საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აგვისტო. 2024 წელი
გრძელდება „შტაბთა ომი“ უკრაინის რუსეთში შეჭრის პარალელურად.
ეს ტერმინი სამხედრო სპეციალისტებისა და სტრატეგოსების ენაზე ნიშნავს იმას, რომ მიმდინარეობს ძალიან რთული „საჭადრაკო პარტია“, რომელშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორი პრიორიტეტების არჩევას და რესურსების კონცენტრაციას.
გუშინ უკრაინულმა არმიამ უკვე მეორე ხიდი ააფეთქა კურსკის რეგიონში.
ფაქტობრივად 1000 კილომეტრის სივრცის ტერიტორია „ძირითად რუსეთს“ მოწყვეტილია. თუმცა როგორც ამ რუკაზე ჩანს, უკრაინული არმიის მიერ დაკავებული ტერიტორია არ არის დიდი, სამაგიეროდ იგი ქმნის პლაცდარმს შეტევის განსავითარებლად.
უკრაინელებს შეუძლიათ გადაკეტონ კურსკ-ბელგოროდის ტრასა. არ არის აუცილებელი მისი დაკავება ცოცხალი ძალით. საკმარისი იქნება ეს ტრასა მოხვდეს „საცეცხლე წვდომის ზონაში“. თუნდაც დასავლური იარაღით.
ხსენებული მეორე ხიდი უკრაინელებმა გაანადგურეს HIMARS ამერიკული რაკეტებით.
დასავლურ სპეციალიზებულ Thin tank-ებში თვლიან, რომ რუსულმა გენშტაბმა „ნაკლები ბოროტება“ აირჩია, როდესაც რეალურად უარი თქვა დონბასიდან კურსკში რეზერვების გადასროლაზე და ფაქტობრივად ეს ტერიტორია დაუთმო უკრაინას.
იმიტომ, რომ უკრაინელებმა ამ შეტევისას გამოიყენეს 2 ბრიგადა, რაც ჰყავდათ რეზერვში და რომლებიც მომზადებულნი არიან დასავლეთში.
ეს სტრატეგიული ანუ ქმედითი რეზერვი აღმოჩნდა.
რუსულმა გენშტაბმა სხვა ტაქტიკა აირჩია: ნაცვლად კურსკში წინააღმდეგობისა, რუსული ბრიგადები აგრძელებენ შეტევას დონბასზე და თანდათან უახლოვდებიან პოკროვსკს, საიდანაც უკრაინული სტრატეგიული თავდაცვითი ჰაბი იწყება.
პუტინისა და მისი სალდაფონების ამგვარი სტრატეგია გასაკვირი არ არის: კურსკიდან რომ ასი ათასობით ლტოლვილია....მერედა რა ამით?
რაც მთავარია, უკრაინული ჯარები ჯერ ერიდებიან ქალაქ კურსკზე შეტევას ან თუნდაც პირდაპირ საარტილერიო დარტყმებს, ხოლო „სოფლელები“ რომ გამოიქცნენ....... პუტინი ამაზე დიდად არ დარდობს.
უკიდურეს შემთხვევაში, მისი Z-პროპაგანდისტები ყველაფერს „გაუპრავებენ“. ამიტომ რუსეთი, ნაცვლად კურსკში თავდაცვისა, დონბასზე შეტევას აძლიერებს იმ გათვლით, რომ რამდენი ტერიტორიაც არ უნდა დაიკავოს უკრაინულმა არმიამ, თუ კურსკს არ შეუტევს (ჯერ არ უტევს) ვეებერთელა რუსეთისათვის ეს კრიტიკული მაინც ვერ იქნება.
აფეთქებული ხიდების ნაცვლად სხვა კომუნიკაციებს მოძებნიან.
რუკაზე, რომელსაც გიგზავნით, უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორია ლურჯად არის აღნიშნული. იოლი შესადარებელია საბრძოლო მოქმედებათა სრული „თეატრის“ მასშტაბთან.
კვირას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის ტერიტორიაზე „ბუფერული ზონის“ შექმნა.
ოღონდ ჯერ-ჯერობით ეს ზონა არ არის ისეთი მოცულობის, „ბუფერის“ როლი შეასრულოს მთელი დონბასისთვის.
ხარკოვისთვის ნაწილობრივ შეასრულებს. ლოჯისტიკის გართულებისთვის - შეასრულებს.
ზელენსკი პოლიტიკოსია და ის არ იტყვის, სინამდვილეში რა არის მიზანი ამ ოპერაციისა.
რეალური მიზანია არა „ბუფერული ზონის“ შექმნა, რაც, ვიმეორებ, ტერიტორიის გრანდიოზულობის გამო რთულად განსახორციელებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის აფეთქების შემთხვევაშიც კი, არამედ.....ფსიქოლოგიური წნეხი პუტინის რეჟიმზე!
დიახ, პუტინს აქვს ბერკეტები მაქსიმალურად შეაფერხოს ინფორმაციის გავრცელება; ოღონდ ბოლო 20 წლის განმავლობაში მან მაინც ვერ შექმნა ამ თვალსაზრისით ჩრდილო კორეის „კიმების რეჟიმის“ მსგავსი სისტემა, რომელშიც ჩრდილო კორეის ნაკრების ბრაზილიასთან დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატზე ლამის გამარჯვებად გამოუცხადეს საბრალო კორეელებს.
ჯერ ერთი, უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენად ჩლუნგიც არ უნდა იყოს რუსული „პროპუტინისტური“ მასა, რუსეთში ნამდვილად არსებობს ახალგაზრდა, კრეატიული, ინფორმირებული „სტრატი“ საზოგადოებისა და მას ასე იოლად ვერ მოატყუებ.
ხოლო თანამედროვე კომუნიცირებულ სამყაროში ინფორმაციის დამალვა, მიჩქმალვა, დაბლოკვა ფაქტობრივად შეუძლებელია:
Youtube სიჩქარე შეანელა პუტინმა ახლა, რეგიონებში საერთოდ დაბლოკა, მაგრამ საინფორმაციო სივრცის სრულად დაბლოკვას „კიმების რეჟიმი“ სჭირდება. პუტინს ამის რესურსი არ გააჩნია. აბა ინტერნეტს ხომ ვერ გამორთავს საერთოდ? მისივე ეკონომიკა და ადმინისტრაცია ჩამოიშლება და.....თავად ზრუნავდა იმაზე, ინტერნეტიც და „დიჯითალიზაციაც“ საკუთარი რეჟიმის სამსახურში ჩაეყენებინა.
მაშასადამე უკრაინელების მთავარი და სრულიად რეალისტური მიზანია რუსული სოციუმის „ადვანსირებულ“, ე.წ (ჟარგონით) „პრადვინუტი“ ნაწილში უკმაყოფილების დათესვა, რაც აუცილებლად გადაეცემათ ელიტებსაც...... მით უმეტეს უდიდესი მსხვერპლის და „წარუმატებელი ომით დაღლილობის“ საყოველთაო სინდრომის გათვალისწინებით.
მართლაც: როდესაც რუსულ ქალაქებსა და სოფლებში ყოველ დღე ტარდება დასაფლავების ცერემონიები და ოჯახები წევრებს მარხავენ, ამას არანაირი ინტერნეტი არ სჭირდება, ხოლო თუ ამ ცერემონიებს ემატება თუნდაც „ჭორები“ კურსკში სასტიკი მარცხის თაობაზე, ეს სოციო-ფსიქოლოგიური განწყობა თანდათან რეჟიმისთვის სახიფათო ზღვარს უახლოვდება.
ეს ზღვარია პუტინის ბიუროკრატიულ ვერტიკალში დესტაბილიზაცია.
მივაქციოთ ყურადღება, რომ აშკარა მარცხის მიუხედავად, პუტინი ვერ ბედავს ვინმე დასაჯოს კურსკის კატასტროფული მარცხის გამო.
ამისთვის საერთოდ არავინ დაუსჯია, რაკი იმდენად დასუსტდა, საშუალო რგოლის ბიუროკრატიის გაბრაზებისა ეშინია, ანუ იმავე რუსული Deep state-ის, რომელსაც ფარული თუ ღია საბოტაჟით შეუძლია მას სამაგიერო გადაუხადოს.
პუტინს ახსოვს, რომ ეს Deep state, მათ შორის ძალისმიერი ბიუროკრატია სულაც არ იყო ერთსულოვანი 2022 წელს, როცა იგი ამ ავანტიურას იწყებდა: ბევრი აფრთხილებდა, რომ უკრაინის და მისი დასავლელი მოკავშირეების პოტენციალის იგნორი ძალიან ძვირად შეიძლებოდა დასჯდომოდა.
დაუჯდა კიდეც.
რაც ძალიან არსებითია, პუტინი უახლოვდება მეორე მობილიზაციას, რისიც ცეცხლივით ეშინია ამ ვითარებაში და ამ ატმოსფეროში, რაც რუსეთში ახლა სუფევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია ჰოლივუდისა და „პოპ-კულტურის“ მეგა-ვარსკვლავთა მხარდაჭერა.
ეს სოციალური კლასტერი და ამერიკულ ელიტათა ეს ნაწილი ტრადიციულად „დემოკრატების“ მხარდამჭერია და „ლიბერალია“ ამ ცნების დასავლური და არა პოსტსაბჭოური გაგებით.
ჯერ კიდევ 1999 წლიდან, ანუ გორ-ბუშის დაპირისპირებიდან ამერიკული შემოქმედებითი ელიტა თითქმის ერთსულოვნად, მცირე გამონაკლისების გარდა მხარს უჭერდა ელ გორს, მერე მხარს უჭერდა ბარაკ ჰუსეინ ობამას, შემდეგ ჰილარი კლინტონს, ჯო ბაიდენს და ახლა კამალა ჰარისს.
მოსალოდნელია, რომ „დემოკრატიული პარტიის“ კონვენტზე, რომელიც ჩიკაგოში იხსნება, იმღერებენ Beyoncé და Swift.
თუმცა Beyoncé 2013 წელს ობამას ინაუგურაციაზე დიდ სკანდალში გაეხვა: „რესპუბლიკელებმა“ გამოუჩხრიკეს, რომ „ცოცხლად“ კი არ მღეროდა ამერიკულ ჰიმნს, არამედ „ასრულებდა“, თუმცა ისე ჟესტიკულირებდა ემოციურად და ვნებიანად, თითქოს „ცოცხლად“ მღეროდა.
მაგრამ ბიონსე იმდენად პოპულარულია, ამას დიდი ზიანი „დემოკრატებისთვის“ არ მიუყენებია.
აქ საინტერესო ტენდენციაც შეინიშნება: „რესპუბლიკელებმა“ თავიანთ კონვენტზე „ქანთრის“ მომღერალი გამოიყვანეს და ამღერეს.
ქანთრი (country music) ბუკვალურად „სოფლის მუსიკას“ ნიშნავს მექანიკური თარგმანით ანუ „სიღრმისეული“, „ფერმერული“, „ერთსართულიანი“, „ბაიკერული“ და/ანუ WASP ამერიკა ტრამპს უჭერდა მხარს მუდამ და ახლაც ტრამპს დაუჭერს მხარს - ჰოლივუდის მეგავარსკვლავთა და ნიუ იორკის თუ სან-ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესის მულტირასობრივ, მულტიკულტურულ ბოჰემურ ელიტათა განწყობის მიღმა.
ორივე კანდიდატი, ტრამპიც და კამალაც ახლა მათი დიდებული PR-ინჟინრების რჩევით გააფთრებით მუშაობენ სამიზნე სოციალურ ელექტორატზე.
კამალა წინ მიიწევს, თუმცა სექტემბრის დებატები, როდესაც მან არა მხოლოდ ორატორული ნიჭი უნდა გამოამჟღავნოს (ძლიერ „სფიჩებს“ უწერენ სფიჩრაიტერები) არამედ კომპეტენცია (!) და საზრიანობა (!) უნდა დაადასტუროს (რაღაც აზრით „უნარ-ჩვევები“, რაც დებატების დროს ყველაზე ზუსტად მჟღავნდება) , შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ახლა ორივე ეს მაღალი კლასის გუნდი ისე ემზადება „გადამწყვეტი დებატებისთვის“, როგორც ლამის მესამე მსოფლიო ომისთვის.
ამერიკულ საზოგადოებას „სატელევიზიო საზოგადოებას“ უწოდებენ. 1970-იან წლებში „გელაპმა“ (რა თქმა უნდა „გელაპმა“ აბა ამას სხვა ვინ მოიფიქრებდა) ჩაატარა გამოკითხვა-კონკურსი საუკეთესო განსაზღვრებისათვის, „რა არის ტელევიზია ამერიკელებისთვის?“
გაიმარჯვა და დიდი პრემია აიღო განსაზღვრებამ: „საღეჭი რეზინი თვალებისთვის“.
კამალა ქალია და მის Style-ს დებატებისას აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ამასობაში, „დემოკრატებმა“ კონვენტისთვის გამოაქვეყნეს კამალას ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს.....ფასების რეგულირებას მეგასთორებში (!!!), „კორპორაციებისთვის გადასახადების გაზრდას“ (აქ პირდაპირიო ლინკია ამერიკელთა სიძულვილზე კორპორაციების და მონოპოლიების თუ Wall street-ის მიმართ) აშშ ინფრასტრუქტურის განვითარებას (ნიუ იორკიდან ვაშინგტონში რომ მატარებელი დადის ჯახირით, თავი ლამის თბილისი-ხაშურის მატარებელში გეგონება-დ.) კლიმატის ცვლილებას და ქალთა ბორტის უფლებას.
ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, „ტრამპის გუნდი“ უკვე აკრიტიკებს კონკურენტებს: „სოციალიზმის აშენებას“ აპირებენო, თუმცა ეს დიდწილად ღიმილისმომგვრელია: ამერიკაში და ზოგადად დემოკრატიულ ქვეყანაში, წინასაარჩევნო პროგრამები ხშირად იმდენად პოპულისტურია, ლენინისა და მარქსის დაწერილი გეგონებათ, თუმცა ხელისუფლება და მისი აუცილებელი თანამდევი პასუხისმგებლობა ბუნებრივად იწვევს შემდეგ ამ პროგრამების დაკორექტირებას.
„წამოძახება“ და „შეხსენებით დამუნათება“, მით უმეტეს What about-იზმი პოლიტიკაში ცუდი ტონია ზოგადად.
ეს ელექტორალური დემოკრატიის ერთ-ერთი თვისებაა.