კატინის ქრონიკა

კატინის ქრონიკა

     

პუშკინიდან სტალინამდე

        სმოლენსკის თავზე დატრიალებული ტრაგედია მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის. ყველა საუბრობს «შემთხვევითობებზე», რომლებიც რაღაცნაირად მაინც ლოგიკურია – თუ რუსეთსა და პოლონეთს შორის ისტორიულ და თანამედროვე ურთიერთობებს გავიხსენებთ.
        რუსეთმა, გერმანიასთან ერთად, სამჯერ გაყო და დაანაწევრა პოლონეთი 18-19 საუკუნეებში. პოლონელი ხალხი რამდენჯერმე აჯანყდა, მაგრამ სახელგანთქმულმა მხედართმთავარმა ალექსანდრე სუვოროვმა აჯანყება სისხლში ჩაახშო. ევროპულ პრესაში ქვეყნდებოდა ნახატები (მაშინ ფოტოგრაფირება ჯერ არ არსებობდა) – რუსი ჯარისკაცი ხიშტზე წამოცმული პოლონელი ახალშობილით.
        არანაკლებ სახელგანთქმულმა რუსმა პოეტმა ალექსანდრე პუშკინმა კი ამ მხეცობას გამართლება მოუძებნა და წყენაც კი გამოთქვა: რუსეთს როგორ ადანაშაულებთ, - იგი ხომ საკუთარ ინტერესებს იცავსო.
        რუსი იმპერატორების პოლიტიკა ზუსტად გაიმეორა იოსებ სტალინმა. 1939 წელს იგი ნაცისტურ გერმანიას შეუთანხმდა პოლონეთის გაყოფაზე. 1939 წლის აგვისტოში გაფორმდა ე.წ. «თავდაუსხმელობის პაქტი», რომელსაც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ეწოდა. რაც მთავარია «თავდაუსხმელობის პაქტთან» ერთად, საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ გააფორმეს საიდუმლო ოქმი, რომელიც პოლონეთზე ერთობლივ თავდასხმას და პოლონეთის გაყოფას გულისხმობდა.
       
       

დიდი ტყუილის მოკლე ფეხები
       

       

        საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებამდე, მოსკოვი ამ ოქმების არსებობას სასტიკად უარყოფდა. ნეტავ განახათ იმდროინდელი კადრები: როგორი აღშფოთებით ლაპარაკობდნენ რუსი დიპლომატები და ჟურნალისტები «დასავლეთის საზიზღარ პროვოკაციაზე». არადა, აღმოჩნდა, რომ პროვოკაცია კი არა, სიმართლე იყო.
        1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთს დაახლოებით ისეთი პროვოკაცია მოუწყო, როგორიც თანამედროვე რუსეთმა – საქართველოს 2008 წლის აგვისტოში.
        შემდეგ, «თანამემამულეთა დაცვის» საბაბით პოლონეთში ჯარი შეიყვანა და ქვეყნის ნახევარი დაიპყრო. 2 კვირის შემდეგ, მოლოტოვ - რიბენტროპის პაქტის შესაბამისად, საბჭოთა კავშირმა ზურგში დაარტყა პოლონეთის არმიას, რომელიც აგრძელებდა ნაცისტებისათვის გმირული წინააღმდეგობას გაწევას და ქვეყნის მეორე ნახევარი დაიპყრო. მას ტყვედ ჩაუვარდა ასეულობით ათასი პოლონელი სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის 22 ათასზე მეტი ოფიცერი.
        ოფიცრები დანარჩენი ტყვეებისაგან მაშინვე განაცალკევეს და ცალკე სპეციალურ საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ საკონცენტრაციო ბანაკები ჰიტლერის გამოგონება არ არის - «ლიცენზია» ლენინსა და სტალინს ეკუთვნით. პირველი ასეთი ბანაკები საბჭოთა რუსეთში გაჩნდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში, როდესაც გერმანიაში ჯერ ნაცისტების ნასახიც არ ჩანდა.
        კრემლში დიდხანს არ უფიქრიათ, რა ეყოთ ტყვე ოფიცრებისათვის. რაკი სტალინის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობა-გაწითლება იყო, მას პოლონელი ოფიცრები ხელს შეუშლიდნენ. 22 ათასი ოფიცერი ამ ერისთვის დაახლოებით იგივე იყო, რაც, მაგალითად, ქართველებისთვის მთელი «ინტელიგენცია». ესე იგი, ერის ელიტა.
        კრემლში იცოდნენ, რომ სანამ პოლონური ოფიცრობა იარსებებდა, პოლონეთს ვერ «გააწითლებდნენ». ამიტომ, პოლიტბიუროს ბრძანებით, 1940 წლის მარტში, სმოლენსკთან, კატინის ტყეში, ოფიცრები გამოიყვანეს და დახვრიტეს. ყველა მათგანს კეფაში ესროლეს.
        ამის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, იგივე რუსი დიპლომატები და ჟურნალისტები აღშფოთებით დორბლებს ყრიდნენ, როცა კატინთან ჩადენილი დანაშაულის შესახებ კითხვებს პასუხობდნენ. გააფთრებით ამტკიცებდნენ, რომ თითქოს საბჭოთა კავშირმა კი არ დახვრიტა ოფიცრები 1940 წელს, არამედ ნაცისტურმა გერმანიამ - 1944 წელს, როდესაც სმოლენსკიდან უკან იხევდა.

სტალინის ჰიმნით

        მაგრამ ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დანაშაული პუტინმაც კი აღიარა. ოღონდ ყველაფერი ქართველებს დაგვაბრალა: სტალინი ბუნებით ბოღმიანი ადამიანი იყო და პოლონელებზე შური იძია 1920 წელს წითელი არმიის დამარცხების გამოო.
        დაავიწყდა ეთქვა, რომ იმავე სტალინის ჰიმნი, რომლის ფონზეც ხვრეტდნენ ტყვე პოლონელ ოფიცრებსა და მილიონობით სხვა უმწეო ადამიანს, სწორედ პუტინმა აქცია დღევანდელი რუსეთის ჰიმნად და ძალიან უკვირს, როდესაც ამ ჰიმნის მოსმენისას პოლონელებს «რატომღაც» სწორედ კატინი ახსენდებათ.
        2010 წელს კატინის დახვრეტიდან 70 წელი შესრულდა. მოსკოვში ძალიან არ უნდოდათ, რომ მთავარ ოფიციალურ ღონისძიებაზე, კატინის ტყეში, პრეზიდენტი კაჩინსკი ჩასულიყო. სწორედ ის კაჩინსკი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
        ამიტომ, მოსკოვმა ძალიან ოსტატურად ითამაშა წინააღმდეგობაზე პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. კრემლის შეთავაზება ასეთი იყო: ან საერთოდ არ გაიმართება ოფიციალური ცერემონია, ან გაიმართება მხოლოდ პრემიერების დონეზე. რუსებმა თითქოს ზუსტად გათვალეს, რომ იმ პირობებში, როდესაც პრემიერი დონალდ ტუსკი და პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, ეს წინადადება ოპოზიციური პრემიერისათვის მისაღები იქნებოდა.
        მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ტუსკმა აქ მაინც ბოლომდე არ ითამაშა «კრემლის თამაში». კერძოდ, მან დასვა პირობა, რომ ლეხ კაჩინსკის მოგვიანებით მაინც მიეცემოდა საშუალება, კატინში ჩასულიყო. თუნდაც არაოფიციალურად. G
        გარდა ამისა, კატინში გამგზავრებამდე, პოლონეთის პრემიერი დემონსტრაციულად (და რუსეთის ჯინაზე!) ჩამოვიდა საქართველოში, პრეზიდენტ სააკაშვილს ეროვნული ნაკრების მაისური გამოართვა და სიმბოლურად ამით დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხში კაჩინსკის მთლიანად ეთანხმებოდა.
        რუსები დაიბოღმენ, მაგრამ ტუსკის ვიზიტი ვეღარ ჩაშალეს. ისიც საინტერესოა, რომ ოფიციალური ღონისძიება კი გაიმართა დახვრეტის 70 წლისთავზე კატინის ტყეში, მაგრამ მასში არც ერთი პოლონელი გენერალი არ მონაწილეობდა. ისინი მხოლოდ თავის პრეზიდენტთან და უმაღლეს მხედართმთავართან ერთად აპირებდნენ კატინში ჩასვლას – თუნდაც არაოფიციალურად და თუნდაც რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე.

შემთხვევითობათა წყება?

        სწორედ ამ დროს მოხდა ტრაგედია, რომლის «შემთხვევითობაზე» ლაპარაკი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მეტისმეტად ბევრი დამთხვევა ხომ არ გამოდის?
        ჩამოვთვალოთ ეს უცნაური «დამთხვევები»:
        1) შემთხვევით დაიღუპა სწორედ ლეხ კაჩინსკი, რომელიც რუსეთის მთავარი მტერი იყო ევროპაში
        2) შემთხვევით კატასტროფა მოხდა სწორედ მაშინ როდესაც კაჩინსკი კატინში სამგლოვიარო ვიზიტით მიემგზავრებოდა. მოსკოვში კი ამ აქციას ანტირუსულად აღიქვამდნენ
        3) შემთხვევით, კატასტროფა მოხდა სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე
        4) შემთხვევით ჩამოვარდა სწორედ კაჩინსკის თვითმფრინავი და არა დონალდ ტუსკისა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იმავე აეროდრომზე დაეშვა
        5) შემთხვევით, კაჩინსკი მოფრინავდა სწორედ იმ რუსული წარმოების ტუ-154 თვითმფრინავით, რომელიც რამდენიმე თვით ადრე სამარაში შეაკეთეს
        6) შემთხვევით, კატინის აეროპორტის დისპეტჩერი იმ დღეს იყო ინგლისური ენის არმცოდნე ადამიანი
        7) შემთხვევით, მფრინავებს მხოლოდ მაშინ შეატყობინეს (ისიც «ცალყბად») ნისლის შესახებ, როდესაც თვითმფრინავი უკვე კატინის თავზე იმყოფებოდა.

სისხლიანი თამაში დიდებისათვის

        ჩავთვალოთ, რომ ეს ყოველივე შემთხვევითია. თუმცა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ იმავე აეროდრომზე მცირე ხნით ადრე გამოსცადეს საიდუმლო «ელექტრომაგნიტური იარაღი», რომელიც თვითმფრინავის ელექტრონულ მოწყობილობებსა და ციფერბლატებს «რევს». თანაც ისე, რომ ე.წ. «შავ ყუთებში» არავითარ კვალს არ ტოვებს.
        უფრო ზოგადი «დამთხვევებიც» არსებობს. მაგალითად, უცნაური დამთხვევით, ლეხ კაჩინკის აღსასრული რაღაცნაირად ზუსტად «ჯდება» ზოგადად იმ პოლიტიკაში, რომელსაც კრემლი ატარებს მეზობლების მიმართ.
        საბავშვო თამაში რომ არის, - «პაზლი», სადაც ნაწილები ერთმანეთთან უნდა შეაერთო და საერთო სურათი მიიღო. კრემლი თავისი პოლიტიკით ადასტურებს, რომ ყველა პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთის ინტერესებს ეწინააღდმეგება, ცუდი აღსასრული ელის.
        ასე დაიღუპა ზვიად გამსახურდია, დაამხეს აზერბაიჯანელი პრეზიდენტი აბულფაზ ელჩიბეი, მოწამლეს იუშენკო, ომი Gგააჩაღეს საქართველოს წინააღმდეგ, ახლახანს დაამხეს ყირგიზეთის პრეზიდენტი ბაკიევი და ასე შემდეგ.
        ჯერ-ჯერობით, ეს ყოველივე მოსკოვს შერჩა. ისევე, როგორც რადიოაქტიული ნივთიერების გამოყენება ლონდონის ცენტრში. სხვათა შორის, მის კვალს ჩელსის «სტენფორდ ბრიჯის» სტადიონზეც კი მიაგნეს, რადგან პუტინის აგენტები, სანამ პიკადილიზე მდებარე სუში-ბარში მივიდოდნენ, ოლიგარქ აბრამოვიჩის გუნდის თამაშს დაესწრენ.

    ამგვარი ცინიკური აქციები ქრონიკულად მეორდება, ხოლო რამდენად ლოგიკურად გამოხატავს ეს «ქრონიკა» რუსეთის იმპერიის შინაგან ბუნებას, - მკითხველმა თვითონ დაასკვნას.

2010