ედეპეს გახლეჩა მუშტი-კრივში გამოვლინდა

ედეპეს გახლეჩა მუშტი-კრივში გამოვლინდა


   

    საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებულმა თავდასხმამ ლაკმუსის როლი შეასრულა და უმალვე ცხადყო ისიც, რა ელოდა ქვეყანას დივერსიის წარმატებით «დაგვირგვინების» შემთხვევაში. პარლამენტში ატეხილი გნიასი და მუშტი-კრივი ამისი თვალსაჩინო ილუსტრაციაა.
    ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც დღემდე მაინც ინარჩუნებდა გარკვეულ აკადემიურობას და სოლიდურობას (მიუხედავად განხეთქილებისა), მომხდარის შემდეგ საერთოდ «წაიშალა» და საქვეყნოდ გამოამზეურა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაგროვილი ურთიერთსიძულვილის ჭეშმარიტი დონე.
    თვითმხილველთა თქმით, კინკლაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც «სახალხოელმა» გიორგი კობახიძემ «არცთუ ძალზე ზრდილობიანი» რეპლიკა ესროლა ედეპეს თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურიას. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ლამის ხელჩართული ბრძოლა სხდომათა დარბაზის ფოიეში; ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი იქნებოდა ტერაქტის ლეტალური შედეგის შემდეგ.
    თითქოსდა უცნაურია, რატომ უნდა იწვევდეს პრეზიდენტზე თავდასხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორი განაყოფის შეხლა-შემოხლას? მაგრამ თუ დავაკვირდებით, არც ესაა შემთხვევითი: ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკურ ვითარებას აბალანსებს და აწონასწორებს ისტებლიშმენტის ყველა დონეზე, თითქმის ყველა მიმართულებით; არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციურ რიტორიკას.
    «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც» და «სახალხოც» გარკვეულ ფორმატში თამაშობენ და რეალურად მათი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადგილი იპოვონ ზემოხსენებული ისტებლიშმენტის (ელიტის) შემკრებ «გულანთან» რაც შეიძლება ახლოს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ხელს უშლიან და რაც მთავარია, ამას სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ არჩევნების მოახლოების კვალობაზე.
    მამუკა გიორგაძის ფრთა 10 თებერვლამდე უფრო მეტ კორექტულობასა და თავშეკავებას იჩენდა, ვიდრე მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ეს აშკარად მომგებიანი იყო პოლიტიკური რენომეს თვალსაზრისით. გიორგაძეს სურდა, შეენახა (ნაწილობრივ მაინც) გიორგი ჭანტურიასთან დაკავშირებული იმიჯი, მისი საერთო მნიშვნელი, ანუ ის, რაც მას და სხვა სახალხოელებს აკავშირებდა, აერთიანებდა მეორე ფრთასთან.
    აქ იოტისოდენი იმედიც კი არ ღვიოდა შერიგებისა (ეს შეუძლებელია), მაგრამ უთქმელი, უსიტყვო შეთანხმებით ყოფილ თანამებრძოლებს შეეძლოთ შეენარჩუნებინათ ის, რაც ორივესთვის სასარგებლო იყო და მომხრეებს არ დააკარგვინებდა.
    ხოლო ღია აფეთქებით, ჭეშმარიტი გრძნობების «გარეთ გამოტანით» ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც და სახალხომაც უამრავი მომხრე დაკარგა. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი ერთმანეთს ჩაეჭიდნენ და ერთად გაქანდნენ ფსკერისკენ. ეს ძალიან სერიოზული არათუ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული შეცდომა იყო. ელექტორატს ტრადიციულად აინტერესებს პირადი ურთიერთობები, პირადი მოტივები პოლიტიკაში, მაგრამ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, რამდენადაც აინტერესებს, იმდენადვე არ მისცემს ხმას იმ პარტიას, თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც პიროვნულ დაპირისპირებას ასე აშკარად გამოფენენ და ცნობისმოყვარეთ (ობივატელს) ინტერესისა და «სეირის ყურების» ვნების დაკმაყოფილების საშუალებას მისცემენ.
    ედეპესა და «სახალხოს» ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაში შედის და სულ უფრო ცხადია, - რამდენადაც ძლიერი იქნებოდა ეს პარტია ერთიანობის შენარჩუნებისას, იმდენადვე სუსტდება ერთმანეთთან დაპირისპირებისას.
    გამოსავალი თვალნათელი იყო: პოლიტიკურ დაპირისპირებაზე აქცენტის გაკეთება და პიროვნული მომენტების მაქსიმალური მიჩქმალვა.
    მაგრამ თებერვლის საპარლამენტო ინციდენტმა ცხადყო: ეს უკვე შეუძლებელი ხდება. ამდენად, არ არის გამორიცხული ედეპეს იმ ფრთამ, რომელიც ნაკლებად პერსპექტიულად ითვლება, მეორეს მტკიცედ ჩაავლოს ხელი და ერთად გაექანონ უფსკრულისაკენ.
    1995 წლის არჩევნებში ედეპემ 7 პროცენტი მოაგროვა. არავინ იცის, როგორ გაიყოფა ეს ხმები 1999 წელს. ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ხუთ პროცენტიანი ბარიერი ვერც ერთმა ვერ გადალახოს.

მერიდიანი, 13 თებერვალი, 1998 წ.