საქართველოს პრეზიდენტი სომხებს რუსეთის უიმედობაში არწმუნებს

საქართველოს პრეზიდენტი სომხებს რუსეთის უიმედობაში არწმუნებს

      

       გუშინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობის პრობლემებიც განიხილეს, ამ ვიზიტისას უმთავრესი მაინც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გამართული დისკუსია იყო.
       ნიშანდობლივია, რომ ვიზიტი გაიმართა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ომი იწყება. ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ «ურჩია» სომეხ კოლეგას «ნუ იყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით» და მეტი ყურადღება მიაქციოს რეგიონალურ ინტეგრაციას.
       სწორედ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით, ალიევსა და კოჩარიანს შორის უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. «სამთა პირველი შეხვედრა» შედგა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის შუამავლობით.
       შემდგომ, ალიევი და კოჩარიანი ჟენევაში შეხვდნენ ერთმანეთს; თბილისში მოეწყო პარლამენტის თავმჯდომარეთა სამიტი, უახლოეს მომავალში კი საქართველოს დედაქალაქში ჩამოვლენ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.
       გრძელდება მოლაპარაკება თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთა შეხვედრის თაობაზე. პრინციპული თანხმობა ბაქოდან მიღებულია; ერევანში ჯერ კიდევ «ყოყმანობენ». თუმცა «ყოყმანიც» უკვე კარგი ნიშანია, - სომხური ელიტა მიხვდა, რომ თუ არ მიიღებს მონაწილეობას რეგიონალურ პროცესებში და მხოლოდ რუსეთზე იქნება კვლავინდებურად «ჩამოკიდებული» - უეჭველად წააგებს: სამხრეთ კავკასიაში სულ უფრო აქტიურად შემოდის დასავლეთის ინტერესები. ის, რაც წარმოუდგენელი იყო 1994 წელს (როცა სომხეთმა, რუსეთის აქტიური დახმარებით, მოიგო ომი ყარაბაღში), სავსებით შესაძლებელია დღევანდელ ვითარებაში.
       სომხეთი ვერც იმას გაექცევა ვერსად, რომ ნოემბერში, ევროპაში უშიშროებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციის სტამბოლის სამიტზე, აუცილებლად გადაწყდება «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და ფლანგური შეზღუდვების საკითხი».
       ამიტომ, რაკი საქართველოს რუსეთი არ დაეხმარა აფხაზეთში, ოფიციალური თბილისი არ დაუთმობს რუსეთს თავის კუთვნილ «კვოტებს» და ახალქალაქის «რუსულ-სომხური» დივიზია იძულებული გახდება დატოვოს ჯავახეთი; რუსები უეჭველად მოინდომებენ სომხეთში გადაბარგებას, მაგრამ ამით ერევანიც დაარღვევს პარიზის ზემოთხსენებულ ხელშეკრულებას, რაც რობერტ კოჩარიანს სულაც არ ეპიტნავება.
       სომხეთს აღარ აქვს რუსეთის იმედი და აღარ სჯერა, რომ სწორედ მოსკოვი გადაუწყვიტავს ყვევლა პრობლემას, ამიტომ «სახის შესანარჩუნებლად» შეეცდება რეგიონალური სისტემები გამოიყენოს და შესაძლო კომპრომისსაც მიაღწიოს.
       ქართულ დიპლომატიას ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე მართებს: კარგია, თუ საქართველო დააფიქსირებს თავის შუამავლობას და «წამყვან» როლს რეგიონში, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეტისმეტი «შეხმატკბილება» სულაც არ შეესაბამება საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს; როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს ეს გარემოება ესმის, ამიტომ ძალიან ფრთხილად ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესთა წინააღმდეგობაზე თამაშს - თანაც ისე, რომ ორივე მხარე შედეგად კმაყოფილია

7 დღე, 1 ოქტომბერი, 1999 წელი