ლუიზა შაკიაშვილის კახეთში დაბრუნება

ლუიზა შაკიაშვილის კახეთში დაბრუნება

 

    ირაკლი წერეთელთან და ნოდარ ნათაძესთან ერთად, ლუიზა შაკიაშვილი ყოფილი პარლამენტის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენდა. მისი ბობოქარი გამოსვლები საქართველოსათვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხებზე (როგორიც იყო СНГ-ში შესვლა)მარად დაუვიწყარი იქნება ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც გაოცებული ადევნებდა თვალს პარლამენტში გაშლილ სანახაობას 1 მარტის სხდომაზე (1994 წელი).
    როდესაც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში შესვლის საკითხი წყდებოდა, ლუიზა შაკიაშვილმა პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი «დასცხო». ამის შემდეგ იგი აცხადებდა, შევარდნაძის მიერ «განხიბლული» აღმოვჩნდიო; ანუ თავიდან მოხიბლული ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რა ხვითოც ბრძანდებაო.
    თუმცა, ლუიზა შაკიაშვილი, როგორც ჩანს, იმასაც აცნობიერებდა. რომ ძალზე სერიოზული როლი შეასრულა (გადაჭარბების გარეშე) 1991-93 წლების მოვლენებში, ვინაიდან იგი კომუნისტების დროს პოლიტიკური მოტივით იყო დაპატიმრებული.
    შემდგომ, ზვიად გამსახურდიას დამხობის პროცესში, ლუიზა შაკიაშვილი «რევოლუციურ ძალებს» სჭირდებოდათ იმისათვის, რათა მათი ნამდვილი შინაარსი დაფარულიყო - შაკიაშვილი მაშინ მიტინგებზე გაჰკიოდა: «ბიჭოოოოო..... ზვიააააააად, რამ გამოგაშტერააა.......»
    1992 წლის 7 მარტს, შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შაკიაშვილი (ისევე, როგორც რუსუდან ბერიძე) სახელმწიფოს მეთაურის «ახალი იმიჯის» შექმნას უწყობდა ხელს, მაგრამ რუსუდან ბერიძის ცნობილი გამოსვლა, როდესაც მან საქართველოში «რეპრესიების ახალი ტალღის აგორება» იწინასწარმეტყველა - შაკიაშვილისთვისაც აღმოჩნდა ნიშანი და ქალბატონმა ლუიზამ კვლავ «ძველ მეგობრებს მიაკითხა».
    მისთვის, როგორც ჩანს, ისედაც მტანჯველი იყო, რომ მაგალითად, ირაკლი წერეთელმა ერთხელ «შევარდნაძის კარვის ქალი» უწოდა, რის შედეგადაც შაკიაშვილი მას კინაღამ ფიზიკურად შეეხო. თუმცა ეს ინციდენტი მაინც მშვიდობიანად დასრულდა - ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერთა ჩარევის შედეგად.
    1995 წლის ზაფხულიდან, ლუიზა შაკიაშვილი ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად შემობრუნდა ხელისუფლებისკენ, რაც ისევ და ისევ მისი განუყრელი მეგობრის - რუსუდან ბერიძის პოზიციით იყო განპირობებული.
    ლუიზა შაკიაშვილმა შევარდნაძის მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციასაც კი მისცა ხმა, მაგრამ ამან მის «იმიჯს» ვეღარაფერი უშველა. ქართული «ელიტარული ინტელიგენიციისათვის» ლუიზა შაკიაშვილი «პროვინციული დემოკრატიის» განსახიერებად დარჩა. ამდენად, 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ შაკიაშვილი ისტორიის არქივში აღმოჩნდა.

«მერიდიანი», 26 მარტი, 1996 წელი.