დეკემბერ-იანვრის მარაზმი შეფასებას არც საჭიროებს

დეკემბერ-იანვრის მარაზმი შეფასებას არც საჭიროებს

    ყოველი წლის მიწურულს, ქართული საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში კვლავ აქტუალური ხდება ე.წ. «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა პოლიტიკური შეფასების თემა. ბოლო დროს, ამგვარი მოთხოვნით არა მხოლოდ «ზვიადისტები» გამოდიან, არამედ მათი ყოფილი მოწინააღმდეგენიც. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ხელისუფლება თავისით დაემხო – თურმე სისხლისღვრა არავის სურდა და «საიდანღაც» გამოძვრნენ შეიარაღებული ფორმირებები, რომელთაც «ერის ნება ხელყვეს».
    იმდროინდელ მოვლენათა მთავარი გმირები კარგად გრძნობენ ქარი საითაც უბერავს, ამიტომ ძველებური სიმხნევით ვეღარ აკეთებენ განცხადებებს «გამსახურდიას ტირანიის» შესახებ. მაგალითად, თენგიზ სიგუას დღეს ასეთი პოზიცია უკავია, თითქოს იმ გაუგებრობაში საერთოდ შემთხვევით მოხვდა. მისი თქმით, «დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შეფასებისათვის პარლამენტს მეცნიერ-ისტორიკოსთა დასაბუთებული დასკვნა დასჭირდება». მაშასადამე, ისტორიკოსთა დასკვნა ყოფილა საჭირო, რათა პარლამენტმა ისტორიული მოვლენის პოლიტიკური შეფასება შეძლოს, თანაც, არა უბრალოდ დასკვნა, არამედ «დასაბუთებული», ხოლო რა ჩაითვლება «დასაბუთებულად» და რა «დაუსაბუთებლად» ან ამას ვინ შეაფასებს – კიდევ სხვა საკითხია.
    სულ ცოტა ხნის წინ თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი ამტკიცებდნენ, რომ «ამჟამინდელ პარლამენტს არა აქვს უფლება შეფასება მისცეს იმდროინდელ მოვლენას, ვინაიდან თავად იმ მოვლენათა მემკვიდრეა». ეს, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ სხვა რამ უფროა საინტერესო: თვით საკითხის ამ ჭრილში განხილვიდანაც ჩანს - დეკემბერ-იანვრის გმირებს არ სჯერათ, რომ ამჟამინდელი პარლამენტი მაშინდელ გადატრიალებას შეაფასებს, როგორც «ტირანის დამხობას» და «სამართლიანობის ზეიმს». აქედან გამომდინარეობს მათი სკეპტიციზმი: «რამდენად შეძლებს იმ მოვლენათა შეფასებას პარლამენტი, რომელიც თავადაა გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლების მემკვიდრე?» მაშასადამე, დღევანდელი პარლამენტიც, ისევე, როგორც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას, სამხედრო გადატრიალებას უარყოფითად შეაფასებს და ეს შესანიშნავად იციან იმათ, ვინც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით მოექცა ძალაუფლების მწვერვალზე. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებით დაკომპლექტებული პარლამენტი, რა თქმა უნდა, გადატრიალების მემკვიდრე იყო, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე «სახელმწიფო საბჭო» ან მით უმეტეს, «სამხედრო საბჭო». თუ უარვყოფთ მის უფლებას, შეაფასოს იმდროინდელი მოვლენები, მაშინ იმავე აბსურდულ დასკვნამდე მივალთ, რომლამდეც მივიდა მაგალითად, 1990 წელს «ეროვნული კონგრესი». როგორც ცნობილია, იგი ამტკიცებდა, რომ ლიტვის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა ზნეობრივი და პოლიტიკური უფლება, შეეფასებინა 1940 წლის ანექსიის ფაქტი, ვინაიდან თავად ანექსიის მემკვიდრე იყო. ასე უპირისპირდება რეალობას – ფორმალური ლოგიკა.
    სინამდვილეში საქართველოს პარლამენტს, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური უფლება, შეფასება მისცეს დეკემბერ-იანვრის მოვლენებს. სხვა საკითხია, რამდენად არის ამის გაკეთება საერთოდ საჭირო. სულ ერთია, ნებისმიერ შეფასებას ისტორია საკუთარ თარგს მიუსადაგებს. იმდროინდელ მოვლენათა ერთადერთი და პირუთვნელი შემფასებელი მხოლოდ მომავალი თაობა იქნება.
    როცა ისტორიის ასპარეზიდან წავლენ არათუ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც 1991-92 წლებში «მთავარ როლებს» ასრულებდნენ, არამედ მოუსავლეთში შთაინთქმება თვით ის თაობა, რომელმაც დაუშვა საზარელი ეროვნული ტრაგედია, როცა იმ მოვლენების ნებისმიერი შეფასება ყოველგვარ პოლიტიკურ ჟღერადობას დაკარგავს მოქმედი ხელისუფლებისათვის, მოქმედი პოლიტიკური ძალებისათვის - მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ჭეშმარიტად ობიექტური მსჯავრის გამოტანა. სხვა საკითხია, რომ ამჟამინდელი პარლამენტის მსჯავრიც შეიძლება დაემთხვეს მომავალ, ობიექტურ ვერდიქტს. მაგრამ შეიძლება არც დაემთხვეს. ამთავითვე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს ისტორია ნამდვილად არ შერაცხავს გმირებად - ეს უკვე ნათელია.

მერიდიანი, 22 დეკემბერი, 1997 წ.