საერთაშორისო მიმოხილვა. 18 აპრილი 2022 წელი
აფხაზეთში გრძელდება (და როგორც სჩანს, თუ დამთავრდება, კარგად არ დამთავრდება სეპარატისტებისთვის) პოლიტიკური დაპირისპირება ორ ძლიერ ჯგუფს შორის.
პირველია ორგანიზაცია `აიდგილარა`, რომელმაც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა აფხაზეთში 1989 წლიდან. ახლა ოპოზიციაშია. ხოლო მეორეა საქართველოსთან ომის ვეტერანთა ორგანიზაცია `ამცახარა`, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს.
`აიდგილარამ` ხელისუფლებას ბრალად დასდო, რომ თურმე `იმ დროს როცა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ნაციონალური საბჭოს მდივანი, დანილოვი საქართველოს მოუწოდებს გახსნას მეორე ფრონტი აფხაზეთის წინააღდმეგ, აფხაზეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს საქართველოსთან საზღვრის გასაძლიერებლადო`.
საპასუხოდ ხელისუფლების მხარდამჭერი `ამცახარა` ამბობს, ყველაფერი კეთდება, დამატებითი ძალებიც იგზავნება გალის რაიონში, თუმცა ამის შესახებ ღიად ლაპარაკი რა საჭიროაო.
ეს დისკუსია ამჟღავნებს, რომ გალში ისედაც უუფლებოდ მცხოვრებ ქართველთა მიმართ რისკები ნამდვილად იზრდება.
. . . . . . . . . . . . .
გრძელდება მარიუპოლის ქარხანა `აზოვსტალის` დაბომბვა.
რუსეთი სტრატეგიულ ავიაციას და 5 ტონიან (!) საავიაციო ბომბებს იყენებს.
თუმცა, როგორც ირკვევა, აზოვსტალის ქვემოთ, მიწაში, სსრკ დროს აგებულია 5 სართულიანი (!) მიწისქვეშა ქალაქი, სადაც უკრაინელ სამხედროებს ის ბომბებიც კი ვერ მისწვდებიან.
თუ ატომურ ბომბს არ გამოიყენებს რუსეთი რასაკვირველია.
ოღონდ ამისთვის მინიმუმ მეგატონიანი ბომბის გამოყენება დასჭირდებათო - ამბობენ სამხედრო სპეციალისტები.
შეგახსენებთ: ამერიკამ 1945 წლის 6 აგვისტოს იაპონურ ხიროშიმაში 17 კილოტონის სიმძლავრის ბომბი ააფეთქა.
1 მეგატონა - 1000 კილოტონაა.
. . . . . . . . . . . . .
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საომარი მოქმედება დედამიწის ნებისმიერ წერტილში დღეს, უკრაინის ომის ფონზე, პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს:
ტაივანის გარშემო ჩინეთ-ამერიკის ომი, საბედნიეროდ, ჯერ არ დაწყებულა;
სამაგიეროდ თურქეთმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა მთელს რეგიონში და უკრაინის თავდაცვაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უდავოდ, მაინცდამაინც ახლა გადაწყვიტა დაიწყოს ომი ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც `ერთიანი ქურთისტანისთვის` იბრძვიან ანუ მათ შორის თურქეთში მცხოვრები ქურთების შემოერთებისთვის და თურქული ტერიტორიების დაპატრონებისთვის.
თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ დამატებითი (!) ჯარები შეჰყავს ჩრდილოეთ ერაყში და შეტევას იწყებს.
დაბომბვები უკვე მიმდინარეობს.
თუ ქურთების წინააღმდეგობა (მათ ხომ ამერიკა უჭერს მხარს იარაღით!) ძლიერი აღმოჩნდა, თურქეთს უკრაინისთვის შესაძლოა აღარც ეცალოს.
. . . . . . . . . . . . .
აბსოლუტურად გიჟური, პროვოკაციული განცხადება გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა.
მან თქვა, რომ უკრაინის და `ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები`რეგულარულად აწყობენ საინფორმაციო დივერსიებს სერბული ავიაკომპანიის წინააღმდეგ`, - რეკავენ ტელეფონით, აფრთხილებენ ბორტზე ბომბის შესახებ და ამით შლიან რეისებს, აზარალებენ სერბეთის ავია-ფლაგმანსო!
`ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში` ალბათ გულისხმობდა პოლონეთს.
აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადებაა! სერბეთის პრეზიდენტს ამით უნდა თქვას, რომ უკრაინა (თურმე) სამაგიეროს უხდის სერბეთს - რაკი ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.
ზოგადად, ძალიან საინტერესო თემაა სერბეთის ინტეგრაცია ევროკავშირში. სერბ ლიდერებს უამრავჯერ უთქვამთ, რომ ევროკავშირში შესვლა სურთ.
ბევრს ჰგონია, თითქოს მოსკოვი ამის წინააღმდეგია. სინამდვილეში მოსკოვს ძალიანაც `აწყობს` სერბეთის შესვლა ევროკავშირში, რათა შემდეგ სერბეთი გამოიყენოს `ტროას ცხენად` ევროპულ გაერთიანებაში რუსეთის ინტერესების ლობირებისთვის.
და ევროკავშირში შიდა წინააღდმეგობათა გასაღვივებლად.
იმაზე მეტადაც კი, როგორც ახლა ურბანის უნგრეთს იყენებს.
. . . . . . . . . . . . .
უკრაინის ომის ფონზე და ბირთვულ საფრთხეებთან ერთად, მსოფლიოს სხვა ტიპის გამოწვევებიც ექნება უახლოეს მომავალში:
როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, რუსეთი და უკრაინა ერთად მსოფლიოში წარმოებული ხორბლის 30%-ს უზრუნველჰყოფენ, ანუ გლობალურად კაცობრიობის მოხმარებული კალორიის 5%-ს რაც 8 მილიარდი ადამიანისთვის კოლოსალური ციფრია.
და ისევე როგორც ბენზინის გაძვირება იწვევს `ყველაფრის გაძვირებას` ზოგადად, ასევე ხორბლის გაძვირება აძვირებს ყველა სხვა პროდუქტსაც. იმიტომ, რომ სამომხმარებლო/კალორიულ კალათაში ხორბალი დომინანტური, თითქმის შეუცვლელი საკვებია. მით უმეტეს განუვითარებელ, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
ეს ფრანგებს და სხვა ევროპელებს აქვთ ფუფუნება, მხოლოდ კრუასანი და შემთბარი პურის თხელი ნაჭერი მიირთვან დღის განმავლობაში, რაკი ცილებს და სხვა საჭირო ნივთიერებებს ხორცის, თევზის, კვერცხის სახით იღებენ, თორემ კაცობრიობის მინიმუმ მესამედისთვის პურის ნაკლებობა და პურის გაძვირება `კალორიული კატასტროფაა`
ამას დაემატა პანდემიური მოვლენების განვითარება ჩინეთში, სადაც ხელისუფლებამ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება კარანტინით ჩაკეტოს ჩინეთის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი პორტი, შანხაი!
ამ პორტის მნიშვნელობა გლობალური ეკონომიკისათვის იმდენად დიდია, რომ მისი კარანტინი და ჩაკეტვა პლანეტის GDP-ს მთელი 5%-ით შემცირებას უქადის.
ისევ და ისევ ეს არა უბრალოდ `გაძვირება`, არამედ კატასტროფული შიმშილი იქნება პლანეტის ბევრ რეგიონში.
და ვითარების დამძიმება მათ შორის საქართველოშიც!
ანუ კოვიდ-პანდემია, რომელიც არა და არ მთავრდება და ზოგიერთი ცნობით ჩინეთში (შანხაიში) ახალი ტალღა იწყება, ასევე რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ბირთვულ ომთან დაკავშირებული რისკები (რაც ბუნებრივად ამცირებს გლობალურად კერძო ინვესტიციებს ეკონომიკაში) დედამიწას და მთელს კაცობრიობას ძააააალიან მძიმე XXI-ე საუკუნეს უქადის. შესაძლოა იმაზე მძიმეს, ვიდრე წინა საუკუნე იყო.
თან რაციონალური გამოსავალიც არ სჩანს. ესაა ყველაზე უარესი.
. . . . . . . . . . . . .
გლობალურად მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის ფონზე, რუსეთის ხელისუფლება ემზადება ჩლუნგად რადიკალური გადაწყვეტილებისთვის: აკრძალოს რუსეთში სასურსათო პროდუქტებისა და სასურსათო ინგრედიენტების, ასევე სათესლე მასალებისა და ბიო-მასალების იმპორტი ევროპიდან იმ შეზღუდვათა პასუხად, რაც ევროკავშირმა, სანქციათა ერთ-ერთი პაკეტით დააკისრა რუსეთს, როცა რუსული სატვირთო მანქანები ვეღარ შედიან ევროკავშირის ტერიტორიაზე
ანუ უკრაინა თვითონ ეხვეწებოდა ევროკავშირს, რუსეთში ამ პროდუქციის ექსპორტი შეაჩერეთო, ევროკავშირმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება: `რუსეთში ამის გამო შიმშილო დაიწყება და ატომურ ომს აპირებსო` და ახლა პუტინმა შესაძლოა თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილება `თვითმავნებლობის` და `ჯინაზე მოქმედების` გამო.
აქ ლაპარაკია არა ხამონზე, არა შამპანურზე, არა ფრანგულ ყველზე, არამედ პირველ რიგში სათესლე მასალებზე, საკვებ ინგრედიენტებზე და ბიო-მასალებზე, რის გარეშეც რუსები იძულებულნი გახდებიან გადავიდნენ ცარიელ პურზე, თევზ `სელიოდკაზე` და კარტოფილზე.
იმიტომ, რომ სრულყოფილი საკვების დამზადება ამ ინგრედიენტების გარეშე, ისევე როგორც ცხოველთა/ფრინველთა ფერმების მუშაობა შეუძლებელი გახდება.
საკვების რუსმა მწარმოებლებმა სპეციალურად მიმართეს პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს, რომელიც ნამდვილად კარგი მენეჯერია: `გაგიჟდა პუტინი, არ ესმის ეს რას გამოიწვევს და ეგება გააგებინოო`.
. . . . . . . . . . . . .
ძალიან ნიშანდობლივი და ეშმაკური ინიციატივით გამოვიდა რუსეთი: მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოდან გარიცხეს, მან დატოვა აგრეთვე სტრასბურგის `ადამიანის უფლებათა სასამართლო` და ახლა მოსკოვი მეზობელ ქვეყნებს (ყოფილი სსრკ სახელმწიფოები), რომლებიც შედიან 1991 წელს შექმნილ ე.წ. `დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში` (დსთ) სთავაზობს: `მოდით ჩვენი, ესე იგი პოსტსაბჭოური ქვეყნების, დსთ-ს `ადამიანის უფლებათა სასამართლო შევქმნათო`
დსთ საქართველომ დატოვა 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს.
ამ სასამართლოს რუსეთი გამოიყენებს იმ რუსთა `უფლებების` დასაცავად, რომლებიც მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე ცხოვრობენ. მერე კი აგრესიის `გასამართლებლადაც`
საეჭვოა ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა (!) და დსთ-ში დღემდე შემავალი ქვეყნები იოლად დასთანხმდნენ მოკოვის წინადადებას, მაგრამ მაშინ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს აამოქმედებს, როგორც ბევრჯერ გაუკეთებია.
ეს ინიციატივა მეტყველებს მთავარს: მოსკოვი ცდილობს და რადაც არ უნდა დაუჯდეს სურს მიაღწიოს (ომით, ეკონომიკური ზეწოლით.....) იმ რეალობის დაფიქსირებას, რომ პოსტსაბჭოური სივრცე, ბალტიის სამი ქვეყნსი გარდა, მისი `ექსკლუზიური` ან `პრიორიტეტული` ინტერესების სფეროა.
ზუსტად ეს თქვა `პრეზიდენტმა` დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 10 აგვისტოს რუსეთის ტელევიზიისთვის ინტერვიუში: «Постсоветское пространство – сфера приоритетных интересов России»
დათო