პანკისის ხეობის ენდშპილი

პანკისის ხეობის ენდშპილი

პანკისის ენდშპილი

        გუშინ საქართველოს უშიშროების მინისტრი მოსკოვში რუს კოლეგას – ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა. რუსული მედია, რომელიც, ცოტა არ იყოს, დაბნეულია კიშინოვის სამიტის შემდეგ, ამ შეხვედრას ძუნწად გამოეხმაურა. ითქვა მხოლოდ, რომ მხარეებმა ისაუბრეს სპეცსამსახურთა აქტიური ურთიერთმოქმედების შესახებ.
        საინტერესოა, რომ ვალერი ხაბურძანია მოსკოვში ჯერ კიდევ კვირას გადაფრინდა, ანუ უმალვე, მას შემდეგ, რაც პუტინმა და შევარდნაძემ მოილაპარაკეს ერთობლივი სპეცოპერაციის განხორციელების შესახებ პანკისის ხეობაში.
        ოღონდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთობლივი სპეცოპერაცია აუცილებლად არ გულისხმობს სამხედო ოპერაციას. ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ პანკისში ამგვარი აუცილებლობა უბრალოდ აღარ არსებობს, რაკი შეიარაღებულმა ფორმირებებმა დატოვეს ხეობა და დიდწილად გადაინაცვლეს ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ ჩეჩნეთში _ ინგუშეთის თუ დაღესტნის სასაზღვრო მონაკვეთთა გავლით. პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ მთიანეთის ტყეებში ამჟამად, მაქსიმუმ, 10-15 ჩეჩენი «ბოევიკი» იმალება. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვი ნებისმიერ ჩეჩენს ტერორისტად აღიქვამს. ამიტომ მთავარი საკითხი, რასაც რუსები ვალერი ხაბურძანიას პრეტენზიად უყენებენ, ჩეჩენ ლტოლვილთა ცემაა. ნიკოლაი პატრუშევს მიაჩნია, რომ გელაევის რაზმის დიდი ნაწილი პანკისის ხეობაში დარჩა, ანუ მათ გაიხადეს სამხედრო ფორმა, გაიპარსეს წვერი და მშვიდობიან მოსახლეობას შეაფარეს თავი.
        რასაკვირველია, ეს შიში გადაჭარბებულია. ამიტომ, ქართული მხარე, როგორც ჩანს, იოლად დაეთანხმა იმ წინადადებას, რომ რუსეთის სპეცსამსახურთა თანამშრომლები წამოვიდნენ პანკისის ხეობაში, სადაც თითოეულ დიდ სოფელს საქართვლეოს შინაგანი ჯარი აკონტროლებს და პირადად დარწმუნდნენ, თუ რამდენად სტაბილურია ამჟამად ვითარება.
        რასაკვირველია, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს იარაღი არ ექნებათ, მაგრამ მათ დართავენ ნებას, ქართულ პოლიციასთან ერთად შეამოწმონ ნებისმიერი შენობა თუ საცხოვრებელი სახლი. ჩეჩნებს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ეს ყოველივე ძალიან შორს იქნება ჩეჩნეშთი აპრობირებული, ეგრეთ წოდებული «ზაჩისტკისაგან».
        ფაქტობრივად, ეს მოდელი გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტის ადრინდელი წინადადების განხორციელებას. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ედუარდ შევარდნაძემ რუსეთს შესთავაზა, პანკისის ხეობასა და სხვა რაიონებში უიარაღო სამხედრო დამკვირვებლები გამოეგზავნა. შეიძლება ითქვას, თუ სამხედრო მოსამსახურე შეიცვლება სპეცსამსახურთა წარმომადგენლით, შედეგი იდენტური იქნება, მით უმეტეს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ერთ-ერთი უძლიერესი დაზვერვა (გრუ) ჰყავთ.
        შეიძლება ითქვას, რომ ხაბურძანიასა და პატრუშევის შეხვედრა და პრეზიდენტთა შეთანხმების განხორციელება ურთულესი კომპრომისია, რომელმაც ბეწვის ხიდზე უნდა გაგვატაროს.
        უფრო რთულად არის საქმე საზღვრის ერთობლივი პატრულირების საკითხში. დღეს სასაზღვრო ჯარების შტაბის უფროსი კორნელი სალია მოსკოვს ეწვევა. იგი მოლაპარაკებას გამართავს რუს კოლეგებთან საზღვრის ერთობლივი დაცვის თაობაზე. პრეზიდენტების მოლაპარაკება გულისხმობდა ერთობლივ პატრულირებას, მაგრამ საზღვრის ერთობლივი პატრულირება უცნაური ფორმულირებაა. იგი ნამდვილად არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საზღვრის დაცვას. საზღვრის ჩრდილოეთ მხარეს დაახლოებით 40-ჯერ მეტი ჯარისკაცი დგას, ვიდრე ჩვენს მხარეს. გამორიცხულია, რუსი მესაზღვრეები გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან პირიქით. როგორც ჩანს, აქ იგულისხმება ერთობლივი პასუხისმგებლობის მექანიზმი, ანუ მხარეები შეთანხმდნენ, არა მხოლოდ ინფორმაცია გაცვალონ, არამედ ერთობლივი საპატრულო ჯგუფები (ორივე მხრიდან) აუცილებლად იმყოფებოდნენ საზღვრის ამა თუ იმ მონაკვეთზე. მაგალითად, საზღვრის ნებისმიერ წერტილში ერთ-ერთ მხარეს ექნება უფლება, კატეგორიულად მოსთხოვოს პარტნიორს, რათა მანაც განალაგოს თავისი განწესი იმავე წერტილში, ოღონდ მეორე მხრიდან.
        სწორედ ეს მექანიმი უზრუნველყოფს ერთობლივ პასხუისმგებლობას და, წესით, უნდა განაპირობოს დაძაბულობის განმუხტვა საზღვარზე. მთლიანობაში, ორივე კომპონენტი იმ კოპრომისის შემადგენელია, რომელმაც ცივი ომის მდგომარეობამდე მისული ვითარება ოდნავ მაინც უნდა დაათბოს საქართველოსა და ატომურ ზესახელმწიფოს შორის.

დილის გაზეთი, 9 ოქტომბერი, 2002 წელი