რუსული ნაციზმი

რუსული ნაციზმი

        ბოლო პრეს-კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინს კითხვა დაუსვეს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში «ინოროდცების პაგრომის» შესახებ. ესე იგი იმ ადამიანების გვემის და ხოცვისა, რომელთა დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ თმის მუქი ფერი ან თვალების მოყვანილობა იყო. რუსეთის პრემიერმაც «შესანიშნავი» პასუხი გასცა: «ყველამ, ვინც რუსეთში ცხოვრობს, რუსების კულტურას და ტრადიციებს პატივი უნდა სცესო».
        კი მაგრამ, რით შეურაცხჰყო «რუსი ერის კულტურა და ტრადიციები» იმ საცოდავმა ყირგიზმა მეეზოვემ, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა, ესე იგი ეზოს ხვეტდა, როდესაც 15-16 წლის რუსი ნაბიჭ…. . . ი დაესხნენ თავს და ჯერ მხეცურად ცემეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს? Gგამოდის, «შეურაცხჰყო» იმით, რომ «სწორი» თვალების მოყვანილობა და «სწორი» თმის ფერი არ ჰქონდა.
        აი, ასეთი ფაშისტური, ნაცისტური იდეოლოგიის ავტორს დღეს გერმანიის კანცლერი, ქალბატონი ანგელა მერკელი თავის მეგობარს უწოდებს, ხოლო იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი – «ძმასა» და დასავლური ცივილიზაციის დიდ მოამაგეს.
        სინამდვილეში, ის, რაც რუსეთში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდება, იმდენად პირწავარდნილი ნაციზმია (თანაც, სახელმწიფო დონეზე აყვანილი), რომ ანალოგი მხოლოდ გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიაში მოეძევება. მაშინ ბერლინში, მიუნხენში, ჰამბურგსა თუ დრეზდენში ხოცავდნენ ებრაელებს იმ მოტივით, რომ «ურიებმა გერმანელი ჭაბუკი მოკლეს» რომელიღაც შეხლა-შემოხლის დროს. ამ ჭაბუკის სახელი და გვარი იყო ჰორსტ ვესელი – ნაცისტური ჰიმნის ავტორი. მისი მკვლელობის საბაბით, ნაცისტებმა ებრაელთა ხოცვა დაიწყეს, ხოლო ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ვესელის სახელი ქუჩებს, მოედნესა და სკვერებს დაარქვეს.
        რუსეთში კი ჰიტლერის გახელისუფლება აუცილებელი არც არის. - იგი უკვე ხელისუფლებაშია! იმ ქვეყანაში, სადაც ფიფას სამარცხვინო, დამპალმა და კორუმპირებულმა ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება გადაწყვიტა, აღარ არსებობს არანაირი ზღვარი ნაცისტებსა და ფეხბურთის ფანებს შორის. ერთ-ერთი თამაშის დასრულებისთანავე, რუსმა «ნაციფანებმა» (ბუნებრივია, არყის გვარიანად ყლაპვის შემდეგ) სტადიონთან ჩრდილოკავკასიელები შენიშნეს. რა თქმა უნდა, მაშინვე თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს. ერთ-ერთმა კავკასიელმა ტრავმატული (გაზის) პისტოლეტი ამოიღო და დანით შეიარაღებული ნაცისტები მოიგერია, რის შედეგადაც ერთ-ერთი რუსი ნაცისტი, იგორ სვირიდოვი გარდაიცვალა.
        სულ მალე ალბათ მის სახელს მოსკოვის პროსპექტებსა და ქუჩებს დაარქმევენ, რადგან სწორედ მისი სიკვდილი გახდა ნაცისტური აგრესიის საბაბი. მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა რუსულ ქალაქებში «შავების» პოგრომი დაიწყო. რუსული მილიცია კი ამ პროცესს «შორიდან» აკვირდებოდა. რამდენიმე ასეული ნაცისტი ვითომ დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
        სამაგიეროდ, როდესაც მოსკოვში მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა (მათ შორის ქართველებმა) «პოგრომის» მეორე დღეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა გადწაყვიტეს, რუსი «ძალოვანები» გააფთრებით შეეწინააღმდეგენ: პუტინსა და მედვედევს არ აწყობდათ მთელი მსოფლიოს თვალწინ დაფიქსირებულიყო, რომ ეროვნული უმცირესობები მათ პოლიტიკას მშვიდობიანი მიტინგებით აპროტესტებენ. ამიტომ პროვოკაციას მიმართეს: გაავრცელეს ხმები, თითქოსდა მეტრო «კიევთან» სადაც დემონსტრანტები იკრიბებოდნენ, ბომბია ჩადებული და ამ მოტივით არ მისცეს კავკასიელებს საპასუხო მანიფესტაციის გამართვის საშუალება.
        მოსკოვის სხვადასხვა რაიონში კი რბევა და ხოცვა გრძელდებოდა. ისე, ძალიან საინეტრესოა მართლაც, ფიფას დღევანდელ ხელმძღვანელობას, რომელმაც ამ გენიალური თამაშის გამომგონებლებს, ინგლისელებს სულში ჩააფურთხა და უარი უთხრა მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვაზე, დღეს მაინც თუ რცხვენია თავისი გადაწყვეტილებისა? რა თქმა უნდა არა – მათთვის ხომ ფულია მთავარი. არადა, ასეთი მიდგომით ფეხბურთს კლავენ.
        ისევე, როგორც არ რცხვენიათ იმ ამერიკელ და ევროპელ მსახიობებს (ალენ დელონს, კურტ რასელს, ბრუქ შილდსს, ჟერარ დეპარდიეს და მრავალ სხვას), პუტინის «ფი-არ» წვეულებაში რომ მიიღეს მონაწილეობა, მის უბადრუკ, გულისამრევ «სიმღერას» ფეხზე ამდგარნი რომ უკრავდნენ ტაშს და ლამის ხელის გულს ულოკავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონმა შილდსმა ლამის იქვე, სცენაზე გაიხადა.
        არადა, ის რაც რუსეთში მოხდა და ხდება, შემთხვევითობა ან ცალკეული ინციდენტი არ არის: ესაა პუტინის (შესაბამისად მედვედევის) მიზანმიმართული, მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი. »ნაცისტური ტანდემი» თავიდანვე, ესე იგი ჩეჩნეთში ომის გაჩაღებისთანავე ეყრდნობოდა ყველაზე ბნელ, შოვინისტურ ძალებს რუსულ საზოგადოებაში.
        პუტინი ცდილობს 21-ე საუკუნეში ნაციონალური სახელმწიფო შექმნას ყოფილი იმპერიის ნანგრევებზე. ანუ სახელმწიფო, რომელიც ერთი ერის (რუსების) უპირატესობასა და მხოლოდ მის ღირებულებებს დაეყრდნობა. ყველა «ნაცმენი» კი იძულებული იქნება ან გარუსდეს, ან გადაშენდეს.
        ახალი რუსული სახელმწიფო უკვე განსხვავებული იქნება ცარისტული ან კომუნისტური იმპერიებისაგან, ვინაიდან ეროვნული უმცირესობები იქ ასე თუ ისე კიდევ არსებობდნენ და მათი კულტურული ავტონომია მეტ-ნაკლებად დაცული იყო. პუტინის სახელმწიფოში კი მარტივი ნაცისტური პრინციპი იზეიმებს: რუსეთში ცხოვრობ? ესე იგი რუსი უნდა გახდე! ვალდებული ხარ იყო ისეთი, როგორიც სხვები – არა გაქვს უფლება გქონდეს მუქი თმები, რაიმეთი განსხვავდებოდე «სლავური რასისაგან» და საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდე. თუ მაინც განსხვავდები და თმებს ქერად არ იღებავ, პლასტიკურ ოპერაციას არ იკეთებ (ცხვირის მოყვანილობის შესაცვლელად), ყოველთვის რისკავ, რომ «რუსი ერის სიწმინდის მცველი სანიტრები» სადმე დაგხვდებიან და სიცოცხლეს მოგისწრაფებენ. შემდეგ კი, რუსული «ნაფიც მსაჯულთა სასამართლო», როგორც ბევრჯერ მომხდარა, მკვლელობას «ჩხუბად» გამოაცხადებს, ყველაფერს ისევ მსხვერპლს დააბრალებს, ცილს დასწამებს, რომ (თურმე ნუ იტყვით) «რუს გოგონას სხვანაირად შეხედა» და მკვლელებს გამოუშვებს.
        ისე, ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ძალიან მინდა ისევ და ისევ ჩვენებურ «რუსეთუმეებს» ვკითხო (დღენიადაგ მოსკოვში რომ დარბიან): თქვენ კი გამოგიყოფენ იქ სპეციალურ დაცვას, მაგრამ ჩვენ საით გვექაჩებით, - ამ ნაციზმში ჩამპალ სახელმწიფოში?!!!» 

2010