ლეონიდ კუჩმასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ელცინის ჩრდილმა გაირბინა

ლეონიდ კუჩმასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ელცინის ჩრდილმა გაირბინა

 უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტთა მოლაპარაკებისას და პრესკონფერენციაზეც საგულისხმო ფრაზა ითქვა: «ჩვენ თითქოს ვგრძნობდით, რომ ჩვენს გარდა ოთახში კიდევ ვიღაც მესამე იმყოფებოდა». აქ, რა თქმა უნდა, შიზოფრენიულ ჰალუცინაციებზე არ არის საუბარი. შევარდნაძეც და კუჩმაც ჯანმრთელობას არ უჩივიან. ეს სიტყვები პოლიტიკური ქარაგმა იყო, რომელმაც მოლაპარაკებათა შინაარსი «გახსნა».
    უკრაინისა და საქართველოს დაახლოება იმ გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილად უნდა იქნას აღქმული, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეზე. ყალიბდება ძალის რამდენიმე «ცენტრი», ანუ იქმნება პოლიცენტრისტული სისტემა. ძველი ცენტრი - მოსკოვი - კვლავინდებურად ინარჩუნებს პროცესებზე ზეგავლენის მნიშვნელოვან ბერკეტებს, მაგრამ მისი პოზიცია და დამოკიდებულება განმსაზღვრელი (გადამწყვეტი) უკვე აღარ არის.
    უკრაინა ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად ხდება «რეგიონული ზესახელმწიფო». მას შემდეგ, რაც მან აიძულა (სწორედ რომ აიძულა) რუსეთი, ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომლითაც მოსკოვმა სცნო უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, კიევი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით იწყებს გააქტიურებას, რათა ახალი გარანტიები მიიღოს. ყველაზე მომგებიანი მიმართულება მისთვის შეიძლება კავკასია გახდეს, რაკი ეს-ენ-გე-ს სივრცეში სწორედ ამ რეგიონის გარშემო მიმდინარეობს რთული გეოპოლიტიკური თამაში.
    უკრაინის დაინტერესება ძალზე ხელსაყრელია საქართველოსათვის. იგი უკრაინის მეშვეობით იბრუნებს ბაზარს სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისათვის. უკრაინის მრეწველობას კი ძალუძს მინიმალურ დონეზე უზრუნველყოს საქართველოს სამრეწველო პროდუქციის კვლავწარმოება ანუ უკრაინა საქართველოსათვის «ახალი რუსეთი» ხდება, ოღონდ კრემლის გარეშე.
    თუ თვით უკრაინა დაინტერესებულია ცენტრალური აზიიდან ნავთობის ტრანსპორტირებისათვის კავკასიის გავლით შექმნას «ალტერნატიული დერეფანი», საქართველოს ეძლევა შანსი, ამ ქვეყნის დაინტერესება კონკრეტულ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერად აქციოს. უკრაინას აქვს ყველა ის შეიარაღება, რაც აქვს რუსეთს. იმავე ხარისხის და, თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის იმავე ოდენობით. უკრაინის შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც შეუძლიათ ბევრი რამ ასწავლონ ქართველ ოფიცრებს; ხოლო ოფიციალური კიევის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის საკითხის განხილვისას სულ უფრო მეტი «წონა» ექნება. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც უკრაინა გაწევრიანდება «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში». ლეონიდ კუჩმასათვის ამ ორგანიზაციაში შესვლა მხოლოდ საქართველოს მიმართ «კეთილი ნების» გამოვლინება როდია. ამით უკრაინა გარკვეულწილად უთანაბრდება (ყოველ შემთხვევაში, ამგვარ პრეცედენტს ქმნის) ყველაზე მძლავრ და გავლენიან ქვეყნებს.
    რუსეთში ნამდვილად არ ესიამოვნებათ უკრაინის მზადყოფნა, საქართველოს გადასცეს ნებისმიერი შეიარაღება ავტომატებიდან - სამხედრო გემებამდე (არა უფასოდ, რასაკვირველია). ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები დღენიადაგ იმეორებდნენ: რუსეთი არ უნდა იყოს იარაღის ერთადერთი მომწოდებელი საქართველოსათვის - ეს ითვლება რეალური დამოუკიდებლობის უმთავრეს პირობად. დღეს უკვე შეიქმნა ამგვარი ვითარება და სამხედრო თვალსაზრისით საქართველო მხოლოდ რუსეთზე აღარ არის დამოკიდებული.
    კუჩმას ზოგიერთი გამონათქვამი იმაზეც მიუთითებს, რომ უკრაინას ძალიან უჭირს რუსეთთან ურთიერთობა (არც არის გასაკვირი). ამდენად, პატარა ქვეყნის მხარდაჭერა მისთვისაც სასარგებლო და მნიშვნელოვანია.

მერიდიანი, 31 ოქტომბერი, 1997 წ.