მარადი ომი იერუსალიმისთვის

მარადი ომი იერუსალიმისთვის

იერუსალიმის მარადიული კონფლიქტის გაყინვის და ისტორიული მშვიდობის დამყარების ჩემი (თუნდაც მიუღებელი, თუნდაც გულუბრყვილო, მაგრამ ჩემი) ფორმულა ჩამოვაყალიბე: ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფო ( ისრაელი და პალესტინა) 1967 წლამდელ საზღვრებში;

იერუსალიმი უეჭველად, მთლიანად და განუყოფლად ისრაელის შემადგენლობაში, მაგრამ ტაძრის მთაზე და ალ აქსას მეჩეთში - არაბული მმართველობა.

ეს ფორმულა იქედან გამომდინარეობს, რომ ებრაელები იერუსალიმს არ დათმობენ! გამორიცხულია.

დაიხოცებიან, ბირთვულ იმს დაიწყებენ, კვლავ მსოფლიოში განიბნევიან, მაგრამ პლანეტარული ომისა და ისრაელის სრული განადგურების ეპოქალურ საშინელებას ( და კოსმიურ უსამართლობას)თუ არ დავუშვებთ, იერუსალიმს მათ ვერავინ წაჰგლეჯს.

რატომ?

საქმე ისაა, რომ იერუსალიმის განუყოფლობის საკრალური მოტივაცია უკავშირდება სოლომონის ტაძრის აღდგენის გრძნეულ სულისთქმას.

მეორე პირველის "გულანია".

როდესაც ებრაელები, 2 000 წლის განმავლობაში ერთმანეთს - შალ- მებოდნენ ფრაზით: "გაისად შევხვდებით იერუსალიმში", ისინი გულისმობდნენ, რომ დაბრუნდებიან და.....აუცილებლად აღადგენენ სოლომონის ტაძარს, რომლისგან ამჟამად მხოლოდ ერთი, დასავლეთ კედელია შემორჩენილი - "გოდების კედლად" წოდებული.

სოლომონის ტაძარი როგორღა აღდგება თუკი თუკი ტაძრის მთა ალ აქსას მეჩეთს აქვს დაკავებული?

და თუ ისრაელი დათმობს სუვერენიტეტს ტაძრის მთაზე, ანუ აღმოსავლეთ იერუსალიმზე, ეს ნიშნავს, რომ იგი უარს ამბობს სოლომონის ტაძრის აღდგენის მეტაფიზიკურ სულისთქმაზე, რაც მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილია!

შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტებს. ფაქტებს და არა მითებს:

სოლომონის პირველი ტაძარი დაანგრია ბაბილონის მეფე ნაბუქუდონოსორმა ძველი წელთ აღრიცხვის VI საუკუნეში. მანვე ეგვიპტური მონობიდან თავდახსნილი ებრაელები ისევ გაასახლა მონობაში.

მაინც დაბრუნდნენ, ააშენეს მეორე ტაძარი, რომელიც ჩვენი წელთ აღრიცხვის 70 წელს დაანგრიეს რომაელებმა და "ურიანნი მოჰფინეს ქუეყანასა ზედა"

ებრაელები დაბრუნდნენ ( სახელნწიფოებრივი თვალსაზრისით) 1948 წელს, 1967 წელს დაიბრუნეს ტაძრის მთაც, მაგრამ.....იქ დგას ალ აქსას მეჩეთი, რომელიც საკრალურად წმიდაა არა მხოლოდ არაბებისთვის, არამედ ყველა მაჰმადიანისთვის.

იგი აშენდა მუჰამედის ეპოქაში ( რომელიც ისეთივე რეალური ისტორიული ფიგურაა, როგორც იესო ქრისტე) ანუ აიგო VII საუკუნისთვის.

1967 წელს ებრაელებმა მას ხელი არ ახლეს, მაგრამ 1990 იან წლებში, პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი და შევიდა, "ფეხი დადგა" ტაძრის მთაზე, რამაც მძვინვარე რეაქცია გამოიწვია. ინტიფადა ანუ აჯანყება დაიწყო.

რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ისრაელის ეროვნულმა გმირმა, გენერალმა შარონმა, რომელმაც 1973 წლის იომ ქიფურის ომის დროს გადაარჩინა ისრაელი გოლდა მეირთან და ჰენრი კისინჯერთან ერთად?

იმიტომ, რომ პრემიერ შარონს თავის ისტორიულ მისიად მიაჩნდა სწორედ იმ გულისთქმის, იმ გრძნეული სწრაფვის დადასტურება, რომ სოლომონის ტაძარი იქ თუნდაც შორეულ მომავალში, მაგრამ მაინც აღდგება.

რასაკვირველია აზრადაც არ მოსვლია ხელი ეხლო მაშინვე ალ აქსას მეჩეთისთვის. ეს საზარელ მსოფლიო ომს გამოიწვევდა.

ზოგადად ავტონომია არის მართვა სუვერენიტეტის ფარგლებში. ჩემი

ფორმულა ასეთია: ტაძრის მთაზე სუვერენიტეტი - ისრაელს, მართვა - პალესტინას.

შესაძლოა მითხრან: განა დღემდე ასე არ იყო? განა ალ აქსას არაბული პოლიცია არ განაგებდა?

არა ბატონო, მთლად ასე არ იყო.

1967 წელს ისრაელის ლიდერებს ეყოთ სიბრძნე, გამარჯვების და მთელს იერუსალიმზე სუვერენიტეტის გავრცელების მიუხედავად, ხელი არ ეხლოთ ალ აქსასათვის.

შემდეგ კი იქ არაბული პოლიცია შეუშვეს ანუ სუვერენიტეტი არა, თუმცა მართვა გადასცეს პალესტინას.

ოღონდ.......ეს გაკეთდა არა საერთაშორისო ხელშეკრულებით, არამედ ისრაელის კეთილი ნებით!

სულ სხვა იქნება თუ ეს შეთანხმება გაფორმდება საერთაშორისო გარანტიებით, დიდი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელს მოაწერს იუდა- ქრისტიანული და ისლამური სამყარო.

ეს თუ მოხერხდა, ყველაფერი დანარჩენი უკვე არაარსებითი დეტალია, რაოდენ გრანდიოზულნიც არ უნდა სჩანდნენ ეს "დეტალები".

მაგალითად: გრანდიოზული პრობლემაა რასაკვირველია 2 მილიონი ებრაელი ახალმოსახლე, რომელიც 1967 ის შემდეგ დასახლდა დასავლეთ სანაპიროზე, ფესვები გაიდგა, შვილები გაზარდა, შვილიშვილებს ზრდის.....

ასევე გრანდიოზული პრობლემაა 12 მილიონი არაბი, რომელთა ბაბუები და მამები 1948 და 1967 წლების ომთა შედეგად იქცნენ ლტოლვილად.

თანაც საკუთრივ ისრაელიდან, ანუ იმ ტერიტორიიდან, რომელიც ისრაელს უნდა დარჩეს.

მაგრამ ეს ორივე გრანდიოზული პრობლემა მაინც გადაწყვეტადია- იერუსალიმის კუთვნილებისგან განსხვავებით.

თავად განსაჯეთ: განა დასავლურ სამყაროს, ოღონდ კი ეს მარადი ხინჯი და ისტორიული თავის ტკივილი დაიამოს რამენაირად, გაუჭირდება ვთქვათ 20 წელზე გაწერით ( რა არის 20 წელი ამ მარად ომთან შედარებით?) გამოჰყოს ერთი ტრილიონი დოლარი, რათა ებრაელები west bank იდან საკუთრივ ისრაელში გადმოასახლოს, აუშენოს მათ ახალი კიბუცები და იმავდროულად არაბებს პალესტინაში ან ახალი სახლები აუშენოს ნაკიბუცარებზე ან კომპენსაცია გადაუხადოს, რათა არაბულ ქვეყნებში იყიდონ ბინები?

იმავდროულად ღაზა ესტაკადით ან მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდეს პალესტინას.

ეს პროექტი მზად არის.

თვითონ ისრაელმა შეიმუშავა და არაბებს შესთავაზა: ოღონდ იერუსალიმს ნუ გვედავებით და ჩვენ თვითონ აგიშენებთ ამ 50 კილომეტრიან ესტაკადასო.

განა ვერ ააშენებენ?

ააშენებენ რომელია!