გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგი «წყალწყალა» რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ მორიგი «წყალწყალა» რეზოლუცია მიიღო

 

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მორიგი, მე-20 რეზოლუცია აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ «საქართველოს მეგობრებმა» შეიმუშავეს და შესთავაზეს უშიშროების საბჭოს.
    უფრო ზუსტად, ამ ორგანიზაციას «საქართველოს მეგობრები» უკვე აღარ ეწოდება. მისი ოფიციალური სახელწოდებაა «გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში.»
    მეგობრებს შორის, რა თქმა უნდა, რუსეთიც არ გამოგვრჩენია (ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი); მათგან ოთხი (გერმანიის გარდა) უშიშროების საბჭოს წევრია.
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ «მეგობრების» ჩართვა სეპარატისტებთან მოლაპარაკებაში, ალბათ, მაინც ძალზე სერიოზული შეცდომა იყო - შედეგიც თვალნათელია: გაეროს რეზოლუციები ამის შემდეგ არათუ გამკაცრდა, პირიქით - კიდევ უფრო «დონდლო» და «წყალწყალა» გახდა.
    ასეთი შედეგი ბუნებრივიცაა: «შუამავლის ფენქციამ» დასავლეთის ქვეყნები აიძულა, უფრო ზომიერი პოზიცია დაეკავებინათ სეპარატისტთა მიმართ. მათი პოზიცია რუსეთისას დაემსგავსა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამავლობაც აზრს კარგავს - შუამავალი იმის შუამავალია, რომ დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოება უნდა სცადოს.
    განა ამას არ სჯობდა, დარჩენილიყვნენ დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ «საქართველოს მეგობრებად» და ერთმნიშვნელოვნად დაეგმოთ სეპარატიზმი, როგორც ამას აკეთებდნენ მოლაპარაკებათა პროცესში ჩართვამდე? მანამდე უშიშროების საბჭოშიც მათი პოზიცია უფრო პროქართული იყო.
    ამრიგად, «მეგობრების» მონაწილეობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხოლოდ სეპარატისტებისთვის გამოდგა სასარგებლო. რუსეთის პრიორიტეტი ამან ვერ დაარღვია და ვერც დაარღვევდა, ვინაიდან, ჯერ ერთი, კონფლიქტის ზონაში სწორედ და მხოლოდ რუსეთის «სამშვიდობო ძალებია» განლაგებული, ანუ ყველა რეალური ბერკეტი მას უპყრია ხელთ. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებს («მეგობრებს») მხოლოდ დამკვირვებელთა სტატუსი აქვთ მოლაპარაკებებზე. ასეთი იყო არძინბას კატეგორიული მოთხოვნა. მაშასადამე, სეპარატისტებმა (კიდევ ერთხელ) პოლიტიკური პროცესიდან მათთვის ხელსაყრელი ფაქტორი «ამოიღეს», სხვა ყველაფერი კი უარყვეს. ერთი სიტყვით, ცალმხრივი დათმობებით სარგებლობენ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. რუსულად ამას ეწოდება «იგრა ვ პოდდავკი».
    თუ ჯერ კიდევ არ არის გვიან, დასავლეთის ქვეყნები აფხაზეთის პროცესს უნდა ჩამოშორდნენ. «მეგობრებს» კი დაუბრუნდეთ ძველი ფუნქცია - საქართველოში რეფორმების, სახელმწიფოებრივი პროცესების მხარდამჭერებისა.
    სხვათა შორის, ბევრმა დამკვირვებელმა საქართველოში აბსოლუტურად სწორად შენიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის (გარკვეული ზომითა და ფორმით) სამშვიდობო პროცესში ჩართვა სეპარატისტებს იმ თვალსაზრისითაც აძლევდათ ხელს, რომ თუ მოხდება (მათ ხარჯზე) რაიმე პოლიტიკური გარიგება საქართველოსა და რუსეთს შორის, აფსუებს ექნებათ საშუალება უკვე დასავლეთს მიმართონ «მცირერიცხოვანი ხალხის» დაცვის თხოვნით.
    ამ მიზნით ისინი იმავე «საკოორდინაციო საბჭოს» გამოიყენებენ, თუკი დასჭირდებათ.
    გაუგებარია, ჩვენ მაინც რატომ უნდა ვეხმარებოდეთ სეპარატისტებს? საქართველოსთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ყარაბაღის ფორმულა, ანუ «მინსკის ჯგუფის» მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა, რომელშიც შუამავლები აბსოლუტურად თანასწორუფლებიანები იქნებოდნენ, ხოლო სეპარატისტები არ დაფიქსირდებოდნენ სამართალსუბიექტად.
    მაგრამ «მინსკის ჯგუფის» ასამოქმედებლად სამშვიდობო ძალების გაყვანა, ან (სულ ცოტა) მათი ინტერნაციონალიზაციაა საჭირო, რაც, ჯერ-ჯერობით, რეალური არ არის.
    მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამშვიდობო პროცესი აბსოლუტურ, უეჭველ ჩიხშია მოქცეული, რაც უკანასკნელმა რეზოლუციამაც დაადასტურა.
    უპირველეს ყოვლისა, ნიშანდობლივია მორიგი რეზოლუციის შემუშავების მეთოდი: ფაქტობრივად, ეს არის «მეგობართა პროექტი»; ესე იგი, რუსეთმა, საფრანგეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ყოველგვარი უთანხმოების გარეშე, ერთხმად შესთავაზეს პროექტი უშიშროების საბჭოს.
    იმთავითვე თვალშისაცემია განსხვავება კოსოვოსა და აფხაზეთს შორის. პირველ პრობლემასთან დაკავშირებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უმწვავესი უთანხმოებაა. უფრო ზუსტად - რუსეთსა და დასავლეთს აქვთ კარდინალურად განსხვავებული პოზიცია; აფხაზეთის საკითხში კი ისინი უპრობლემოდ თანხმდებიან.
    ასეთი ერთსულოვნება საქართველოსთვის კარგს არაფერს ნიშნავს - მაშასადამე, დასავლეთი კვლავ აღიქვამს საქართველოს (აფხაზეთს) რუსეთის გეოპოლიტიკური არეალის შემადგენელ ნაწილად და მას თავადაც სიამოვნებით უთმობს პრიორიტეტს - ვინაიდან ისედაც ატკივებული თავის კიდევ უფრო ატკივება არ სურს.
    მით უმეტეს, თუ საქართველო განსაკუთრებულ პრობლემას ამასთან დაკავშირებით არ ქმნის და პროტესტს არ აცხადებს.
    სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარეობს მორიგი რეზოლუცია, რომელშიც, «საერთო ფრაზების» გარდა, თითქმის არაფერია ჩვენთვის პოზიტიური: უშიშროების საბჭო «შეშფოთებას გამოთქვამს» კონფლიქტის ზონაში დაძაბულობისა და არასტაბილური ვითარების, ბრძოლების განახლების საშიშროების, მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო, აქებს რუსეთის სამშვიდობო ძალებს (!) სტაბილური ვითარების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის, მხოლოდ გაკვრით ახსენებს ლისაბონის რეზოლუციას, რომლითაც დაგმობილია «უმეტესწილად ქართული მოსახლეობის გენოციდი და ეთნიკური წმენდა», მოუწოდებს მხარეებს, მკაცრად დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.
    უშიშროების საბჭო მოუწოდებს მხარეებს, ხელი მოაწერონ უკვე მომზადებულ დოკუმენტებს «აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებისა და ეკონომიკის აღდგენის შესახებ». ფაქტობრივად, ამით იგი ქართულ მხარეს მოუწოდებს, დაეთანხმოს ამ დამღუპველი დოკუმენტების პარაფირებას, რაც, მადლობა ღმერთს, თავიდან ავიცილეთ გასული წლის მიწურულს.
    რეზოლუციაში ლაპარაკია, აგრეთვე «პოლიტიკურ ნებაზე», რომელიც, თურმე, მხარეებმა უნდა გამოიჩინონ, რათა მიაღწიონ სრულმასშტაბიან პოლიტიკურ მოწესრიგებას.
    მათ შორის, «მოწესრიგება საკითხისა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში».

    განა ეს აბსურდი არ არის? საქართველოს არავითარი «ნება» ამისთვის არ სჭირდება. თუ ლაპარაკია «სახელმწიფოებრივ მთლიანობაზე» - ამ საკითხში სწორედ სეპარატისტები დგანან უკომპრომისო პოზიციაზე, მაგრამ მათი დასახელება რეზოლუციის შემოქმედთ ხელს არ აძლევდათ. ამიტომ გაჩნდა იდიოტური ფორმულირება, რომელიც ორივე მხარეს (საქართველოსაც და სეპარატისტებსაც) ერთნაირად მოუწოდებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი ნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად!!!
    რასაკვირველია, გაეროს რეზოლუციაში სავსებით კონკრეტულად (გაცილებით უფრო კონკრეტულად, ვიდრე ლისაბონის დასკვნით დოკუმენტში), მითითებულია 1994 წლის 14 მაისის შეთანხმება «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ», რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს იძულებითი კაპიტულაცია იყო. მაგრამ ჩვენი ყველაზე «აქტიური მეგობრები» და რეზოლუციის მთავარი ავტორები (რუსები) ამ დოკუმენტს როგორ გამოტოვებდნენ?!
    ლტოლვილებთან დაკავშირებით, აგრეთვე, არავითარი დაკონკრეტება, ისევ ორმხრივი მოწოდებები და, რაც მთავარია, მითითება 1994 წლის 4 აპრილის დოკუმენტზე, რომელიც ლტოლვილთა დაბრუნებას, ფაქტობრივად, მხოლოდ გალის რაიონში ითვალისწინებდა. რეზოლუცია გმობს პარტიზანთა მოქმედებას აფხაზეთში. სწორედ და მხოლოდ ამ ნაწილშია დოკუმენტი მაქსიმალურად კონკრეტული და მკაცრი.
    გაეროს უშიშროების საბჭომ გაახანგრძლივა სამხედრო დამკვირვებელთა მანდატი 1999 წლის 31 ივლისამდე; თანაც, კვლავ დაადასტურა, რომ თუ რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატში რაიმე ცვლილებას შეიტანს, გაეროს დამკვირვებელთა მანდატი დამატებით განიხილება, ანუ, ფაქტობრივად, დამკვირვებლებს აფხაზეთიდან გაიყვანენ.
    კიდევ უარესი: უშიშროების საბჭო ამ რეზოლუციით, ფაქტობრივად, გვემუქრება, რომ დამკვირვებლებს გაიყვანენ იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველო მოითხოვს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას. ეს პირდაპირ თითქოს არ არის ნათქვამი, მაგრამ ვუალირებულად მაინც გაცხადებულია.
    განა ღირდა ამ მეოცე რეზოლუციისთვის მრავალწლიანი შრომა და ჯაფა, რაც ნამდვილად გასწიეს ქართველმა დიპლომატებმა, გაუთავებელი გადაფრენა-გადმოფრენა ნიუ-იორკიდან – თბილისში?
    თუმცა, მეორე მხრივ, ეს ჯაფა რომ არ გაწეულიყო, მავანი აუცილებლად იტყოდა - აფხაზეთს აქამდე დავიბრუნებდით, გაეროს შესაძლებლობები რომ გამოგვეყენებინაო. არადა, დროა უკვე მივხვდეთ: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქმედითი ორგანიზაციაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ინსტრუმენტად იქცევა ზესახელმწიფოთა ხელში მათი ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
    აფხაზეთის საკითხში, როგორც ჩანს, ჩვენდა საუბედუროდ, გარკვეული გეოპოლიტიკური კომპრომისი ნამდვილად არსებობს, - ამიტომაც გაერო აბსოლუტურად უმაქნისია და უმწეო; ამ ორგანიზაციის ბიუროკრატიას არაფერი აინტერესებს «მუნდირის ღირსების», შესაბამისად, ფანტასტიკურად მაღალი ხელფასების შენარჩუნება-დაცვის გარდა.
    რაც შეეხება აფხაზეთში სამშვიდობო პროცესს, - გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა ყოველგვარი მოლაპარაკების გაწყვეტა სეპარატისტებთან - გაეროს ეგიდით და «საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე».
    ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ომის განახლებას, მაგრამ მოლაპარაკება და, მთლიანად, სამშვიდობო პროცესი, რომელიც პოლიტიკურად მხოლოდ ზიანის მომტანია, - საქართველოს არ სჭირდება.
    მით უმეტეს, ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ ქვეყანამ ძალიან მძლავრი ტრიბუნა მოიპოვა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

    ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტი პირობის დამადასტურებელ მოწმობაში საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესთა თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ

       ქართულ საზოგადოებაში ატეხილი ცხარე კამათი «ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის» შესახებ ელემენტარულ გაუგებრობას ეფუძნება. სწორედ ამ გაუგებრობის, ეროვნულ ინტერესთა გაუცნობიერებლობის შედეგია ის თვალშისაცემი განსხვავება, რომელიც არსებობს ამ საკითხში საქართველოსა და თუნდაც იმავე რუსეთს შორის.
    რუსეთშიც დიდი სჯა-ბაასი იყო ამის თაობაზე. მაგრამ იქ ინიციატორები «ეროვნული უმცირესობები» იყვნენ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ მათ მიიჩნიეს თავიანთი ინტერესების შელახვად პასპორტებიდან «ეროვნების» ამოღება და მოითხოვეს პასპორტების «საბჭოთა ფაქტურის» აღდგენა.
    მათი აზრით, ეროვნების აღნიშვნაზე უარის თქმა რუსული შოვინიზმის გამოვლენა იყო.
    ჩვენში კი პირიქით ხდება (ყველაფერი უკუღმართად როგორ უნდა გამოვიდეს საქართველოში?) - ეროვნული უმცირესობები ამ საკითხზე კრინტს არ ძრავენ და სწორედ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები (სავსებით გულწრფელად) მოითხოვენ «ეროვნების დაბრუნებას,» რადგან ამ პუნქტის ამოღება ეროვნული ინტერესების შელახვად მიაჩნიათ.
    მაგრამ დავაკვირდეთ კვლავ ამ უცნაურ სხვაობას: ნუთუ რუსებს ნაკლებად ესმით საკუთარი ინტერესებისა? არც საქართველოში მცხოვრები უმცირესობები აცნობიერებენ ამ ინტერესებს სხვებზე ნაკლებად. მაშასადამე, განსხვავება პოლიტიკური ვითარების არაერთგვაროვნებაში უნდა ვეძიოთ.
    მიზეზთა გამო, საქართველოში მცხოვრები უმცირესობები ისევე მწვავედ არ სვამენ ამ საკითხს, როგორც რუსეთში, მაგრამ ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტი მათთვისაც ძალზე ხელსაყრელია.
    რამდენიმე წლის წინ თუნდაც თბილისის ბევრ რაიონში ქართულ ენას ძნელად თუ გაიგონებდით. არაქართული მოსახლეობა, ძირითადად, მაინც რუსულად გველაპარაკებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა. ასეულობით ათას სომეხს და აზერბაიჯანელს, აგრეთვე, რუსს, რომლებიც თბილისსა და სხვა ქალაქებში ცხოვრობენ, ქცევის მანერით, საუბრით, მეტყველებით, - «ჩვეულებრივი» ქართველისგან ძნელად თუ განასხვავებით. მათ უმრავლესობას ბავშვები ქართულ სკოლაში შეჰყავს, ხშირად გვარსაც იკეთებენ და მთლიანად «ქართველდებიან».
    მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც დასავლეთში უწოდებენ «ნატურალიზაციას». გნებავთ :ეს დაარქვით, გნებავთ «ასიმილაცია», - ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი უაღრესად ხელსაყრელია «ქართული საქმისათვის», საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.
    მიმდინარეობს ქართული ნაციის (ევროპული გაგებით ამ ცნებისა) კონსოლიდაცია; ეთნიკურ წარმომავლობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, - ყალბდება საქართველოს ნაცია ქართულ ენისა და კულტურის საფუძველზე. ისევე, როგორც არსებობს საფრანგეთის ნაცია (ჩვენი გაგებით და ტერმინოლოგიით, - ფრანგი ერი); იგი მოიცავს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს.
    ამ სახელმწიფოებრივი კონცეფციის შესაბამისად, ფრანგია არა მხოლოდ აფრიკის კოლონიიდან ოდესღაც ჩამოყვანილი ზანგის შთამომავალი შავკანიანი (არადა, «ჩვენებური შეხედულებით», ზანგი როგორ შეიძლება იყოს ფრანგი?), არამედ, გასკონელიც.
    ამ მომენტს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, - გასკონელები, ეთნიკური წარმომავლობით, არათუ ფრანგები არ არიან, არამედ საკუთარი (არაინდოევროპული) ენაც აქვთ.
    გაუგებარია, რატომ უნდა მოვიქცეთ ჩვენ საპირისპიროდ? მაგალითად, იმ თბილისელ სომეხს, რომლისთვისაც, საბედნიეროდ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში «ქართველობა» უფრო ხელსაყრელია, ვინც ქართულად უფრო ხშირად მეტყველებს, ვიდრე სომხურად, ვისაც ბავშვი ქართულ სკოლაში შეჰყავს («საბჭოთა საქართველოში» ასეულობით სომხური სკოლა იყო, ამერიკაში, სულ სამად-სამია. ისიც, კერძო) რატომ უნდა ვუჩიჩინოთ დღენიადაგ - არა, შენ სომეხი ხარ, სომეხი ხარ, სომეხი ხარ, ქართველი არა ხარ, სომეხი ხარ!
    ამდენი ჩიჩინით შეიძლება ავლაბარშიც კი შევქმნათ პრობლემა.
    ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ეროვნული ინტერესები ემთხვევა და სავსებით შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს.
    ასე ყოველთვის როდი ხდება. არც ერთ ევროპელს აზრადაც არ მოუვა უსაყვედუროს საქართველოს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დოკუმენტში «ეროვნება» არ უწერიათ.
    «ეროვნული უმცირესობები» კი ამას ვერ მოითხოვენ, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა უკვე მათი მხრიდან იქნება არადემოკრატიული და «არაევროპული».
    საქართველოში ცხოვრობ? მაშასადამე (სახელმწიფოებრივად), ქართველი ხარ! - მორჩა და გათავდა. ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არა გაქვს უფლება, განათლება მიიღო მშობლიურ ენაზე, იღებდე ინფორმაციას იმავე ენაზე და ასე შემდეგ.
    პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის დაბრუნება, ყველას ერთად და მთელს ქვეყანას დაგვაბრუნებს «საბჭოთა ინტერნაციონალიზმის» ეპოქაში, როდესაც პასპორტში ხაზგასმით იყო აღნიშნული, ვინ რომელ ეროვნებას ეკუთვნოდა არა სახელმწიფოებრივი, რა თქმა უნდა, არამედ ეთნიკური თვალსაზრისით.
    ძალიან დიდი «სიფრთხილით» იმასაც ვიტყვი, რომ ამ პუნქტის დაბრუნება დოკუმენტებში მაშინ, როდესაც ქართველ ერს, ჩვენდა სამარცხვინოდ და საუბედუროდ, ჯერ ტრაიბალისტური პრობლემებიც არა აქვს გადაწყვეტილი, - დამატებით სირთულეებს შეგვიქმნის.
    არადა, მართლაც გაუგებარია, რატომ ვიქმნით ამ დამატებით პრობლემებს? ნუთუ, გვაკლია ისინი?
    ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში გრაფა «ნაციონალიტე» ნიშნავს არა ეთნიკურ, არამედ სახელმწიფოებრივ კუთვნილებას. ამ მიზნით, ეგრეთ წოდებულ «საზღვარგარეთის პასპორტში» ან შესაბამისი ანკეტის შევსებისას სომხებმა (თუ იგი საქართველოს მოქალაქეა) უნდა დაწეროს «ჯორჯიან» ისევე, როგორც ეთნიკურმა ქართველმა. თუ ის დაწერს «არმინიან», მაშინ ევროპული გაგებით, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ სომხეთის მოქალაქეა და არა საქართველოსი. ამ შემთხვევაში აუცილებლად ჰკითხავენ (უნდა ჰკითხონ): სომხეთის მოქალაქე ხართ, მაშინ რატომ გაქვს საქართველოს პასპორტი?
    მოქალაქეობა და ეროვნული კუთვნილება (არაეთნიკური გაგებით) დემოკრატიულ ცივილურ ქვეყნებში ერთი და იგივეა, საქართველო სხვა ყოფილი «საბჭოთა ქვეყნებისგან» იმითაც განსხვავდება, რომ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ საქართველოში ცხოვრობს.
    განსაკუთრებით დიდი დიასპორა ჩვენ არა გვყავს. მით უმეტეს, ასეთ პირობებში არ უნდა გვაძლევდეს ხელს ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტი საკუთარ ქვეყანაში, - საკუთარ სახელმწიფოში.
    ეროვნების აღმნიშვნელი პუნქტის დაბრუნება პასპორტსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაგვაშორებს უმთავრეს მიზანს - ქართული ნაციის ჩამოყალიბებას ამჟამინდელი «საქართველოს მრავალეროვანი ხალხის» ბაზაზე - რაც, ისევ და ისევ, არ გამორიცხავს ეთნიკურ მრავალფეროვნებას.

დილის გაზეთი, 1 თებერვალი, 1999 წელი