რისთვის ჩამოვიდა თბილისში სერგეი ბაღაფში?

რისთვის ჩამოვიდა თბილისში სერგეი ბაღაფში?

    აფხაზეთის «პრემიერ-მინისტრის» სტუმრობა საქართველოს დედაქალაქში, როგორც მოსალოდნელი იყო, სრულიად უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა, ფაქტობრივად, ვერცერთ საკითხზე ვერ მოილაპარაკეს. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ასე თუ ისე მოგვარდა, ენგურჰესია. ესეც იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს: საქართველოს და აფხაზეთს მხოლოდ ერთობლივად ძალუძთ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაცია, ვინაიდან კაშხალი ენგურის იმ მონაკვეთზე მდებარეობს, რომელსაც ჩვენი მხარე აკონტროლებს, ხოლო სამართავი პულტი - გალის რაიონის სოფელ საბერიოშია და აფხაზური ადმინისტრაციის კონტროლს ექვემდებარება.
    საქართველო ენგურჰესიდან კვლავინდებურად მიიღებს ელექტროენერგიის ორ მესამედს (აფხაზებს უბრალოდ მეტი არ სჭირდებათ). სამაგიეროდ, რუსეთი გაგრისა და გუდაუთის რაიონებში მიაწვდის ელექტროენერგიას, რომლის საფასურს საქართველო გადაიხდის. ფაქტობრივად, ამ საკითხში ბაღაფშმა და ლეკიშვილმა მხოლოდ დაადასტურეს კონსენსუსი, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ იქნა მიღწეული.
    რაც შეეხება სხვა საკითხებს, მხარეთა პოზიციები უცვლელი (შეუვალი) დარჩა. აფხაზები კატეგორიულად მოითხოვენ ფსოუზე საზღვრის გახსნას - საქართველოს ხელისუფლება კი ამის წინააღმდეგია, ვინაიდან სანაცვლოდ ლტოლვილთა დაბრუნებას ითხოვს, რაზეც აფხაზები უარს ამბობენ.
    რკინიგზის ამოქმედება ასევე უკავშირდება ლტოლვილთა დაბრუნებას და პოლიტიკური საკითხების მოგვარებას. რაც შეეხება საქმიან კონტაქტებს საწარმოთა შორის, საქართველოს ნებისმიერი მინისტრი ყოველთვის დიდი სიფრთხილით მოეკიდება აფხაზეთთან თანამშრომლობას, რათა «ოპოზიციამ» და ლტოლვილებმა იგი საკუთარ ქვენა დაინტერესებაში არ ამხილონ. ასევე სრულიად უშედეგოდ დასრულდა დისკუსია კავშირგაბმულობის საკითხებზე. საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი საკითხს საკმაოდ ლოგიკურად სვამს: თუ სატელეფონო კავშირი პოლიტიკური პრობლემა არ არის, თუ აფხაზები დღენიადაგ იმეორებენ, რომ ეკონომიკასთან და ჰუმანიტარულ პრობლემებთან შედარებით პოლიტიკას უპირატესობა არ უნდა მივანიჭოთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს აფხაზებისათვის, მოსკოვთან სოჭის გავლით ისაუბრებენ თუ თბილისის? მაგრამ აფხაზური ადმინისტრაციისათვის, ამ თემამ სწორედ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, ვინაიდან ტელეფონი «დამოუკიდებლობის» სიმბოლო გახდა. ამიტომ ვერ თანხმდებიან თუნდაც სამოცი ახალი არხის ექსპლუატაციაზე, რომელთა მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილთან უმოკლეს ვადაში შეეძლებათ კავშირის დამყარება.
    ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ ვერაფერზე მოილაპარაკეს და ბაღაფში არც აპირებდა რაიმე კომპრომისზე წასვლას, მაშინ რატომღაც ჩამოვიდა თბილისში? პასუხი ნათელია: აფხაზებს უბრალოდ სურდათ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი «ლეგიტიმურობა». სეპარატისტულ რეჟიმს, უპირველესად, იმ ქვეყნის ფაქტობრივი(!) აღიარება სჭირდება, რომელსაც იგი გამოეყო. ამის შემდეგ «საერთაშორისო არენაზე გასვლაც» ადვილია. გარდა ამისა, ბაღაფში ადასტურებს მოლაპარაკებათა გაგრძელებას, რითაც ოფიციალურ თბილისს საშუალებას ართმევს, სეპარატისტულ რეჟიმს «უკომპრომისობაში» დასდოს ბრალი. საერთაშორისო პოლიტიკური ტრადიცია თვით მოლაპარაკებათა ფაქტს უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე რეალურ შედეგს. არძინბამ და მისმა სეპარატისტულმა ხროვამ (ბაღაფშის ჩათვლით) ეს შესანიშნავად უწყის.

მერიდიანი, 24 სექტემბერი, 1997 წელი