ვის აძლევს ხელს პანტელეიმონ გიორგაძის «მოტეხვა»?

ვის აძლევს ხელს პანტელეიმონ გიორგაძის «მოტეხვა»?

  

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ერთობ უცნაური და იდუმალებით მოცული გადაწყვეტილება ქართველი კომუნისტებისათვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ, - კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.
    მოულოდნელი არავისათვის არ უნდა ყოფილიყო, თუ ამ ფაქტს პრეზიდენტიც გამოეხმაურებოდა. ქართული პოლიტოკრატია (მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც) როგორც არ უნდა დუმდეს, მაინც ვერ მიჩქმალავს იმ გარემოებას, რომ ცსკო-ს გადაწყვეტილება ყველა მათგანს აღელვებს.
    «მემარჯვენეებისათვის» ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის ხელსაყრელი (ერთი თვალსაზრისით), ვინაიდან პოლიტიკური სპექტრის მოპირდაპირე ფლანგზე მემარცხენე ძალთა კონსოლიდაციას იწვევს; კომუნისტების ხმებს უეჭველად სხვა «წითელი პარტიები» მიიღებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, «მემარჯვენე ოპოზიცია» იმასაც ითვალისწინებს, რომ ხელისუფლებას (ეს განსაკუთრებით 1995 წლის არჩევნებისას გამოჩნდა) «კომუნისტური ფენომენი» ესაჭიროება ილუზორული ოპოზიციის შესაქმნელად, რომლის ერთადერთ ალტერნატივადაც თვითონ აღიქმება.
    თუ პანტელეიმონ გიორგაძის ოდიოზური ფიგურა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამგვარ ალტერნატივას ვეღარ შექმნის; რაც შეეხება «მემარცხენე პარტიებს», - გიორგაძის ხმებს ისინი დაისაკუთრებენ, ამიტომ ცსკო-ს გადაწყვეტილება მათთვის ნამდვილი «სულზე მისწრებაა».
    სწორედ ამიტომ, სრულიადაც არ არის გამორიცხული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარიყო ინტერესთა თანხვედრა ანტაგონისტებს შორის და პანტელეიმონის «მოტეხვა» ერთობლივი ოპერაციით განხორციელებულიყო.
    მოქალაქეთა კავშირსN (რომც სდომოდა) ამას წინ ვერაფრით აღუდგებოდა, ვინაიდან «კომუნისტების ადვოკატად» გამოაცხადებდნენ.
    პანტელეიმონ გიორგაძეს ინტელექტი არ ეყოფა ამ გონებამახვილურ ინტრიგას რომ ჩასწვდეს, თუმცა მის პარტიაში ნამდვილად მოიძევება თითო-ოროლა საკმარისად ეჭვიანი კაცი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას არ დასდებს ბრალს (მით უმეტეს, რომ მას სწორედაც არ აძლევდა ხელს მემარცხენე ძალების კონსოლიდაცია) და შეეცდება მოიპოვოს კენჭისყრის შედეგები, რათა გაარკვიოს, ვინ როგორ მისცა ხმა გადაწყვეტილების მიღებისას;
    საბოლოოდ კი საკითხი სასამართლომ უნდა გაარკვიოს.
    ფორმალურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, მხოლოდ ფორმალურად. დავა შეიძლება წლობით გაგრძელდეს, ცსკო-ს გარეშე კი «ერთიან კომუნისტურ პარტიას» საარჩევნო სიაში არავინ შეიყვანს. ასეც რომ არ იყოს, ნოემბრის «ლოკალური არჩევნების» მატარებელმა უკვე ჩაიარა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივ ორგანოთა ფორმირება პანტელეიმონ გიორგაძის გარეშეც მოხდება.
    მაგრამ არც ისაა გამორიცხული, სასამართლომ პრინციპულობა გამოიჩინოს (ან კი რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს?) და მაინც აიძულოს ცსკო შეცვალოს გადაწყვეტილება.
    ჯერჯერობით საარჩევნო კომისიას «ერთიანი კომუნისტების» დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოუდგენია. საბჭოთა კავშირის აღდგენა მათ არ მოუთხოვიათ; «ახლებურ დემოკრატიულ კავშირზე» კი საქართველოში დიდი ხანია მსჯელობენ და უკვე არა მხოლოდ კულუარებში.

მერიდიანი, 7 ოქტომბერი, 1998 წ.