მიშა სააკაშვილი და «პირდაღებულ ბოჩოლათა ჯოგი»

მიშა სააკაშვილი და «პირდაღებულ ბოჩოლათა ჯოგი»

 

«ინტიმურ ვიდეოებთან» დაკავშირებული სკანდალი მხოლოდ ვითარდება და ასე იოლად არ დასრულდება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას,  იგი კიდევ დიდხანს დარჩება ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ასეა მოწყობილი ნებისმიერი საზოგადოება: მუდამ   აღელვებს  თემატიკა, რომელიც  «ძირითად ინსტიქტს» და ვნებიან ტაბუ–ს უკავშირდება! ისევე, როგორც აღელვებს ეს თემა ნებისმიერ სხვა საზოგადოებას, რაოდენ ლიბერალურიც არ უნდა იყოს იგი: გავიხსენოთ ბილ კლინტონის ქეისი ამერიკაში. აგრეთვე, სულ ახლახანს, ფრანსუა ოლანდის ადიულტერთან დაკავშირებული სკანდალი საფრანგეთში.

სწორედ ამიტომ, თითქმის ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ რაკი ქართულ საზოგადოებას  ასე აღელვებს, აინტერესებს და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, ამ საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთა ხელიც ურევია: წარმოუდგენელია მათ არ გაეთვალისწინებინათ და არ ესარგებლათ იმით, რომ ათასობით ამგვარი ბინძური ვიდეო მოხვდა უცხოეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. შესაბამისად, არ ეცადათ ესოდენ მძლავრი ბერკეტის ხელში ჩაგდება ქართული საზოგადოების სამართავად ან სხვადასხვა პროცესის პროვოცირებისთვის.

ერთი სიტყვით, «ინტიმური ვიდეოების» ქეისს უამრავი სხვადასხვა ასპექტი აქვს და თითქმის დაუსრულებლად შეიძლება მათზე მსჯელობა, მაგალითად იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება (რამდენიც არ უნდა უარყონ) აშკარად ცდილობდა «ხელზე შემოეჩვია» იგივე ლელუაშვილი და ის მხოლოდ საკუთარი ნებით არ დაძვრებოდა «ოცნების» საარჩევნო შტაბებში; და რომ «ოცნების მთავრობას», სინამდვილეში, არ აწყობდა ამ საქმეზე ვინმეს დასჯა, რადგან ასეთ შემთხვევაში, (როგორც მიაჩნდათ) «სპეცსამსახურები დაენგრეოდათ» და «მაშინ ჩვენს ბრძანებებსაც აღარ შეასრულებს საშუალო რგოლი». 

ოღონდ,  რაკი ამის პირდაპირ თქმა არ აწყობდათ, ვიდეოების გასანადგურებლად, ესე იგი საქმის აღძვრის თავიდან ასაცილებლად, ბრწყინვალედ გამოიყენეს ცნობილ კომისიაში ინტეგრირებული «სასარგებლო იდიოტები», რომლებიც, უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, თუთუყუშებივით იმეორებდნენ: «განადგურდეს ვიდეოარქივი», «განადგურდეს», «განადგურდეს. . . .»  და ვერავინ ვერაფრით შეასმინა (ხომ აფრთხილებდათ იგივე კახი კახიშვილი), რომ თუ ის ვიდეოები განადგურდებოდა, მაშინ ყველა, ვინც ავადსახსენებელ კომპრომატს იღებდა, შესაძლოა სასჯელს დაძვრომოდა, რადგან მტკიცებულების გარეშე საქმის აღძვრა მართლა ვერ მოხერხდებოდა.

მაგრამ ვიდეოები მაინც გამოქვეყნდა და ხელისუფლებაც იძულებული გახდა (საზოგადოებრივი რეაქციის გამო), ამ მასალათა  გამოქვეყნების ფაქტზე არათუ საქმე აღეძრა, არამედ შემსრულებლებიც დაეპატიმრებინა.

ისევ და ისევ:  ეს საქმის  ერთ–ერთი ასექტია. მას უამრავი სხვა მხარეც აქვს და კიდევ დიდხანს, ძალიან  დიდხანს იქნება საქართველოში პოლიტიკური მანიპულაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამჯერად მხოლოდ ერთი ასპექტი განვიხილოთ: რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საოცარი განცხადება გააკეთა. არათუ საოცარი, არამედ გამაოგნებელიც კი უტიფრობის მასშტაბით!

ამ განცხადების კონტენტ–ანალიზი ცხადყოფს, რომ ექს–პრეზიდენტს და ოდესის გუბერნატორს მთელი ქართული საზოგადოება იმ «პირდაღებულ ბოჩოლათა ჯოგად» მაიჩნია, რომელიც ყველაფერს «მიირთმევს» და არათუ ვერაფერს აანალიზებს, არამედ ერთდღიანი მეხსიერებაც არ გააჩნია.

დავაკვიდრეთ, რას წერს სააკაშვილი:  ჩემი ღრმა რწმენით, ისინი, ვინც ამგავრი რამ თუნდაც საკუთარი უყურადღებობით დაუშვა საკუთარ უწყებაში, აღრასდროს უნდა დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში. მათი ადგილი არ არის ახალი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე (!). დამსახურებისთვის ყველას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების და მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამარცხების შემდგომ, ქვეყნის მართვა უნდა გა(ვ)აგრძელოთ იმ ადამიანების მეშვეობით, ვის მიმართაც საზოგადოებას არა აქვს კითხვის ნიშნები წარსულში მათი მოღვაწეობის გამო.

ესე იგი, რაკი «გა(ვ)აგრძელოთ», მაშასადამე მიშას მიაჩნია, რომ სწორედ მის მიმართ არ ექნება საზოგადოებას კითხვები და ყველაფერი, თურმე ვანო მერაბიშვილის ბრალი ყოფილა!!! ათასპრიოცენტიანი დარწმუნებით შეიძელბა ითქვას: სწორედ მას გულისხმობს ფრაზაში: «ვინც ამგავრი რამ თუნდაც საკუთარი უყურადღებობით დაუშვა საკუთარ უწყებაში» . . . . . . . . . . . «ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე . . . . . . .»

რა თქმა უნდა, სწორედ საკუთარი რეჟიმის «ხერხემალსა» თუ «მარჯვენა ხელზე» მიანიშნებს და გვეუბნება, რომ (თურმე) თავად არაფერი იცოდა.

იქვე, კვლავ იმეორებს დემაგოგიურ თეზისს, რაც არაერთგზის გაუჟღერებიათ მის თანაპარტიელებს:  «ჩვენ დროს ხომ არ გამოქვეყნებულა?»

არადა, მაშინ რომ არ გამოქვეყნებულა, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ამ ვიდეოების გამოყენება ხდებოდა პირდაპირი დანიშნულებით, ანუ ადამიანების ფარულად დასაშანტაჟებლად. აბა სხვა რა მიზნით იღებდნენ ლელუაშვილი და ძმანი მისნი  – ხელცქვიტობისთვის?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აი კონკრეტული მაგალითიც: თუ გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბიძინა ივანიშვილის ერთ–ერთი პირადი მცველი სადღაც გაქრა, მერე გამოჩნდა და გაუგებარი განცხადებები გააკეთა, მათ შორის ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. არჩევნების შემდეგ კი გაირკვა, რომ სპეცსამსახურებს მისი ადიულტერი ჩაუწერიათ და რაკი ცოლ–შვილზე თავგადაკლული ადამიანი იყო,  გამოქვეყნების შეშინებია. ასეთ მდგომარეობაში კაცი მართლა ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ კი ოჯახი არ დაენგრეს, – მეუღლესა და შვილებს გული არ მოუკლას.

ამიტომ, როდესაც ზოგიერთი «ნაციონალი» თავხედური ყელმოღერებით კიდევ იტყვის: «ჩვენ დროს ხომ არ გამოქვეყნებულაო», სწორედ იმ საბრალო ბიჭის საქმე უნდა შევახსენოთ, რის თაობაზეც მართლა  ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გაიგებდა, 1 ოქტომბრის არჩევნები «ნაციონალურ მოძრაობას» რომ მოეგო, ანუ ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო!

აი, ასე ხდებოდა იმ ვიდეოების გამოყენება ფარულად, - «პირდაპირი დანიშნნულებით» და ეს მხოლოდ ერთი გამოაშკარავებული მაგალითია, რაკი ამგვარი შანტაჟის არც ერთი მსხვერპლი ახლა არ გამოვა და ღიად არ იტყვის ამის შესახებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა,  დავუბრუნდეთ ისევ სააკაშვილის აპოკალიპტურად უტიფარ განცხადებას. ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გვეუბნება (შინაარსობრივად სწორედ ამას ამბობს), რომ ყველაფერი ვანო მერაბიშვილის მინიმუმ უყურადღებობის და უნიათობის ბრალია.

მიშას მართლა «ბოჩოლათა ჯოგად» მივაჩნივართ და ჰგონია, რომ არ გვახსოვს ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც მოხდა 2013 წელს, როდესაც იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვედელიძემ ფარულად ატვირთა «ერთ ერთი – ჟურნალისტის» ბისექსუალური კავშირის ამსახველი ვიდეო. შემდეგ «ერთ–ერთი ცნობადი სახე», ფულის გამოძალვის მიზნით დააშანტაჟეს ასეთივე ვიდეოთი . . . . .  

ეს ვიდეოები ნამდვილად ვანო მერაბიშვილის დროს იყო ჩაწერილი, თუმცა სააკაშვილი, რასაკვირველია, შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, მოქმედი ხელისუფლება დაედანაშაულებინა და ჩვეულ ემოციურ ტალღაზე, ინტერვიუში ასეთი რამ წამოცდა: «მე როდესაც მომიტანეს ფარული ჩანაწერები, თუ როგორ ლანძღავენ «ოცნების» ლიდერები ერთმანეთს და როგორ იქცევიან ისინი, მათ შორის იყო პირადი ცხოვრების სცენები, მაგრამ მათი გამოქვეყნება კატეგორიულად ავკრძალე, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული თემააო».

სააკაშვილი გულისხმოდა იმ აუდიოჩანაწერებს, რომლებშიც ლაპარაკი იყო «ალბინოსებზე», «კრავასმეშანიაზე», «მე რა ვქნა მე..», «უნდა გავხდე მილიონერი» და ასე შემდეგ.

ანუ, მან კი იცოდა, რომ სპეცსამსახურები ინტიმურ სცენებსაც იღებდნენ, მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთად მიუტანეს და კითხეს, რომელი გამოვაქვეყნოთო (მისივე სიტყვებით ასე გამოდის), გადაღება კი არ აკრძალა, არამედ მათი ღიად გამოქვეყნება და პირდაპირ უთქვამს: «აი ეს შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ («მე რა ვქნა მე...». და ასე შემდე) ესენი კი – არაო».

ამ საქმეზე შემდეგ კუდ–ის უფროსი ლევან ქარდავა (ოდიოზური მეგიზ ქარდავას ძმა) დააპატიმერს, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ «გამოაძვრინა» ზემოთხსენებული მოტივით: «საშუალო რგოლს თუ შევეხებით, სისტემა დაგვენგრევა»

მიშა კი გვეუბნება: წარმოდგენა არ მქონდა, თუ ამგვარი ვიდეოების გადაღება ხდებოდა და ყველაფერი ვანო მერაბიშვილის (მინიმუმ) უნიათობის ბრალია, ვანო მერაბიშვილის (ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის!)  ადგილი არ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ახალი საქართველოს მშენებლობა მის გარეშე უნდა გა(ვ)აგრძელოთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ვხედავთ, აქ უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, რომ «სხვაგვარად როგორ იქნებოდა», «როგორ შეიძლება ეს პრეზიდენტს არ სცოდნოდა, თუკი ის იცოდა, რა კაბას ჩაიცვამდა სოფო ნიჟარაძე «ქეთო და კოტეს» პრემიერაზე» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არამედ უტყუარ ფაქტზე:  ფრაზაზე, კონკრეტულ განცხადებაზე, რომლიც სააკაშვილმა თვითონ გააკეთა (წამოსცდა) 2013 წელს და ახლა ჰგონია, რომე ეს განცხადება აღარავის გვახსოვს, რაკი უაზროდ პირდაფჩენილი «ბოჩოლების»  ჯოგი ვართ – ნახევარდღიანი მეხსიერებით.

და ბოლოს:  არ იქნება ახლა მიშაზე  ახი, გამოვიდეს ვანო და მართლა ყველაფერი «დაფქვას», რაც იცის იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში 2004 წლის შემდეგ? არადა ძალიან ბევრი რამ იცის.

რა თქმა უნდა ახი იქნება!

გააკეთებს ამას ვანო მერაბიშვილი? რასაკვირველია არა!

არ გააკეთებს, როგორი დაბოღმილი და აღშფოთებულიც არ უნდა იყოს დღეს ამ ყოვლად უსინდისო განცხადებით.

ოღონდ, მერაბიშვილი ამას  «არ იკისრებს» მხოლოდ იმიტომ, რომ იცის: ასეთ შემთხვევაში, საბოლოოდ დაკარგავს «პოლიტიკოსის» ამპლუას და მასთან ერთად დაკარგავს ციხიდან (ოდესმე მაინც) გამოძრომის შანსს.

მთელი ეს ბინძური საქმე კი, რა კითხვები და პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს ამჟამინდელ, მართლა უნიათო და უმაქნის ხელისუფლებასთან, ერთ რამეს უეჭველად ადასტურებს: «მიშა» უკვე ნამდვილად წარსულია ამ ქვეყნისათვის და თუ განვითარება გვინდა, ახალი საქართველოს შენება მის გარეშე უნდა გა(ვ)აგრძელოთ!

2016