რუსული არმიის გაყვანა თავისი ტერიტორიიდან, დღის წესრიგში ბუნებრივად დგება შტაბის დისლოკაციის ადგილის შეცვლის საკითხი.
    კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების შტაბი თბილისში იმყოფება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან. სწორედ თბილისი (და საქართველო) იყო რუსეთის მთავარი დასაყრდენი კავკასიაში; მაგრამ ვითარება იცვლება. დღეს კავკასიაში მოსკოვს ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე დარჩა - სომხეთი, რომლის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე აზერბაიჯანელთა და თურქთა მძვინვარე შურისძიებას ვერ გადაურჩება.
    სიმპტომატურია, რომ ლევ როხლინმა «შტაბის» თაობაზე განცხადება გააკეთა სწორედ საქართველოში ვიზიტის დროს. როგორც ჩანს, ქართველი კოლეგების მუქარა, - თუ აფხაზეთს არ დაგვიბრუნებთ, ბაზებს ვერ მიიღებთო, მას სასაცილოდაც არ ეყო. როხლინმა კოლეგებს უპასუხა: «რუსეთის ჯარები კავკასიაში არ არის სასპეკულაციო თემა». ანუ, აფხაზეთის საქართველოში დაბრუნება არ არის და ვერც იქნება ის «საფასური», რომელსაც რუსეთი საქართველოს ბაზების სანაცვლოდ გადაუხდის.
    როხლინმა შესანიშნავად უწყის, რომ რუსეთის ბაზების არსებობას საქართველოში სხვა, უფრო მყარი გარანტიები გააჩნია. გავიხსენოთ, სად არიან დისლოცირებული რუსეთის სამხედრო შენაერთები? გუდაუთაში, ბათუმში და ახალქალაქში, ანუ იმ რეგიონებში, სადაც მათ ყოფნას ადგილობრივი მოსახლეობა (აქედან გამომდინარე, ხელისუფლებაც) უჭერს მხარს. უფრო მეტიც, ახალქალაქსა და ბათუმში რუსეთის ჯარების პირადი შემადგენლობა თითქმის მთლიანად ადგილობრივი მცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული.
    თუ საქართველო ოფიციალურ დონეზე მოითხოვს მათ გაყვანას, რუსეთი საპასუხო არგუმენტად ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას მოიშველიებს. გაიმართება დისკუსია, რომელიც შეიძლება ათწლეულობით გაგრძელდეს. ერთადერთი, რასაც საქართველო რეალურად მიაღწევს ბოლოს და ბოლოს, იქნება რუსეთის შეიარაღებულ ძალთა შტაბის გადატანა თბილისიდან ერევანში.
    რუსეთისათვის არც ეს არის ხელსაყრელი, მაგრამ იგი ამას ასე თუ ისე შეურიგდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სრული აბსრდია იმ იმედად ყოფნა, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთს ბაზების დაკარგვის შიშით. ეს კარგად ესმის შევარდნაძეს, მაგრამ მისი მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, სულ სხვაა: მას სურს საბოლოოდ დაარწმუნოს საზოგადოება, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს პრობლემები ვეღარ გადაიჭრება. ამიტომ შევარდნაძის ტაქტიკა (ბაზები - აფხაზეთის სანაცვლოდ) დროებითია ისევე, როგორც დროებითია დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, რომელიც როხლინს მოსკოვიდან ჩამოჰყვა და თვალებში «შესციცინებდა», როგორც მხსნელსა და ქვეყნის მშველელად მოვლენილ «ჩრდილოურ მესიას».

მერიდიანი, 28 თებერვალი, 1997 წ.