კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციები

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციები

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ კრიზისს შეეჩეხა. უფრო სერიოზულს და (მისთვის) ავისმომასწავებელსაც კი, ვიდრე ივნისის „აფეთქება“.

„გავრილოვის ღამეს“, - იმის მიუხედავად, თუ რამდენად სისხლიანი და ბრუტალური გამოდგა იგი და რამდენად ლეგიტიმური იყო ქუჩაში გამოსულ პროტესტანტთა „სათქმელი“ ვინმე სერგეი გავრილოვისთვის „ფიანდაზის დაგების“ გამო, - არ არსებობდა ასეთი ოპოზიციური კონსოლიდაცია! შესაბამისად, ერთიანი ოპოზიციური მოთხოვნაა: შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ფორმალურად გამოიტანს პარლამენტის განსახილველად ბიუჯეტის კანონს; ეს კანონი „ჩავარდება“ და კონსტიტუციის თანახმად, დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკვე მომავალი წლის თებერვალში ან მარტში.

გავრცელებული აზრის მიუხედავად, ასე (!) ახალ არჩევნებამდე მისვლა სულაც არ აძლევს ხელს მმართველ პარტიასა და მის ლიდერს. თუ მოვლენები სწორედ ამ „ალგორითმით“ განვითარდა, იგი ხალხის უმრავლესობის თვალში წარმოჩნდება, როგორც შეშინებული და „უკვე დამარცხებული“. ამგვარი აღქმის პირობებში კი მმართველი პარტია ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს არჩევნებზე. ამას საქართველოს უახლესი ისტორია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს.

საწინააღმდეგო მაგალითად მოჰყავთ 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა, შემდეგ კი გაიმარჯვა 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე (თუნდაც მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც), ხოლო მისმა პარტიამ მოიგო 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.

ოღონდ, ამ პარალელისას, არ ითვალისწინებენ უმთავრეს გარემოებას: პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა მხოლოდ მას შემდეგ (და არა მანამდე), რაც 7 ნოემბერს „თავ-პირი დაამტვრია“ ოპოზიციას, გამოიყვანა ქუჩაში ტანკები, შემოიღო ქვეყანაში კომენდანტის საათი, ანუ შექმნა ვითარება, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ისე გულმოდგინედ იმალებოდნენ, ჟურნალისტებს ხშირად ძალიან გვიჭირდა მათი მოძებნა და ინტერვიუს ჩაწერა, თუნდაც ტელეფონით.

შესაბამისად, ხელისუფალი მაშინ სულაც არ წარმოჩნდა პოტენციურ მომხრეთა თვალში, როგორც „უკვე დამარცხებული“. უფრო პირიქით. ამიტომაც მოიგო რიგგარეშე არჩევნები - ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტოც.

„ბიძინას გუნდმა“ ძალიან კარგად იცის: ამჟამად სხვა ვითარებაა და ამას ვერ შეძლებს; უბრალოდ რესურსი არ ეყოფა საამისოდ.

ამდენად, შეიძლება მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება დღეს სხვა ტაქტიკას აირჩევს: დაახლოებით ისეთს, როგორიც იმავე მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა აირჩიეს 2009 წლის გაზაფხულზე დაწყებული საპროტესტო მოძრაობის დროს, როდესაც რუსთაველი კარვებით გადაიკეტა. როგორც გვახსოვს, ის ოპოზიციური მოძრაობა თანდათან „მინავლდა“, ბოლოს კი საერთოდ „გაქრა“.

ოღონდ ათი წლის წინანდელ „მოძრაობას“ დღევანდელისაგან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება განასხვავებს: მაშინ საპარლამენტო არჩევნებამდე 3,5 წელი იყო დარჩენილი, ჩვენს შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას, მორიგი არჩევნები „კარს მოგვადგა“. ხოლო თუ ეს არჩევნები ბობოქარი საპროტესტო მოძრაობის, ასევე მედიაშტურმის ფონზე ჩაივლის (რაც 2009 წელს არ იყო!), ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნება წმინდად ელექტორული თვალსაზრისითაც.

ალბათ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ითვალისწინებენ ამ სხვაობებსა თუ მსგავსებებს თავიანთ კალკულაციებში.

. . .

ხოლო ჩვენი ამოცანაა, მკითხველის ყურადღება მივაქციოთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ინტერპერტაციებს, რომლებიც შექმნილ ვითარებაში ბუნებრივად პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

მაგალითად, ითქვა, რომ საქართველოს პარლამენტს სულაც არ „ჩაუგდია“ კონსტიტუციური რეფორმისა და სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროექტი, რაკი მან 101 ხმა მიიღო, ესე იგი, დეპუტატთა სიითი შემადგენლობის (დღეს არა 150 არამედ 149, - მინუს ზარდიაშვილი) ორ მესამედზე მეტი.

იურისტი და ადვოკატი ზვიად კორძაძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს: „კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის კანონპროექტი არ „ჩავარდნილა“. მან ხმების კონსტიტუციური უმრავლესობა - 2/3 მიიღო. სხვა საქმეა, რომ თუნდაც სამივე მოსმენით ხმების 2/3 არ არის საკმარისი ამ შესწორების დაუყოვნებლივ ასამოქმედებლად. ძირითადი კანონის შესაბამისად, აუცილებელია მომდევნო პარლამენტმაც დაამტკიცოს ეს შესწორება თუნდაც ხმების 2/3-ით და მხოლოდ ამის შემდეგ შედის იგი ძალაში. რაც შეეხება ხმების 3/4-ს, ეს რაოდენობა განაპირობებს ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანას კონსტიტუციაში“ - განაცხადა ბატონმა კორძაძემ.

იურიდიული ენიდან თუ „გადმოვთარგმნით“ მის ნათქვამს, იმას ნიშნავს, რომ თუ დღევანდელი პარლამენტი ხმების 3/4-ით მიიღებდა ამ შესწორებას პირველი, მეორე და მესამე მოსმენით, მაშინ იგი დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა. ესე იგი, 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო წმინდად „პროპორციული“ სისტემით. მაგრამ რაკი მხოლოდ 2/3 მიიღო, აუცილებელია მასზე მსჯელობა გააგრძელოს შემდეგმა პარლამენტმა და მხოლოდ იმ პირობით ამოქმედდება, თუ შემდეგი პარლამენტიც დაამტკიცებს მას ხმების თუნდაც 2/3-ით (100 ხმა).

ეს ვარიანტი ითვალისწინებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ალბათობასაც.

სულ სხვა საქმე იქნებოდა, თუ შესწორება მოქმედ პარლამენტშივე მოაგროვებდა ხმების 3/4-ს (114 ხმა), რაც იმას გამოიწვევდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე არა შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული, არამედ მხოლოდ პარტიული სიებით ჩატარდებოდა.

მკითხველი იოლად მიხვდება: ეს იურიდიული ნიუანსი ოპოზიციისთვის ყოველგვარ პოლიტიკურ აზრს მოკლებულია. ჯერ ერთი, 2024 წლის არჩევნები ისედაც მხოლოდ პარტიული სიებით ტარდება კონსტიტუციის შესაბამისად. ეს უკვე ჩაწერილია „ძირითად კანონში“. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თებერვალ-მარტისთვის დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, კანონის მიხედვით, ახალი პარლამენტიც უნდა აირჩეს არა წმინდად პროპორციული, არამედ ისევ შერეული სისტემით.

თუმცა მთავარში ზვიად კორძაძე აბსოლუტურად მართალია: „რეფორმა ჩავარდაო“ არ არის იურიდიულად გამართული და რელევანტური შეფასება. სხვა საქმეა, რომ პოლიტიკურად, 113 ხმის (დღეს ამდენი იყო საჭირო ზარდიაშვილის გასვლის შემდეგ) გარეშე ოპოზიცია და პოლიტიკური სპექტრი ლეგალურად ვერ იღებენ იმას, რაც სურთ და რასაც შეჰპირდა მათ მმართველი პარტია ივნისის ბობოქარი მოვლენების დროს.

თითქოს ბევრად უფრო იოლი გამოსავალი იქნებოდა, კანონპროექტის ინიციატორებს მასში რაიმე სიმბოლური/ფორმალური ცვლილება შეეტანათ, ხელახლა დაწყებულიყო კონსტიტუციური რეფორმის პროცედურა, ე.წ. „საერთო-სახალხო განხილვები“, საკომიტეტო მოსმენები, დებატები, სადღაც 3 თვის შემდეგ კვლავ გასულიყო კენჭისყრაზე და მიეღო ხმების 3/4.

ჯერჯერობით ამ სცენარს „ოცნება“ არ ეთანხმება, რადგან არ არსებობს არანაირი გარანტია „უარმყოფელ მაჟორიტართა“ დარწმუნებისა, 3 თვის შემდეგ მაინც დაუჭირონ მხარი იმას, რასაც ახლა არ დაეთანხმნენ. დაუყოვნებლივ, უკვე 2020 წლიდან ამოქმედებას ისევ 3/4 დასჭირდება და არ 2/3.

ესეც იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად „მაჟორიტართა ამბოხთან“ გვაქვს საქმე და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლთან, როგორც ბევრი სერიოზული ანალიტიკოსი მიიჩნევს. თუ „სპექტაკლის“ ვერსია სწორია, მაშინ ერთადერთი „რეზონი“, მმართველი პარტია ამ „ხელახლა შეტანას“ დაეთანხმოს ისაა, დრო გაიყვანოს, ქუჩის ვნებები დააცხროს და 3 თვის შემდეგ კი იგივე მოხდეს, ანუ კანონპროექტი ვერ ამოქმედდეს.

ამგვარი სცენარი „სტილურადაც“ კი ნაკლებსავარაუდოა, ყველა სხვა ასპექტს რომ თავი დავანებოთ.

. . .

რა არის ოპოზიციის გეგმა და მოთხოვნა იმავე კონსტიტუციურ წინაღობათა და ძირითადი კანონის ინტერპრეტაციათა გათვალისწინებით? მოკლედ თუ ვიტყვით: „გერმანული მოდელი“!

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს: „გერმანული მოდელი ნიშნავს, რომ პარლამენტში მანდატების რაოდენობა დამოკიდებულია პროპორციული არჩევნების შედეგებზე. პარტიას ექნება იმდენი მანდატი, რამდენიც მოიპოვა პარტიული სიებით არჩევნების შედეგად, თუმცა, იმავდროულად, ტარდება ასევე მაჟორიტარული არჩევნები, ოღონდ მანდატების საერთო რაოდენობა (მაჟორიტართა ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს „პროპორციულში“ მიღებული შედეგით მოპოვებულს.

თუ კვლავ „გადმოვთარგმნით“ კონსტიტუციონალისტთა ენიდან, „გერმანული მოდელი“ გულისხმობს შემდეგს: ერთდროულად ტარდება როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნები. თუ, ვთქვათ, პარტიამ მიიღო „პროპორციულში“ ხმების 35%, ხოლო პარლამენტში მანდატების რაოდენობაა (დავუშვათ) ასი, მაშინ ამ პარტიას ეკუთვნის არა უმეტეს 35 მანდატისა. ამ რაოდენობას უპირატესად „ავსებენ“ ჯერ მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები და თუ რჩება მანდატი, მხოლოდ ამის შემდეგ- პარტიული სიით „გასულები“.

უფრო მარტივად: თუკი პარტიამ მოიპოვა 35 მანდატი პროპორციულ არჩევნებზე და იმავდროულად მოიგო 20 მაჟორიტარული ოლქი, მაშინ ამ 35-მანდატიან კვოტას ჯერ ავსებს ეს 20 „მაჟორიტარი“, ხოლო პარტიული სიიდან ემატება მხოლოდ 15, ჯამში სულ 35.

თუ პარტიამ „პროპორციულში“ მიიღო 35 პროცენტი და 35 მაჟორიტარი „გაიყვანა“ მაშინ ეს 35 „მაჟორიტარი“ შედის პარლამენტში, მაგრამ პროპორციულიდან არც ერთი (!) დეპუტატი პარლამენტში არ ხვდება;

ხოლო თუ პარტიამ „პროპორციულში“ მიიღო 35% და 45 მაჟორიტარი გაიყვანა, 45 მაჟორიტარული მანდატი მისია, თუმცა „პროპორციულიდან“ კვლავ არც ერთი მანდატი აღარ ერგება.

საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ამ მოდელის ექსტრაპოლირებით, რაკი „ოცნებამ“ პარტიული სიებით არჩევნებზე მიიღო 40% (60 „პროპორციული მანდატი“) და მოიგო 70 მაჟორიტარული ოლქი, პარლამენტის წევრის მანდატს მიიღებდა მხოლოდ ეს 70 „მაჟორიტარი“, პარტიული სიიდან კი ვერც ერთ დეპუტატს ვეღარ გაიყვანდა.

რაც მთავარია, როგორც „ლიბერალს“ ვახტანგ ხმალაძემ დაუდასტურა, სავსებით შესაძლებელია, უკვე 2020 წელს არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარება კონსტიტუციური რეფორმის გარეშე, რადგან კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნა („ნახევარი - მაჟორიტარი, ნახევარი - პარტიული სიით“) ამით არ ირღვევა. შესაბამისად, ასეთი რეფორმა სულაც არ საჭიროებს კონსტიტუციურ უმრავლესობას - არც 2/3-ს და არც 3/4-ს. საკმარისი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოდექსში (ორგანულ კანონში) ცვლილების შეტანა, რისთვისაც 76 ხმაა საკმარისი!

ოღონდ, ისევ და ისევ, აქ სამართლებრივი სკრუპულოზობა „ეჩეხება“ პოლიტიკურ აქტორთა ინტერესებსა და რეალიებს: „გერმანული მოდელი“ ნამდვილად ხელსაყრელია ოპოზიციისთვის, მაგრამ ხელსაყრელია განა ხელისუფლებისთვის? დავაკვირდეთ: გამოდის, მაღალი ალბათობით, რომ მმართველი პარტია შეძლებს მხოლოდ „მაჟორიტართა“ გაყვანას პარლამენტში და მისთვის საუკეთესო შემთხვევაშიც კი მანდატების საერთო ოდენობის ნახევარიც არ ექნება. და ამ „საუკეთესო შემთხვევასაც“ ის სათუო დათქმა აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის „მაჟორიტარები“ უფრო იოლად სამართავნი არიან და იქნებიან, ვიდრე პარტიული სიით გასულები.

როგორი „ფორმულაც“ არ უნდა გამოვიყვანოთ სამართლებრივი თუ კონსტიტუციური ინტერპრეტაციების შედეგად, აბსოლუტურად ცხადია, რომ პოლიტიკური პროცესის ბედი არა კონსტიტუციონალისტთა და სამართლის სხვა სპეციალისტთა სამუშაო კაბინეტებში, არამედ რუსთაველზე წყდება.

ისევე, როგორც არაერთგზის, - განვლილი ოცდაათი წლის მანძილზე.