საერთაშპორისო მიმოხილვა. 9 აგვისტო. 2023 წელი
პუტინი აგრძელებს უკრაინის მხეცურ დაბომბვებს: უკრაინის პატარა ქალაქ პოკროვსკში სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 81 დაიჭრა, 12 მრავალსართულიანი სახლი დაინგრა.
პუტინმა ეს დარტყმა განახორციელა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს მოსკოვს უპილოტო აპარატებით გუშინ. ამით პუტინი უკრაინასა და დასავლეთს უჩვენებს, რომ მშვიდობიან უკრაინელებს დახოცავს.
დავაკვირდეთ, რომ დარტყმა განხორციელდა არა კიევზე, რომელსაც წარმატებით იცავენ დასავლური საზენიტო სისტემები, არამედ პატარა უკრაინულ ქალაქზე, სადაც ასეთი სისტემები არ არის;
ანუ პუტინის სტრატეგია უკვე გამოიკვეთა: რაკი დასავლური საზენიტო სისტემები მთელს უკრაინას არ ეყოფა, რუსული არმია დაიწყებს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას უკრაინულ ქალაქებში, რომლებიც დაუცველია, რათა ამ ბარბაროსული გზით მიაღწიოს მიზანს და აიძულოს პრეზიდენტი ზელენსკი ცნოს ე.წ. `ახალი რეალიები`.
ზოგიერთი დასავლური გავლენიანი მედია-რესურსის (მაგალითად CNN) საინფორმაციო პოლიტიკა უკრაინის მიმართ ობიექტურ დამკვირვებლებს უმტკიცებს შთაბეჭდილებას, რომ დასავლურ ელიტებში თანდათან ძლიერდება `კრემლთან მოლაპარაკების` ინტენცია (შინაგანი განზრახვა), რაკი უკრაინული კონტრშეტევა ჯერ-ჯერობით არ არის ისეთი წარმატებული, როგორც ყველას გვინდოდა.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ თუ უკრაინამ უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში ვერ შეძლო რუსული `სამხაზიანი` თავდაცვითი ზღუდის გარღვევა, შემოდგომაზე რეგიონში დაიწყება წვიმები და სამხედრო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელი გახდება.
თუმცა დასავლეთი უკრაინას უხვად აწვდის ტექნიკას: გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული კონცერნი `რეინმეტალი` გამოისყიდის 50 ტანკს Leopard-1 ბელგიისგან, რათა გადასცეს უკრაინას.
დამკვირვებლები ასევე აღნიშნავენ, რომ თუ კონტრშეტევა გაჭიანურდა, უკრაინა აუცილებლად ახსნის ამას დასავლური იარაღის გვიან მიწოდებით. და იქნება მართალი!!! დასავლეთს უფრო ადრე უნდა მიეწოდებინა მისთვის შეტევითი იარაღი, სანამ რუსები მოასწრებდნენ თავდაცვითი ზღუდეების აგებას.
ეს ურთიერთ-ბრალდებები კი დაასუსტებს ანტიპუტინურ კოალიციას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
და არ დაგვავიწყდეს არც ერთი წუთით, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკა, ბევრი ექსპერტის აზრით, უახლოვდება ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს XIX საუკუნის სამოქალაქო ომის შემდეგ: დონალდ ტრამპი ან უნდა ჩასვან ციხეში (ეს `ვაია`) ან გაამართლონ (რაც `ვუია`) ანუ არჩევანია ცუდსა და უარესს შორის. ცუგცვანგის მდგომარეობაა: გააჭიანურებენ პროცესს `ვაია`. არ გააჭიანურებენ და 2004 წელს გამოიტანენ განაჩენს `ვუია`.
აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, დონალდ ტრამპი თითქმის თანაბრად მიდის ამ რბოლაში ჯო ბაიდენთან და დიდი უპირატესობით მოუგებდა ყველა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატს დემოკრატებიდან, გარდა ხანშიშესული ბაიდენისა.
ხოლო `რესპუბლიკელებში` ტრამპს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავს: ყველა სხვა, მათ შორის ფლორიდას გუბერნატორი დე სანტისი მნიშვნელოვნად და შეუდარებლად ჩამორჩება.
ახლა ამ სურათს თუ ტრენდს დავამატოთ ისიც, რომ ტრამპ-ბაიდენის `საპრეზიდენტო კლინჩი` ამერიკაში ვითარდება იმ ფონზე, როცა სულ უფრო შეურიგებელ დაპირისპირებას იწვევს ასევე აბორტების საკითხი: ამერიკა ამ თემაზეც გახლეჩილია ტრაგიკულად.
ეს ღირებულებითი ხლეჩაა Pro-life და Pro-choice მიდგომათა მომხრეებს შორის! ამდენად, ძალიან სახიფათო. მით უმეტეს საერთო `ტრენდში`, რასაც ქმნის დონალდ ტრამპი.....
აქ ირკვევა ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი, რამაც ასევე შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკურ `ცივ ომზე`: უახლოეს დღეებში Georgia -ს შტატის სასამართლო (ამ შტატის Grand Jury) იწყებს დონალდ ტრამპის კიდევ ერთი საქმის განხილვას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მოქმედებათა საქმეზე, როდესაც იგი ცდილობდა გამოეყენებინა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სხვა თანამდებობის პირები, რათა ზეწოლა მოეხდინა Georgia -ს შტატის ადმინისტრაციაზე, მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) საარჩევნო ადმინისტრაციაზეც.
როგორც იცით, დაახლოებით ამ ქეისზე ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოშიც არის საქმე აღძრული, თუმცა პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვითარდება.
ახლა წარმოვიდგინეთ, რომ დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი მას შემდეგ (ან თუნდაც მანამდე) რაც ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და Georgia-ს შტატის სასამართლომაც გამოიტანა მის მიმართ ანალოგიური განაჩენი.
ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპს კონსტიტუციით და კანონითა აქვს უფლება, შეიწყალოს საკუთარი თავი ოღონდ.......მხოლოდ იმ საქმეზე და იმ განაჩენზე, რაც ფედერალურმა (ვაშინგტონის) სასამართლომ გამოიტანა მის მიმართ! აი Georgia-ს შტატის სასამართლოს განაჩენზე კი, როგორც ირკვევა, პრეზიდენტი საკუთარ თავს ვერ შეიწყალებს, რადგან ამ შტატის კანონმდებლობით, მსჯავრდადებულის შეწყალება შესაძლებელია მხოლოდ განაჩენიდან 5 წლის შემდეგ!
ამერიკა ფედერაციაა. და ფედერალიზმი ამერიკაში უძლიერესია. პრეზიდენტი შტატის კანონს ვერ დაარღვევს.
რომც შეიწყალოს ტრამპმა საკუთარი თავი, შტატი არ დაემორჩილება!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკომისიამ განაცხადა, რომ არ შეუძლია მისცეს უკრაინას უშიშროების გარანტიები, რადგან ``ევროკავშირი არ არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაო``.
ეს განცხადება ევროკავშირის `საგარეოს` წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ გააჟღერა.
ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი განცხადებაა! ანუ, ამით ევროკავშირი კიევს მიანიშნებს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, რაც NATO-ში გაწევრდება.
შესაბამისად, აქვეა ქარაგმა, რომ უკრაინა ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი (ახლა მხოლოდ კანდიდატია) გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში შევა.
პირდაპირ ამას არ ეუბნებიან, თუმცა ეუბნებიან ქარაგმულად, მინიშნებით.
შეგახსენებთ აბსოლუტურად უტყუარ ისტორიულ ფაქტს: არც ერთი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა არ გამხდარა ევროკავშირის წევრი NATO-ს გვერდის ავლით. ანუ აბსოლუტურად ყველა მათგანი (გამონაკლისის გარეშე) ევროკავშირში მიიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც NATO-ს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
იგულისხმება ყოფილი პოსტკომუნისტური ქვეყნები ანუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი.....ყველა მათგანი ჯერ ალიანსში მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ- ევროკავშირში.
ასევე ბალტიის სახელმწიფოებიც NATO-ს გაფართოების მეორე ტალღის დროს: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
ლიტვა იმდენად მზად იყო ორივე გაერთიანებაში შესასვლელად, რომ თითქმის ერთდროულად მიიღეს 2004 წელს NATO-შიც და EU-შიც, მაგრამ ის წესი მაინც არ დაურღვევიათ, ანუ ჯერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ევროკავშირში.
ეს წესი მოქმედებდა მხოლოდ პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის, თორემ ფინეთი, მაგალითად, 1995 წელს ევროკავშირში მიიღეს ისე, ალიანსის წევრი არ ყოფილა. მაგრამ ფინეთი არ არის პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა.
ბუნებრივია კითხვა `რატომ?`
ანუ რატომ მოქმედებს ევროკავშირში ეს არადეკლარირებული (!) წესი, რომ იღებენ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე (!) არიან NATO-ს სრულუფლებიანი წევრები?!
ამ წესის რეალური ავტორები 1990-იან წლებში იყვნენ ევროპის ორი დიდი ლიდერი: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი და გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი. სწორედ მათ დაამკვიდრეს ეს `დაუწერელი კანონი`: ჯერ პოსტსაბჭოურმა და პოსტკომუნისტურმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ არის `შემდგარი სახელმწიფო`. მათ შორის აკონტროლებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და აქვს ქმედითი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები ქვეყნის შიგნით. ფინეთის შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით, კითხვები ვერ ექნებოდათ. ამიტომ ჰელსინკის პრობლემაც არ ჰქონია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარი ინფორმაცია: ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი კარინ კნაისელი, რომელიც ევროპაში `პუტინის მეგობრად` ითვლებოდა....რუსეთში გადასახლდა, შეიძინა სახლი რიაზანის ოლქის ერთ-ერთ სოფელში და აცხადებს: `ტოლსტოის `ომი და მშვიდობა` ჯერ ბოლომდე უნდა წავიკითხო, მერე ალბათ რუსეთის მოქალაქეობასაც მივიღებო.
ავსტრიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრზეა ლაპარაკი (!!!) და ვინ იცის `მეგობრებს` რა საიდუმლოებები გაუმხილა მინისტრობის დროს, თუკი ახლა რიაზანში გადასახლდა რაკი (მისი თქმით)`სულ ემუქრებოდნენ?`
ემუქრებოდნენ კი არა და....... საფუძველიც არსებობდა ალბათ ეჭვისთვის.
2018 წელს, პუტინი ამ ქალის ქორწილს დაესწრო ავსტრიაში და ქალბატონ კნაისელს ეცეკვა.
ჰაბსბურგთა დინასტიის ყველა წარმომადგენელი ალბათ საფლავში გადატრიალდა - რას მოესწრო მათი დიდებული ავსტრია?!
თუმცა ამგვარი `სასარგებლო იდიოტებით` და `სექსოტებით` (СекСот-Секретный Сотрудник) სავსეა, სამწუხაროდ, ევროპული ელიტები.