მორიგი რუსული ულტიმატუმი საქართველოს - ბლეფობს თუ არა გაზპრომი?

მორიგი რუსული ულტიმატუმი საქართველოს - ბლეფობს თუ არა გაზპრომი?

 

«გაზპრომი» არის კრემლის იარაღი, კრემლის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, ამიტომ «გაზპრომის» პირობა კრემლის პირობაა, «გაზპრომისულტიმატუმი»  – კრემლის ულტიმატუმი!

როგორც მოსალოდნელი იყო და ბევრი წინასწარმეტყველებდა, «ვენის მოლაპარაკებები» კახი კალაძესა და «გაზპრომის» ერთ–ერთ ტოპ–მენეჯერ ელენა ბურმისტროვას შორის სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ ამჯერად ალექსეი მილერმა  მონაწილეობაზე უარი თქვა. რთულ დიპლომატიურ ენაზე ეს ცხადი ჟესტია. ამით რუსული მხარე ამბობს: «ჩვენი პირობები ცნობილია და მათ შეცვლას არ ვაპირებთ. თუ საერთოდ შევხვდებით, მხოლოდ იმისათვის, რათა კაპიტულაციისას ქართული მხარისთვის «სახის შენარჩუნების» პირობებზე მოვილაპარაკოთო».

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაც  დიპლომატიური და პოლიტიკური ტექნოლოგიის ნიმუში აღმოჩნდა: «მოლაპარაკების თემა არ შეცვლილა . . . .  მოლაპარაკებები გრძელდება. . .»

 ანუ, თუ დიპლომატიური ენიდან   გადმოვთარგმნით, იგულისხმება: «მოსკოვი კვლავინდებურად მოითხოვს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის მონეტიზაციას, ესე იგი ნატურის ნაცვლად ფულად ანაზღაურებას, ჩვენ ამას არ ვთანხმდებით და მოლაპარაკებები უსასრულოდ გაგრძელდება».

არადა, ტექნოლოგიის დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამით გაიმარჯვებ, თუკი მოწინააღმდეგეს შენზე ძლიერი ფიგურები ან კოზირები აქვს. ძნელი მისახვედრი არ არის, რა სტრატეგია აირჩია კვირიკაშვილ–კალაძის მთავრობამ ამ შემთხვევაში: რაკი ნებისმიერი გადაწყვეტილება წამგებიანია (დათანხმდები – ვაია, არ დათანხმდები – ვუი) სჯობს საერთოდ არ მივიღოთ გადაწყვეტილება და დავტოვოთ ყოველივე ისე, როგორც არის!

მაგალითად: 2015 წლის შემდეგ აღარ გვაქვს ახალი ხელშეკრულება გაზპრომთან გაზის ტრანზიტიდან 10%–ის ამოგების შესახებ? ნუ გვაქვს! ისინი აგრძელებენ გაზის ტრანზიტს სომხეთში, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი კუთვნილი 10%–ის ამოღებას. არაფერი იცვლება და შეგვიძლია კიდევ თუნდაც ასჯერ შევხვდეთ ვენაში, ჟენევაში და სადაც გნებავთ იქ. მით უმეტეს, რომ ეს ბურმისტროვა  ერთობ სასიამოვნო ქერათმიანი ქალბატონია.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ, ამ «ბრძნული სტარტეგიის» ავტორებს ავიწყდებათ: პოლიტიკა ჭადრაკს კიდევ იმით ჰგავს, რომ ცუგცვანგის მდგომარეობას მუდმივად ვერ შეინარჩუნებ, ანუ ადრე თუ გვიან (უფრო ადრე ვიდრე გვიან) აუცილებლად მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება – როგორი სარისკოც არ უნდა იყოს და «ვაი–ვუის» შორის არჩევანსაც არ უნდა გულისხმობდეს იგი.

ნამდვიალდ არ გახლავთ ალექსეი მილერი ის «ჩიტი», მხოლოდ იმისთვის წამოეწყო ეს «მოულოდნელი» საუბარი «მონეტიზაციაზე» რათა შემდეგ მშვიდად ეყურებინა, როგორ ტოვებს ქართული მხარე «ყველაფერს ისე, როგორც იყო», ძველებურად კრეფს 10%–ს სატრანზიტო მილიდან და წრუპავს ყავას ვენის სასტუმროში მშვენიერ ქალბატონ ბურმისტროვასთან.

რაც მთავარია, ალექსეი მილერი, ისევე, როგორც «გაზპრომი»  მთლიანობაში, დამოუკიდებელი მოთამაშე ნამდვილად არ არის: ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს იგი კრემლთან ათანხმებს და რაკი,  20 წლის შემდეგ, გადაწყვიტეს ამგვარი ცვლილების განხორციელება (ტრანზიტის საფასურის მონეტიზება), მაშასადამე, მომენტი შეარჩიეს, წინასწრ გათვალეს ყველა შესაძლო შედეგი და მოწინააღმდეგის (საქართველოს) ნებისმიერი საპასუხო სტრატეგია. მათ შორის «სტატუს–ქვოს» შენარჩუნების მცდელობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ, სინამდვილეში, ალექსეი მილერს სხვა რაიმე შეთავაზება  (გარდა ტრანზიტის მონეტიზაციისა) არც ერთ შეხვედრაზე არ ჰქონია. ყველაფერი დანარჩენი, რაც ამ დღეების განმავლობაში გვესმის «დივერსიფიკაციის», «დეფიციტის აღმოფხვრის», «დამატებითი მოცულობის შესყიდვის» თაობაზე – მხოლოდ და მხოლოდ ქართული მხარის ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი!

რუსეთს, ჩვენში დამკვიდრებული ბრიყვული სტერეოტიპის მიუხედავად, სულ არ აინტერესებს იყიდის საქართველო მისგან ბუნებრივ აირს თუ არა.

იმ «საერთაშორისო ფასად», რასაც მონეტიზაციისას მივიღებთ, იმდენივე ოდენობით ბუნებრივ აირს რომ ვერ შევიძენთ გაზპრომისგან, რაც 10%–ის ამოღებით გვრჩებოდა, – ცხადზე უცხადესია. აბა მთელი ეს ოპერაცია მოსკოვმა იმისთვის ხომ არ წამოიწყო, საქართველოს ნაკლები პრობლემები ჰქონოდა? რა თქმა უნდა წამოიწყო იმ მიზნით, რათა  მეტი და მეტი პრობლემები შეგვიქმნას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამდენად, კალაძე–მილერის «საიდუმლო მოლაპარაკებებთან» დაკავშირებული მთელი  ისტორიის არსი, რომელიც ბევრს «ჩახლართულად» ეჩვენება, სინამდვილეში ძალზე მარტივია. რუსეთმა საქართველოს წაუყენა ულტიმატუმი: ან თანხმდებით ტრანზიტის ანაზღაურებას ფულით და არა ბუნებრივი აირით (რის შედეგადაც ბევრად ნაკლებ საწვავს შეიძენთ, თუ საერთოდ მოგყიდეთ) ან ვიწყებთ სომხეთის მომარაგებას ირანიდან და  ვწყვეტთ ტრანზიტს. თუ დათანხმდებით, მაშინ ცალკე მოლაპარაკება უნდა გავმართოთ იმის თაობაზე, მოგყიდით თუ არა ბუნებრივი აირის დამატებით ოდენობას. თუნდაც იმდენს, რაც დაგაკლდებათ მონეტიზაციის შედეგად.

აქვე: რასაკვირველია, სანაცვლოდ  მოსკოვი მოგვთხოვს აფხაზეთზე რკინიგზის გახსნასაც და სხვა უამრავ გეოპოლიტიკურ დათმობას.

მაგრამ თუ არ დათანხმდებით, მაშინ სადღეღამისოდ აუცილებელი მინიმუმი (11,5 მილიონი კუბური მეტრი) შეგიმცირდებათ იმ 9 მილიონ კუბურ მეტრამდე, რასაც იღებთ შაჰ–დენიზ-1 და «სოკარის» გაზსადენებიდან. ეს გაზსადენები მეტს უბრალოდ ვერ გაატარებენ. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია «ინტერ–რაო» შეგიწყვეტთ ელექტროენერგიის მოწოდებას ან გაგიძვირებთ მას იმ მოტივით, რომ წარმოება გარდაბნის თბოელექტროსადგურში მეტი დაუჯდება. ამას მოჰყვება არა მარტო ბუნებრივი აირის, არამედ ელექტროენერგიის გაძვირება, ხალხის უკმაყოფილება, ოპოზიციური გამოსვლები, ეს ყოველივე საარჩევნო წელს (!) და ა.შ..

ისევ და ისევ: ვაის გავეყარე, ვუის შევყარე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ათასი საოცრება მოვისმინეთ ამ დღეებში პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტებისგან (ამ ქვეყნის კიდევ ერთი უბედურება ობიექტური ექსპერტული თანამეგობრობის სრული არარსებობაა), რომ თურმე  თავის დროზე რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვა სწორი იქნებოდა და საფრთხეს არ შეიცავდა, რაკი გაზსადენი სვეტიცხოველი არ არის და ევროპელებმა თავის კანცლერებს მიხედონ, – გაზპრომში რომ გადადიან სამუშაოდ, ხოლო იმავე გაზპრომისგან გაზის შესყიდვა სახიფაფთოა;  რუსულ ელექტროგიგანტ ინტერ–რაოზე დამოკიდებულება უვნებელია, ხოლო გაზპრომზე – მავნებელი და ა.შ.

არადა, ერთადერთი გონივრული, რელევანტული კითხვა ამ დისკურსში შემდეგია: ბლეფობს თუ არა რუსეთი, როდესაც გვემუქრება, რომ შეწყვეტს გაზის ტრანზიტს სომხეთში და ირანიდან მოამარაგებს მას ბუნებრივი აირით? აი, სწორედ ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი უპირველეს ყოვლისა.

სირაქლემის პოზის (ესე იგი ყველაფრის როგორც იყო ისე დატოვების) მოყვარულები ამტკიცებენ, თითქოს მოსკოვი ამას ვერ შეძლებს, რადგან, თურმე ნუ იტყვით, იმდენად აღელვებს მოძმე სომეხი ერის ბედი, იმდენად უჩუყებს გულს, რომ სომეხი ბავშვები არ გაიყინონ, რომ ამაზე არ წავა.

მაგრამ ჯერ ერთი, თუკი მიზანი საქართველოს დამორჩილებაა (არადა, სწოერდ ესაა  მიზანი, – მოასწრონ, სანამ შაჰ–დენიზ2 ამუშავდება) მაშინ იმ მოძმე ერის დაკიდება მოულოდნელი ან რუსული პოლიტიკისთვის არნახული სულაც არ იქნება. გარდა ამისა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ირანიდან სომხეთში ტექნიკურად არ არსებობს საჭირო ოდენობის ბუნებრივი არის მიწოდების საშუალებაო, ეს კი მართალია, მაგრამ ივიწყებენ, რომ მოსკოვს სხვა უამრავი საშუალება აქვს, რათა მოკავშირე სომხეთს (თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ) დეფიციტი შეუვსოს: მაგალითად, კასპიის ზღვისა და იმავე ირანის გავლით მიაწოდოს უფასოდ (ან შეღავათიან ფასად მაზუთი ან სხვა საწვავი თბოელექტროსადგურთა ასამუშავებლად), გაზარდოს იქ არსებული ატომური ელექტროსადგურის წარმადობა და სხვა.

ამიტომაც, საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს დიპლომატიურ ეგზერსისებს, გამოვიდეს და პატიოსნად, პირდაპირ უთხრას ხალხს სიმართლე: ძვირფასო თანამემემულენო, რუსეთი გვიყენებს ულტიმატუმს და ვდგავართ სასტიკი არჩევანის წინაშე: ან უნდა დავნებდეთ მოსკოვს და შევცვალოთ გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ან უნდა მოვითმინოთ 2020 წლამდე (როდესაც, იმედია,  შაჰ–დენიზ2 ამუშავდება) და მანამდე შევურიგდეთ ენერგიის მაღალ ტარიფებს, ხშირად კი მის დეფიციტსაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რასაკვირველია, ოპოზიცია ამას გამოიყენებს ხელისუფლებაზე შესატევად და აუცილებლად ააგორებს მძლავრ ტალღას სლოგანით რატომ მიიყვანეთ საქმე აქამდე, – ჩვენ რომ ვყოფილიყავით ეს არ მოხდებოდა (თითქოს თვითონ არ მიყიდეს მთელი ენერგოსისტემა იმავე რუსეთს) და ასე შემდეგ. მაგრამ აბა ხელისუფლებას როგორ უნდა? ხელისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმოს. მიშას დროს ყველაფერზე მიშა აგებდა პასუხს და ამაში სწორი იყო იმდროინდელი ოპოზიცია, თქვენს დროს კი უკვე ყველაფერზე თქვენ აგებთ პასუხს და ამაშიც მართალია დღევანდელი ოპოზიცია.

ირაკლი ღარიბაშვილის «უცნაური წასვლის» ერთ–ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ მან ამ ულტიმატუმის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ბატონი ბიძინასაგან კონკრეტული რჩევა ვერ მიიღო და ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის თავზე აღება არ ისურვა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«გაზპრომი» არის კრემლის იარაღი, კრემლის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, ამიტომ გაზპრომის პირობა კრემლის პირობაა, «გაზპრომის» ულტიმატუმი  – კრემლის ულტიმატუმი!

საქართველო კვლავ დააყენეს არჩევანის წინაშე «ცუდსა და უარესს» შორის. და არც ის გაგიკვირდეთ, თუ ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა, ამ შემთხვევაში, სწორედ «გაზპრომს» დაუჭირონ მხარი იმ მოტივით, რომ ტრანზიტის საფასურის ნატურით მოთხოვნა ეწინააღმდეგება «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის» წესდებასა  და «ევროპული ენერგოქარტიის» ფუნდამენტურ მოთხოვნებს.

ხოლო ის არგუმენტი, რომ მოსკოვი ამ ქარტიასაც და WTO–ს წესდებასაც წლების განმავლობაში თავზე აფხრეწდა იმავე დასავლეთსა და საქართველოს, «არ გავა». იმიტომ, რომ  Quod licet Iovi, non licet bovi. ასე იყო რომის ეპოქიდან, ასეა დღეს და ასე იქნება მუდამ!

და სანამ პოლიტიკაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ ცივი პრაგმატიზმით არ ვიხელმძღვანელებთ, სანამ ცივ–სისხლიანი პროფესიონალები არ იმუშავებენ ყველა მიმართულებით, მუდამ ასეთივე  ტრაგი–კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როგორში აღმოვჩნდით დღეს, როდესაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი, დახურულ კარს მიღმა, საქართველოს პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს ეუბნება: «რას ერჩით, – მოკოვის მოთხოვნა «მონეტიზაციის» თაობაზე ენერგოქარტიის შესაბამისია და უნდა შეასრულოთო».

სწორედ ამ ტენდენციის ერთ–ერთი გამოძახილი იყო ამერიკის ელჩის საოცარი განცხადება.

მაგრამ ეს კიდევ რა არის –  აბა ერთი აღასრულეთ სულელური მუქარა: «მაშინ, უბრალოდ,  სომხეთისკენ გაზს საერთოდ არ გავატარებთ მორჩა და გათავდაო».  მაშინვე  მოისმენთ და იხილავთ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მრისხანე განცხადებებს «საქართველოს მხრიდან სომხეთის ბლოკადის დაუშვებლობის შესახებ»!

არ ამხელენ და ღიად არ გვეუბნებიან ეს ჩვენი უბედურები,  თორემ, გარწმუნებთ,  ნამდვილად ასეა ყოველივე!

2016