დავით ზეიკიძის შეჭრა პარლამენტში

დავით ზეიკიძის შეჭრა პარლამენტში

ზოგი ჭირი მარგებელია

    დავით ზეიკიძის პარლამენტში შემოჭრასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა, ზოგი «ჭირი მარგებელიაო» - ამ შემთხვევამ ისიც დაადასტურა, რომ საპარლამენტო ოპოზიციას სახელმწიფოს მეთაურის გარშემო შეკვრაც შეუძლია, თუ საფრთხე საერთო იქნება. სწორედ ასეთი - «საერთო» იყო ეს საფრთხე, რაკი პოლიციელი მთლიანად პარლამენტს ემუქრებოდა «გარეკვითა» და «დაპატიმრებებით».
    დეპუტატები იმდენად განრისხდნენ, რომ ამ ინციდენტს კინაღამ «სახელმწიფო გადატრიალების» კვალიფიკაცია მისცეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი აქტიურობდა. ასეთი კვალიფიკაცია იმას ნიშნავდა, რომ დავით ზეიკიძე ძალიან მკაცრად დაისჯებოდა (ხუმრობა საქმე ხომ არ არის - «პუტჩი» მოაწყო?) მაგრამ სახელმწიფოს მეთაურს იგი დასასჯელად არ გაემეტა და გაუგებარი დარჩა რატომ - ალბათ იმიტომ, რომ ედუარდ შევარდნაძეს ბოლო წლებში სენტიმენტალიზმმა მორია ხელი - რითაც იგი ადრე ნამდვილად არ გამოირჩეოდა. ან კიდევ ზეიკიძემ ძალზე ბევრი «იცოდა» იმისათვის, რათა ციხეში წასულიყო და ედუარდ შევარდნაძეც ამ სისტემაში (სამართალდამცავ ორგანოებს ვგულისხმობ) გამწვავებას მოერიდა.
    ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა პარლამენტში არსებული სიტუაციის უცნაურობა. იგი არავითარ პროგნოზს არ ექვემდებარება. შეუძლებელია განჭვრეტა - ვინ როდის ვის დაიცავს ან ვის ჩამოხრჩობას მოითხოვს. მაგრამ აქ მაინც რაღაც «ერთიანი სისტემა» რომ მოქმედებს შეუცდომლად და მიზანსწრაფულად - ესეც ნათელია.
    მომხდართან დაკავშირებით, სააგენტო «იბერიას» კორესპონდენტი ესაუბრა ქართლოს ღარიბაშვილს, რომელმაც ზეიკიძის დასაცავად თავი გამოიდო (და კინაღამ გადადო კიდეც). მის გამოსვლას პარლამენტის სხდომაზე, რომელშიც მან ეთნიკური მეგრელები დაადანაშაულა კონფლიქტის პროვოცირებაში - ვნებათა ნამდვილი აფეთქება მოჰყვა და ღარიბაშვილი კინაღამ ჩაქოლეს, რომ (ასევე უეცრად) ერთ-ერთ კოლეგას მისთვის დახმარება არ აღმოეჩინა.
    ქართლოს ღარიბაშვილის აზრით, პარლამენტს უნდა მოესმინა ზეიკიძისათვის. ეს საკითხი დაისვა კიდეც სხდომაზე, მაგრამ ზოგიერთმა დეპუტატმა არცთუ უსაფუძვლოდ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი შიდაუწყებრივი კონფლიქტების გარჩევას შეუდგება, - იგი შეიძლება მომრიგებელ სასამართლოს დაემსგავსოს და თავისი პირდაპირი ფუნქცია (კანონშემოქმედება) ვეღარ შეასრულოს.
    ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა რომ არავითარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა. ესე იგი, იმ ათასამდე პოლიციელს, რომელიც პარლამენტთან და პარლამენტში ბობოქრობდა, სრულიადაც არ სურდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება - რაც სავსებით ლოგიკური ჩანს, თუმცა ამხელა ბრბოს (თანაც შეიარაღებულის) ხელისუფლების შენობაში შემოვარდნა ნამდვილად იყო ამ ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენის მცდელობა - რაც აგრეთვე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა (რომ აღარაფერი ვთქვათ მიყენებულ შეურაცხყოფაზე).
    თავისთავად იმის თქმა - გინდა თუ არა მომისმინეო - უკვე ძალადობაა, თუ მე მოსმენა არ მინდა. მაგრამ სიტუაცია იმდენად არაორდინალური იყო, რომ შეიძლება პარლამენტს კიდევაც უნდა «გადაებიჯებინა» თავისი სიამაყისათვის.
    შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა იდუმალებით მოსილი ფრაზა თქვა: «ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აღებულ იქნა დიდძალი თანხა (მილიონობით) ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება».
    ჩემთვის კი ნამდვილად გაუგებარია, რატომ არ მიმართა ზეიკიძემ პრესას? თუ პარლამენტში არ უშვებდნენ, რათა იქ სიმართლე ეთქვა, - რამ შეუშალა ხელი, თავისუფალ გაზეთში ინტერვიუ მიეცა ან სტატია დაებეჭდა - ვინ იტყოდა უარს ასეთი სენსაციური მასალის დაბეჭდვაზე? ეს სტატია (ან ინტერვიუ) კი ძალაუნებურად გახდებოდა მსჯელობის საგანი პარლამენტში კვირაიას მინისტრად დამტკიცების დროს, მაგრამ იგი ასე არ მოიქცა - შენობაში «შევარდნა» ამჯობინა. პარლამენტმა კი (ღარიბაშვილის თქმით) «აჟიოტაჟი» არჩია, უუნარობა გამოიჩინა და არ მოუსმინა თბილისის პოლიციის უფროსს. «გარკვეული ძალები აგრესიულად არიან განწყობილნი ზეიკიძის მიმართ».
     გაუგებარი დარჩა, რატომ უნდა იყონ ეს ძალები აგრესიულად განწყობილნი ან რა ძალები იგულისხმება აქ კონკრეტულად? «პარლამენტს მოეჩვენა გადატრიალება» - პარლამენტს არაფერი არ მოჩვენებია. მან უბრალოდ სიტუაცია გაამძაფრა, რათა ღარიბაშვილისა და მისთანებისთვის «ძალა» ეჩვენებინა.
    «ზეიკიძე პრინციპულად იქცევა» - დავით ზეიკიძის ქმედებაში მართლაც შეიმჩნეოდა ერთგვარი პრინციპულობა, რომელსაც, სამწუხაროდ, გარეგნულად სიჯიუტის იერი ჰქონდა. ოღონდ, ამ პრინციპულობის გამოსავლენად, ნამდვილად არ შეიძლება «მეგრული არგუმენტის» გამოყენება. «ვაი ჩვენ», თუ ეს მართლაც «კოზირად» იქცა პოლიტიკური შეხლა-შემოხლის დროს - მაშინ ხომ ნამდვილად ვერ ავცდებით ტრაიბალიზმსა და ქვეყნის დაქცევას.
    მაინც ვის გულისხმობდა ზეიკიძე «დავერბოვკებულებში»? - ჟვანიას? მაგრამ ზურაბ ჟვანია იმ თაობის წარმომადგენელია, როდესაც «დავერბოვკების» სისტემა ძალზე დაჩლუნგებული იყო და საერთოდ - იგი ნამდვილად არ ჰგავს კრემლის აგენტს.
    პოლიციელებმა სთხოვეს ღარიბაშვილს პარლამენტში მათი საკითხი დაეყენებინა. მანაც შეასრულა თხოვნა და თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ ადვოკატია პროფესიით და ვალდებულია ადამიანის უფლება დაიცვას. მისი თქმით «ზეიკიძე დაიჩაგრა», მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი პოლიციელია და «ასეთ გენერლებს «ატსტავკაში» ნამდვილად არ უშვებენ».
    ღარიბაშვილი იქვე ტერორისტულ აქტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ზაზა ვეფხვაძის, გია სვანიძის, მიხეილ ქურდაძის, გია გულუას მკვლელები პროფესიონალები არიან - ეს ყველაფრიდან ჩანს.
    ღარიბაშვილმა იხმარა ტერმინი «თავხედობის ხარისხი». მანვე გამოთქვა საინტერესო მოსაზრება: «წინათ მილიცია მუშაობდა აგენტურულ მონაცემებზე დაყრდნობით. ამ მონაცემებს მას «კგბ» აწვდიდა, თუმცა შინაგან საქმეთა ორგანოებს საკუთარი არხებიც ჰქონდა».
    მართლაც საინტერესო ფაქტია - ყოველ შემთხვევაში, დღემდე არ იყო ცნობილი, რომ ყოფილი მილიცია მთლიანად კგბ-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობდა. ამჟამად კი, ეს სისტემა დაიშალა და აღარ ფუნქციონირებს.
    ზემოთაღწერილი ინტერვიუ მრავალმხრივ არის საყურადღებო და დაკვირვებული მკითხველი, რომელსაც ანალიზის უნარი აქვს, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს მასში.

«მსგეფსი», 28 აპრილი - 4 მაისი, 1994 წელი.