ლეიბორისტების «ჩაძირვა» არც ისე იოლია

ლეიბორისტების «ჩაძირვა» არც ისე იოლია

      

 როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა (სოციალისტების ინიციატივით) სარჩელი შეიტანეს იმ პოლიტიკური ორგანიზაციებისათვის საარჩევნო მანდატის ჩამორთმევის მოთხოვნით, რომლებმაც ცსკ-ს არჩევნებში გამოყენებული სახსრების ანგარიში არ წარუდგინეს.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მთავარი კონკურენტის (ლეიბორისტების) წინააღმდეგ უკანასკნელი ფართომაშსტაბიანი ინტრიგით სოციალისტური პარტია ამ კონკურენტის ჩამოშორების ნაცვლად, როგორც იტყვიან, «ბუს კვერცხებს» მიიღებს.
      პირიქით, ეს ინტრიგა კიდევ უფრო გააძლიერებს ლეიბორისტებს, რომელთა ამომრჩევლებს ჭეშმარიტად პროლეტარული მენტალიტეტი აქვთ და შალვა ნათელაშვილს უსაზღვროდ ენდობიან.
        ყოველგვარი თავდასხმა თუ ინტრიგა კი მხოლოდ «წამებულის» იმიჯს აძლიერებს. აქედან გამომდინარე, ნუ გაუგივდებათ სოციალისტებს, რომ რაც უფრო მეტად შეუტევენ «ლეიბორისტებს», მით უფრო გაძლიერდება ეს პარტია.
        უკიდურეს შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო აშკარა ფორმალობას გამოეკიდა და კანონის სკრუპულოზური დაცვით ლეიბორისტული პარტიის დისკვალიფიკაცია მოახდინა;
   შალვა ნათელაშვილი, უბრალოდ, სახელწოდებას შეუცვლის პარტიას და მაინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სამაგიეროდ, «სოციალისტური პარტიის» წინააღმდეგ იგი, თავის მხრივ, საპასუხო შეტევას განახორციელებს და მყარი არგუმენტი ექნება; რაც, შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს დამტკიცებას არ საჭიროებს; სამაგიეროდ ელექტორატისთვის განსაკუთრებულ ელფერს შეიძენს.
     შალვა ნათელაშვილს ჯერ არ აუმოქმედებია მთავარი იარაღი: მისი პარტია ჭეშმარიტად პროლეტართა პარტიაა, მაშინ როდესაც «სოციალისტური» პარტია ნამდვილად «ევროსოციალიზმზეა» ორიენტირებული, ანუ «სოციალისტები არიან - სულელები კი არა». დაკლებით არასდროს არაფერს იკლებდნენ და არც დაიკლებენ.
  «პროლეტარმა ამომრჩეველმა», ვისი ცნობიერებისათვის სოციალ-დემოკრატიული «მოწყალებისა და სოციალური ჰარმონიის თეორია» კატეგორიულად მიუღებელია, ეს ყოველივე, რასაკვირველია, შესანიშნავად იცის - ანუ იცის, ვინ რას ჭამს და რით სუნთქავს, ამიტომ მის შეხედულებებსა და «შარიკოვულ» მსოფლმხედველობას უფრო «ექსპორტიორთა ექსპრორირების» კომუნისტური ლოზუნგი შეესაბამება.
      აქედან გამომდინარე, სოციალისტებმა რამდენიც არ უნდა ეცადონ, შალვა ნათელაშვილს ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. მთლიანობაში, ეს ტრაგიკომიკური დაპირისპირება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვნად შეასუსტებს «მემარცხენე ფლანგს» - მით უმეტეს, შეასუსტებს საარჩევნოდ, როდესაც ყველა შთაბეჭდილება «ცხოველი» იქნება და ამომრჩეველს - საარჩევნო უბნამდე მიჰყვება.
   აქედან გამომდინარე, «ლეიბორისტ-სოციალისტური» ძიძგილაობის შემყურეთ, შეუძლიათ გულიანად იხარხარონ არა მხოლოდ «მოქალაქეებმა», არამედ მთლიანად «მემარჯვენე ბანაკის» წარმომადგენლებმა.
        ქართველი ამომრჩეველი (ჩვენი «ეროვნული» გამოცდილების გათვალისწინებით) ვეღარ იტანს კინკლაობასა და გაუტანლობას. რა გახდა, რატომ ვერ უნდა მოელაპარაკათ რაიმე კომპრომისზე ნათელაშვილსა და რჩეულიშვილს? ნებისმიერ შემთხვევაში (ასე რომც არ იყოს), ყველაფერი დავა პიროვნულ დაპირისპირებაზე და «მემარცხენე» ამომრჩევლის თვალში წააგებს ის, ვინც აშკარად უფრო აგრესიულია, ანუ ვახტანგ რჩეულიშვილი, «მერყევი» ამომრჩეველი დგება არჩევნების წინაშე, აირჩიოს ისევ მმართველი პარტია თუ ხმა მისცეს ოპოზიციას, რომელიც, შესაძლოა, უარესი აღმოჩნდეს და ერთმანეთი დაჭამონ.
        ეს ფსიქოლოგიური ტენდენცია იმდენად ძლიერი იქნება, არ არის გამორიცხული, მომავალი არჩევნები არა მხოლოდ მოქალაქეთა კავშირის, არამედ მემარჯვენე ბანაკის, მემარჯვენე იდეოლოგიის ტრიუმფად გადაიქცეს.
        ყოველ შემთხვევაში, «მერყევი ამომრჩეველი», რომელიც არჩევანს კვლავინდებურად აკეთებს პირადი სიმპათია-ანტიპათიის და არა «სოციალური შეკვეთის» შესაბამისად, თვალნათლივ ხედავს: «ერთმანეთს ჭამენ» სწორედ მემარცხენე პარტიები, მაშინ როდესაც «მემარჯვენე» პარტიები კორექტულობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ.
        ნიშანდობლივი ფაქტია: «სახალხო პარტიამ» მხარი არ დაუჭირა ანალოგიურ სარჩელს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» წინააღმდეგ, ეს რომ მომგებიანი ყოფილიყო, მათ ამგვარი სარჩელის შეტანას ან მხარდაჭერას ვერავინ დაასწრებდა, მაგრამ მამუკა გიორგაძე და გიორგი კობახიძე ასეთ შეცდომებს არ უშვებენ. არადა, ირინა სარიშვილი-ჭანტურია მათ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სძულდეთ, ვიდრე რჩეულიშვილს - ნათელაშვილი.
        რაც შეეხება «სოციალისტთა» მთავარ ბრალდებას, თითქოს «ნათელაშვილმა» დაანგრია ოპოზიციური კოალიცია და შეეკრა მმართველ პარტიას: ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე, სინამდვილეში, შალვა ნათელაშვილზე მძვინვარე და შეურიგებელი მტერი «მოქალაქეთა კავშირს» არც ჰყოლია.
        ნათელაშვილის დამოკიდებულება «მოქკავშირისადმი» შეიძლება ამ უკანასკნელთა მიმართ პანტელეიმონ გიორგაძის დამოკიდებულებას შეედაროს.
        ნათელაშვილი გააფთრებით მოითხოვდა ოპოზიციური კოალიციის გაფორმებას და შესაბამის დოკუმენტსაც სთავაზობდა «მოძმე» პარტიებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შალვამ (იგი არც ისეთი არიფია, როგორც რჩეულიშვილს სურს წარმოიდგინოს - «სოფლიდან ჩამოსული მშიერი ბიჭუნა» და ა.შ.) ერთი უცნაურობა შენიშნა: სიტყვით ვითომ ეფერებოდნენ, უყვავებდნენ, თავზე ხელს უსვამდნენ, მაგრამ მასთან კოალიციის გაფორმება მაინც არ სურდათ.
        ნათელაშვილი მიხვდა, თუ რატომ: იმიტომ, რომ ეზიზღებოდათ, როგორც «სოფლელი პროლეტარი», თავის «ტოლად და სწორად» არ მიაჩნდათ და რაც მთავარია, თვითონ არ სურდათ მოეჭრათ ხელისუფლებასთან მისასვლელი გზა.
        რაკი ამას მიხვდა, შალიკო თავისი «გლეხური», მაგრამ არცთუ სიმახვილეს მოკლებული ჭკუით, - ალიანსი ისე არ უნდაო და... დანარჩენი ცნობილია.
        ნამდვილად ანეკდოტურია ლეიბორისტული პარტიის შემადგენლობა: რაკი თვით ნათელაშვილი თბილისში არ ბრძანდება (ქართულ მთას ეწვია ვიზიტით) - ლეიბორისტებში კაცი არ აღმოჩნდა, თავის პარტიის ინტერესთა თუ პოზიციათა დაცვის ინტელექტუალური უნარი ჰქონოდა. ამიტომ, «ღამის კურიერში» ფერხორცმომატებულ «სოციალისტ» (ყოფილ «ლიბერალ») ნანა დევადრიანთან დისკუსიისას «ლეიბორისტთა» ინტერესებს «ეროვნულ-დემოკრატი» ჯონდი ბაღათურია იცავდა(?!)
        თუმცა არც არის საჭირო! ნათელაშვილის ელექტორატის მენტალიტეტიდან გამომდინარე, ისინი ხმას აძლევენ პარტიის თავმჯდომარეს, ხოლო პარტიის შემადგენლობა (გუნდი) სულაც არ აინტერესებთ.

მერიდიანი, 14 მაისი, 1999 წელი