სახელმწიფო და პასუხისმგებლობა

სახელმწიფო და პასუხისმგებლობა

ყოველ ეპოქას ერის ცხოვრებაში, ისევე როგორც საზოგადოებრივი ყოფის ყოველ პერიოდს, საკუთარი მნიშვნელი აქვს. ეს მნიშვნელი კი, თავის მხრივ, თითქმის ყოველთვის რაიმე დიდ პრობლემას გულისხმობს, რომლის გადაჭრა თვით საკითხის არსის წვდომას მოითხოვს.
    საქართველოს დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობა მრავალ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს. სოციალურს, ზნეობრივს, მაგრამ იგი მოკლედ შეიძლება დახასიათდეს როგორც სახელმწიფოებრივი კრიზისი.
    როდესაც დღევანდელი ყოფის ანალიზს ცდილობ, ცდილობ შეაჯერო ყველა უმძიმესი პრობლემა, იპოვო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ძალაუნებურად გებადება ერთი შეხედვით მოულოდნელი კითხვა: არის კი დღევანდელი საქართველო საერთოდ სახელმწიფო?
    კითხვა მართლაც მოულოდნელი და აბსურდული ჩანს, რაკი გაეროში გავწევრიანდით და დღევანდელობის უმთავრეს პრობლემად ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მიგვაჩნია. ანუ თვით სახელმწიფოებრიობის არსებობას, თითქოს არც ვაყენებთ ეჭვქვეშ. არადა, სწორედ აქ ვცდებით. სინამდვილეში დღეს საქართველო ფაქტობრივად არ არის სახელმწიფო, რადგან სახელმწიფო უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობას გულისხმობს, ჩვენში კი უამრავი მაგალითია აღმაშფოთებელი უპასუხისმგებლობისა, რაც უსახელ-მწიფოებრიობისა და ველური ანარქიის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანია.

    საქართველომ უმძიმესი მარცხი განიცადა სამკვდრო-სასიცოცხლო ომში. სახელმწიფოს ხელმძღვანელთა თითქმის ერთსულოვანი აღიარებით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამ მარცხისა იყო არაპროფესიონალიზმი, უგერგილობა და ლაჩრობა (რაც ომის დროს მძიმე დანაშაულად ითვლება). შედეგად კი, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის ულამაზესი და უმდიდრესი ნაწილი, ასეულობით ათასი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, ხოლო ათასობით მოქალაქე (მათ შორის ქალები და ბავშვები) ფიზიკურად განადგურდა. ამგვარი მარცხი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის უმძიმესი გამოცდა იქნებოდა, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა: საქართველო არ არის სახელმწიფო, ვინაიდან წარმოუდგენელია, ესოდენ კატასტროფული მარცხის შემდეგ არავინ დაისაჯოს, არავინ აგოს პასუხი.
    თუ სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ მის მიერ გატარებული სახელმწიფოებრივი კურსი იყო მართებული და მიზანშეწონილი, ხოლო აფხაზეთში დამარცხება გამოიწვია სხვა, ქვემდებარე მიზეზებმა, მაშინ იგი ვალდებულია გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებებისა, რათა გამოავლინოს სახელმწიფოს მანქანაში არსებულ ხინჯი და თუ ეს ხინჯი სუბიექტური ხასიათისაა (არადა, სავსებით ნათელია, რომ ეს სწორად ასეა უმრავლეს შემთხვევაში) - დასაჯოს დამნაშავე! მაგალითად, მკაცრად უნდა დასაჯოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებული იყო წინასწარ სცოდნოდა აფხაზ სეპარატისტთა გეგმები სოჭის ხელშეკრულების მიმართ, მაგრამ ვერ შეძლო ვერაფრის წინასწარ შეტყობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ სოხუმის ქართული უნივერსიტეტი გულუბრყვილოდ მოუწოდებდა თავის სტუდენტებს 14 სექტემბრამდე დაბრუნებულიყვნენ სოხუმში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირიცხებოდნენ უნივერსიტეტიდან. ეს საბრალონიც, რა თქმა უნდა ბრუნდებოდნენ. მათთან ერთად ბრუნდებოდნენ მათი მშობლები. ანუ, უმწეო ადამიანები ნებით მიდიოდნენ მომავალ სასაკლაოზე.
    დაისაჯა ვინმე იმათგან, ვისი პროფესიული მოვალეობა იყო სცოდნოდა, რას აპირებდა მტერი? - არავინ დასჯილა. სახელმწიფოს მეთაურს მრავალგზის უთქვამს, რომ სამხედრო შენაერთები ზედიზედ ტოვებდნენ პოზიციებს მისი ბრძანების გარეშე. უფრო მეტიც, - მისი ბრძანების საწინააღმდეგოდ. მერედა ვინ დაისაჯა ამისათვის? რომელი შენაერთის მეთაური? კვლავ არავინ დასჯილა. რატომ ხდება ასე? არა იმიტომ, რა თქმა უნდა, თითქოს სახელმწიფოს მეთაურმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, ან არ იცის ვინ უნდა დასაჯოს და როგორ. უბედურება ის არის, რომ მას ელემენტარულად არ შეუძლია ვინმე დასაჯოს, რადგან არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია და როგორც ჭკვიან კაცს, შესანიშნავად ესმის: თუ ვინმეს დასჯას მოინდომებს, იგი შეიძლება «აქეთ» დასაჯონ, რადგან ჩვენში ყოველივეს წყვეტს არა კანონი, არამედ ძალა - ეს კი უსახელმწიფოებრიობის და ბარბაროსობის უპირველესი ნიშანია.
    შესაძლოა ვინმე განცვიფრდეს და აღშფოთდეს კიდეც, მაგრამ მაინც ვიტყვი: აფხაზებს უფრო აქვთ სახელმწიფოებრიობა დღეს, ვიდრე ჩვენ - ქართველებს!
    როდესაც 1993 წლის მარტში აფხაზმა სეპარატისტებმა უშედეგოდ სცადეს სოხუმის აღება, მათ შვიდასამდე მეომარი დაკარგეს. ოპერაციის ჩაშლის შემდეგ სეპარატისტული არმიის მთავარსარდლის, ვლადისლავ არძინბას ბრძანებით, სამი სამხედრო ხელმძღვანელი, რომლებიც ამ ოპერაციაზე აგებდნენ პასუხს, დააპატიმრეს, სამხედრო-საველე წესით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ველურობაა? უკანონობაა? - არავითარ შემთხვევაში! სწორედ ეს არის უზენაესი კანონი, რადგან სახელმწიფო (თუ იგი არსებობს) ვალდებულია თავი დაიცვას.
    უნდა ვაღიაროთ: საქართველო ამ ომში დამარცხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთს რუსეთი ეხმარებოდა, არამედ იმიტომაც, რომ სახელმწიფოებრივი სტრუქტურების სიმტკიცის, ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენივთების თვალსაზრისით, აფხაზებმა გაცილებით უფრო მეტი ორგანიზება და შეგნება გამოამჟღავნეს ვიდრე ჩვენ.
    მასშტაბებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ფაქტია, რომ სახელმწიფო, მტკიცედ ჩამოყალიბებული სტრუქტურებით და სუბიექტური პასუხისმგებლობის მაღალი დონით - ებრძოდა რაღაც «ამორფულ მასას», ფაქტობრივად, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებისა და პასუხისმგებლობის გარეშე არსებულს, რომელშიც, გარდა ამისა, მთლიანად მოშლილი იყო კანონის განმსაზღვრელობის პრინციპი, ანუ ხელისუფლება და ძალაუფლება არ ქმნიდნენ ერთ მთლიან სისტემას.
    ბუნებრივია, რომ ასეთ ჭიდილში სახელმწიფო (თუნდაც მასშტაბებით ძალზე პატარა) ადრე თუ გვიან დაჯაბნიდა ამ «უფორმო მასას». ისევე, როგორც თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად ორგანიზებული არმია უეჭველად დაჯაბნის თუნდაც ძალზე მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ბრბოს, რომელსაც ჭეშმარიტ სამხედრო ძალასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს.
    ის, რომ სახელმწიფოს მეთაური იძულებული ხდებოდა ჩასულიყო სოხუმში (რათა პირადად გაემხნევებინა არმია) რა თქმა უნდა მეტყველებს მის პირად ვაჟკაცობაზე, მაგრამ აგრეთვე მეტყველებს მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სისუსტეზე. ძლიერი სახელმწიფოს ლიდერს ამგვარი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდება.
    აქ უეჭველად აღიძვრება მრავალი კითხვა მიზეზთა თაობაზე. რა არის მიზეზი ამგვარი მდგომარეობისა? პასუხი შესაძლოა მრავალი იყოს. ზოგიერთმა მათგანმა იქნებ შორეულ წარსულში წაგვიყვანოს, სხვამ - არც თუ ისე შორეულში. შეიძლება ვიმსჯელოთ ჩვენში მყარი, ერთიანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის სისუსტეზე, ან იმაზე, რომ საქართველოში განხორციელებული ძალაუფლებრივი სისტემა საერთო იმპერიული სისტემის ნაწილი იყო მხოლოდ და კატეგორიულად გამორიცხავდა რაიმე დამოუკიდებლობას ამ სფეროში.
    მაგრამ ეს მაინც არ იქნებოდა სრულყოფილი ახსნა, რადგან არც იმავე აფხაზებს (და მით უფრო მათ) არ ჰქონიათ სახელმწიფო და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო დაბეჩავებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ამ თვალსაზრისით მაინც დაგვჯაბნეს.
    დღეს ალბათ მთავარი მიზეზი არსებულ პოლიტიკურ რეალობებში უნდა ვეძიოთ, ანუ იმ პოლიტიკურ კულტურაში (თუ უკულტურობაში), რომელიც ჩამოყალიბდა და წესად იქცა. ამ მიზეზს კი კვლავ და კვლავ სახელმწიფოს მეთაურთან მივყავართ.
    მოვიტან ერთ მაგალითს: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ საჯაროდ განაცხადა: «ედუარდ შევარდნაძემ ქართველ ხალხს დაუმალა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს სთავაზობდა 200 მილიონი დოლარის გრძელვადიან კრედიტს, რადგან ამ კრედიტის მიღების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ვეღარ შეათრევდა «თანამეგობრობის შემადგენლობაში».
    მართლაც რომ საშინელი ბრალდებაა. იმდენად საშინელი, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ, ნორმალურ სახელმწიფოში, თუ ერთი სახელმწიფო მოღვაწე - მეორეს ამგვარ ბრალდებას წაუყენებს, საბოლოო ჯამში ან ერთი წავა ციხეში (სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის), ან მეორე - ცილისწამებისათვის. ჩვენთან კი რა მოხდა? რა მოჰყვა ამ უმძიმეს ბრალდებას? - არაფერი! აბსოლუტურად არაფერი! ვითომ არც თქმულა - ჰაერი შეირხა მხოლოდ. . .
    ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო და «სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის» შენარჩუნებისათვის ბრძოლა სასაცილოა, რადგან (ელემენტარულად): არ შეიძლება შეინარჩუნო ის, რაც არ გაგაჩნდა და არ გაგაჩნია.
    სახელმწიფო იწყება პასუხისმგებლობით. პასუხისმგებლობით ყოველი სიტყვის, ყოველი ნაბიჯისთვის, რომელსაც კი შეუძლია ერსა და ქვეყანას სარგებელი ან ზიანი მოუტანოს.

«ივერია-ექსპრესი», 1 თებერვალი, 1994 წელი.